ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს – ი.მ.-ს სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში უკანონოდ შეღწევასა და სხვა ლექტორების დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.
ამბავი ბსუ-ში 2024 წელს მოხდა: რამდენიმე პროფესორის შეფასების პლატფორმაზე სტუდენტების სახელით დაწერილი ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარები ერთდროულად გაჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომენტარები სტუდენტებს კი არ დაუწერიათ, არამედ პროფესორმა ი.მ.-მ დაუწერა კოლეგებს და სტუდენტების სახელი გამოიყენა.
ბსუ-ში სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში უკანონო შეღწევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის საფუძველზე. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში, თუმცა ამ ეტაპზე პასუხი არავის უგია.
უნივერსიტეტში მომხდარი სავარაუდო დანაშაულის შესახებ ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშს [ის დღეს აღარ წარმოადგენს ადმინისტრაციას, პროფესორია] ინფორმაცია 2024 წლის თებერვალში ჰქონდა, თუმცა მან პროკურატურას 10-თვიანი პაუზის შემდეგ – 2024 წლის დეკემბერში მიმართა. 2024 წლის ნოემბერში კი, პროფესორ ი. მ.-ს მერაბ ხალვაშისთვის მიუწერია წერილი, რომ მას დევნიან პოლიტიკური შეხედულებების გამო და ის „მოქმედი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია“.
ახლა უკვე ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძეა – უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ 2026 წლის 6 მაისს უთხრეს, რომ გამოძიების შედეგს ელოდებიან, რომელიც უკვე 2 წელია გრძელდება. უნივერსიტეტის პრესცენტრში ასევე განმარტეს, რომ წესდების მიხედვით, პროფესორს სამსახურიდან ვერ გაუშვებენ საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე.
- რა მოხდა?
ეს ამბავი 2024 წლის 19 იანვარს იწყება – ნათლისღების უქმე დღეს, ბსუ-ს პორტალზე პროფესორ ლაშა ბაჟუნაიშვილს, ასოცირებულ პროფესორს – ლაშა ხოზრევანიძეს და, ასევე, მოწვეულ სპეციალისტებს: გელა ირემაძის და ზეინაბ ასანიძეს სტუდენტებმა შეფასებები დაუწერეს. მაგალითად, ლაშა ბაჟუნაიშვილს დაუკომენტარეს: „ეს ლექციები არის თუ პოლიტიკური პროპაგანდა?“
„უკაცრავად და ლექტორმა თუ იცის ეს საგანი საერთოდ?“ [სტილი დაცულია] – ეს ზეინაბ ასანიძეს დაუწერეს. ლაშა ხოზრევანიძეს დაუკომენტარეს: „ასწავლეთ ამ კაცს ჯერ პოლიტიკა და მერე ჩვენ გვასწავლოს. ელემენტარულ ტერმინებში ვერ ერკვევა“, გელა ირემაძეს კი ასეთი შეფასება დაუწერეს: „ვერ გავიგე ვერაფერი“, „ირემაძემ იცის რამე, დემოგრაფიის აზრზე არაა“.
ლექტორებმა იეჭვეს, რომ ეს ორგანიზებული იყო, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიმართეს და დასვეს შეკითხვა: რამდენად არის ეს შეფასებები სტუდენტების მიერ გაკეთებული და ადგილი ხომ არ ჰქონდა ამ შეფასებების გაკეთების მიზნით სტუდენტების პორტალის ავტორიზაციის მონაცემების არამართლზომიერ გამოყენებას?
პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი ამბობს, რომ უშუალოდ მაშინდელი რექტორისგან, მერაბ ხალვაშისგან გაიგეს, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორი ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და მათი კოლეგა, ი. მ. იყო. მერაბ ხალვაშმა პროფესორები ი. მ.-ს შეახვედრა, სადაც ი. მ.-ს ბოდიში მოუხდია.
ეს შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის 21 თებერვალს შედგა და „ბათუმელებს“ ამ შეხვედრის ამსახველი ტრანსკრიპტი მიაწოდეს, რომლის თანახმადაც შეხვედრაზე პროფესორებს კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ – ი. მ. უნდა გათავისუფლდეს ან სხვა დეპარტამენტში განაგრძოს საქმიანობა.
ტრანსკრიპტის თანახმად, საჯარო მმართველობის დეპარტამენტის პროფესორი ი. მ. შეხვედრის დასაწყისში ამბობს:
„…მე ვითხოვ პატიებას მომხდარი ფაქტის გამო, ძალიან ვწუხვართ. პირველ რიგში თქვენთან, როგორც რექტორთან და თქვენი სახით უნივერსიტეტის წინაშე ვიხდი ბოდიშს და ასევე მინდა განსაკუთრებული ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს ამ ფაქტის გამო, ძალიან ვწუხვართ, არ უნდა მომხდარიყო ვაღიარებ, ვაცნობიერებ და ჩემი მხრიდან გამოვხატავ მზაობას, რა ვიცი, სამომავლო თანამშრომლობისთვის, კოლეგიალური თანამშრომლობისთვის“.
ამ შეხვედრის ამსახველ ტრანსკრიპტში, სადაც ი. მ.-ს ეს სიტყვებია დაფიქსირებული, არ ჩანს, როგორ დადასტურდა მისი კავშირი ელ. სისტემაში შეღწევასთან; ვინ გამოარკვია, რომ სტუდენტების პლატფორმაზე ლექტორების მისამართით კონკრეტული კომენტარები ი. მ.-მ დაწერა? ასევე, არ ირკვევა, რა იყო მისი მოტივაცია.
ეს შეხვედრა რომ რეალურად შედგა, ამას ადასტურებს პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილიც.
ჩვენ ამ შეხვედრის დეტალებზე გვინდოდა პროფესორ ი. მ.-სთვისაც გვეკითხა, თუმცა მან „ბათუმელების“ შეკითხვებს არ უპასუხა.
საქმეში ი.მ. რომ არის მთავარი ფიგურანტი, ამას უნივერსიტეტში დაწყებული დისციპლინური საქმისწარმოების მასალებიც ცხადყოფს – საინტერესოა ისიც, რომ საქმისწარმოება უნივერსიტეტში 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, მაშინ, როცა ი. მ.-მ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა 2024 წლის თებერვალში.
- რა ჩანს დოკუმენტებით?
ამ საქმეშია იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ბსუ-ს რექტორისთვის მიწერილი წერილი. 2024 წლის თებერვლის შეხვედრის შემდეგ – როცა მაშინდელი რექტორი მერაბ ხალვაში ი. მ.-ს და 4 ლექტორს შეხვდა, ბსუ-ს ხარისხის სამსახურს უცდია იმის გარკვევა, ვინ დაუწერა შეურაცხმყოფელი კომენტარები კონკრეტულ ლექტორებს.
„ასოცირებულ პროფესორ ლაშა ბაჟუნაიშვილის მიერ განხორციელებული სასწავლო კურსის ცივი ომი – ბიპოლარული მსოფლიო შეფასებაში მონაწილეობა მიიღო 44-დან 12 სტუდენტმა… საგულისხმოა, რომ სტუდენტებმა ცალსახად აღნიშნეს პედაგოგის მაღალი აკადემიურობა და მასწავლებლით, ასევე, საგნის შინაარსით კმაყოფილება. რაც შეეხება ასოცირებულ პროფესორს, ლაშა ბაჟუნაიშვილს, მას ზეპირი ფორმით ეცნობა დამატებითი ინტერვიუს შედეგი, რამაც გამოკითხვის სანდოობა [პორტალზე დაწერილი უარყოფითი შეფასებები – რედაქციის განმარტება] მისთვის კიდევ უფრო საეჭვო გახადა,“ – წერდა 2024 წლის მარტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირაკლი გორგილაძე რექტორს.
საკითხმა სასწავლო პროცესის დეპარტამენტში გადაინაცვლა – აქ გამოკითხვაში მონაწილე სტუდენტების IP მისამართებით დაინტერესდნენ, სადაც შეუსაბამობები იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ერთი და იმავე IP მისამართი ფიქსირდება ოთხივე [გამოკითხვის თარიღისთვის 4 სტუდენტი, ჯამში კი 13 სტუდენტი] სტუდენტის ავტორიზაციის ლოგში, უფრო მეტიც, გამოკითხვაში კომენტარის დაფიქსირების თარიღი და ზემოხსენებული სტუდენტების ავტორიზაციის თარიღი ემთხვევა ერთმანეთს [ცდომილება 1-6 წუთი]…“ – წერს წერილში უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის დეპარტამენტის უფროსი, ამირან შარაძე.
ამავე წერილში ხაზგასმულია, რომ უნდა დადგინდეს, ვის მიერ მოხდა „სხვისი პერსონალური მონაცემების გამოყენებით სტუდენტურ პორტალში არამართლზომიერი შეღწევა“.
მერაბ ხალვაში, ბსუ-ს მაშინდელი რექტორი, პროფესორებს 2024 წლის 25 ივნისის წერილში უდასტურებს, რომ 2024 წლის 10 იანვრიდან 22 იანვრამდე პერიოდში ადგილი ჰქონდა „ბსუ-ს სტუდენტთა – სულ 4 სტუდენტი – პერსონალური მონაცემების უნებართვო და არამართლზომიერ გამოყენებას“.
„უნივერსიტეტმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ინციდენტის შედეგად დაირღვა კონფიდენციალურობა [ინციდენტის სახე], რაც ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გულისხმობს: ა) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემებზე უნებართვო წვდომას; ბ) ონლაინ პორტალზე არსებულ მომხმარებლის ანგარიშზე უნებართვო წვდომა/მასში არსებული მონაცემების უკანონო გამჟღავნებას,“ – აღნიშნულია უნივერსიტეტის რექტორის წერილში.
2024 წლის 30 სექტემბერს ბსუ-ს მაშინდელ რექტორს, მერაბ ხალვაშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პასუხი მიუღია, IP მისამართის მფლობელის ვინაობის დადგენა სცილდება სამსახურის კომპეტენციასო.
უნივერსიტეტმა დისციპლინური საქმის წარმოება 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, 29 ნოემბერს კი ი.მ.-მ მერაბ ხალვაშს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნულია: „ვარ მოქმედი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი“.
- რა გაარკვია დისციპლინურმა კომისიამ?
„ცხადია, რომ მნიშვნელოვანია დისციპლინური კომისიისათვის პროფესორ ი. მ.-ს განმარტების, მოსაზრების, დასაბუთების წარმოდგენა, ბსუ-ს პორტალზე 19.01.2024 წ. ინციდენტთან დაკავშირებით, ვინაიდან თქვენი [ბსუ-ს ოთხი დასაქმებულის] განმარტებით – არაეთიკური შეფასებების, სტუდენტთა პერსონალური მონაცემების გამოყენებით, სტუდენტთა სახელით განმახორციელებელ პირად დასახელდა.
ერთობლივი შეხვედრის ყველა მონაწილემ დაადასტურა პროფესორ ი.მ.-ს მიერ თქვენს წინაშე ბოდიშის მოხდის ფაქტი.
…პროფესორ ი. მ.-ს კომისიამ წერილით განუმარტა, რომ მნიშვნელოვანია მისგან განმარტების მიღება [ახსნის საჭიროება] იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ იმავე IP მისამართით, რომლითაც სტუდენტების უარყოფითი შეფასებებია დაფიქსირებული 2024 წლის 19 იანვარს, ფიქსირდება მისი მომხმარებლის [როგორც ბსუ-ს თანამშრომლის] აქტივობა ბსუ-ს პორტალზე.
მივმართეთ რა ამ კითხვაზე განმარტების მიღების თხოვნით, კიდევ ერთხელ შევთავაზეთ გამოცხადდეს მიმდინარე წლის 26 დეკემბერს გასამართ დისციპლინური კომისიის სხდომაზე 15:00 საათზე, ასევე, ვაცნობებთ, რომ 26 დეკემბერს, დისციპლინური კომისია გეგმავს დაასრულოს მუშაობა და დასკვნა წარუდგინოს ბსუ-ს რექტორს,“ – აღნიშნულია დისციპლინური კომისიის წერილში.
2024 წლის 27 დეკემბერს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა, პროფესორ ი. მ.-ს საყვედური გამოუცხადა. ამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი დაუწესდეს პროფესორს, თუ მის ბრალეულობას პროკურატურა დაადასტურებს.
პროფესორ ი. მ.-ს საყვედური სასამართლოში გაუსაჩივრებია, თუმცა არც სასამართლო დავა დასრულებულა ამ ადმინისტრაციულ საქმეზე.
კანონის თანახმად, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა [სსკ-ის 284-ე მუხლი] ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.






