თითქმის ხუთი თვეა, რაც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველისთვის დაკეტეს. ითქვა, რომ შენობას გამაგრება სჭირდება, წიგნად ფონდს ალტერნატიულ შენობაში გადაიტანენ და მკითხველისთვის ისევ ხელმისაწვდომი იქნება.
ასე არ მოხდა – წიგნებთან ხელი ისევ არ მიუწვდებათ ადამიანებს, ვინც რეგულარულად სარგებლობდა საჯარო ბიბლიოთეკით.
ხუთის თვის გასვლის მიუხედავად, ბიბლიოთეკის დირექტორს ისევ არ აქვს პასუხი კითხვაზე, გამონახეს თუ არა ალტერნატიული შენობა ბიბლიოთეკისთვის და როდის შეძლებენ მკითხველები წიგნებით სარგებლობას.
„როცა გვეცოდინება, გაგაგებინებთ“ – აი ეს არის ბიბლიოთეკის დირექტორის, ჯონი საბაშვილის კომენტარი ხუთი თვის შემდეგაც.
საჯარო ბიბლიოთეკის წიგნებით ყველა ასაკის მკითხველი სარგებლობდა აქტიურად. მათ შორის ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.
ბიბლიოთეკის ხშირი მომხმარებლები იყვნენ ლიკა, ანრი და მერი – ეს მოზარდები „ბათუმელებთან“ იმაზე საუბრობენ, რამდენად ეშლებათ ხელი საჯარო ბიბლიოთეკის ჩაკეტვით.
ლიკა რიჟვაძე მერვეკლასელია. კითხვა უყვარს და, შესაბამისად, საჯარო ბიბლიოთეკასაც ხშირად სტუმრობდა. „მას შემდეგ, რაც ბიბლიოთეკა დაიკეტა, ვეღარ ვსარგებლობ და ონლაინწიგნების წაკითხვა მიწევს. ღია რომ ყოფილიყო, გამოვიტანდი, რადგან ბეჭდური წიგნის კითხვა უფრო მირჩევნია“, – გვეუბნება ის.
რადგან საჯარო ბიბლიოთეკას დიდი წიგნადი ფონდი აქვს, ლიკას მისთვის სასურველი ავტორების პოვნა შეეძლო. „ახლა კი, იძულებული ხარ იყიდო, რადგან ონლაინ ყველა წიგნს ვერ წაიკითხავ. გამომდინარე იქიდან, რომ წიგნები საკმაოდ ძვირია, ყველას არ აქვს შეძენის შესაძლებლობა. არადა, თუ გინდა, რომ განვითარდე, რამე ახალი გაიგო, იძულებული ხარ იყიდო“, – გვეუბნება ლიკა.
სკოლის მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ ლიტერატურულ მარათონებშიც, რის გამოც ზაფხულის განმავლობაში სულ ცოტა 50 წიგნის წაკითხვა მაინც უწევთ. ამ რაოდენობის წიგნის შეძენა კი ყველა ოჯახს არ შეუძლია.
„ზოგიერთ ოჯახს, როცა საკვებსა და წიგნის ყიდვას შორის უწევს არჩევანის გაკეთება, რა თქმა უნდა, საკვებს იყიდის. ამიტომ არის საჭირო საჯარო ბიბლიოთეკა“, – ამბობს ლიკა.
ანრი ხოზრევანიძე 15 წლისაა და ისიც აქტიურად დადიოდა საჯარო ბიბლიოთეკაში მანამ, სანამ დაიკეტებოდა. ანრის იმედოვნებდა, რომ ბიბლიოთეკას სექტემბერში, სწავლის დაწყების წინ მაინც გახსნიდნენ, თუმცა იმედი გაუცრუვდა. „რამდენიმე დღის წინ მივაკითხე და ისევ დაკეტილი დამხვდა. ძალიან მინდა, რომ ისევ გაიხსნას, რადგან ბევრი წიგნი გამომქონდა“, – გვეუბნება ის.
წლის განმავლობაში, სულ ცოტა 30 წიგნი გამოჰქონდა ბიბლიოთეკიდან, ახლა კი ასეთი არჩევანი აქვს, – ან უნდა შეიძინოს, რაც ძალიან ძვირი უჯდება, ან ელექტრონული წიგნები წაიკითხოს, რაც მისთვის არაკომფორტულია.
„თვალებისთვის ძალიან დამღლელია კომპიუტერში წიგნების კითხვა, ამიტომ იძულებული ხარ რაღაც ნაწილი მაინც იყიდო. ამ ზაფხულს მომიწია რამდენი წიგნის შეძენა და ასი ლარი გადავიხადე. ასე, რომ ჩემთვის დიდი პრობლემაა ბიბლიოთეკის დახურვა“, – გვეუბნება ანრი.
ანრი, როგორც წიგნის მოყვარული, ლიტერატურულ მარათონშიც მონაწილეობს ხოლმე. კონკურსისთვის 50 წიგნის წაკითხვაა საჭირო, თუმცა წელს მათი წაკითხვა ვერ მოახერხა.
13 წლის მერი კახიძეც კითხვის მოყვარულია. რაც საჯარო ბიბლიოთეკა დაიკეტა, ტელეფონით უწევს წაკითხვა, თუმცა ამბობს, რომ ეს მისთვის მოსაწყენია.
„რა თქმა უნდა, პრობლემაა ჩემთვისაც ბიბლიოთეკის დაკეტვა. საკმაოდ ხშირად დავდიოდი ხოლმე, ერთ წიგნს როცა დავასრულებდი, ახალი გამომქონდა. ჩემი ბევრი მეგობარიც აქტიური მომხმარებელია ბიბლიოთეკის და მათთვისაც დისკომფორტია მისი დაკეტვა“, – გვეუბნება მერი.
არის თუ არა სკოლის ბიბლიოთეკა ალტერნატივა ასეთ დროს, – ვეკითხებით მოზარდებს. როგორც ისინი ამბობენ, სკოლის ბიბლიოთეკის ხშირი მომხმარებლები არ არიან.
ანრის თქმით, სკოლის ბიბლიოთეკაში ძირითადად სასკოლო სახელმძღვანელოებია და ახალი მხატვრული ლიტერატურის დიდი არჩევანი არ აქვთ.
„ძველი გამოცემული წიგნებია და შრიფტიც წვრილია, მიჭირს წაკითხვა. თანაც არ არის ის შემოთავაზებები, რაც მე მაინტერესებს“, – გვეუბნება ანრი.
ლიკაც იზიარებს ანრის პოზიციას და ამბობს, რომ სასკოლო ბიბლიოთეკები მათ ფართო არჩევანს არ სთავაზობს. „მეც იშვიათად დავდივარ სკოლის ბიბლიოთეკაში. რომელი ავტორებიც მე მაინტერესებს, აქ არ არის“, – გვეუბნება ლიკა.
რაც შეეხება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობას, ის მიმდინარე წლის მაისში დაკეტეს. როგორც მაშინ ამბობდნენ, დაკეტვის მიზეზი ბიბლიოთეკის შენობის ავარიული მდგომარეობა იყო და გამაგრებას საჭიროებდა.
„ბათუმელებთან“ ბიბლიოთეკის დირექტორი ჯონი საბაშვილი ჯერ კიდევ ივლისში აცხადებდა, რომ წიგნების გადასატანად ალტერნატიულ ფართობს ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს. თუმცა მოძებნას გააგრძელებდნენ და სექტემბრისთვის აუცილებლად გაიხსნებოდა ბიბლიოთეკა რომელიმე სხვა შენობაში.
სექტემბრის მიწურულს ისევ არაფერია ცნობილი საჯარო ბიბლიოთეკის გახსნაზე.
რას ფიქრობენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სივრცის ჩაკეტვაზე და როდის გადაიტანენ წიგნებს ისეთ გარემოში, სადაც ახალგაზრდებისთვის იქნება უსაფრთხო? – გვინდოდა ამ კითხვაზე პასუხი ბათუმის მერიისგანაც მოგვესმინა, თუმცა მერიაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
დაინტერესებულ მკითხველს კი არც იმის შესახებ აწვდინა ინფორმაციას, რამდენ ხანს მოუწევთ „ბიბლიოთ ეკის“, შესაბამისად, წიგნის გარეშე დარჩენა.
_____________________
მთავარი ფოტო: მერი კახიძე, ლიკა რიჟვაძე და ანრი ხოზრევანიძე.