„აქეთ ემუქრებოდნენ პოლიციელები, სისხლით დაგიჭერთ, 7-წლიანზე გაუშვით ესენიო,“ – ამბობს ნინო ელიკაშვილი „ბათუმელებთან“. ის გორში, 27 მაისს პოლიციელებისგან ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედაა.
- 27 მაისს გორში პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილზე. პოლიციელების ჯგუფური ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა. პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკიდან დღეს, 28 მაისს გაწერეს – მას ნეკნები აქვს გატეხილი და ორგანოები დაჟეჟილი.
„ჩემი შვილის მდგომარეობაც რთულია, ფსიქოლოგიურად როგორ უნდა იყოს? ექსპერტიზა ჩაუტარდა, ლაშას დაზიანებები ეტყობა თავის არეში… ლაპარაკი არ სურს, ადვოკატსაც ვთხოვე დახმარება.
ესენი არიან სიკვდილს გადარჩენილი ბიჭები, რომ არა ჟურნალისტები, ვინ იცის, რა მოხდებოდა,“ – აღნიშნა ნინო ელიკაშვილმა.
დაზარალებულის დედის თქმით, გინების და ფიზიკური ძალადობის გარდა, რაც ვიდეოში მკაფიოდ ჩანს, პოლიციელები დაზარალებულებს მიმართეს: „სისხლით დაგიჭერთო“.
„სისხლით დავიჭერ“ – ასე დაემუქრა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი 2025 წლის 11 იანვარს. ამ დღეს გადაღებულ ვიდეოში ასევე ისმის, როგორ აგინებს ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს.
მზია ამაღლობელზე ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის გამო დღემდე ირაკლი დგებუაძის პასუხი არ უგია.
მნიშვნელოვანია, რომ გორის ინციდენტის შემდეგ, მოძალადე პოლიციელების დაკავების ნაცვლად, ნაცემი მოქალაქე, პაპუნა ლოცულაშვილი დააკავეს „პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, მუქარის, ან ძალადობის მუხლით“ [სსკ-ის 353-ე მუხლი]. ეს ის მუხლია, რომლითაც მზია ამაღლობელს 2-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს.
___
ამ თემაზე:
6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქის ცემის ფაქტზე – პროკურატურა






