გიდების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება – ვის მოსთხოვენ სერთიფიკატს

გიდები ვალდებული არიან დარეგისტრირდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში. კანონში „ტურიზმის შესახებ“ ცვლილებები შევიდა, რაც პარლამენტმა 28 მაისს მიიღო და პრეზიდენტისგან უკვე ხელმოწერილია.

„ტურისტული საქმიანობის სუბიექტები − ტურისტული გიდი, ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო [ტურაგენტი] − ვალდებული არიან ტურისტული საქმიანობის შესახებ მონაცემების აღრიცხვის უზრუნველსაყოფად დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში…

ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის დაწყების ან შეწყვეტის ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში წერილობით მიაწოდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სათანადო ინფორმაცია.“ – აღნიშნულია კანონში.

  • კანონში „ტურიზმის შესახებ“ ცვლილებები შევიდა ასევე რისკის შემცველ ტურისტულ მომსახურეობებზეც:

„საქართველოს მთავრობა დადგენილებით ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხას და მათი განხორციელების წესს, აგრეთვე განსაზღვრავს რისკის შემცველ ტურისტულ მომსახურებებს, რომელთა მიმწოდებლებს ევალებათ, ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის სადაზღვევო მოწმობა [პოლისი], ასევე ადგენს დაზღვევის პირობებს და მისი განხორციელების წესს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა განმახორციელებელ პირთა [პერსონალის] სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ასევე განისაზღვრება რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლებს მათი განხორციელების უფლებას მიანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტი.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აწარმოებს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელთა რეესტრს,“- აღნიშნულია კანონში.

ამავე კანონის მიხედვით, რისკის შემცველის ტურისტული მომსახურების გაწევა შესაბამისი სერთიფიკატის გარეშე დაჯარიმდება 3 ათასი ლარით.

 

რა ნივთები გაიყიდება აუქციონზე ონლაინ მედიის გადასარჩენად

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – მზექალა შანიძის ხელნაწერი, ნინო რამიშვილის ფინჯანი სუხიშვილების საოჯახო კოლექციიდან, ლანა ღოღობერიძის ნახატი, ბიძინა გუჯაბიძის მიერ პამირის მთებში, იბსინას პიკზე დაკრეფილი ედელვაისები, აკაკი შანიძის ხელმოწერა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთებისა, რომელიც 31 მაისს, საღამოს 18:00 საათზე ქართული ონლაინ მედიის გადასარჩენად გამართულ აუქციონზე გაიყიდება.

აუქციონი იქნება ერთგვარი დაგვირგვინება ორდღიანი ფლიმარკეტისა, რომელიც 30-31 მაისს, თბილისში, სლინკ კაფეში, ილიას ბაღში გაიმართება.

ფლიმარკეტის მიზანია გაყიდული ნივთები ქართული დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გადასარჩენად შექმნილ ფონდში გადაირიცხოს.

ფლიმარკეტი 30 მაისს 12 საათზე გაიხსნება.

მედიის გადასარჩენად მისულ მარკეტზე იქნება ხატვის მასტერკლასი პატარებისათვის, ასევე საბავშვო სივრცეში გაიმართება კითხვის საათი. საღამოს 6 საათზე კი გუნდი იმღერებს სინათლისთვის.

ფლიმარკეტი 31 მაისსაც 12 საათზე გაიხსნება. ისევ იქნება კითხვის საათი ბავშვებისთვის, საღამოს 6 საათზე კი მოეწყობა უნიკალური და გამორჩეული ნივთების აუქციონი, რომელსაც ანა კორძაია-სამადაშვილი გაუძღვება, რომელიც უნიკალური ნივთების განსაკუთრებულ ისტორიებს აუქციონის მონაწილეებს პირადად მოუყვება.

აუქციონზე გამოტანილი იქნება საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანების პირადი და უნიკალური ნივთები. მათი გაყიდვიდან მიღებული თანხა კი დამოუკიდებელი ონლაინმედიების გაძლიერებას მოხმარდება.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 362 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 960 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 643 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 42 930 ერთეული [+70]
  • MLRS – 1 813 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 398 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 318 433 ერთეული [+1 781]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 500 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 100 713 ერთეული [+483]
  • სპეცტექნიკა – 4 231 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 693 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბსუ-ს პროფესორი სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში შეიპარა – „ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს – ი.მ.-ს სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში უკანონოდ შეღწევასა და სხვა ლექტორების დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.

ამბავი ბსუ-ში 2024 წელს მოხდა: რამდენიმე პროფესორის შეფასების პლატფორმაზე სტუდენტების სახელით დაწერილი ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარები ერთდროულად გაჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომენტარები სტუდენტებს კი არ დაუწერიათ, არამედ პროფესორმა ი.მ.-მ დაუწერა კოლეგებს და სტუდენტების სახელი გამოიყენა.

ბსუ-ში სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში უკანონო შეღწევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის საფუძველზე. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში, თუმცა ამ ეტაპზე პასუხი არავის უგია.

უნივერსიტეტში მომხდარი სავარაუდო დანაშაულის შესახებ ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშს [ის დღეს აღარ წარმოადგენს ადმინისტრაციას, პროფესორია] ინფორმაცია 2024 წლის თებერვალში ჰქონდა, თუმცა მან პროკურატურას 10-თვიანი პაუზის შემდეგ – 2024 წლის დეკემბერში მიმართა. 2024 წლის ნოემბერში კი, პროფესორ ი. მ.-ს მერაბ ხალვაშისთვის მიუწერია წერილი, რომ მას დევნიან პოლიტიკური შეხედულებების გამო და ის „მოქმედი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია“.

ახლა უკვე ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძეა – უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ 2026 წლის 6 მაისს უთხრეს, რომ გამოძიების შედეგს ელოდებიან, რომელიც უკვე 2 წელია გრძელდება. უნივერსიტეტის პრესცენტრში ასევე განმარტეს, რომ წესდების მიხედვით, პროფესორს სამსახურიდან ვერ გაუშვებენ საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე.

  • რა მოხდა? 

ეს ამბავი 2024 წლის 19 იანვარს იწყება – ნათლისღების უქმე დღეს, ბსუ-ს პორტალზე პროფესორ ლაშა ბაჟუნაიშვილს, ასოცირებულ პროფესორს – ლაშა ხოზრევანიძეს და, ასევე, მოწვეულ სპეციალისტებს: გელა ირემაძის და ზეინაბ ასანიძეს სტუდენტებმა შეფასებები დაუწერეს. მაგალითად, ლაშა ბაჟუნაიშვილს დაუკომენტარეს: „ეს ლექციები არის თუ პოლიტიკური პროპაგანდა?“

„უკაცრავად და ლექტორმა თუ იცის ეს საგანი საერთოდ?“ [სტილი დაცულია] – ეს ზეინაბ ასანიძეს დაუწერეს. ლაშა ხოზრევანიძეს დაუკომენტარეს: „ასწავლეთ ამ კაცს ჯერ პოლიტიკა და მერე ჩვენ გვასწავლოს. ელემენტარულ ტერმინებში ვერ ერკვევა“, გელა ირემაძეს კი ასეთი შეფასება დაუწერეს: „ვერ გავიგე ვერაფერი“, „ირემაძემ იცის რამე, დემოგრაფიის აზრზე არაა“.

ლექტორებმა იეჭვეს, რომ ეს ორგანიზებული იყო, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიმართეს და დასვეს შეკითხვა: რამდენად არის ეს შეფასებები სტუდენტების მიერ გაკეთებული და ადგილი ხომ არ ჰქონდა ამ შეფასებების გაკეთების მიზნით სტუდენტების პორტალის ავტორიზაციის მონაცემების არამართლზომიერ გამოყენებას?

პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი ამბობს, რომ უშუალოდ მაშინდელი რექტორისგან, მერაბ ხალვაშისგან გაიგეს, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორი ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და მათი კოლეგა, ი. მ. იყო. მერაბ ხალვაშმა პროფესორები ი. მ.-ს შეახვედრა, სადაც ი. მ.-ს ბოდიში მოუხდია.

ეს შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის 21 თებერვალს შედგა და „ბათუმელებს“ ამ შეხვედრის ამსახველი ტრანსკრიპტი მიაწოდეს, რომლის თანახმადაც შეხვედრაზე პროფესორებს კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ – ი. მ. უნდა გათავისუფლდეს ან სხვა დეპარტამენტში განაგრძოს საქმიანობა.

ტრანსკრიპტის თანახმად, საჯარო მმართველობის დეპარტამენტის პროფესორი ი. მ. შეხვედრის დასაწყისში ამბობს:

„…მე ვითხოვ პატიებას მომხდარი ფაქტის გამო, ძალიან ვწუხვართ. პირველ რიგში თქვენთან, როგორც რექტორთან და თქვენი სახით უნივერსიტეტის წინაშე ვიხდი ბოდიშს და ასევე მინდა განსაკუთრებული ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს ამ ფაქტის გამო, ძალიან ვწუხვართ, არ უნდა მომხდარიყო ვაღიარებ, ვაცნობიერებ და ჩემი მხრიდან გამოვხატავ მზაობას, რა ვიცი, სამომავლო თანამშრომლობისთვის, კოლეგიალური თანამშრომლობისთვის“.

ამ შეხვედრის ამსახველ ტრანსკრიპტში, სადაც ი. მ.-ს ეს სიტყვებია დაფიქსირებული, არ ჩანს, როგორ დადასტურდა მისი კავშირი ელ. სისტემაში შეღწევასთან; ვინ გამოარკვია, რომ სტუდენტების პლატფორმაზე ლექტორების მისამართით კონკრეტული კომენტარები ი. მ.-მ დაწერა? ასევე, არ ირკვევა, რა იყო მისი მოტივაცია.

ეს შეხვედრა რომ რეალურად შედგა, ამას ადასტურებს პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილიც.

ჩვენ ამ შეხვედრის დეტალებზე გვინდოდა პროფესორ ი. მ.-სთვისაც გვეკითხა, თუმცა მან „ბათუმელების“ შეკითხვებს არ უპასუხა.

საქმეში ი.მ. რომ არის მთავარი ფიგურანტი, ამას უნივერსიტეტში დაწყებული დისციპლინური საქმისწარმოების მასალებიც ცხადყოფს – საინტერესოა ისიც, რომ საქმისწარმოება უნივერსიტეტში 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, მაშინ, როცა ი. მ.-მ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა 2024 წლის თებერვალში.

  • რა ჩანს დოკუმენტებით? 

ამ საქმეშია იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ბსუ-ს რექტორისთვის მიწერილი წერილი. 2024 წლის თებერვლის შეხვედრის შემდეგ – როცა მაშინდელი რექტორი მერაბ ხალვაში ი. მ.-ს და 4 ლექტორს შეხვდა, ბსუ-ს ხარისხის სამსახურს უცდია იმის გარკვევა, ვინ დაუწერა შეურაცხმყოფელი კომენტარები კონკრეტულ ლექტორებს.

„ასოცირებულ პროფესორ ლაშა ბაჟუნაიშვილის მიერ განხორციელებული სასწავლო კურსის ცივი ომი – ბიპოლარული მსოფლიო შეფასებაში მონაწილეობა მიიღო 44-დან 12 სტუდენტმა… საგულისხმოა, რომ სტუდენტებმა ცალსახად აღნიშნეს პედაგოგის მაღალი აკადემიურობა და მასწავლებლით, ასევე, საგნის შინაარსით კმაყოფილება. რაც შეეხება ასოცირებულ პროფესორს, ლაშა ბაჟუნაიშვილს, მას ზეპირი ფორმით ეცნობა დამატებითი ინტერვიუს შედეგი, რამაც გამოკითხვის სანდოობა [პორტალზე დაწერილი უარყოფითი შეფასებები – რედაქციის განმარტება] მისთვის კიდევ უფრო საეჭვო გახადა,“ – წერდა 2024 წლის მარტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირაკლი გორგილაძე რექტორს.

საკითხმა სასწავლო პროცესის დეპარტამენტში გადაინაცვლა – აქ გამოკითხვაში მონაწილე სტუდენტების IP მისამართებით დაინტერესდნენ, სადაც შეუსაბამობები იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ერთი და იმავე IP მისამართი ფიქსირდება ოთხივე [გამოკითხვის თარიღისთვის 4 სტუდენტი, ჯამში კი 13 სტუდენტი] სტუდენტის ავტორიზაციის ლოგში, უფრო მეტიც, გამოკითხვაში კომენტარის დაფიქსირების თარიღი და ზემოხსენებული სტუდენტების ავტორიზაციის თარიღი ემთხვევა ერთმანეთს [ცდომილება 1-6 წუთი]…“ – წერს წერილში უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის დეპარტამენტის უფროსი, ამირან შარაძე.

ამავე წერილში ხაზგასმულია, რომ უნდა დადგინდეს, ვის მიერ მოხდა „სხვისი პერსონალური მონაცემების გამოყენებით სტუდენტურ პორტალში არამართლზომიერი შეღწევა“.

მერაბ ხალვაში, ბსუ-ს მაშინდელი რექტორი, პროფესორებს 2024 წლის 25 ივნისის წერილში უდასტურებს, რომ 2024 წლის 10 იანვრიდან 22 იანვრამდე პერიოდში ადგილი ჰქონდა „ბსუ-ს სტუდენტთა – სულ 4 სტუდენტი – პერსონალური მონაცემების უნებართვო და არამართლზომიერ გამოყენებას“.

„უნივერსიტეტმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ინციდენტის შედეგად დაირღვა კონფიდენციალურობა [ინციდენტის სახე], რაც ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გულისხმობს: ა) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემებზე უნებართვო წვდომას; ბ) ონლაინ პორტალზე არსებულ მომხმარებლის ანგარიშზე უნებართვო წვდომა/მასში არსებული მონაცემების უკანონო გამჟღავნებას,“ – აღნიშნულია უნივერსიტეტის რექტორის წერილში.

2024 წლის 30 სექტემბერს ბსუ-ს მაშინდელ რექტორს, მერაბ ხალვაშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პასუხი მიუღია, IP მისამართის მფლობელის ვინაობის დადგენა სცილდება სამსახურის კომპეტენციასო.

უნივერსიტეტმა დისციპლინური საქმის წარმოება 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, 29 ნოემბერს კი ი.მ.-მ მერაბ ხალვაშს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნულია: „ვარ მოქმედი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი“.

  • რა გაარკვია დისციპლინურმა კომისიამ?

„ცხადია, რომ მნიშვნელოვანია დისციპლინური კომისიისათვის პროფესორ ი. მ.-ს განმარტების, მოსაზრების, დასაბუთების წარმოდგენა, ბსუ-ს პორტალზე 19.01.2024 წ. ინციდენტთან დაკავშირებით, ვინაიდან თქვენი [ბსუ-ს ოთხი დასაქმებულის] განმარტებით – არაეთიკური შეფასებების, სტუდენტთა პერსონალური მონაცემების გამოყენებით, სტუდენტთა სახელით განმახორციელებელ პირად დასახელდა.

ერთობლივი შეხვედრის ყველა მონაწილემ დაადასტურა პროფესორ ი.მ.-ს მიერ თქვენს წინაშე ბოდიშის მოხდის ფაქტი.

…პროფესორ ი. მ.-ს კომისიამ წერილით განუმარტა, რომ მნიშვნელოვანია მისგან განმარტების მიღება [ახსნის საჭიროება] იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ იმავე IP მისამართით, რომლითაც სტუდენტების უარყოფითი შეფასებებია დაფიქსირებული 2024 წლის 19 იანვარს, ფიქსირდება მისი მომხმარებლის [როგორც ბსუ-ს თანამშრომლის] აქტივობა ბსუ-ს პორტალზე.

მივმართეთ რა ამ კითხვაზე განმარტების მიღების თხოვნით, კიდევ ერთხელ შევთავაზეთ გამოცხადდეს მიმდინარე წლის 26 დეკემბერს გასამართ დისციპლინური კომისიის სხდომაზე 15:00 საათზე, ასევე, ვაცნობებთ, რომ 26 დეკემბერს, დისციპლინური კომისია გეგმავს დაასრულოს მუშაობა და დასკვნა წარუდგინოს ბსუ-ს რექტორს,“ – აღნიშნულია დისციპლინური კომისიის წერილში.

2024 წლის 27 დეკემბერს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა, პროფესორ ი. მ.-ს საყვედური გამოუცხადა. ამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი დაუწესდეს პროფესორს, თუ მის ბრალეულობას პროკურატურა დაადასტურებს.

პროფესორ ი. მ.-ს საყვედური სასამართლოში გაუსაჩივრებია, თუმცა არც სასამართლო დავა დასრულებულა ამ ადმინისტრაციულ საქმეზე.

კანონის თანახმად, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა [სსკ-ის 284-ე მუხლი] ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

მერიამ ბათუმში ფესტივალების ადგილი და ფასი განსაზღვრა

ბათუმის მერიამ ქალაქის ტერიტორიებზე, საზოგადოებრივ სივრცეებში ფესტივალების ფარგლებში გამოფენა-გაყიდვის მოსაწყობად კონკრეტული ტერიტორიების გადაცემის ფასი განსაზღვრა, საკრებულომ კი დღეს, 29  მაისს სხდომაზე დაამტკიცა.

გარდა ამისა, საკრებულომ მერს თანხმობა მისცა, პირდაპირი წესით, „სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით“ განკარგოს კონკრეტული ადგილები ფესტივალების, მოქმედი გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების დასარეგულირებლად. 

მერიის განმარტებით, ფასების განსაზღვრა დღის წესრიგში დადგა იმის გამო, რომ „ფესტივალების ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გამართვის მოთხოვნის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.“

სად, რა ფასი დაადგინა საკრებულომ იხილეთ ამონარიდი უკვე დამტკიცებული განკარგულების დანართიდან:

მერიის განმარტებით, კონკრეტული ადგილების ფასი, რაც ცხრილშია მოცემული, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა:

„სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული იქნა რამდენიმე ლოკაცია, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს გამოფენა-გაყიდვებისა და ფესტივალებისთვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის საფასური“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

900 ათას ლარს დახარჯავს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალი ოფისის მოწყობაში

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საცხოვრებელი კორპუსის I სართულის სივრცეში სამსახურის ოფისის მოსაწყობად 949 ათას 865 ლარით ტენდერი გამოაცხადა.

პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს იმ საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც თან ახლავს ტენდერს და რომელშიც მუნიციპალურ ინსპექციას 16 ათას 250 ლარი აქვს ცალკე გადახდილი.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

კორპუსი ბათუმში, სადაც პირველ სართულზე მერიის მუნიციპალური ინსპექცია ოფისს მოიწყობს / ხედი ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 14 ივნისს დაიწყება და ხუთ დღეში, 19 ივნისს დასრულდება.

კორპუსი, სადაც მერიის მუნიციპალური ინსპექცია ოფისს იწყობს, ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N94/96-ში მდებარეობს.

სელიმ ხიმშიაშვილის N94 – 96-ში ავარიული სახლების დემონტაჟისა და ახალი 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ბათუმის მერიას ქალაქის ბიუჯეტიდან 21 მილიონ 550 ათას 123 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. კორპუსის მშენებლობა დღესაც გრძელდება, შესაბამისად ოჯახები, რომლებიც აქ ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ, ჯერ არ შეუსახლებიათ.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მომავალი ოფისი – არსებული სიტუაცია [მარცხნივ] და რენდერები / ფოტოები პროექტიდან
ოფისის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მუნიციპალურ ინსპექციას ტენდერი 25 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული. 16 250 ლარი კი ტენდერში გამარჯვებულ შპს „აკეთი 2017“-ს გადაუხადეს.

ამ თემაზე ვრცლად: ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალ ოფისს მოიწყობს 40-მდე ოთახით

მუნიციპალური ინსპექცია ახალი, მე-III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენასაც გეგმავს. ეს ტენდერი კი ინსპექციას 223 ათას 200 ლარით აქვს გამოცხადებული.

ამ თემაზე 

„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს

 

 

ბათუმის ცენტრალური პარკი სამართავად ბოტანიკურ ბაღს გადასცეს

ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორია მერიამ სამართავად ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“ გადასცა. შესაბამისად, პარკში კომერციულ და სხვა საქმიანობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ეს ა(ა)იპი მიიღებს.

შეათანხმა თუ არა მერიამ გადაწყვეტილება საკრებულოს არ ვიცით, საკითხი საჯარო სხდომაზე არ განუხილავთ.

ბათუმის საკრებულოს წევრმა „ლელოდან“, ვაჟა დარჩიამ გვითხრა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს: „პირველად მესმის, ჩვენთან მსგავსი საკითხი არ შემოსულა.“

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მერიამ ააიპ „ ბოტანიკურ ბაღს“ ბათუმის ცენტრალური პარკი უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადასცა. შესაბამისი დოკუმენტებით რეესტრს ა(ა)იპის დირექტორმა თენგიზ ტარიელაძემ 2026 წლის იანვარში მიმართა. უზუფრუქტის წესით გადაცემული ქონება შეიძლება უზუფრუქტუარმა განკარგოს ქონების მფლობელთან შეთანხმებით, მას არ აქვს უფლება გაყიდოს ის ან იპოთეკით დატვირთოს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ცენტრალური პარკის ბათუმის ბოტანიკური ბაღის მართვაში გადაცემა სივრცის უფრო ეფექტიან მართვას ემსახურება“.

„ცენტრალური პარკი აღნიშნულ ცვლილებამდე კონკრეტულად არც ერთი ორგანიზაციის მართვის ქვეშ არ იყო. ბოტანიკურ ბაღს აქვს შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიციური სპეციალისტები და რესურსები, რაც უზრუნველყოფს პარკის უკეთეს მოვლას, განვითარებასა და ერთიანი სტანდარტების დანერგვას. შესაბამისად, ხელს ვუწყობთ, როგორც ხარჯების ოპტიმიზაციას, ისე ქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურის გრძელვადიან და მდგრად განვითარებას“, – მოგწერეს მერიიდან.

უზუფრუქტის ხელშეკრულება საჯარო არ არის, ამიტომ უცნობია, რა ვადით გადასცეს ბათუმის ცენტრალური პარკი სამართავად „ბოტანიკურ ბაღს“.

ააიპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპია, მის ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს ბათუმის მერი. შესაბამისად, ამ ა(ა)იპის მუშაობასა და გადაწყვეტილებებზე მერია პასუხისმგებელია, როგორც ზემდგომი და საკრებულო – როგორც მაკონტროლებელი.

„თბილისში დაბადებულ სომეხს საქართველოში აღარ მაბრუნებენ“ – მოქალაქე

„თბილისში დაბადებულ სომეხს საქართველოში აღარ მაბრუნებენ. 47 წლის ვარ და 47 წელია საქართველოში ვცხოვრობ. ესაა სამართალი? უკვე 8 თვე გავიდა, რაც სომხეთიდან საქართველოში არ მიშვებენ… ქობულეთში მელოდება მოხუცი დედა, ძმა, რომელიც კლინიკაშია და მე უნდა ჩამოვიდე, რომ კლინიკიდან გავიყვანო, 4 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე,“ – ამბობს ერნესტ ავაქიმიანი.

ერნესტ ავაქიმიანს საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ შეუწყვიტეს – მას შემდეგ, როცა მან სომხეთის მოქალაქეობა მიიღო.

„სომხეთის მოქალაქეობა ავიღე აგვისტოს ომის შემდეგ, იმ წლებში, როცა გართულდა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლა. მინდოდა, პერიოდულად რუსეთშიც მემუშავა, ჩემი და რუსეთში ცხოვრობს, მაშინ ავიღე სომხეთის მოქალაქეობავ, ვიფიქრე, რომ შემდეგ ორმაგს მომცემდნენ, როგორც ეს ხდება სხვა შემთხვევებში,“ – გვიყვება ერნესტ ავაქიმიანი, რომელსაც სოციალურ ქსელში ვესაუბრეთ. მისი თქმით, იგი ახლაც სომხეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ცხოვრობს და ელოდება საქართველოდან პასუხს: როდის მისცემენ საქართველოში დაბრუნების უფლებას.

„შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა შემიწყვიტეს და 3 წლის წინ დამაჯარიმეს საზღვარზე 400 ლარით, თუმცა მაშინ შემომიშვეს საქართველოში. მერე მივედი იუსტიციაში და მოქალაქეობა ვითხოვე… იუსტიციაში ისიც ვუთხარი, რომ სულ აღარ მჭირდება სომხეთის მოქალაქეობა, უარს ვიტყვი სომხეთის მოქალაქეობაზე, მთავარია, საქართველოს მოქალაქეობა აღმიდგინონ-მეთქი. იუსტიციაში ასე მითხრეს, რომ უკვე დარღვეული მაქვს საქართველოში ყოფნის ვადები, ამიტომაც, ისევ უნდა წავსულიყავი სომხეთში და რომ დავბრუნდებოდი უკან, მერე შემეძლო შემეტანა განაცხადი მოქალაქეობის აღდგენაზე.

იუსტიციაში მიღებული ამ პასუხის გამო  წავედი სომხეთში 2025 წლის სექტემბერში, მაგრამ უკან აღარ მიშვებენ. სომხეთში ნათესავი არავინ მყავს. მე-9 თაობა საქართველოში ვარ და 300-წლიანი საფლავები გვაქვს უკვე საქართველოში. თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბოლო 9 წელია ქობულეთში ვცხოვრობთ ნაქირავებში.

მუსიკოსი ვარ, სხვადასხვა ადგილას ვმღერი და ამით ვირჩენდი თავს. ახლა იმ მდგომარეობაში ჩამაგდეს, გავყიდე ყველაფერი: მუსიკალური ინსტრუმენტები და ავტომანქანაც, უფულოდ ვარ დარჩენილი სომხეთ-საქართველოს საზღვართან,“ – გვითხრა ერნესტ ავაქიმიანმა.

„ძალიან გვიჭირს, სოციალურ შემწეობაზე ვართ დამოკიდებული, ნაქირავებში ვცხოვრობთ… ერნესტია ჩვენი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. მე ბავშვებთან ვარ, დედამთილი ავადაა, ჩემი მაზლიც ავადაა და კლინიკაშია, ვერ გამოგვყავს, ვის მივმართო საშველად?“ – ამბობს ანა სნიკოვა. იგი ერნესტ ავაქიმიანის ცოლია.

„უარი საზღვრის კვეთაზე არის უკანონო. როგორც სასამართლომ, ისე საპატრულო პოლიციამ დაარღვია ოჯახის ერთიანობის პრინციპი. ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო კონვენციები ითვალისწინებენ ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვას,“ – ამბობს ადვოკატი დავით საფარიძე. იგი სასამართლოში ერნესტ ავაქიმიანის ინტერესებს იცავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ივანე აღნიაშვილს 2026 წლის  21 მაისს უარი უთქვამს ერნესტ ავაქიმიანის ოჯახის საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საჩივრით მოთხოვნილი იყო საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილების გაბათილება. საუბარია იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც  ერნესტ ავაქიმიანს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

დავით საფარიძე, ადვოკატი: „მოქალაქე ერნესტ ავაქიმიანს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს 2025 წლის 24 და 27 სექტემბერს. ერნესტის ცოლმა საპატრულოს ეს უარი ჯერ შსს-ში, შემდეგ კი, სასამართლოში გაასაჩივრა.

არ იყო დასაბუთებული შსს-ს უარი. საზღვრის კვეთის უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული იყო მხოლოდ კანონით გათვალისწინებული „სხვა მიზეზით“. რეალურად, რის გამო უთხრეს ერნესტ ავაქიმიანს საქართველოში შემოსვლაზე უარი, გაუგებარია.

არც სასამართლოში არ წარმოუდგენია არგუმენტები შსს-ს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვარებია, მაგრამ იგი არ არის დასაბუთებული.

ერნესტის ჰყავს 4 მცირეწლოვანი შვილი 7-დან 16 წლამდე, ასევე ჰყავს მძიმე ავადმყოფი დედა, ძმა, ცოლი. ისინი არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში. მნიშვნელოვანია, რომ მისი ოჯახის წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები, თავად ერნესტი საქართველოს ყოფილი მოქალაქეა და მას უნდა მიეცეს საშუალება, საქართველოში შემოვიდეს, შემდეგ განიხილება უკვე მოქალაქეობის მინიჭების საკითხი,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით საფარიძემ.

რა ეტაპზეა მოქალაქეობის აღდგენის პროცედურა? – ადვოკატი ამბობს, რომ იგი ამ ნაწილში არაა ჩართული და, პირველ რიგში, ასაჩივრებდა საზღვრის კვეთაზე უარს.

საქართველოს კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების უფლება საქართველოს პრეზიდენტს აქვს, თუმცა როგორც ირკვევა ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნა ერნესტ ავაქიმიანს არ დაუფიქსირებია.

რაც შეეხება მოქალაქეობის აღდგენას იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი დაბადებით საქართველოს მოქალაქეა, იურისტები განმარტავენ, რომ მოქალაქეობის მინიჭების 4 წესიდან, უმჯობესია, ერნესტ ავაქიმიანმ ე.წ. საგამონაკლისო წესით ისარგებლოს, თუმცა ეს წესი 2027 წლის პირველ იანვრამდე მოქმედებს.

ამ სფეროში მომუშავე უფლებადამცველების განმარტებით, არც ამ შემთხვევაშია გამორიცხული, სახელმწიფომ არ დააკონკრეტოს და დაბადებით საქართველოს მოქალაქესაც კი, უარი უთხრას მოქალაქეობის მინიჭებაზე იგივე „უსაფრთხოების საფუძვლით“. ამ საფუძვლით უცხო ქვეყნის არაერთ მოქალაქეს ეუბნებიან საქართველოში უარს ბინადრობაზეც კი.

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3587 პირს, რომელთაგან უმეტესობა იყო რუსეთიდან 2361. 

ამ თემაზე:

რატომ ეუბნებიან საქართველოში დაოჯახებულ უცხოელებს ბინადრობაზე უარს – ინტერვიუ

ბსუ-ს პროფესორის საქმეზე ეთიკის კომისია იმსჯელებს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმის რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნანი გვარიშვილის მხრიდან აქტივისტებთან დაპირისპირების ფაქტზე ბსუ-ს ეთიკის საბჭო იმსჯელებს.

„ველოდებით სამართალდამცავების გადაწყვეტილებას და მოვიწვევთ უახლოეს დღეებში ეთიკის კომისიას“, – აცხადებენ ბსუ-ს ადმინისტრაციაში.

აქტივისტების თქმით, ნანი გვარიშვილმა 28 მაისს, უნივერსიტეტის შესასვლელთან აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ერთ მათგანს ხელითაც შეეხო. დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გუშინ, 28 მაისს გავრცელდა.

აქტივისტები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხელმოწერას აგროვებდნენ პეტიციაზე – „მიეცი წამალი ბავშვებს“, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად. ნანი გვარიშვილი ამ ფაქტმა გააღიზიანა.

დღეს, 29 მაისს, შს სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ვიდეო:

კრემლი 100 000 სომხის ტრანსპორტირებას გეგმავს რუსეთიდან, სომხეთის არჩევნებზე გავლენის მიზნით – მედია

რუსეთის სამთავრობო წრეებში განიხილეს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები 100 000-მდე სომხის ტრანსპორტირების შესაძლებლობა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მათი მობილიზაციის მიზანია მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ხმის მიცემა.

ამის შესახებ სომხური მედია ინფორმაციას Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თვის მხრივ ეს ინფორმაცია ეფუძნება ხუთ დასავლელ დაზვერვის ოფიცერთან ინტერვიუებსა და დოკუმენტებს.

ხუთი წყაროს ცნობით, რუსი ოფიციალური პირები ბოლო თვეების განმავლობაში განიხილავდნენ რუსეთში მცხოვრები სომხების ფაშინიანის ოპონენტისთვის ხმის მისაცემად გაგზავნას სომხეთში.

სამი დასავლელი ჩინოვნიკის თქმით, მოსკოვის ფავორიტი კანდიდატია სამველ კარაპეტიანი – მილიარდერი, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს  გამოძიება. კარაპეტიანს ბრალად ედება მთავრობის დამხობისკენ მოწოდება.

სომხეთში არჩევნების წინა პერიოდში რუსეთის მოცულია პრორუსი კანდიდატების სასარგებლოდ დეზინფორმაციულ კამპანიებით. პარალელურად დამუშავდა რუსეთში მცხოვრები ათიათასობით სომხის ტრანსპორტირების სქემას არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

დაზვერვის ოფიცრების თანახმად, კრემლმა ჯერ კიდევ ოქტომბერში შექმნა დანაყოფი სახელწოდებით – „სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის დეპარტამენტი“. ოთხი წყაროს ცნობით, სწორედ ეს დეპარტამენტი უწევს ზედამხედველობას სომხეთში გავლენის ოპერაციას.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს იმართება. რუსეთი ღიად ესხმის თავს სომხეთი პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის პროევროპულ მისწრაფებებს. ემუქრება, როგორც რუსეთის ბაზრის წვდომის შეზღუდვით, ისე შეფარული სამხედრო აგრესიით.

შშმ ბავშვს საპენსიო ანგარიში დაუყადაღეს „გზის გადაკეტვის“ მოტივით დედის დაჯარიმების გამო

არასრულწლოვანი შშმ გოგონას დედა, ნინო კალანდია ამბობს, რომ შვილის საპენსიო ანგარიში დაუყადაღა.

ნინო კალანდიას, „ლიბერთი ბანკში“ დაყადაღებული აქვს მისი პირადი ანგარიშებიც, რადგან გასულ წელს ე.წ „გზის გადაკეტვის“ გამო 5000 ლარით არის დაჯარიმებული.

„დღეს დააყადაღეს ჩემი შშმ შვილის საპენსიო ანგარიში, რომელიც ჩემ სახელზეა, რადგან ჩემი შვილი არის არასრულწლოვანი. მათ არ აქვთ იმის უფლება, რომ შშმ ადამიანის საპენსიო ანგარიში დააყადაღონ, მაგრამ მაინც დააყადაღეს.

ბანკში მივედი ცნობა, რომ ამეღო დაყადაღებული ანგარიშის შესახებ, მითხრეს, რომ 20 ლარი ღირს ამ ცნობის გაცემა. ანუ, შშმ პირებს ცნობაში სთხოვს ბანკი 20 ლარს“- ამბობს ნინო კალანდია ვიდეოში, რომელიც დღეს, 29 მაისს გაავრცელა ფეისბუქზე.

ნინო კალანდია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აპირებს გაასაჩივროს ბავშვის საპენსიო ანგარიშის დაყადაღება.

„ბავშვებს, რომელთა სიცოცხლე საფრთხეშია წამალს არ აძლევენ და არც ის მიკვირს, რომ ჩემი შშმ შვილის ანგარიში დააყადაღეთ, მაგრამ როგორ ბედავთ და ამბობთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, რომ თქვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნავთ და ეკონომიკური მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ? ამის თქმას როგორც ბედავთ საერთოდ“- მიმართავს ის „ოცნების“ ხელისუფლებას.

_____________

მთავარ ფოტოზე: ნინო კალანდია შვილთან ერთად/facebook

ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის ტერიტორიაზე მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს

ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის ტერიტორიაზე მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს, 29 მაისს მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული რუსეთის მოქალაქეა და იგი საბანაოდ დღეს დილით შევიდა ჩანჩქერში. კაცის გაუჩინარების შემდეგ სამძებრო სამუშაოები დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 116-ს მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობას სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

ბათუმის მერიამ უსახლკაროების განაცხადების გადამოწმება დაიწყო

ბათუმის მერია უსახლკარო ოჯახების განცხადებების შესწავლას იწყებს. შესაბამისმა კომისიამ, რომელსაც მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს, პირველი სამუშაო სხდომა გამართა.

კომისიაში შედიან მერიის სამსახურების უფროსები და საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე. ამ კომისიის წევრია მერაბ ბლადაძეც, რომელიც კომისიაში უსახლკაროებს წარმოადგენს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციის მიზნით განცხადებების მიღება ბათუმის მერიაში მიმდინარე წლის 30 აპრილს დასრულდა და პროგრამა მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის.

რამდენი განაცხადი დარეგისტრირდა უსახლკაროს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, ამ ინფორმაციას მერია ასაიდუმლოებს – „ბათუმელებს“ ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.

მერიაში განმარტავენ, რომ კომისიამ დაიწყო განცხადებების ერთიან რეესტრში გადატანის პროცესი და დოკუმენტაციის ეტაპობრივი შესწავლა, ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი, იმ პირებსა და ოჯახებს, რომლებიც დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, უსახლკაროს სტატუსი მიენიჭებათ:

„უკვე მიმდინარეობს თითოეული განაცხადის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით. ეს უსახლკარო პირებისა და ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭების პროცესში კონკრეტულ და პრაქტიკულ ქმედებებს მოიცავს“ – აცხადებს მერია. 

საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც აცხადებენ რომ უსახლკაროები არიან და რამდენიმე წელია მართავენ აქციებს ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობასთან: ისინი სოციალური სახლებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, შშმ პირები და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან, თუმცა, წლებია მათი საცხოვრებელი პირობები, შემოსავლები ან მოთხოვნის რეალურობა „ოცნების“ მთავრობას არ შეუსწავლია.

_____________

ფოტოზე: აქცია ბათუმის მერიასთან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

შსს „პოლიციელის დღის“ აღსანიშნავად მილიონამდე ლარს უტენდეროდ ხარჯავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ერთ მილიონამდე ლარს ტენდერის გარეშე ხარჯავს.

სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ ხელშეკრულება უკვე დადებულია და ატვირთულია შესყიდვების პორტალზე, თუმცა ხელშეკრულება ამ პორტალზე არ იძებნება. შესაბამისად უცნობია ვის უხდის სამინისტრო ფულს.

„გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ“ 987 ათას 715 ლარის ხარჯვის შესათანხმებლად შსს-მ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2026 წლის 28 მაისს მიმართა.

„ღონისძიების მასშტაბურობის გათვალისწინებით, რიგ შემთხვევაში საჭირო საქონლის დამზადებასა და მოწოდებას ესაჭიროება გარკვეული დრო, ხოლო ღონისძიების ჩატარებამდე დარჩენილი ვადა არ არის საკმარისი შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ჩატარებისათვის.

ზემოხსენებულის შესაბამისად, მიზანშეწონილია, ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით საჭირო მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა, განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დროის შეზღუდულ ვადებში“ – წერს შსს, თუმცა, იქვე უთითებს, რომ ამ ღონისძიებისთვის [რომელსაც ყოველწლიურად აღნიშნავენ] სამზადისი 2026 წლის 11 მარტს დაიწყეს, როცა პირველად გამოაცხადეს ბაზრის კვლევა.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, საბოლოო კონცეფციაზე და დეტალებზე ჩამოყალიბება დასრულდა 2026 წლის 27 მაისს. პოლიციელის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, სამინისტროს სისტემის დანაყოფების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა კი მინისტრმა 2026 წლის 15 მაისს დაამტკიცა.

შსს შესყიდვების სააგენტოს ატყობინებს, რომ ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში ვერ მოხდებოდა „2026 წლის 31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სათანადო დონეზე ჩატარება, რაც დააზიანებს შს სამინისტროს იმიჯს“. 

„ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფები, მოწვეული სტუმრები – საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები“ – წერს შსს.

ზოგიერთი მომსახურება, რომელიც ამ ღონისძიებისთვისაა საჭირო: 

„შსს-ს შენობასთან არსებული აუზის შეფუთვა რბილი მეორადი იატაკით ზედაპირის დაზიანების დაცვისთვის. სცენის, პოდიუმისა და მათთან მისასვლელი ბილიკების მოწყობა. სტუმრების ტრიბუნებისა და მისი მოაჯირების მოწყობა… ღონისძიების აუდიო და ვიზუალური გაფორმება, სატელევიზიო და ინტროს შოუს მხატვრული განათების აპარატურით მომსახურება – 2 დღე, ვიდეო კონტენტის დამზადება“ და სხვა.

გაიცემა შემდეგი ჰონორარებიც:

„პოლიციელის დღის“ ღონისძიების ზოგიერთი ხარჯი / წყარო: შესყიდვების პორტალი

ვისთან გააფორმა ხელშეკრულება შსს-მ, ამის შესახებ ინფორმაცია შესყიდვების პორტალზე არ იძებნება.

შსს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ „ხელშეკრულება ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს CMR მოდულში – CMR260063095“, თუმცა, ამ მოდულში 2019 წლიდან დღემდე შს სამინისტროს არცერთი ხელშეკრულება არ იძებნება.

2024 წელს „ბათუმელებმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა.

შესყიდვების სააგენტომ 2024 წლის 28 მაისს, წერილობით მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ „ხელშეკრულებების მოდულში [CMR] გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე ხარვეზებით მუშაობს ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომის ფუნქციონალი, რის თაობაზეც, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს“.

როგორც ჩანს ეს „ხანგრძლივი დროის პერიოდი“, მეშვიდე წელია, ანუ 2026 წელშიც გრძელდება.

_____________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში, 2024 წლის 3 დეკემბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

 

დააკავეს პირი, რომელმაც 7 ათასი ლარის ყალბი კუპიურა ჩარიცხა აპარატით

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით 7 000 ლარის ყალბი კუპიურა ჩარიცხა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, რუსთავში, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები  მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიას 7 000 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს“.

ამავე წყაროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რა დარღვევები გამოვლინდა საწარმოში, სადაც მომზადებული საკვებით 36 ადამიანი მოიწამლა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცნობილია ქუთაისში მდებარე კვების საწარმოდან აღებული საკვების ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის შედეგები, რომელიც ადასტურებს, რომ საკვები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

სააგენტოს ცნობით, უწყებამ 36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ შესახებ მიიღო ინფორმაცია და სწორედ ამის საფუძველზე განხორციელდა არაგეგმური კონტროლი შპს „ფუდ გალერი საქართველოში“, რომელიც ქუთაისში მდებარეობს.

სააგენტოს ცნობით, მოქალაქეებმა მიწოდების სერვისით შეიძინეს ე. წ. დიეტური კვების მენიუ, კერძოდ, შპს „ფუდ გალერის“ მიერ მომზადებული: ბრინჯი ქათმით, ომლეტი, ბოსტნეულის კოქტეილი ქათმით და ტირამისუ.

„დადგინდა, რომ უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე (ნედლი) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აერობული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა უზბეკური ფლოვის, ომლეტის (სოკოთი), ბოსტნეულის კოქტეილისა და ტირამისუს ნიმუშებში; გარდა ამისა, გამოვლინდა ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები“ – იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო დღეს, 29 მაისს.

სააგენტოს ცნობით, საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე დროს, საწარმოს დაევალა სამუშაო ზედაპირების, მოწყობილობების, აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფექცია და ნიმუშების აღება; პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.

„S.aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი) პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმია, რომლის მატარებელია ჯანმრთელი ადამიანების 20-25%, ასევე გვხვდება ცხოველთა კანსა და ლორწოვანზე. ჩვეულებრივ პირობებში მიკრობი არ იწვევს დაავადებას, მაგრამ დაბინძურებული სურსათის ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებისას მიკრობი მრავლდება, გამოიმუშავებს ტოქსინს (ენტეროტოქსინი) და იწვევს სურსათისმიერ დაავადებას (გასტროენტერიტი ან ნაწლავის ლორწოვანის ანთება).

მიკრობის გამრავლებასა და ტოქსინის გამომუშავებაზე ზეგავლენას ახდენს:

სურსათის არასათანადო თერმული დამუშავება; ჯვარედინი დაბინძურება (სურსათის დამუშავების პროცესებს შორის არასათანადო რეცხვა/დეზინფექციის ჩატარება, მაგ: ახალი ხორცის დამუშავების შემდგომ იგივე დასაჭრელი დაფის გამოყენება სხვა სახის სურსათის დასამუშავებლად); სურსათის არაერთგვაროვნების პრინციპის დარღვევა (მაგ: კვერცხის და სალათის ერთ სივრცეში განთავსება); პერსონალის არასათანადო ჰიგიენის პრაქტიკა“ – წერს სააგენტო.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 მაისის 21 საათიდან 30 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა – ღამით დროგამოშვებით ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
    ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 12  – 17 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 31 მაისს აჭარაში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მომდევნო 2 დღეს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 361 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 958 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 636 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 42 860 ერთეული [+28]
  • MLRS – 1 808 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 397 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 316 652 ერთეული [+1 750]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 496 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 100 230 ერთეული [+324]
  • სპეცტექნიკა – 4 227 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 687 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როდის გაიტანს აუქციონზე გონიო-კვარიათის პლაჟებს მერია, რა იქნება ფასი

საკურორტო სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მცირე მეწარმეები, რომლებიც გონიო-კვარიათის პლაჟებზე მუშაობენ, წუხან, რომ „გვიანდება“ და თუ აუქციონები დროულად არ გამოაცხადეს, შესაძლოა შესაბამისი ობიექტების გამართვა-მომზადება ვეღარ მოასწრონ. „ბათუმელები“ მათ ტელეფონით ესაუბრა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გონიო-კვარიათის პლაჟებზე სარგებლობის უფლებით განსაკარგ ქონებას ელექტრონულ აუქციონზე უახლოეს მომავალში გაიტანს. მას შემდეგ, რაც საკრებულო შესაბამის განკარგულებას ხვალ, 29 მაისის სხდომაზე დაამტკიცებს.

მერიამ 1-კვ.მეტრის საფასურის განსაზღვრის მიზნით მიმართა საკრებულოს განკარგულების პროექტით – ფასი უნდა განისაზღვროს, როგორც პლაჟზე, ასევე სანაპიროზე.

შესაბამისი გამოთვლის მიხედვით გონიო-კვარიათის პლაჟზე 1 კვ.მეტრს მერია აუქციონზე 46 ლარად გაიტანს. 45 ლარი იქნება პლაჟზე 1 კვ.მეტრის საფასური თამარის დასახლებაში შპს „მზიური დეველოპმენტის“ მშენებარე კომპლექსის წინ და მის გაგრძელებაზე.

1 კვ.მეტრის საფასური მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟზე კი 55 ლარით განსაზღვრეს – ეს საწყისი ფასი იქნება და აუქციონზე კონკურენციის პირობებში შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პლაჟზე მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო საფასური სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებით განსაზღვრეს.

დაადგინეს კონკრეტულ საკადასტრო კოდზე არსებული ქონების, 1 კვ.მეტრის ღირებულების საბაზრო ფასი, ხოლო სარგებლობის საფასური 1 კვ.მეტრის საბაზრო ღირებულების 5 პროცენტით განსაზღვრეს.

შესაბამის განკარგულების პროექტს საკრებულო ხვალ, 29 მაისს დაამტკიცებს, ხვალ უნდა დასრულდეს ასევე ელექტრონული აუქციონები, რომლებიც ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში პლაჟების საიჯარო წესით გასასხვისებლად გამოაცხადა.

ისევე როგორც ძველი ბულვარი, გონიო-კვარიათის სანაპირო ბათუმის მერიამ უნებართვო ობიექტებისგან გაწმინდა. ამ დრომდე არსებული პრაქტიკით შენობებს საკურორტო სეზონის გასვლის შემდეგ ადგილებზე ტოვებდნენ. მართლა ცდილობს მერია გონიო-კვარიათში მსუბუქი საპლაჟო ინფრასტრუქტურის შექმნას, როგორც ამას კანონი ითხოვს, თუ ფულიანი ბიზნესმენები ისევ მიაღწევენ თავის მიზანს – პლაჟზე ჩადგან შეუსაბამო მასშტაბის შენობები, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

21 მაისს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია წერდა, რომ გონიო-კვარიათში 40-მდე ობიექტი დაანგრიეს. მათ შორის კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები.

ვის შეხვდება ადგილები ბათუმის ბულვარში – ქონების იჯარით გასხვისება დაწყებულია

 

 

ასეთი დემონები თუ მოვიდოდნენ არ მეგონა – პენსიონერი ხულოდან, რომელიც 26 მაისის აქციაზე ჩავიდა თბილისში

„ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ. რა აღარ გამოვიარე და ასეთი საშიშროება ჯერ არ მიგრძნია, რასაც დღეს ვგრძნობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვაჟა ზოიძე. ის ხულოში, სოფელ დეკანაშვილებში ცხოვრობს.

1989 წელს, საბჭოთა კავშირის წლებში, ვაჟა ზოიძემ ხულოს ცენტრში ღამის საათებში ლენინის ძეგლი ჩამოაგდო – ამაყობს, ბათუმს დავასწარით ხულომო. დღეს ვაჟა ზოიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის წევრია და 26 მაისის დემონსტრაციაზეც ჩავიდა თბილისში.

„დამოუკიდებლობაზე უფრო ძვირფასი რა უნდა იყოს? თავისუფლებას ისევ ემუქრება საშიშროება. ისევ თუ შევტრიალდებოდით რუსეთისკენ ჭავჭავაძის სამშობლოში და ასეთი დემონები თუ მოვიდოდნენ, რა მეგონა?“ – გვიყვება ვაჟა ზოიძე. – „გუშინ დავაკვირდი „ოცნების“ გამოსვლას და საერთოდ არ უხსენებიათ ჩვენი გმირები, საოკუპაციო ხაზთანაც ვერ ჩადიან სირცხვილით…

ევროპას საერთოდ ზურგი ვაქციეთ. ჩართავ ტელევიზორს და მხოლოდ ევროპის ლანძღვა-გინება ისმის ამ „ოცნებისგან“. ეს არის პირდაპირი გაგებით რუსული მთავრობა. რატომ? – ვერ ხედავთ, კანონს კანონზე იღებენ, რომ როგორმე დაგვაჯარიმონ, დაგვაპატიმრონ. ხალხის საკეთილდღეოდ მიღებული კანონი არ მინახავს მე ამათ ხელში.

„ოცნებას“ ოჯახით გვერდით ვედექი, ლომის წვლილი მაქვს ხულოში ამათ გაძლიერებაში, რა გგონიათ? 2016 წლიდან მივხდი, რომ უკუსვლაა ყველაფერში. ომი რომ დაიწყო უკრაინაში, მერე უკვე პირდაპირ გამოჩნდა ყველაფერი – გამოავლინეს რეალური სახე.

ახლაც რომ ვინმეს არ დავუფინანსებივარ, არც ტრანსპორტი და არაფერი – ჩემი პენსიის დანაზოგი ავიღე და წავედი თბილისში.

ისე გამიხარდა, იმდენი ხალხი რომ დამხვდა რუსთაველზე. დრო იყო, არ ვაკლდებოდი არცერთ აქციას თბილისში. ეს იყო მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას დროს…

გუშინ თბილისის აქციაზე რომ ვიყავი, რაღაც სხივი გამოჩნდა, ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს,“ – გვითხრა ვაჟა ზოიძემ.

ვაჟა ზოიძე

რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ ივანიშვილს უკანდახევა მოუწიოს? – ვეკითხებით მოქალაქეს.

„ოპოზიცამ, პირველ რიგში, ხალხთან უნდა იმუშაოს. უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ აი, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ.

ხალხი ყველაფერს ხედავს. არ გეგონოთ, რომ ხალხი რამეს ვერ ხედავდეს, მაგრამ უმეტესობა ვერ ლაპარაკობს. ერთმანეთის პირისპირ რომ დავჯდებით, ყველა მხარს გვიჭერს – ჩვენ რა, საქართველოს თავისუფლებას უჭერს მხარს.

ბევრი ვერ ამბობს ღიად თავის სათქმელს – პოლიციური რეჟიმია.

მომისმენია: რა აზრი აქვს ოპოზიციის ხალხში სიარულს, დაშინებულია ხალხიო. მე კი ამას ვიტყოდი: მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ ნულიდან დაიწყეს ხალხთან მუშაობა, საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ ჰქონდა აზრი და ახლა არ აქვს?“ – ოპოზიციის მიმართ უკმაყოფილებასაც არ მალავს მოქალაქე.

  • როგორ ჩამოაგდეს ლენინის ძეგლი ხულოში? 

„იყო ხულოში რამდენიმე აქტიური ბიჭი, მათ შორის, ბადრი მელაძე, ვახტანგ აბულაძე… არ მოგვწონდა საბჭოთა კავშირი და თბილისში წავედით, იქ მერაბ კოსტავას შევხვდით.

შემდეგ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ხულოში გვესტუმრნენ. ჩემს მეგობართან მერაბ კოსტავას ღამეც აქვს გათეული… მერაბი იყო მართლაც გამორჩეული პიროვნება, რომ მოგესმინათ, როგორ საუბრობდა რუსეთზე – სასტიკი იყო. მერაბი განსაკუთრებით მიყვარდა. ეს იყო ალალი კაცის განსახიერება.

თანდათან აგორდა ეს საპროტესტო ტალღა. ხულოში გამოდიოდა გაზეთი „საჩინო“ 1988 წელს. პოპულარული გახდა „სახალხო ფრონტი“. 9 აპრილიდან მე-40 დღეს კულტურის სახლის შენობაზე აღვმართეთ ეროვნული დროშა, მერე მივხედეთ ლენინის ძეგლს,“ – გვიყვება ვაჟა ზოიძე და დროშის აღმართვის ფოტოსაც გვაჩვენებს, სამწუხაროდ, ძეგლის ჩამოგდების ფოტო არ მაქვსო.

„ხულოში ლენინის ძეგლი 1989 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩამოვაგდეთ, დეტალებში გაინტერესებთ მართლა?“ – ვაჟა ზოიძე სიხარულს არ მალავს, როცა ამ ამბის გახსენებას ვთხოვთ:

„იმ დღეს ბადრი მელაძემ ჩაატარა ხულოს ცენტრში მიტინგი, რომელსაც მე ვერ დავესწარი, რაღაც საქმე მქონდა. საღამოს ჩავედი რაიონში და მითხრეს, დღეს ლენინის ძეგლის ჩამოგდებას აპირებდნენ, მაგრამ ხალხმა შეუშალა ხელი, წინ გადაუდგაო. კაგებემ შეუშალა ხელი სინამდვილეში – როგორც დღეს ხდება, ისე.

გავბრაზდი: თუ ითქვა ძეგლის ჩამოგდება, ბოლომდე რატომ არ მივიყვანეთ საქმე, რას იტყვის ახლა ხალხი-მეთქი და იმავე ღამეს შევკრიბე რამდენიმე ბიჭი. წავიღეთ კიბე, ტროსი და სატვირთო მანქანა „ზილი“.

მივედით ლენინის ძეგლთან და მოვიდა ხულოს პოლიციის უფროსის მოადგილე: ჩემი სმენაა და ამაღამ ნუ იზამთო. ვუთხარი, აჯობებს კიბე დაგვიჭირო-მეთქი.

ეს ლენინის ძეგლი გამოცვალეს თურმე და ბოლოს იმ სიმაღლე ძეგლი დაუდგამთ, ვერ ასწვდა კიბე. ავედი და ფეხებზე გამოვაბი თოკი. დავქაჩეთ სატვირთოთი და ტროსი გაწყდა – თურმე, მთელი არმატურებითაა გამაგრებული ძეგლი ფეხების მხარეს. ბიჭები მეუბნებიან, მოდი, საღებავი გადავასხათ და წავიდეთო. ვუთხარი, რომ არსად არ წავალთ.

ამასობაში, ის პოლიციელი წავიდა და მარტო დავრჩით. ჩემი იდეა იყო, ბეჭებზე დაედგათ კიბე, ანუ ასე კიბის სიმაღლე გაიზრდებოდა. მართლაც ასე მოვიქეცით – ლენინის ძეგლს ყელზე გამოვაბი ამჯერად ტროსი. კიდევ ერთი დაქაჩვა და ძირს ეგდო ლენინის ძეგლი,“ – 1989 წლის ამბის თხრობა დაასრულა ვაჟა ზოიძემ.

  • რა არის საჭირო დღეს?

„უბრწყინვალესი ახალგაზრდები გვყავს, ხომ ნახეთ, რა შეძლეს ახლაც, ბავშვებისთვის წამლის ფული რომ შეაგროვეს? დიდებული საქმე გააკეთეს. ვფიქრობ, ამ ახალგაზრდებთან უნდა გაერთიანდეს ყველა, მათ შორის, პოლიტიკური ძალები. პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს ახალგაზრდების ირგვლივ გაერთიანება და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს, თავისუფლებისთვის. ივანიშვილს მოკავშირედ მხოლოდ ერთი – პუტინი დარჩა და ისიც წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო, ისეთ დღეშია. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ამათი საქმე წასულია.

ბოროტს უნდა ვძლიოთ, რომ ვიყოთ თავისუფალი, რომ ჩვენი ხასიათი გამოვლინდეს. ჩვენ მონობაში ვერ გავძლებთ. ეს გამორიცხულია,“ – გვითხრა ვაჟა ზოიძემ.

რატომ დაარტყა ახალგაზრდა გოგოს – ბსუ-ს პროფესორის განმარტება

ახალგაზრდა აქტივისტები – თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა ამბობენ, რომ ბსუ-ს პროფესორმა, ნანი გვარიშვილმა მათზე იძალადა. აქტივისტები დღეს, 28 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პეტიციაზე ხელმოწერას აგროვებდნენ – „მიეცი წამალი ბავშვებს“.

თაკო სურმანიძის თქმით, ბსუ-თან განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა და დაახლოებით 40 წუთში 300-მდე ხელმოწერა შეგროვდა. ამ დროს გამოვიდა უნივერსიტეტიდან პროფესორი, ნანი გვარიშვილი მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად.

„ამ ქალმა თითის ქნევით დამიწყო ჭკუის სწავლება და ყვირილი, რომ არაფერი არ ვიცი, რძე არ შემშრობია და სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის, ვინ უნდა დააფინანსოს.

ამ აგრესიის გადაღება დაიწყო მობილური ტელეფონით ჩემმა მეგობარმა, ნონა მირზოევამ. ქალბატონი კიდევ უფრო გაღიზიანდა, როცა შენიშნა, რომ უღებდნენ და პირდაპირ ხელში სწვდა ნონას, მას ხელიდან დააგდებინა ტელეფონი… ამიტომაც შეწყდა ვიდეოს ჩაწერა.

ამის შემდეგ ხელზე რამდენჯერმე დაარტყა ამ პროფესორმა ნონას და თან ორივეს გვლანძღავდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ სურმანიძემ.

ვიდეო, რომელიც აქტივისტებმა მოგვაწოდეს, მკაფიოდ ჩანს, როგორ აგდებინებს პროფესორი ნანი გვარიშვილი ახალგაზრდა აქტივისტს ხელიდან მობილურ ტელეფონს. ამ ინციდენტის შემდეგ პროფესორი უნივერსიტეტის დაცვის სამსახურს მიმართავს: „ვინ მისცა უფლება ენის გრძელების?“ მას აქტივისტები ეუბნებიან: „ხელით შეგვეხეთ“.

ნანი გვარიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი ბიოლოგიის დარგობრივ დეპარტამენტში მუშაობს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ნანი გვარიშვილს:

„გამოდის, რომ ძალიან ცუდად უყურეთ ვიდეოს… ნახეთ, როგორ იქცევიან ახალგაზრდები? მე მათ ხუთჯერ ვთხოვე, რომ არ გაქვთ უფლება გადაღების, ისინი მომმართავდნენ შენობით და თავხედობით, არაკომპეტენტურობა ლამაზი ნათქვამია კიდევ.

მე რომ მიღებ, არ უნდა მკითხო, გადამიღო თუ არა? თუ თქვენც ასე ფიქრობთ?“ – გვითხრა ნანი გვარიშვილმა. მან აქ სატელეფონო საუბრის შეწყვეტა ამჯობინა.

აქტივისტებმა უკვე მიმართეს შსს-ს.

დაიწყო თუ არა გამოძიება? – „ბათუმელები“ ამ კითხვით დაუკავშირდა შსს-ს პრესცენტრს.

პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

ბსუ-ს პროფესორმა გოგოს ხელი გაარტყა მაშინ, როცა ის გამოკითხვას ატარებდა დიუშენის მქონებ ბავშვებზე

 

ელექტროსკუტერები ბულვარის ველობილიკზე ისევ ივლიან – ბათუმის მერია აკრძალვას კვლავ აჩერებს

ბათუმის საკრებულო 29 მაისის სხდომაზე ბულვარში ელექტროსკუტერების საკითხს განიხილავს.

წელს ბულვარის ტერიტორიაზე ელექტროსკუტერების გამქირავებლებს უთხრეს, რომ სკუტერების გადაადგილება ბულვარში საერთოდ აიკრძალა, რასაც ამ ადამიანების პროტესტი მოჰყვა.

სკუტერების მფლობელებმა აკრძალვის შემდეგ ათზე მეტი საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობის უფლება მოითხოვეს.

ვრცლად: რატომ მივიდნენ კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის წინ პროევროპულ აქციაზე

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულოს 2019 წელს აქვს მიღებული დადგენილება, რომლითაც ქალაქის ბულვარში, პარკში და სკვერში აიკრძალა მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით [ელექტროტრანსპორტით] გადაადგილება.

ამ დადგენილების მიღებიდან დღემდე საკრებულოს მასში ცვლილება ყოველწლიურად შეაქვს და ბულვარის ველობილიკზე გარკვეული ელექტროტრანსპორტის გადაადგილებას უშვებს.

ასე ხდება ამჯერადაც.

ბათუმის მერია საკრებულოს წერს, რომ „მიზანშეწონილად მიაჩნია 2027 წლის პირველ იანვრამდე ქალაქ ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე დაშვებულ იქნას ორბორბლიანი ელექტრო თვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე – ელექტრო ტრანსპორტის [მხოლოდ სამ ბორბლიანი ელექტრო სკუტერის] გადაადგილება“.

ამ ცვლილების მიღებით ელექტროსკუტერები ბულვარში ისევ ისე იმოძრავებენ როგორც, მაგალითად, გასულ წელს [ახალი ბულვარიდან დელფინარიუმამდე მონაკვეთში].

ბათუმის მერია საკრებულოს ასევე წერს, რომ „შემოსულია „ბათუმის ბულვარის“ 2026 წლის 25 მაისის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში თვალსაჩინო გახდა, რომ ელექტროტრანსპორტით ე.წ. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი და სამბორბლიანი ელექტროსკუტერით გადაადგილება განსაკუთრებული პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს“.

ელექტრო მოპედების ბათუმელმა მეპატრონეებმა ბოლოს აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის შესასვლელთან გამართეს.

მნიშვნელოვანია, რომ განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი ამ საშუალებების პარკირების შესახებ. ელექტროსკუტერების მფლობელები ბულვარში იმავე მონაკვეთში ითხოვენ პარკირებას, სადაც ელექტრომოწყობილობების პარკირებაა დაშვებული. 

ამ თემაზე ვრცლად:

რას ითხოვდნენ აქციაზე, ივანიშვილის სასტუმროსთან, მოპედების ბათუმელი მეპატრონეები

 

 

ბათუმის საკრებულო „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკების დადგმაზე იმსჯელებს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერთან „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკებას დადგამენ.

შესაბამისი განკარგულების პროექტი უკვე მზად არის და საკრებულო ხვალ, 29 მაისს, მის დამტკიცებას გეგმავს.

პროექტის განმარტებითი ბარათი საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ჯაბა ჭანტურიას მოუმზადებია. ამ ბარათის მიხედვით, ინიციატივა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ეკუთვნის.

„ბათუმელები“ განმარტებით ბარათში მოცემული დასაბუთებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქანდაკების განთავსება ერთგვარი პატივმიგება და მადლიერების გამოხატულებაა ქართველი მეზღვაურებისა და მათი ოჯახების მიმართ, ვინაიდან მეზღვაურის პროფესია თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე დაკავშირებულია ხანგრძლივ განშორებასთან, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან და მნიშვნელოვან პირად თუ პროფესიულ გამოწვევებთან.

ამ პროცესში მეზღვაურის ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მეუღლეები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და წლების განმავლობაში იზიარებენ აღნიშნული პროფესიის თანმდევ სირთულეებსა და პასუხისმგებლობას.

ამასთანავე, „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკება იქნება არა მხოლოდ ერთგულებისა და მხარდაჭერის სიმბოლო, არამედ იმ ადამიანების ღვაწლის აღიარება, რომელთაც საკუთარი ძალისხმევითა და თანადგომით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მეზღვაურების საქმიანობაში.

აღნიშნული ქანდაკების განთავსება კიდევ უფრო გამოკვეთს ბათუმის, როგორც მნიშვნელოვანი საზღვაო და სანავსადგურო ქალაქის სტატუსს, ხელს შეუწყობს ქალაქის საზღვაო იდენტობის გაძლიერებას და ჩამოყალიბდება სიმბოლურ სივრცედ, როგორც მოქმედი მეზღვაურებისა და მათი ოჯახებისთვის, ასევე მომავალი თაობებისთვის, რომლებიც მეზღვაურის პროფესიას აირჩევენ“.

პროექტის ესკიზი
მონიშნულია განთავსების ადგილი

განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ პროექტი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ მოახდენს და ქანდაკებას მეზღვაურები თავად დააფინანსებენ.

„ერთი წვიმაა საკმარისი, რომ სახლიც წაიღოს“ – რას აკეთებს მერია, როცა მოქალაქეს სტიქია ემუქრება

თუთა ჯგუშია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფთან ახლოს ცხოვრობს. ამ დასახლებას „მზიურის აგარაკებს“ ეძახიან. 25 მაისს თუთა ჯგუშიას კარ-მიდამოს მესამედი მოვარდნილმა წყალმა წაიღო.

როგორც თუთა ჯგუშია „ბათუმელებთან“ ამბობს, მდინარის კალაპოტი მისი საცხოვრებელი სახლიდან ხუთ მეტრშია უკვე და კიდევ ერთი წყალმოვარდნის შემთხვევაში, მისი სახლი, შესაძლოა, მდინარემ მთლიანად წაიღოს.

„აქ არის ლოჭინის შენაკადი, ნორიოს ხევი ჰქვია ამ მდინარეს, რომელიც საერთოდ არ ჩანს ხოლმე, მაგრამ გაზაფხულობით იცის უეცარი მოვარდნები.

ეს არ ყოფილა წყალმოვარდნის პირველი შემთხვევა, მაგრამ თუ წინა წლებში 7-8 წელში შეიძლება მომხდარიყო წყალდიდობა, ახლა, ეს პროცესი გახშირებულია, რადგან მოსახლეობამ გაჩეხა ხეები მდინარის ნაპირებთან, ქვა-ღორღიც ამოიღეს სამშენებლო მიზნით.

ალაგ-ალაგ, ვისაც პატრონი ჰყავდა, გაბიონები გააკეთეს და შეავიწროვეს კალაპოტი. მხოლოდ ჩემი კარ-მიდამოს წინ არის გასაკეთებელი გაბიონები. ამიტომ, როცა მდინარე მაღალი წნევით მოდის, ჩემი სახლის წინ იშლება და მიაქვს ჩემი ეზო. ჩამოაქვს მოჭრილი ხის ფესვები და ქვა-ღორღიც.

ეს ბოლო სამი წელია, რაც ძალიან გახშირდა წყალმოვარდნები გაზაფხულობით. მაის-ივნისში ხდება ძირითადად. ორი წლის წინ იყო პირველი შემთხვევა ჩემთან, როცა ეზოს მესამედი წაიღო წყალმა. ამა მოვარდნაზეც წაიღო ეზოს მესამედი, კიდევ“ – ამბობს თუთა ჯგუშია.

თუთა ჯგუშია ამბობს, რომ მდინარემ პირველ ჯერზე მისი ეზოს მესამედი წაიღო, 24 მაისს კი ეზოს დარჩენილი მესამედი დაიკარგა.

თუთა ამბობს, რომ გარდაბნის მერიას ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიმართა და ითხოვდა გაბიონების აშენებას მდინარის კალაპოტთან, თუმცა არც მერიას და არც სხვა შესაბამის უწყებას ეს პრობლემა დღემდე არ მოუგვარებია.

„როცა პირველად წაიღო ეზოს ერთი მესამედი, მაშინ დავრეკე გარდაბნის გამგეობაში და გადამამისამართეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, იმათ უნდა გაგიკეთონ ნაპირსამაგრი გაბიონებიო.

მაშინ შევიტანე განცხადება ინფრასტრუქტურის სამინისტროში და როგორც მეუბნებოდნენ, პროექტიც მომზადდა, მაგრამ მისი განხორციელება არ მიმდინარეობდა. კვირაში ერთხელ ვრეკავდი სამინისტროში. ბოლოს დავრეკე დეკემბერში და მითხრეს, რომ მთავრობის ადმინისტრაციას უნდა გავუგზავნოთ პროექტი და იქიდან რომ დაგვიბრუნდება, მერე გამოცხადდება ტენდერი, შეირჩევა კომპანია და დაიწყებენ ნაპირსამაგრ სამუშაოებსო.

შემდეგ იყო მიზეზები, – „ასე უცებ არ ხდება“, „ბიუჯეტი არ გვაქვს გათვალისწინებული“, „მომავალი წლისთვის გადავდეთ“ და ასე შემდეგ.

ახლა უბრალოდ იმიტომ ავტეხე განგაში, რომ სახლამდეა მოსული მდინარე, საძირკვლიდან ხუთ მეტრში. ერთი წვიმაა საკმარისი, რომ დარჩენილი ნიადაგიც გამოაცალოს და სახლიც წაიღოს“- ამბობს თუთა ჯგუშია.

მისი თქმით, როცა 24 მაისს იყო წყალმოვარდნები და მდინარემ ხეები მოგლიჯა, ადგილობრივებმა დარეკეს სამაშველოში, მოვიდნენ წარმომადგენლები და დააფიქსირეს მეწყრული პროცესი, „თუმცა შემდეგ, მონიტორინგი აღარ ყოფილა“- ამბობს თუთა.

„მე სამსახურში ვიყავი როცა მდინარე მოვარდა და მე და ჩემს შვილს, ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა ადგილზე. სახლის იქეთ ყველაფერი წაღებულია. დავრეკე 112-ში, გარდაბნის მაჟორიტარსაც დავურეკე, მოვიდა პოლიცია, სამაშველოც და შეადგინეს ოქმი. ჩემ თვალწინ დაურეკეს რწმუნებულს, მერს და მითხრეს, რომ დილას, ანუ 26 მაისს, ტექნიკას გამოუშვებდნენ და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს. თუმცა, ამის შემდეგ არავინ გამოჩენილა“ – ამბობს თუთა ჯგუშია.

როცა ხეები იჭრებოდა ან ინერტულ მასალას იღებდნენ მდინარიდან, თუ ჰქონდა ამაზე რეაგირება გარემოს ზედამხედველობის ინსპექციას ან მერს მაგალითად და თუ არა, რატომ? – ვკითხეთ მას.

ის ამბობს, რომ გარემოს ხელყოფის ფაქტზე მისმა მეზობელმა მიმართა შესაბამის უწყებებს, თუმცა საფუძვლიანი მოკვლევა არ ჩატარებულა.

„ერთი მეზობელია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია მიმართავს სახელმწიფოს ამ ინერტული მასალების ამოღების გამო, მაგრამ არ ვიცით, ვინ მიდის ტრაქტორებით და ვინ იღებს ამ მასალებს.

ამის გამოა, რომ მდინარე გვივარდება. ერთ ღამეში, თხუთმეტ წუთში წამოვიდა იმხელა ნიაღვარი, რომ ბავშვთან ერთად მომიწია წამოსვლა, შემეშინდა.

წელსაც ვითხოვდი მიეღოთ პრევენციული ზომები, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. „პროცედურებია გასავლელი“, „ყველაფერს თავისი დრო აქვს“- მიმეორებდნენ. ამასობაში მდინარემ ჩემი ეზო წაიღო.

ბოლოს რომ დავრეკე გარდაბნის გამგეობაში, მითხრეს, ჩვენთან არაფერი შემოსულაო. ანუ, არც სამაშველოს ოქმი არ იყო და როცა დავიწყე კიდევ გარკვევა, მერე თქვეს, რომ ზეპირსიტყვიერად იცის მერმაო. არ ვიცი სად გააქრეს იმ დღის ოქმი“ – ამბობს თუთა ჯგუშია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გარდაბნის მერიას კითხვით, რატომ არ მიიღო მერიამ ამ დრომდე შესაბამისი ზომები და არ ჩაატარა ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარის ნაპირზე.

მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერი, დავით კარგარეთელი დღეს, 28 მაისს ესაუბრა მოქალაქე თუთა ჯგუშიას, თუმცა ამ საუბრის შინაარსი მისთვის უცნობია.

„ჰკითხეთ მოქალაქეს რაზე ისაუბრეს“- გვეუბნებიან პრესსამსახურში.

ასევე დავუკავშირდით ირაკლი კაპანაძეს გზების დეპარტამენტში – როგორც თუთა ჯგუშია ამბობს, ბოლოს სწორედ მასთან ჰქონდა კომუნიკაცია ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტთან დაკავშირებით.

ირაკლი კაპანაძემ დაგვიდასტურა, რომ პროექტი ნამდვილად არსებობს, თუმცა ტენდერი, სამუშაოების ჩატარებაზე, ჯერ გამოცხადებულიც კი არ არის.

„ერთი წლის წინ გავაკეთეთ განცხადება, საპროექტო დავალება მივეცით მას შემდეგ, რაც მოგვმართა მოქალაქემ და პროექტი მზად არის და დღე-დღეზე გამოცხადდება ტენდერი“ – გვითხრა მან.

მას ვკითხეთ, თუ რატომ გაიწელა პროცესი ამ დრომდე, რადგან მდინარემ უკვე წაიღო მოქალაქის ეზო და მიადგა სახლს.

ირაკლი კაპანაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი სამუშაო პროცესთან არის დაკავშირებული და არც ისაა გამორიცხული, რომ ხელშეკრულებაც კი ვერ გაფორმდეს დროულად.

მაშ ვინ უნდა მიიღოს ზომები, რომ წყალმოვარდნის განმეორების შემთხვევაში მოქალაქემ მთლიანად არ დაკარგოს საცხოვრებელი? – ვკითხეთ  მას.

„სხვა შესაბამისმა უწყებებმა, მერიამ“- გვიპასუხა მან.

რაც შეეხება ნაპირგამაგრებით სამუშაოების პროექტს, ირაკლი კაპანაძის თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. „ეს პროექტი მოიცავს ოთხ ლოკაციას, ამის [ჯგუშიას სახლის] გარდა, კიდევ სამ ლოკაციაზეა პრობლემა და დაახლოებით ორ მილიონამდე ჯდება“ – გვითხრა მან.

_________

მთავარ ფოტოზე: თუთა ჯგუშიას სახლის ეზოს ნაწილი მდინარემ წაიღო. თათა ჯგუშია ფოტო/facebook

სექტემბერში ფორმას მხოლოდ 1-ელ კლასელებს ჩააცმევენ – ფორმების ბიუჯეტი 758 840 ლარით გაზარდეს

განათლების სამინისტრომ სასკოლო ფორმების ბიუჯეტი 758 840 ლარით გაზარდა და მთლიანი ბიუჯეტი ახლა 45 მილიონ 658 840 ათასი ლარია. თუმცა ამ გაზრდილი ბიუჯეტის მიუხედავად, სამინისტრო ამბობს, რომ 15 სექტემბრისთვის, ანუ ახალი სასწავლო წლისთვის ფორმებით მხოლოდ პირველკლასელების უზრუნველყოფას შეძლებენ.

II-VI კლასების ჩათვლით მოსწავლეებს კი, სასკოლო ფორმებს „ეტაპობრივად მიაწვდიან“.

„იქედან გამომდინარე, რომ საუბარია ძალიან დიდ მოცულობაზე – 1 მილიონ 800 ათას ტანსაცმლის ერთეულზე, შესყიდვა და მოწოდება ეტაპებად დაიგეგმა“, – განაცხადა დღეს, 28 მაისს, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

გივი მიქანაძის შეფასებით, სასკოლო ფორმების შეკერვა ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. „საბოლოოდ კი, სასკოლო ფორმა უნდა იქცეს არა მხოლოდ სავალდებულო ატრიბუტად, არამედ სკოლის იდენტობისა და კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად“, – ამბობს მიქანაძე.

სახელმწიფო ბიუჯეტში, სადაც 46 მილიონამდე ლარი გამოინახა ფორმებისთვის, ვერა და ვერ გამოინახა ფინანსური რესურსი მოსწავლეების კვებისთვის.

სასკოლო კვებას უკვე წლებია მოითხოვენ, როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები და მასწავლებლებიც, რადგან არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ სკოლაში ბავშვები მშივრები არიან და ამის გამო, არაერთხელ წასვლიათ გული.

მოძრაობა „ხმა“-მ პარლამენტში შეიტანა ინიციატივა ამ საკითხის განხილვის მიზნით. ამის პარალელურად „ხმა“ მოქალაქეების ხელმოწერებსაც აგროვებს სკოლებში უფასო კვების დანერგვის მოთხოვნით.

როგორ გააკონტროლებს ბულვარი შეზლონგების პლაჟზე განლაგებას 

ამ სეზონზე ბათუმში ერთი შეზლონგის ფასი მაქსიმუმ 10 ლარი, ქოლგის – 5 ლარი იქნება.  ბათუმის პლაჟების სარგებლობის უფლებით გასხვისების პირობების მიხედვით, წელს ბათუმში ერთი შეზლონგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ხოლო ერთი ქოლგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5 ლარს.

გარდა ამისა, გასხვისების პირობების მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია შეზლონგები განათავსოს სანაპირო ზოლზე თანაბარპროპორციულად.

თუმცა საინტერესოა ისიც, როგორ გააკონტროლებს წელს ბულვარის ადმინისტრაცია იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე შეზლონგების და ქოლგების გადანაწილებას, ისე, რომ ადგილი დარჩეს მათთვისაც, ვისაც შეზლონგის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს და სანაპიროზე, ქვებზე წამოწოლა სურს.

მსგავსი ჩანაწერი ადრეც არსებობდა, თუმცა შესაბამისი კონტროლი – არა.

ბათუმში საკურორტო სეზონზე შეზლონგებით გადაჭედილი სანაპირო უკმაყოფილების და კონფლიქტის საგანი ხშირად იყო და ამაზე „ბათუმელებს“ არაერთი მასალა აქვს მომზადებული.

საქმე ის არის, რომ მოიჯარეები ადრე დილიდან მთელ სივრცეზე ათავსებენ შეზლონგებს მიუხედავად იმისა, ჰყავთ თუ არა მომხმარებელი.

ასეთია პლაჭების ათვისების პრაქტიკა ბათუმში

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ პლაჟზე კომერციული საქმიანობისთვის გამოყოფილი ადგილები აუქციონზე 22 მაისს გაიტანა.

800 კვ.მეტრიდან – 1500 კვ.მეტრამდე კომერციული ფართობები პლაჟზე ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად უნდა გასხვისდეს.

პირობა მხოლოდ შეზლონგების, ქოლგებისა და ნაგვის ურნების განთავსების შესაძლებლობას უშვებს და არ არის განკუთვნილი საკლუბო ან კაფეს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. იგივე პირობის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია  განათავსოს ახალი და უხარვეზო საპლაჟე ინფრასტრუქტურა: შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი.

გარდა ამისა, მოიჯარეს, მეიჯარის თანხმობის გარეშე, ეკრძალება იჯარით გადაცემული ქონების შემოღობვა ან/და ნებისმიერი სხვა სახით შემოსაზღვრა, რომელიც შეაფერხებს მესამე პირების იჯარის საგანთან წვდომას.

___

მიმდინარე აუქციონის საწყის ფასებსა და პირობებზე დეტალურად წაიკითხეთ აქ:

ვის შეხვდება ადგილები ბათუმის ბულვარში – ქონების იჯარით გასხვისება დაწყებულია

 

რატომ დატოვა მირდატ ქამადაძემ პარტია “ახალი” – განმარტება

პარტია „ახალის“ წევრი მირდატ ქამადაძე, წერს, რომ ტოვებს პარტიას და პარტიის პოლიტსაბჭოს.

ვრცელ სტატუსში, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ვრცლად მიმოიხილავს გადაწყვეტილების მიზეზს.

მირდატ ქამადაძის პოსტს, უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს“ და მის პოლიტსაბჭოს.

ეს გადაწყვეტილება არ არის სპონტანური. დიდი ხანია ფაქტობრივად სრულიად გავუუცხოვდი პარტიულ პროცესებს. აღარ ვესწრებოდი არც შეხვედრებს, არც პოლიტსაბჭოს, არც სხვა აქტივობებს. ამის მიზეზი არ ყოფილა არც პირადი კონფლიქტი და არც ემოციური ფონი.

უბრალოდ, დროთა განმავლობაში სულ უფრო მკაფიო გახდა, რომ ჩემსა და პარტიის ხედვებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა.

ბათუმის 2021 წლის არჩევნებიდან დაწყებული, „ნაცმოძრაობაში” რთული შიდა პროცესებით გაგრძელებული და საბოლოოდ პარტია „ახალის” შექმნით დასრულებული, ერთი მთავარი აზრი მამოძრავებდა – პოლიტიკა არის საუბარი. საუბარი პირველ რიგში იმ ხალხთან, ვინც არ გეთანხმება.

თუ მხოლოდ საკუთარ ბაბლში ტრიალებ, რეალურ ცვლილებას ვერ მიაღწევ. მაგრამ ამისთვის ჯერ იდეაა საჭირო – ნათელი, გასაგები და გულწრფელი იდეა იმაზე, როგორი ქვეყანა გინდა.

სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში სულ უფრო მკაფიო გახდა, რომ ვერც ამ იდეის ფორმირება მოხდა და ვერც რეალური სურვილი დავინახე განსხვავებული აზრის მქონე ამომრჩეველთან საუბრის. ამის გარეშე პოლიტიკა ნელ-ნელა უბრალოდ ხმაურს ემსგავსება, სადაც ფორმა შინაარსზე მნიშვნელოვანი ხდება.

ამას ეს ორი მაგალითი კარგად ასახავს (სხვა მაგალითებიც შეიძლება).

„გირაოს არ გადავიხდით“ კამპანიის გარშემო რაც მოხდა, არც თუ ისე სამართლიანი მგონია. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კამპანიის თითქმის ყველა მონაწილე გარეთ აღმოჩნდა, ბევრმა გირაოც გადაიხადა, ნაწილი კი ბევრად მძიმე ფასს იხდის.

ეს ერთი ადამიანის შეცდომა არ იყო – ეს მთლიანად ჩვენი პოლიტიკური კულტურის პრობლემაა, სადაც ემოცია ხშირად საღ აზრზე წინ გარბის და მერე ამ შეცდომების აღიარებაც აღარავის უნდა.

მეორე პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა – და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. სამართლიანი წესების გარეშე არ არსებობს არც თავისუფალი პოლიტიკა, არც დაცული მოქალაქე, არც სანდო სახელმწიფო.

ეს არ არის ერთ-ერთი პრობლემა – ეს არის ის საფუძველი, რომელზეც დანარჩენი ყველაფერი დგას. და სწორედ ამიტომ არის განსაცვიფრებელი, რომ დღეს ყველა საუბრობს მართლმსაჯულების სისტემის უსამართლობაზე – მათ შორის ისინი, ვინც ამ სისტემის შექმნაში პირდაპირ მონაწილეობდნენ და დღეს თავადვე გახდნენ მისი მსხვერპლი.

მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია – როგორ უზრუნველყოფს მომავალი ხელისუფლება, რომ ძალაუფლება კვლავ ერთ ხელში არ მოხვდეს და შურისძიებამ და დესტაბილიზაციამ არ დაისადგუროს ქვეყანაში.

ბუნდოვანება შობს შიშს.

თუ ხალხს არ დაანახებ, როგორ გრძელდება ცხოვრება „ქოცების” შემდეგ და არ შესთავაზებ სტაბილურობის განცდას, ისინი ყოველთვის აირჩევენ ნაცნობ აწმყოს – რაც არ უნდა არ მოსწონდეთ ის.

ბუნდოვან მომავალს ადამიანები ყოველთვის ნაცნობ რეალობას ამჯობინებენ.

ჩვენ „ნაცმოძრაობიდან“ იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა. სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა.

შეცდომები მქონია -ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ შეცდომის აღიარება სისუსტე არ არის. პირიქით – ეს ერთადერთი გზაა წინ.

პარტიიდან მივდივარ, მაგრამ იმ იდეიდან არა, რის გამოც საერთოდ მოვედი ამ საქმეში.

ჯერ არ ვიცი მომავალში რა ფორმით გავაგრძელებ ამ საქმეს, მაგრამ ზუსტად ვიცი ერთი რამ – ვერ ვიქნები იქ, სადაც მიზანი ბუნდოვანია და მხოლოდ ხმაური ხდება „პოლიტიკა”.

ამიერიდან ჩემი გზა უფრო დამოუკიდებელი იქნება – ყოველგვარი პარტიული კორექტულობისგან თავისუფალი.

მე მგონია, რომ პოლიტიკაში ცარიელი ხმაური ქრება. სიმართლე კი – შეიძლება ნელა, მაგრამ ბევრად შორს მიდის.

მადლობა მეგობრებს, განსაკუთრებით აჭარის ოფისს, ვისთან ერთადაც ეს გზა გავიარე,“ – წერს მირდატ ქამადაძე.

 

გონიოს ყოფილ პოლიგონს სახელმწიფო იარაღით დაიცავს

ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 50-ზე მეტი ობიექტის ცეცხლსასროლი იარაღით დაცვაში წელს, 7 თვის განმავლობაში, 4,5 მილიონზე მეტ ლარს გადაიხდის.

დასაცავ ობიექტებს შორისაა ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, წყალტუბოს სანატორიუმები და სხვა ქონება.

ობიექტების დასაცავად საჭირო თანხას – 4 571 570 ლარს კი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაურიცხავენ.

სააგენტო წერს, რომ კანონით „ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ობიექტის დაცვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ აღნიშნულ დეპარტამენტს… ბაზარზე ანალოგიური მომსახურების გამწევი პირის გამოჩენა კი დამოკიდებულია შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე.“

„სახელმწიფო ობიექტების ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის მომსახურების [2026 წლის 1-ლი ივნისიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით] შესყიდვის საჭიროება განპირობებულია გამომდინარე იქიდან, რომ თავიდან იქნას აცილებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების [მათში განთავსებული მატერიალურ-ტექნიკური ნივთებით] დაზიანება, ქურდობა, ყაჩაღობა, განზრახ განადგურება და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება“, – წერს ქონების სააგენტო შესყიდვების სააგენტოს.

აქ აღსანიშნავია, რომ მაგალითად გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 2,2 მილიონი კვადრატული მეტრია, რაიმე შენობა ფაქტობრივად არ დგას [შემორჩენილია მხოლოდ სამხედრო წვრთნისთვის საჭირო რამდენიმე შენობების ნანგრევი].

„ოცნების“ ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წელია საუბრობს გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე, მოამზადეს კონცეფციებიც, თუმცა, საბოლოოდ აქ „არაბული ინვესტიცია“ დააანონსეს.

ეს ტერიტორია არაბულ კომპანია „Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ აჭარის მთავრობამ 2025 წელს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. რეესტრის ბოლო ამონაწერით, ეს ტერიტორია ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ამ თემაზე ვრცლად: „იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო

რაც შეეხება წყალტუბოს სანატორიუმებს, ამჟამად დასაცავი ობიექტების სიაშია: ბალნეოლოგიური სანატორიუმი „ფილიალი“, ასევე „იმერეთი“, „გეოლოგი“, „გელათი“, „რკინიგზელი“, „წყალტუბო“, „სავანე“, „მეგობრობა“, „აია“, „შახტიორი“ და „მედეა“.

ეს და სხვა სანატორიუმები სააგენტოს 2022 წელს გასაყიდადაჰქონდა გამოტანილი აუქციონზე.

მონიშნულია 2022 წელს აუქციონზე გასაყიდად გატანილი სანატორიუმები

2019 წელს კი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პირადად დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიურ კურორტს, აღადგენდა და განავითარებდა. თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა.

ამ თემაზე ვრცლად: ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირება – მიტოვებული სანატორიუმები ეკალბარდში

სარფის საბაჟოდან 8,2 ტონა პომიდორი უკან გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით სარფის საბაჟოდან 8,2 ტონა უვარგისი პომიდორი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.

„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის დათვალიერებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა.

აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა,“ – წერს შემოსავლების სამსახური.

ბინების ფასი თბილისში 2026 წელს: რაიონების მიმოხილვა, ტენდენციები და საინვესტიციო პროგნოზი

2026 წლის მონაცემებით, ბინების ფასი თბილისში კვადრატულ მეტრზე საშუალოდ $1,100-დან $2,800-მდე მერყეობს. დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარი დღეს სულ უფრო მეტად ორიენტირებულია გამჭვირვალე ფასწარმოქმნასა და გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებაზე, რაც ადგილობრივ მყიდველებს, ემიგრანტებსა და ინვესტორებს ახალი რეალობის წინაშე აყენებს.

სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ, როგორ ნაწილდება ბინების ფასი თბილისში კონკრეტული უბნების, მშენებლობის ეტაპებისა და პროექტების ხარისხის მიხედვით. ამიტომ, წინამდებარე სტატიაში მიმდინარე საფასო დინამიკას დეტალურად განვიხილავთ.

საინვესტიციო რუკა: ბინის ფასი თბილისში და 2026 წლის მოთხოვნადი ლოკაციები

უძრავი ქონების ბაზარი წლიდან წლამდე მკაფიო სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის, რაც პირდაპირ აისახება იმაზე, თუ როგორ ფორმირდება ბინების ფასები თბილისში კონკრეტული გეოგრაფიული არეალების მიხედვით. ტრადიციული ცენტრალური უბნები, როგორიცაა, მაგალითად, ვაკე და საბურთალო, კვლავინდებურად ინარჩუნებენ მაღალ საფასო პოზიციებს. აქ, პრემიუმკლასის ახალაშენებულ პროექტებში, კვადრატული მეტრის ღირებულება ხშირად $2,200-დან იწყება და $3,800-საც კი აჭარბებს. თუმცა, მაღალი ფასისა და გადატვირთული ინფრასტრუქტურის გამო, საინვესტიციო ნაკადები თანდათან ახალი, უფრო პერსპექტიული მიმართულებებისკენ ინაცვლებს. მყიდველები, რომლებიც მიზნად ისახავენ კაპიტალის გონივრულად დაბანდებას, სულ უფრო ხშირად უვლიან გვერდს ხმაურიან ცენტრს და არჩევანს ისეთ ალტერნატივებზე აკეთებენ, სადაც ფასისა და ცხოვრების ხარისხის თანაფარდობა გაცილებით დაბალანსებულია.

ამ მხრივ, 2026 წლის უძრავი ქონების რუკაზე ყველაზე მზარდ და მოთხოვნად ზონად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია იკვეთება, რომელიც წარმატებით უწევს კონკურენციას ქალაქის ცენტრს. პირობითად, ბინის ფასი ,,ქრონომეტრში’’, ბიზნესკლასის საცხოვრებელ კომპლექსში, სხვა პრემიუმ ლოკაციებთან შედარებით გაცილებით კონკურენტუნარიანია და საინვესტიციო პოტენციალითა თუ ღირებულების ზრდის დინამიკით ხშირად უსწრებს კიდეც მათ.  აღსანიშნავია, რომ ინვესტორებისა და ემიგრანტებისთვის ლისის ტერიტორია განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა ეკოლოგიური უპირატესობის, სიმწვანისა და დაბალი განაშენიანების გამო. 

ბაზრის მიმდინარე ანალიზი აჩვენებს იმასაც, რომ თანამედროვე ბინების ფასი თბილისში უკვე აღარ იზომება მხოლოდ გეოგრაფიული ცენტრით, მომხმარებელი სულ უფრო ხშირად ანიჭებს უპირატესობას ისეთ გარემოს, სადაც კვადრატული მეტრის საწყისი ღირებულება ეტაპობრივი ზრდის მაღალ გარანტიას იძლევა.

ფასწარმოქმნის კულტურა და ბინების ფასი თბილისში: რა იცვლება მყიდველის ფსიქოლოგიასა და დეველოპერების მიდგომაში?

თბილისის უძრავი ქონების სექტორში დიდხანს დომინირებდა მიდგომა, სადაც მყიდველისთვის ყველაფერი ორ კრიტერიუმამდე დადიოდა – ლოკაციამდე და კვადრატულის საწყის ფასამდე. 2026 წელმა კი ეს მოცემულობა მკვეთრად შეცვალა და სრულიად ახალი ტენდენცია წამოწია წინ. დღეს ადგილობრივი მყიდველებიცა და ემიგრანტებიც ხვდებიან, რომ ზედაპირულად მომხიბვლელი, საეჭვოდ დაბალი საწყისი ფასის მიღმა ხშირად გაუმართავი ინფრასტრუქტურა, უხარისხო მასალები და ფარული ხარჯები იმალება. მომხმარებელმა დაიწყო ფიქრი გრძელვადიან პერსპექტივაზე – რა დაჯდება ბინის შენახვა, რამდენად ენერგოეფექტურია შენობა და როგორ იმოქმედებს პროექტის ეკოლოგიური გარემო ოჯახის ცხოვრების ხარისხზე. ამგვარმა ტრანსფორმაციამ აიძულა სამშენებლო სექტორი, უარი ეთქვა აგრესიულ, მხოლოდ დაბალ ფასზე ორიენტირებულ მარკეტინგზე და გადასულიყო გამჭვირვალე ფასწარმოქმნასა და რეალური ღირებულების შექმნაზე.

პოტენციური მყიდველის ამ მოთხოვნას კი დედაქალაქის ბაზარზე ადეკვატურად მხოლოდ ის დეველოპერები პასუხობენ, რომლებმაც ბიზნესის კეთების ფილოსოფია შეცვალეს. სწორედ ასეთია ,,ქრონომეტრი’’, რომლისთვისაც ფასწარმოქმნის კულტურა, პირველ რიგში, მომხმარებელთან გამჭვირვალე დიალოგს ნიშნავს. კომპანია არ ცდილობს მყიდველის მიზიდვას ილუზიებითა და არარეალური დაპირებებით. აქ თითოეული გადახდილი თეთრი მშენებლობის უმაღლეს ხარისხში, მდგრადობასა და პრემიუმკლასის მასალებში ჩანს. 

ფასი VS ხარისხი: რატომ არის „ქრონომეტრის’’ შეთავაზება ლისზე ყველაზე კონკურენტუნარიანი?

როდესაც მყიდველი საცხოვრებლად ლისის ტბის მზარდ და პერსპექტიულ ზონას განიხილავს, ბუნებრივად ისმის კითხვა: რაში გამოიხატება კონკრეტული პროექტის უპირატესობა, როცა ირგვლივ უამრავი შემოთავაზებაა?  რეალურად, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი აქ ფასისა და ხარისხის თანაფარდობაა და სწორედ ამ მოცემულობაშია „ქრონომეტრის’’ ბინები თბილისში ყველაზე კონკურენტუნარიანი. კომპანიამ მოახერხა ის, რაც ბაზარზე იშვიათობაა: მაშინ, როდესაც ბინების ფასი თბილისში მუდმივად იზრდება, ,,ქრონომეტრმა’’ ევროპულ  სტანდარტებთან შესაბამისი, ბიზნესკლასის საცხოვრებლის მშენებლობა ისეთ საფასო სეგმენტში შეინარჩუნა, რომელიც მაქსიმალურად მისაღებია როგორც ოჯახებისთვის, ისე ინვესტორებისთვის. ამ შემთხვევაში კომპანიის სტრატეგია ეფუძნება პრინციპს, რომ მყიდველმა მიიღოს ის მაქსიმალური ფიზიკური და ეკონომიკური სარგებელი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბინის საბაზრო ღირებულებას სტაბილურად გაზრდის.

ეს ეკონომიკური უპირატესობა, პირველ რიგში, ბინების ჩაბარების სტანდარტით არის განპირობებული – ბინები თბილისში, ,,ქრონომეტრის’’ პროექტში, ბაზარზე უმაღლესი ხარისხის მწვანე კარკასის სახით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაზღვეულია მოულოდნელი დანახარჯებისგან, ზოგავს დროს და რემონტის ეტაპზე გაცილებით ნაკლებ ფინანსურ რესურსს ხარჯავს. შესაბამისად, როდესაც კომპლექსურად აფასებ კომფორტს, მშენებლობის სიმყარესა და ეკოლოგიურ გარემოს, აშკარა ხდება, რომ ლისის ზონაში ეს შეთავაზება საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც საკუთარი კაპიტალის დაცვა სურს.

როგორ ვიყიდოთ ბინა თბილისში 2026 წელს ბანკის გადასახადებისა და ზედმეტი პროცენტის გარეშე?

უძრავი ქონების შერჩევისას, ბინის ფასის გარდა, მყიდველისთვის ყველაზე კრიტიკულ ფაქტორს ფინანსების მობილიზება და გადახდის ფორმები წარმოადგენს. ტრადიციული საბანკო იპოთეკა კვლავინდებურად რჩება უძრავი ქონების შეძენის ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტად, თუმცა გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები და სტანდარტული ბიუროკრატიული პროცედურები ყველა მყიდველის საჭიროებას, ცხადია, ვერ ერგება. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც მეტი ფინანსური მოქნილობა სურს,  დეველოპერების მიერ შემოთავაზებული შიდა განვადება საუკეთესო ალტერნატივაა. ეს მოდელი მყიდველს საშუალებას აძლევს, საკუთარი რესურსები ბევრად უფრო ოპტიმალურად გადაანაწილოს.

თუ თქვენი მიზანია, რომ მშენებარე ბინები თბილისში ზედმეტი ფინანსური წნეხის გარეშე შეიძინოთ, „ქრონომეტრის’’ მიერ შემუშავებული შიდა განვადების პირობები ზუსტად ამ საჭიროებას პასუხობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უპროცენტო შიდა განვადებას 0%-იანი პირველადი შენატანით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბინის ღირებულება თანაბრად ნაწილდება მშენებლობის დასრულებამდე – ყოველგვარი დამატებითი ხარჯებისა თუ ფასნამატის გარეშე. 

საინვესტიციო თვალსაზრისით, მშენებარე ბინები განვადებით განსაკუთრებით მიმზიდველია ემიგრანტებისა და იმ ბიზნესის მფლობელებისთვის, რომელთაც შემოსავლების ოფიციალური საბანკო დასაბუთების გარეშე სურთ კაპიტალის უსაფრთხო გარემოში ინვესტირება.  „ქრონომეტრი’’ მაქსიმალურად ამარტივებს ამ პროცესს: მინიმალური ბიუროკრატია, ინდივიდუალურ გრაფიკზე მორგების შესაძლებლობა და სრული გამჭვირვალობა მყიდველს სტაბილურობის განცდას უქმნის. ეს მიდგომა ზუსტად პასუხობს მათ მოთხოვნებს, ვინც კაპიტალის დაბანდებასთან ერთად, ფინანსურ თავისუფლებასა და მოქნილობას ერთდროულად ეძებს.

ბინების ყიდვა ბათუმში – რატომ არის ძველი ბათუმი ყველაზე პერსპექტიული უბანი საინვესტიციოდ?

შავიზღვისპირეთის მარგალიტი, ბათუმი, წლებია ინარჩუნებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მიმზიდველი უძრავი ქონების ბაზრის სტატუსს. საერთაშორისო ინვესტორები, ადგილობრივი მყიდველები და უცხოეთში მცხოვრები ქართველები სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან ამ უნიკალური ლოკაციით. როდესაც საქმე ეხება ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიცაა ბინების ყიდვა ბათუმში, მყიდველთა უმრავლესობა აქტიურად აფასებს სხვადასხვა უბნებს, ფასებსა და გრძელვადიანი უკუგების პოტენციალს.

თუ კაპიტალის დაბანდება თქვენც ამ ზღვისპირა ქალაქში გსურთ და საუკეთესო ვარიანტს ეძებთ, არჩევანის გაკეთება რამდენიმე ალტერნატივას შორის მოგიწევთ: ახალი ბულვარი, გარეუბნები თუ ისტორიული ცენტრი? გამოცდილი ინვესტორები თანხმდებიან, რომ ძველი ბათუმი კვლავ რჩება ყველაზე ელიტურ და სტაბილურ ზონად, სადაც კვადრატული მეტრის ფასი დროთა განმავლობაში მხოლოდ იზრდება და რომ უძრავი ქონება ბათუმში, კერძოდ კი მის ისტორიულ ნაწილში, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, ვისაც სტაბილური პასიური შემოსავლის მიღება როგორც სეზონური, ისე გრძელვადიანი იჯარიდან სურს. 

იცხოვრეთ ისტორიის ეპიცენტრში: ბინების ყიდვა ბათუმში და ძველი ქალაქის ვინტაჟური ესთეტიკა

ძველი ბათუმი მკვეთრად განსხვავდება ქალაქის ნებისმიერი სხვა ნაწილისგან – არა მხოლოდ არქიტექტურით, არამედ იმ უნიკალური ენერგიით, რომელსაც სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ფენები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ. ქვაფენილიანი ქუჩები, დახვეწილი ფასადები, მაღალჭერიანი შენობები და ზღვისპირა ბულვარის სიახლოვე ქმნის საცხოვრებელ გარემოს, რომელიც ერთდროულად ავთენტური, კომფორტული და ვიზუალურად განუმეორებელია. სწორედ ეს ვინტაჟური ესთეტიკა ხდება გადამწყვეტი ფაქტორი, როდესაც საერთაშორისო ინვესტორები ბინების ყიდვას ბათუმში განიხილავენ – ისინი ეძებენ არა უბრალოდ საცხოვრებელ ფართობს, არამედ განსაკუთრებულ ატმოსფეროსა და ისტორიას.

ამ ესთეტიკასთან ერთად, ძველი ბათუმის ღირებულება პრაქტიკული, ფინანსური პერსპექტივიდანაც აშკარაა. ამ ლოკაციაზე მდებარე პრემიუმკლასის ობიექტები მაღალი საინვესტიციო მიმზიდველობით გამოირჩევა – უძრავი ქონება ბათუმში, ისტორიულ ცენტრში, მაქსიმალურად ლიკვიდურია ნებისმიერი ეკონომიკური ციკლის დროს, ვინაიდან ძველ ქალაქში თავისუფალი მიწის ნაკვეთები პრაქტიკულად აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ შეძენილი ქონების ღირებულება და საიჯარო ფასი დროთა განმავლობაში სტაბილურად იზრდება.

ვინ დგას პრესტიჟული პროექტების მიღმა? – Central Management Group-ის ხედვა

ისტორიულ ცენტრში არსებული მკაცრად შეზღუდული რესურსისა და დეფიციტური მიწოდების პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის, თუ ვინ მართავს და ავითარებს საინვესტიციო ობიექტებს. სწორედ ამ პრემიუმ სეგმენტში პოზიციონირებს Central MG (Central Management Group) – წამყვანი საინვესტიციო და მენეჯმენტ კომპანია, რომელიც სპეციალიზდება Tower Group-ისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების უძრავი ქონების პროექტების განვითარებასა და ექსკლუზიურ გაყიდვებზე. კომპანია შეიქმნა მართვის, მარკეტინგისა და დეველოპმენტის წამყვანი სპეციალისტების გაერთიანებით, რომელთაც საერთო ამბიციური მიზანი ამოძრავებდა: საქართველოში მსხვილი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა და ადგილობრივი ბაზრის გლობალურ დონეზე განვითარება. 

Central MG-ის სტრატეგია ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს, სადაც მთავარი აქცენტი პროექტების უმაღლეს ხარისხზე, ეკოლოგიურ სტანდარტებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე კეთდება. ციფრული პლატფორმების, ანალიტიკური მოდელებისა და ავტომატიზაციის ინოვაციური სისტემების დანერგვით, კომპანიამ სწრაფად დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია ბაზარზე და ჩამოაყალიბა განვითარების ის მიმართულება, რომელიც დღეს კონკურენტებისთვისაც მთავარ ორიენტირად იქცა.

სწორედ ამ გრძელვადიანი ხედვისა და ინოვაციური მიდგომების საუკეთესო გამოხატულებაა კომპანიის პორტფოლიოში არსებული ექსკლუზიური პროექტი – Piazza Residence, რომელიც პირდაპირ პასუხობს ძველი ბათუმის მოყვარულთა და ვინტაჟური ესთეტიკის მაძიებელთა მოთხოვნებს. Central MG-მ ამ კომპლექსში შეძლო უნიკალური არქიტექტურული იდენტობის, სხვადასხვა კულტურის მრავალფეროვანი ატმოსფეროსა და თანამედროვე პრემიუმკლასის კომფორტის გაერთიანება. პროექტს განსაკუთრებულ და ექსკლუზიურ ხასიათს ანიჭებს 13-მეტრიანი მონუმენტური კოლონადები, ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული ფასადი და რაც მთავარია – ისტორიული მონუმენტი, რომელიც პირდაპირ არის ინტეგრირებული Piazza Residence-ის არქიტექტურაში. კომპლექსიდან გამოსვლისთანავე, მაცხოვრებლები თუ სტუმრები მომენტალურად ქალაქის ისტორიულ ქუჩებში, კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და მთავარი გასართობი სივრცეების ეპიცენტრში ხვდებიან, შავი ზღვის სანაპირომდე კი სულ რაღაც 10 წუთის ფეხით სავალი გზა აშორებთ. ეს არის პროექტი, რომელიც იდეალურია მათთვის, ვისაც სურს არა უბრალოდ კაპიტალის უსაფრთხოდ დაბანდება, არამედ გამორჩეული, შთამაგონებელი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა ზღვისპირა ქალაქის შუაგულში.

გრძელვადიანი საინვესტიციო მოდელები: პასიური შემოსავალი ისტორიულ ცენტრში

ბინების ყიდვა ბათუმში, ისტორიულ ცენტრში, პრაქტიკულად ნებისმიერი საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში ეფექტურად მუშაობს. მოკლევადიანი გაქირავება საერთაშორისო პლატფორმების საშუალებით განსაკუთრებით მომგებიანია აქტიურ საზაფხულო სეზონზე, როდესაც ტურისტული ნაკადი პიკს აღწევს. ამავდროულად, სეზონურობის მიუხედავად, ეს უბანი სტაბილურად ინარჩუნებს ბიზნესვიზიტორების, დიპლომატებისა და საქართველოში ხანგრძლივად მცხოვრები უცხოელი სპეციალისტების მაღალ მოთხოვნას, რაც ქონების მთელი წლის მანძილზე დატვირთულობას განაპირობებს.

ტურიზმის გლობალური განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საერთაშორისო ავიამიმოსვლის გაფართოება პირდაპირ აისახება საიჯარო ამონაგებსა და მოთხოვნაზე. ამ დინამიკაში ისტორიული ცენტრი ყოველთვის ლიდერობს, ვინაიდან ვინტაჟური არქიტექტურა და უბნის ავთენტური კონტექსტი ქმნის იმ უნიკალურ საცხოვრებელ გარემოს, რომლის ანალოგის შექმნა სხვა ლოკაციებზე შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, Central MG-ის ექსკლუზიური პროექტი – Piazza Residence – განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გამოცდილ ინვესტორებში. მათთვის, ვისთვისაც ბინების ყიდვა ბათუმში საინვესტიციო პრიორიტეტია და ვინც გადაწყვეტილებას ანალიტიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით იღებს. ეს უძრავი ქონება ბათუმში საუკეთესო შესაძლებლობაა კაპიტალის დასაცავად და მყარი პასიური შემოსავლის მისაღებად. 

პროექტის მიმდინარე პირობებისა და დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, ეწვიეთ Piazza Residence-ის ან Central MG-ის პროექტების გვერდს, ხოლო პერსონალური კონსულტაციისთვის შეგიძლიათ პირდაპირ კომპანიის გაყიდვების გუნდს დაუკავშირდეთ.

„სისხლით დაგიჭერო“ – გორში ნაცემი კაცის დედა პოლიციელების გეგმაზე

„აქეთ ემუქრებოდნენ პოლიციელები, სისხლით დაგიჭერთ, 7-წლიანზე გაუშვით ესენიო,“ – ამბობს ნინო ელიკაშვილი „ბათუმელებთან“. ის გორში, 27 მაისს პოლიციელებისგან ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედაა.

  • 27 მაისს გორში პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილზე. პოლიციელების ჯგუფური ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა. პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკიდან დღეს, 28 მაისს გაწერეს – მას ნეკნები აქვს გატეხილი და ორგანოები დაჟეჟილი.

„ჩემი შვილის მდგომარეობაც რთულია, ფსიქოლოგიურად როგორ უნდა იყოს? ექსპერტიზა ჩაუტარდა, ლაშას დაზიანებები ეტყობა თავის არეში… ლაპარაკი არ სურს, ადვოკატსაც ვთხოვე დახმარება.

ესენი არიან სიკვდილს გადარჩენილი ბიჭები, რომ არა ჟურნალისტები, ვინ იცის, რა მოხდებოდა,“ – აღნიშნა ნინო ელიკაშვილმა.

დაზარალებულის დედის თქმით, გინების და ფიზიკური ძალადობის გარდა, რაც ვიდეოში მკაფიოდ ჩანს, პოლიციელები დაზარალებულებს მიმართეს: „სისხლით დაგიჭერთო“.

„სისხლით დავიჭერ“ – ასე დაემუქრა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს  ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი 2025 წლის 11 იანვარს. ამ დღეს გადაღებულ ვიდეოში ასევე ისმის, როგორ აგინებს ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს.

"სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“- ბათუმის პოლიციის უფროსი აგინებს მზია ამაღლობელს

მზია ამაღლობელზე ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის გამო დღემდე ირაკლი დგებუაძის პასუხი არ უგია.

მნიშვნელოვანია, რომ გორის ინციდენტის შემდეგ, მოძალადე პოლიციელების დაკავების ნაცვლად, ნაცემი მოქალაქე, პაპუნა ლოცულაშვილი დააკავეს „პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, მუქარის, ან ძალადობის მუხლით“ [სსკ-ის 353-ე მუხლი]. ეს ის მუხლია, რომლითაც მზია ამაღლობელს 2-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს.

___

ამ თემაზე:

6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქის ცემის ფაქტზე – პროკურატურა

რა საგნებს ირჩევენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე ხშირად

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა.

მოთხოვნად საგნებს შორის არის ასევე ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ლიტერატურა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ისტორია აირჩია 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა აირჩია 15 400-ზე აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია აირჩია 4 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია აირჩია 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სამოქალაქო განათლება აირჩია 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია აირჩია 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა აირჩია 1 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა აირჩია 1 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება აირჩია 280-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ცენტრის შეფასებით, განსაკუთრებული მოთხოვნა ისტორიისა და მათემატიკის მიმართ წინა წლის მსგავსად კვლავ შენარჩუნებულია.

წელს, ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქის ცემის ფაქტზე – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პოლიციელი დააკავეს.

„შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას.

განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.

უმოკლეს ვადაში ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, ბრალდებულები 28 მაისს დააკავეს.

მათ ბრალდება კანონით განსაზღვრულ ვადაში, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- აცხადებს პროკურატურა.

გუშინ, 27 მაისს, გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს დაკავებულზე, პაპუნა ლოცულაშვილზე.

პოლიციელებისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა დაკავებულის მეგობარიც, ლაშა აბისონაშვილი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა.

პოლიციელთა ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.

დღეს, 28 მაისს, ცნობილი გახდა, რომ გორში პოლიციელების მიერ ნაცემი ახალგაზრდა კლინიკიდან გაწერეს – მას ნეკნები აქვს გატეხილი და ორგანოები დაჟეჟილი.

ნახეთ ვიდეო: 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 360 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 956 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 625 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 42 832 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 806 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 397 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 314 902 ერთეული [+1 560]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 492 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 99 906 ერთეული [+261]
  • სპეცტექნიკა – 4 227 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 687 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„ეს ომი დაასრულებს რუსეთს, რომელიც უკვე იშლება“ – რუსი მწერალი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვის შეხვდება ადგილები ბათუმის ბულვარში – ქონების იჯარით გასხვისება დაწყებულია

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ პლაჟზე კომერციული საქმიანობებისთვის გამოყოფილი ადგილები აუქციონზე გაიტანა. 800 კვ.მეტრიდან – 1500 კვ.მეტრამდე კომერციული ფართობები პლაჟზე ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად უნდა გასხვისდეს. პირობა მხოლოდ შეზლონგების, ქოლგებისა და ნაგვის ურნების განთავსების შესაძლებლობას უშვებს და არ არის განკუთვნილი საკლუბო ან კაფეს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ადგილების გასასხვისებლად 22 მაისს გამოაცხადეს და 29 მაისს უნდა დასრულდეს.

ბათუმის ბულვარმა აუქციონზე უკვე გაიტანა და მაღალი კონკურენციის პირობებში გაასხვისა ე.წ. წიგნის ფორმის მცირე ზომის კომერციული ობიექტები, რომლებსაც ძირითადად სუვენირებით მოვაჭრეები იყენებენ.

წიგნის ფორმის ობიექტების საწყისი ფასი 2656 ლარი იყო, ხოლო ბიჯი 80 ლარი, უმეტეს შემთხვევაში კონკურენციის პირობებში 50-ზე მეტი ბიჯი დაიდო. თუმცა, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა დადებული ბიჯების ოდენობამ 120-ს გადააჭარბა. საბოლოოდ, წიგნის ფორმის კომერციული ობიექტები ერთ შემთხვევაში 12 416 ლარად გაასხვისეს, 2 შემთხვევაში 10 000 ლარზე მეტად, სამ შემთხვევაში 5-7 ათას ლარად, ხოლო 12 შემთხვევაში დაახლოებით 3000 ლარად.

ბულვარის ადმინისტრაციამ წიგნის ფორმის კომერციული ობიექტები პირველ იანვრამდე გაასხვისა.

ბულვარის შესასვლელთან ადმინისტრაციამ, მაღალი კონკურენციის პირობებში, გაასხვისა ასევე მცირე ზომის კვების ობიექტი, საწყისი ფასი 30 094 ლარი იყო და 84 ბიჯით ქონება 105 043 ლარად გასხვისდა. ეს ქონებით სარგებლობის წლიური საფასურია და ხუთი წლის ვადით გასხვისდა.

ბათუმის ბულვარი

მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღეში აამოქმედოს სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი დანიშნულების გართობისა და კვების ობიექტი. ეს ქონება 14 მაისს გაიცა იჯარით.

კორტების მიმდებარედ პლაჟზე, 12 257 ლარად გაასხვისეს ასევე მიწის ნაკვეთი ბულვარში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფიტნეს სივრცის განსათავსებლად.

ბულვარში ე.წ. ეშმაკის ბორბალთან არსებული 77 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული 17.28 კვ.მეტრი საპირფარეშო  ერთ-ერთი ყველაზე მაღალკონკურენტული ობიექტი აღმოჩნდა – ქონების საწყისი ფასი 7800 ლარი იყო და 309 ბიჯით 80 106 ლარად გასხვისდა 3 წლის ვადით.

  • მიმდინარე აუქციონები

ანბანის კოშკთან, ბულვარის ადმინისტრაცია საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად 1491 კვ.მეტრ ტერიტორიას ასხვისებს. აუქციონი 22 მაისს გამოაცხადეს და 29 მაისს უნდა დასრულდეს.

ქონების საწყისი ფასი 53 766 ლარი, ბიჯი 1613  ლარია. ელექტრონული ვაჭრობისას საბოლოოდ დაფიქსირებული თანხა საიჯარო პერიოდის საფასურის სახით ჩაიწერება ხელშეკრულებაში, აუქციონში გამარჯვებულმა ეს თანხა [სარგებლობის საფასური] ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად უნდა გადაიხადოს, სარგებლობის ვადა კი ხელშეკრულების დადებიდან პირველ ნოემბრამდე განსაზღვრეს.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღეში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“.

გარდა ამისა, აუქციონის პირობების მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია:

  • სახელშეკრულებო ვადაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება.
  •  სექტორზე განათავსოს ახალი და უხარვეზო საპლაჟე ინფრასტრუქტურა [შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი], სადაც ერთი ერთეული შეზლონგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ხოლო ერთი ერთეული ქოლგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ხუთ ლარს.
  • სექტორზე განათავსოს საინფორმაციო ბანერი, სადაც მითითებული იქნება მომსახურების ფასები ქართულ და ინგლისურ ენაზე, ბანერის ვიზუალური მხარე უნდა შეთანხმდეს ბათუმის ბულვართან.
  • მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ წინასწარი თანხმობის გარეშე.
  • მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ თანხმობის გარეშე.
  • მოიჯარე უფლებამოსილია დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე არაუმეტეს 5 კვ.მ.-ზე განათავსოს ზღვაზე სასეირნო დაფები [საბბორდები].

აუქციონზე თითქმის იდენტური პირობებით არის გატანილი ასევე, 1199 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი პლაჟზე, სასტუმრო კემპინსკის მარჯვენა მხარეს – საწყისი ფასი 23 093 ლარია, ბიჯი 693 ლარი. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს პლაჟზე არსებული 496 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი საწყისი ფასით 10 030 ლარად, ბიჯი 301 ლარი.

Exit mobile version