მთავარი,სიახლეები

„კუნძული სახარბიელო რამ არი, მაგრამ კაცი რომ მოკვდება, სად დავმარხავთ“ – დისკუსია საკრებულოში

31.10.2022 • 1690
„კუნძული სახარბიელო რამ არი, მაგრამ კაცი რომ მოკვდება, სად დავმარხავთ“ – დისკუსია საკრებულოში

„კუნძულის ქონა, იცოცხლე, სახარბიელო რამ არი, მაგრამ კუნძულზე კაცი რომ მოკვდება, სად ვაპირებთ იმ ადამიანის დამარხვას და ამ უმოქმედო სასაფლაოს თანამშრომლებს რატომ ვუზრდით ხელფასს?“ – ეს კითხვა საკრებულოს წევრმა მამუკა ქობულაძემ სხდომაზე დასვა. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ] ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა.

მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მატება, წლების წინ დაანონსებული ქალაქის სასაფლაოს გახსნის შეუმდგარი პროექტი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო პოლიტიკა, „ქალაქის ჩაბეტონება“ და ფემიციდიც კი – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზედაც დღეს ბათუმის საკრებულოში დიდხანს იმსჯელეს.

მთავარი დისკუსია სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დაიწყო. საკრებულოს წევრი ენმ-დან რეზო ხარაზი ითხოვდა დღის წესრიგიდან „საერთოდ ამოეღოთ“ ხელფასების გაზრდის საკითხი ან ცვლილება შეეტანათ განკარგულების პროექტის დანართში.

ბათუმის მერმა ხელფასების გაზრდის თხოვნით საკრებულოს მიმართა

„თქვენ მგონი აცდენილი ხართ რეალობას, მგონი არ იცით გარეთ რა ხდება“, – მიმართა მან საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს. რეზო ხარაზის წინადადება კენჭისყრაზე დააყენეს, თუმცა „ოცნების“ უმრავლესობამ ის ჩააგდო.

„მე მხარს არ დავუჭერ თანამდებობის პირების კიდევ უფრო გაზულუქებას“ – ამ სიტყვებით მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა, მანამდე კი კოლეგას „ოცნებიდან“ რიჩარდ სირაბიძეს, რომელიც მისთვის ვიდეოს გადაღებას ცდილობდა, ურჩია ჩამქრალი გარე განათების ბოძებისთვის გადაეღო ფოტოები და მერთან მიეტანა.

საკრებულოს სხდომა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები მიიჩნევენ, რომ არასწორია, როცა „თანამდებობის პირის ხელფასი 500 ლარით იზრდება და მერიის რიგითი თანამშრომლის ხელფასი 100 ლარით“ – ენმ დღეს ითხოვდა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასები არ მოემატებინათ.

„მე არ ვარ წინააღმდეგი ხელფასები გაეზარდოთ ბაღის პედაგოგებს, დაბალი თანამდებობის პირებს. მე ვარ წინააღმდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდის. ან დაკორექტირდეს და ხელფასები, მიემართოს იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად სჭირდება და რეალურად საქმეს აკეთებს“, – განაცხადა რეზო ხარაზმა მისივე ინიცირებული საკითხის კენჭისყრამდე.

საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ განმარტა, რომ მერიის თანამშრომლებს ხელფასები არ გაზრდიათ 2012 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ მერიას ბევრი პროგრამა და პროექტი დაემატა. შესაბამისად, გაიზარდა სამუშაოც: „მე მგონია, მერიის თანამშრომლები ამას იმსახურებენ.“

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი იზრდება და 5 500 ლარი იქნება

„მე ვერ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, რადგან მათთან შეთანხმებული არ ვარ, მაგრამ ვიცი რიგითი თანამშრომლები, რომლებიც აქ არიან კვირასაც და დილიდან საღამომდე მუშაობენ. მათ მოვუმატოთ ხელფასი“, –  განაცხადა მამუკა ქობულაძემ.

მამუკა ქობულაძე დღეს განსაკუთრებით აქტიური იყო, მან სხდომაზე სპორტსმენ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის სამართლებრივი დავაც გაიხსენა, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე სინანული გამოთქვა და კოლეგებსაც კი უსაყვედურა, ამ თემაზე პოზიცია რატომ არ გამოხატეთო:

„ის, რაც დღევანდელმა სასამართლომ ფემიციდის სახით დააკანონა, ვგულისხმობ ნეკა დოროყაშვილსა და ბასილაშვილს შორის დავას, სადაც სასამართლომ არც ერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა ქალბატონის… ბასილაშვილის ყოველ მოწოდებულ ბურთზე, ყოველ გეიმზე განვიცდით ისე, როგორც საკუთარ თავზე და ვგულშემატკივრობთ მას, მაგრამ ამ დაკანონებული ფემიციდის გამო არც ერთ ჩვენგანს სიტყვა არ ამოუღია და არც სტატუსი დაუწერია საკუთარ გვერდზე, ალბათ ეს არ არის სწორი. სულ მცირე, ეს არის დასაგმობი ჩვენგან.“

მამუკა ქობულაძე

ფემიციდის თემას „ოცნებიდან“ არავინ გამოხმაურებია.

მოგვიანებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურა ნაკაიძემ კოლეგას დაუზუსტა: „სასაფლაოების თანამშრომლები, რომლებსაც ხელფასი ეზრდებათ, მუშაობენ მოქმედ სასაფლაოზე და იმ არგახსნილზე, იქ მხოლოდ დაცვაა და მეტი არავინ არაა.“

„შენ შემოგევლე ზურა, ამ ქვეყანაში საზღვრებს ვერ ვიცავთ და ცარიელ სასაფლაოს… კტარი კი არა, ცოცხალი არავის ვუნდივარ სახლში, ვის იცავ და რას? – ზუსტად მაგის გარკვევა მინდოდა თქვენნაირ პროფესიონალთან. ხუთი მილიონი დავხარჯეთ სასაფლაოსთვის, რომელსაც ერთი ყარაული ჰყავს? – არ შეეშინდეს იმას მარტო, დახურეთ მაი სასაფლაო“, – უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მამუკა ქობულაძემ.

ბათუმის ახალი სასაფლაო, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონამდე ლარი უკვე დაიხარჯა, 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. სასაფლაო დღემდე არ არის გახსნილი

მოგვიანებით მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ედნარ ნატარიძემ განმარტა, რომ ხელფასების ზრდა მხოლოდ მოქმედი სასაფლაოს თანამშრომლებისთვისაა გათვალისწინებული.

მამუკა ქობულაძემ – კარგი, მაგრამ სასაფლაო მაინც საჭიროა ქალაქისთვისო.

სასაფლაოს მოწყობის შეუმდგარ პროექტზე ამდენი მსჯელობის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი თავდგირიძემაც ამოიღო ხმა. [ის, როგორც წესი, სხდომაზე ბევრს არ ლაპარაკობს] მან კოლეგა დაამშვიდა: „ასი წელი იცოცხლე, ბატონო მამუკა და ჩვენი ახლობლობიდან გამომდინარე ისე არ დაგტოვებთ“.

ბათუმის მერი სხდომას არ დასწრებია, სხდომას არც მისი მოადგილეები დაესწრნენ, სამაგიეროდ მერიის სამსახურის უფროსები სრული შემადგენლობით იყვნენ სხდომაზე წარმოდგენილები. მათ ბევრი საყვედური მიიღეს, საკრებულოს წევრებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობისა და ტელეფონის ზარებზე უპასუხობის გამო.

განსაკუთრებით ბევრი საყვედური კი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, აკაკი ბერიძემ მიიღო.

დღეს საკრებულოს სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტი დაამტკიცეს. გარდა ამისა, საკრებულომ მხარი დაუჭირა გრანტების მიღებასთან დაკავშირებით მერისთვის შუამდგომლობას, განაშენიანების დეტალურ გეგმას, უსახლკაროდ ბათუმში დარეგისტრირების წესს და კიდევ რამდენიმე საკითხს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: