მთავარი,სიახლეები

უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს სურსათის ექსპორტის შეთანხმებას – გუტიერეში

22.07.2022 • 991
უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს სურსათის ექსპორტის შეთანხმებას – გუტიერეში

გაეროს ეგიდით უკრაინამ, რუსეთის ფედერაციამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შავ ზღვაში სურსათის კომერციული ექსპორტის შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში Twitter-ზე ავრცელებს.

გუტიერეშის თქმით, სტამბულში ხელმოწერილი შეთანხმება მსოფლიოს მილიონობით ადამიანისთვის სურსათის დეფიციტით გამოწვეული კატასტროფის თავიდან არიდებაში დაეხმარება.

„გაეროს ეგიდით უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ხსნის გზას შავ ზღვაში სურსათის კომერციული ექსპორტისთვის.

ეს დაეხმარება მსოფლიოს მილიონობით ადამიანისთვის სურსათის დეფიციტით გამოწვეული კატასტროფა თავიდან აიცილოს.

ეს არის იმედის, შესაძლებლობისა და შვების შუქურა“, – წერს გაეროს გენერალური მდივანი.

შეთანხმება გაეროსა და თურქეთის ორთვიანი მცდელობის შედეგია, უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული სურსათის კრიზისის დასაძლევად. ამ დრომდე რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებს, რომელთა მეშვეობითაც უკრაინული ხორბალი შავი ზღვის გავლით გადის ექსპორტზე. უკრაინა ხორბლის მეხუთე, ხოლო სიმინდის მეოთხე – უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთსა და უკრაინიდან გადატანილი ხორბალი კი, გლობალური ბაზრის 30%-ს შეადგენდა ომამდე.

როგორც „როიტერსი“ წერს, გუტიერეშმა შეთანხმებასთან დაკავშირებით თქვა რომ ეს არის „პაკეტი“ რომელიც აღადგენს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტსაც და ამავდროულად გაადვილებს რუსული მარცვლეულისა და სასუქების გადაზიდვას მოსკოვზე დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების მიუხედავად.

გუტიერეშმა განაცხადა, რომ შეთანხმება გახსნის დიდი მოცულობის სურსათის კომერციულ ექსპორტს უკრაინის სამი მნიშვნელოვანი – ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნეს პორტიდან. მისივე თქმით, გაერო შექმნის საკოორდინაციო ცენტრს შეთანხმების განხორციელების მონიტორინგისთვის.

უკრაინის აღმოსავლეთით კვლავ მიმდინარეობს მძიმე საბრძოლო მოქმედებები. რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე ერთ მაგიდასთან დასხდომაზე უარი თქვეს, ხოლო ორი ქვეყნის დროშები ისე იყო განთავსებული, რომ ერთმანეთისგან შორს ყოფილიყო.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და დელეგაციების სხვა წევრები.

22 ივლისი, სტაბული. შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე შავ ზღვაში – უკრაინა-თურქეთი-გაერო-რუსეთი; ფოტოზე: (მარცხ. მჯდომი)  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში; (მარცხ. მდგომი) უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი; (მარჯვ.მჯდომი) უკრაინის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი; (მარჯვ. მდგომი) თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი. ფოტო:EPA-EFE/SEDAT SUNA

22 ივლისი, სტაბული. შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე შავ ზღვაში – უკრაინა-თურქეთი-გაერო-რუსეთი; ფოტოზე: (მარცხ. მჯდომი)  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში; (მარცხ. მდგომი) რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ; (მარჯვ.მჯდომი) უკრაინის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი; (მარჯვ. მდგომი) თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი. ფოტო: EPA-EFE/SEDAT SUNA

ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინა ხელს არ აწერდა რუსეთთან, არამედ გაეროსა და თურქეთთან. მან ასევე დასძინა, რომ პროვოკაციის შემთხვევაში უკრაინის მხრიდან იქნება სამხედრო პასუხი.

„უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის“  შესახებ სტამბულის შეთახმებასთან დაკავშირებით. მანამდე.

  1. უკრაინა არანაირა დოკუმენტს არ აწერს ხელს რუსეთთან. ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას თურქეთსა და გაეროსთა და ვიღებთ ვალდებულებებს მათ წინაშე. რუსეთ აწერს სარკისებურ შეთანხმებას თურქეთსა და გაეროსთან.
  2. არავითარი რუსული გემების სატრანსპორტო ესკორტი  და რუსეთის წარმომადგენლების არსებობა ჩვენს პორტებში. პროვოკაციის შემთხვევაში, დაუყოვნებელი სამხედრო პასუხი.
  3. სატრანსპორტო გემების ყოველგვარი შემოწმება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განხორციელდება ერთობლივი ჯგუფის მიერ თურქეთის წყლებში“, – წერდა მიხაილო პოდოლიაკი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: