ნეტგაზეთი • RU

20 მლნ ლარი თხილისთვის – ვინ მიიღებს სუბსიდიას

„კლიმატურ პირობებს“ უკავშირებენ თხილის დაბალ ფასს საქართველოს მთავრობაში, სადაც დღეს, 31 ოქტომბერს გადაწყვიტეს, რომ უკვე თხილის სუბსიდირებაც საჭიროა ყურძნისა და მანდარინის სუბსიდირების შემდეგ.

თხილის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარი გამოყვეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ბაღის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს 1 ჰექტარზე დაანგარიშებით 500 ლარის ოდენობით დახმარებას აგრობარათზე დარიცხული ქულების სახით.

„დახმარების გამოყენებას ფერმერები შეძლებენ იმ სხვადასხვა საქონლის შესასყიდად, რომელიც საჭიროა თხილის მოვლისთვის, რითაც ხელს შევუწყობთ თხილის მოსავლის რაოდენობის და ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყანაში“, – აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, სუბსიდია თხილზე „ხარისხიანი მოსავლის მიღებას“ შეუწყობს ხელს. ხარისხიანი თხილის მაქსიმალური ფასი დღეს ბაზარზე 4,5 ლარია, დაახლოებით იმის ნახევარი, რაც წინა წლებში ღირდა. დღეს საშუალო ხარისხის თხილის ჩაბარების ფასი 2-დან 3 ლარამდე მერყეობს, საუკეთესოს კი  – 4-4,5 ლარია. შარშან საშუალო ხარისხის თხილის ფასი 5-6 ლარი იყო.

„2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე და ეს იყო, ძირითადად, კლიმატური პირობები, რომლის გამოც ფერმერებმა ვერ შეძლეს მოვლის ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, მოსავლიანობა შემცირდა. ასევე, შემცირდა ხარისხი. საექსპორტო ღირებულების და ზოგადად მოთხოვნის შემცირებიდან გამომდინარე ფერმერებმა ვერ მიიღეს სათანადო შემოსავალი,“ – აღნიშნა ოთარ შამუგიამ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ვისაც 3 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს თხილის ბაღი გაშენებული, მას ბიუჯეტიდან შესაბამისი ბიზნესპროექტის სესხის პროცენტის ნაწილს დაუფარავენ:

„ჩვენ ფერმერებს დავუფინანსებთ სესხის დაახლოებით 8 პროცენტს. ვფიქრობთ, რომ ეს ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი მოსავლის მიღებას“ – დასძინა მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

„ყოველთვის იყო ეს პრობლემა, რომ ვერ იყიდეს შესაბამისი პრეპარატები, ამას სჭირდება ფინანსები და არ აქვთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ლანჩავა, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აჭარა-გურიის კოორდინატორი. ამ ორგანიზაციის გათვლებით, მეთხილეს ერთი ჰექტარი თხილის ბაღის მოვლისთვის დაახლოებით 500 ლარი სჭირდება.

„ეს არის საჭირო იმისთვის, რომ 6-ჯერ შეიწამლოს ბაღი… არ ვიცით, როდის, მაგრამ სავარაუდოდ გაზაფხულამდე ჩაერიცხებათ მეთხილეებს ეს თანხა, რომ დროულად მოხერხდეს სასუქების ბაღში შეტანა, პირველი წამლობა და ასე შემდეგ. ეს სამუშაოები ადრე გაზაფხულზე იწყება,“ – აღნიშნა გიორგი ლანჩავამ.

ჯერ უცნობია, სად გაანაღდებენ მეთხილეები აგრობარათებს, სადაც მათ თხილის ბაღისთვის საჭირო სუბსიდია დაერიცხებათ. გიორგი ლანჩავა აღნიშნავს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში თითო აგრომაღაზიაა და შესაბამისად, კონტროლია საჭირო, რომ ფასები ხელოვნურად არ გაიზარდოს.

„ამ ეტაპზე დაიწყება ფართობების აღრიცხვა, რაშიც ჩვენც ვართ ჩართული, ასოციაცია. მთავარი არაა საკუთრება, არამედ ის, რომ თხილის ბაღი ჰქონდეს და უვლიდეს.

წელს იყო მნიშვნელოვანი ხარისხობრივი პრობლემა… წვიმებმა იქონია თავისი გავლენა, ფაროსანაც აზიანებდა ბაღებს, სოკოვანი სიდამპლეებიც დაფიქსირდა. იმედია, გაისად თხილის ხარისხი მოიმატებს,“ – გვითხრა გიორგი ლანჩავამ.

მისი დაკვირვებით, წელს აჭარა-გურიაში თხილის მინიმუმ 30 %-ით ნაკლები მოსავალია. შესამჩნევია ხარისხის გაუარესებაც, დასკვნებს კი, შესაბამისი ანალიზი სჭირდება.

„სუბსიდიას დასჭირდება დრო, რომ აისახოს ხარისხზე,“ – მიიჩნევს თხილის ექსპორტიორი კომპანიის, „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ თანადამფუძნებელი, ბაია სალუქვაძე. მისი თქმით, წელს თხილის გაუფასურების მთავარი პრობლემა თხილზე მოთხოვნის შემცირებაა მსოფლიო ბაზარზე.

„თურქეთში დიდი მოსავალია, ასევე – აშშ-ში. გასული წლის მარაგიც დიდი იყო შემორჩენილი, შესაბამისად, წელს თხილით ბაზარი გაჯერებულია,“ – გვითხრა ბაია სალუქვაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი