მთავარი,სიახლეები

რუსები ხალხს ხერსონიდან არ უშვებენ, თუმცა „გამოსვლა მაინც შესაძლებელია“ – ვერეშჩუკი

22.07.2022 • 1501
რუსები ხალხს ხერსონიდან არ უშვებენ, თუმცა „გამოსვლა მაინც შესაძლებელია“ – ვერეშჩუკი

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და რეინტეგრაციის საკითხთა მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსები მოსახლეობას ოკუპირებული ხერსონიდან ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ. უკრაინის კონტროლირებად მხარეს მზადაა ავტობუსები ხალხის გამოსაყვანად, თუმცა რუსები მოქალაქეებს არ უშვებენ.

ვერეშჩუკი აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დერეფნები ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა ხერსონელები ქალაქიდან და ოლქიდან გამოსვლას კერძო ავტომობილებით მაინც ახერხებენ.

„რომ ვთქვათ, დღეში საშუალოდ რამდენი გამოდის – ასე 1000 ადამიანი. უფრო ნაკლები, ვიდრე მანამდე, თუმცა ეს ადასტურებს, რომ ხერსონიდან გამოსვლა მაინც შესაძლებელია“, – ამბობს ვერეშჩუკი.

მინისტრის ინფორმაციით, ევაკუაციასთან დაკავშირებული საკითხები გართულებულია ზაპოროჟიეშიც. არ არის ელექტრონული რიგი, გადამყვანი მძღოლების ნაწილი კი არაკეთილსინდისიერად იქცევა და ევაკუაციაში ძალიან დიდ თანხას, 8 ათას გრივნას ითხოვს.

„ისე გამოდის, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსპორტს, საწვავს, მძღოლებს და ზოგიერთი მძღოლი იქ ლამის კომერციულ ფასად ცდილობს ხალხის გადაყვანას. ეს ასე ვერ იქნება. ამას ღიად ვამბობ. აუცილებლად დავამყარებთ წესრიგს,“ – დასძენს ირინა ვერეშჩუკი.

მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ასეთი შემთხვევების შესახებ ან პირადად მას შეატყობინონ ფეისბუქზე, ან ცხელ ხაზზე დარეკონ.

უკრაინული მხარე ხერსონში კონტრშეტევისთვის ემზადება. ექსპერტების თქმით, უკრაინას არ შეუძლია ფართო იერიშის მიტანა ქალაქზე, რომელშიც მოსახლეობა ცხოვრობს. ზოგიერთი ხერსონელი კი შიშობს, რომ ქალაქს ყველა გასასვლელს ოკუპანტების ჯარისკაცები აკონტროლებენ.

მთავარი ფოტო: ირინა ვერეშჩუკი/ფოტო: president.gov.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: