თუთა ჯგუშია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფთან ახლოს ცხოვრობს. ამ დასახლებას „მზიურის აგარაკებს“ ეძახიან. 25 მაისს თუთა ჯგუშიას კარ-მიდამოს მესამედი მოვარდნილმა წყალმა წაიღო.
როგორც თუთა ჯგუშია „ბათუმელებთან“ ამბობს, მდინარის კალაპოტი მისი საცხოვრებელი სახლიდან ხუთ მეტრშია უკვე და კიდევ ერთი წყალმოვარდნის შემთხვევაში, მისი სახლი, შესაძლოა, მდინარემ მთლიანად წაიღოს.
„აქ არის ლოჭინის შენაკადი, ნორიოს ხევი ჰქვია ამ მდინარეს, რომელიც საერთოდ არ ჩანს ხოლმე, მაგრამ გაზაფხულობით იცის უეცარი მოვარდნები.
ეს არ ყოფილა წყალმოვარდნის პირველი შემთხვევა, მაგრამ თუ წინა წლებში 7-8 წელში შეიძლება მომხდარიყო წყალდიდობა, ახლა, ეს პროცესი გახშირებულია, რადგან მოსახლეობამ გაჩეხა ხეები მდინარის ნაპირებთან, ქვა-ღორღიც ამოიღეს სამშენებლო მიზნით.
ალაგ-ალაგ, ვისაც პატრონი ჰყავდა, გაბიონები გააკეთეს და შეავიწროვეს კალაპოტი. მხოლოდ ჩემი კარ-მიდამოს წინ არის გასაკეთებელი გაბიონები. ამიტომ, როცა მდინარე მაღალი წნევით მოდის, ჩემი სახლის წინ იშლება და მიაქვს ჩემი ეზო. ჩამოაქვს მოჭრილი ხის ფესვები და ქვა-ღორღიც.
ეს ბოლო სამი წელია, რაც ძალიან გახშირდა წყალმოვარდნები გაზაფხულობით. მაის-ივნისში ხდება ძირითადად. ორი წლის წინ იყო პირველი შემთხვევა ჩემთან, როცა ეზოს მესამედი წაიღო წყალმა. ამა მოვარდნაზეც წაიღო ეზოს მესამედი, კიდევ“ – ამბობს თუთა ჯგუშია.

თუთა ჯგუშია ამბობს, რომ მდინარემ პირველ ჯერზე მისი ეზოს მესამედი წაიღო, 24 მაისს კი ეზოს დარჩენილი მესამედი დაიკარგა.
თუთა ამბობს, რომ გარდაბნის მერიას ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიმართა და ითხოვდა გაბიონების აშენებას მდინარის კალაპოტთან, თუმცა არც მერიას და არც სხვა შესაბამის უწყებას ეს პრობლემა დღემდე არ მოუგვარებია.
„როცა პირველად წაიღო ეზოს ერთი მესამედი, მაშინ დავრეკე გარდაბნის გამგეობაში და გადამამისამართეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, იმათ უნდა გაგიკეთონ ნაპირსამაგრი გაბიონებიო.
მაშინ შევიტანე განცხადება ინფრასტრუქტურის სამინისტროში და როგორც მეუბნებოდნენ, პროექტიც მომზადდა, მაგრამ მისი განხორციელება არ მიმდინარეობდა. კვირაში ერთხელ ვრეკავდი სამინისტროში. ბოლოს დავრეკე დეკემბერში და მითხრეს, რომ მთავრობის ადმინისტრაციას უნდა გავუგზავნოთ პროექტი და იქიდან რომ დაგვიბრუნდება, მერე გამოცხადდება ტენდერი, შეირჩევა კომპანია და დაიწყებენ ნაპირსამაგრ სამუშაოებსო.
შემდეგ იყო მიზეზები, – „ასე უცებ არ ხდება“, „ბიუჯეტი არ გვაქვს გათვალისწინებული“, „მომავალი წლისთვის გადავდეთ“ და ასე შემდეგ.
ახლა უბრალოდ იმიტომ ავტეხე განგაში, რომ სახლამდეა მოსული მდინარე, საძირკვლიდან ხუთ მეტრში. ერთი წვიმაა საკმარისი, რომ დარჩენილი ნიადაგიც გამოაცალოს და სახლიც წაიღოს“- ამბობს თუთა ჯგუშია.
მისი თქმით, როცა 24 მაისს იყო წყალმოვარდნები და მდინარემ ხეები მოგლიჯა, ადგილობრივებმა დარეკეს სამაშველოში, მოვიდნენ წარმომადგენლები და დააფიქსირეს მეწყრული პროცესი, „თუმცა შემდეგ, მონიტორინგი აღარ ყოფილა“- ამბობს თუთა.
„მე სამსახურში ვიყავი როცა მდინარე მოვარდა და მე და ჩემს შვილს, ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა ადგილზე. სახლის იქეთ ყველაფერი წაღებულია. დავრეკე 112-ში, გარდაბნის მაჟორიტარსაც დავურეკე, მოვიდა პოლიცია, სამაშველოც და შეადგინეს ოქმი. ჩემ თვალწინ დაურეკეს რწმუნებულს, მერს და მითხრეს, რომ დილას, ანუ 26 მაისს, ტექნიკას გამოუშვებდნენ და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს. თუმცა, ამის შემდეგ არავინ გამოჩენილა“ – ამბობს თუთა ჯგუშია.
როცა ხეები იჭრებოდა ან ინერტულ მასალას იღებდნენ მდინარიდან, თუ ჰქონდა ამაზე რეაგირება გარემოს ზედამხედველობის ინსპექციას ან მერს მაგალითად და თუ არა, რატომ? – ვკითხეთ მას.
ის ამბობს, რომ გარემოს ხელყოფის ფაქტზე მისმა მეზობელმა მიმართა შესაბამის უწყებებს, თუმცა საფუძვლიანი მოკვლევა არ ჩატარებულა.
„ერთი მეზობელია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია მიმართავს სახელმწიფოს ამ ინერტული მასალების ამოღების გამო, მაგრამ არ ვიცით, ვინ მიდის ტრაქტორებით და ვინ იღებს ამ მასალებს.
ამის გამოა, რომ მდინარე გვივარდება. ერთ ღამეში, თხუთმეტ წუთში წამოვიდა იმხელა ნიაღვარი, რომ ბავშვთან ერთად მომიწია წამოსვლა, შემეშინდა.
წელსაც ვითხოვდი მიეღოთ პრევენციული ზომები, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. „პროცედურებია გასავლელი“, „ყველაფერს თავისი დრო აქვს“- მიმეორებდნენ. ამასობაში მდინარემ ჩემი ეზო წაიღო.
ბოლოს რომ დავრეკე გარდაბნის გამგეობაში, მითხრეს, ჩვენთან არაფერი შემოსულაო. ანუ, არც სამაშველოს ოქმი არ იყო და როცა დავიწყე კიდევ გარკვევა, მერე თქვეს, რომ ზეპირსიტყვიერად იცის მერმაო. არ ვიცი სად გააქრეს იმ დღის ოქმი“ – ამბობს თუთა ჯგუშია.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა გარდაბნის მერიას კითხვით, რატომ არ მიიღო მერიამ ამ დრომდე შესაბამისი ზომები და არ ჩაატარა ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარის ნაპირზე.
მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერი, დავით კარგარეთელი დღეს, 28 მაისს ესაუბრა მოქალაქე თუთა ჯგუშიას, თუმცა ამ საუბრის შინაარსი მისთვის უცნობია.
„ჰკითხეთ მოქალაქეს რაზე ისაუბრეს“- გვეუბნებიან პრესსამსახურში.
ასევე დავუკავშირდით ირაკლი კაპანაძეს გზების დეპარტამენტში – როგორც თუთა ჯგუშია ამბობს, ბოლოს სწორედ მასთან ჰქონდა კომუნიკაცია ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტთან დაკავშირებით.
ირაკლი კაპანაძემ დაგვიდასტურა, რომ პროექტი ნამდვილად არსებობს, თუმცა ტენდერი, სამუშაოების ჩატარებაზე, ჯერ გამოცხადებულიც კი არ არის.
„ერთი წლის წინ გავაკეთეთ განცხადება, საპროექტო დავალება მივეცით მას შემდეგ, რაც მოგვმართა მოქალაქემ და პროექტი მზად არის და დღე-დღეზე გამოცხადდება ტენდერი“ – გვითხრა მან.
მას ვკითხეთ, თუ რატომ გაიწელა პროცესი ამ დრომდე, რადგან მდინარემ უკვე წაიღო მოქალაქის ეზო და მიადგა სახლს.
ირაკლი კაპანაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი სამუშაო პროცესთან არის დაკავშირებული და არც ისაა გამორიცხული, რომ ხელშეკრულებაც კი ვერ გაფორმდეს დროულად.
მაშ ვინ უნდა მიიღოს ზომები, რომ წყალმოვარდნის განმეორების შემთხვევაში მოქალაქემ მთლიანად არ დაკარგოს საცხოვრებელი? – ვკითხეთ მას.
„სხვა შესაბამისმა უწყებებმა, მერიამ“- გვიპასუხა მან.
რაც შეეხება ნაპირგამაგრებით სამუშაოების პროექტს, ირაკლი კაპანაძის თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. „ეს პროექტი მოიცავს ოთხ ლოკაციას, ამის [ჯგუშიას სახლის] გარდა, კიდევ სამ ლოკაციაზეა პრობლემა და დაახლოებით ორ მილიონამდე ჯდება“ – გვითხრა მან.
_________
მთავარ ფოტოზე: თუთა ჯგუშიას სახლის ეზოს ნაწილი მდინარემ წაიღო. თათა ჯგუშია ფოტო/facebook






