მთავარი,სიახლეები

სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ

18.05.2024 •
სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ

თბილისში ანტირუსული აქციების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის ბიუჯეტიდან ერთ თვეში 665 244 ლარი დაიხარჯა. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი, 515 244 ლარი ტენდერის გარეშე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება, შესაბამისად, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში – ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში კი – ვისგან შეისყიდა 515 244 ლარის ლანჩი.

თბილისში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში „განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების ლანჩის ნაკრებით უზრუნველსაყოფად“ სამინისტრომ ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდა და დახარჯა:

  • 15 აპრილს – 3 200 კომპლექტი ლანჩის ნაკრები – 28 640 ლარი
  • 1 მაისს – 9 800 კომპლექტი – 82 816 ლარი
  • 2 მაისს – 6 220 კომპლექტი – 52 323 ლარი
  • 11-12 მაისს – 18 400 კომპლექტი – 162 840 ლარი
  • 13 მაისს – 5 500 კომპლექტი – 48 675 ლარი
  • 14-15 მაისს – 15 600 კომპლექტი – 139 950 ლარი

გარდა ამისა, 16 აპრილიდან პირველ მაისამდე პერიოდში შსს-მ 150 000  ლარი დახარჯა სპეცრაზმის ლანჩისთვის, თუმცა, ამ შემთხვევაში სამინისტროს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს „ევროპული საცხობი“ მონაწილეობდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2024 წლის 15 აპრილს გაფორმდა. სამინისტროს ლანჩი იმავე დღეს, 15 აპრილს დასჭირდა, რაც ცალკე, ტენდერის გარეშე შეისყიდა.

„15 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ევროპულ საცხობს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა, მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ვერ ხერხდება შემსყიდველისათვის 3 200 კომპლექტი ლანჩის ნაკრების მიწოდება, ვინაიდან მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის მიწოდება ევალება შემსყიდველის მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში.

საჭირო გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების უზრუნველსაყოფად, უმოკლეს ვადებში შეძენილიყო ლანჩის ნაკრები გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“ – წერს შსს შესყიდვების სააგენტოს.

„ევროპულ საცხობთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებით კი, პრეისკურანტის მიხედვით იყო ლანჩის სამი სახის კომპლექტი, რომელშიც შედიოდა სხვადასხვა რაოდენობის პური[ბანი სეზამით], ყველი[დაჭრილი ჩედარი], ლორი[დედაქალაქური შაშხი], შოკოლადი „სნიკერსი“ და 0,5 ლიტრიანი „პეპსი“.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ხელშეკრულებით ლანჩ-მენიუში გათვალისწინებული იყო ბოსტნეულიც და „კოკა-კოლა“, თუმცა, 19 აპრილს შეტანილი ცვლილებით მენიუდან საერთოდ ამოიღეს ბოსტნეული, „კოკა-კოლა“ კი „პეპსით“ ჩაანაცვლეს.

„ლანჩის ნაკრების შემადგენლობიდან ამოღებულ იქნას ბოსტნეული/პომიდორი, სოუსი და სალათის ფოთოლი, ასევე აღნიშნული ლანჩის ნაკრებში გათვალისწინებული „კოკა-კოლა“ (0.5 ლიტრიანი) უნდა ჩანაცვლდეს „პეპსით“ (0.5 ლიტრიანი)… ცვლილება არ იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გაუარესებას და არ ზრდის სახელშეკრულებო ღირებულებას“ – აღნიშნულია შეცვლილ ხელშეკრულებაში.

ერთ-ერთი ლანჩ-მენიუს ნიმუში „ევროპულ საცხობთან“ გაფორმებული შეცვლილი ხელშეკრულებიდან

შესყიდვების პორტალზე ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ტენდერის ფარგლებში „ევროპული საცხობიდან“ შსს-მ ჩაიბარა:

  • 17 აპრილს – 6 000 კომპლექტი ლანჩის ნაკრები – 53 100 ლარის ღირებულების
  • 19 აპრილს – 200 კომპლექტი – 1 770 ლარი
  • 20 აპრილს – 500 კომპლექტი – 4 425 ლარი
  • 21 აპრილს – 500 კომპლექტი – 4 425 ლარი
  • 28 აპრილს – 2 450 კომპლექტი – 21 682.5 ლარი

სხვა მიღება-ჩაბარების აქტები პორტალზე ატვირთული არ არის. ამავე პორტალის მიხედვით კი, 2024 წლის 16 მაისის მდგომარეობით კომპანიისთვის შსს-ს გადარიცხული აქვს 147 ათას 352 ლარი და 50 თეთრი.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით „ევროპული საცხობის“ დირექტორია ალექსანდრე ნორაკიძე, კომპანიის წილებს კი შპს „დეგუსტო ინტერნეიშენალ“ და ვიტალიი ივახოვი [უკრაინა] ფლობენ.

„დეგუსტო ინტერნეიშენალ“-ის მეწილეები კი არიან ალექსანდრე ნორაკიძე [95%] და შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ [5%]. ამ უკანასკნელი კომპანიის მესაკუთრე კი, არის ნიდერლანდებში რეგისტრირებული კოოპერატივი „გაზელ ფაინენს ჰოლდინგ კოოპერატივ“.

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, ლანჩის შესყიდვა სამინისტრომ ტენდერის გარეშე იმ მიზეზით დაიწყო, რომ როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, შსს-სა და „ევროპული საცხობს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ამოწურული იყო.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შს სამინისტროს მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფის“ მიზნით სამინისტრომ ახალი ტენდერი 200 ათასი ლარით, 2024 წლის 8 მაისს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 20 მაისს დასრულდება.

შესაბამისად, ვიდრე გამარჯვებული არ გამოვლინდება და არ დაიდება ხელშეკრულება, მანამდე სამინისტრო ლანჩს კვლავ გამარტივებული წესით შეისყიდის, ვინაიდან თბილისში ანტირუსული აქციები გრძელდება.

ტენდერის გარეშე 58 720 ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯამში 9 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, თუმცა კონკრეტულად ვისთან, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. არცერთი ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება, რომელიც საჯარო უნდა იყოს, შესყიდვების პორტალის შესაბამის CMR გრაფაში არ იძებნება.

მეტიც, 2024 წლის 16 მაისის მდგომარეობით ამ CMR გრაფაში [ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშები] შსს-ს გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციები მხოლოდ 2019 წლის ოქტომბრამდე იძებნება. ამ დროიდან დღემდე პერიოდისთვის კი, არცერთი ინფორმაცია [რა შესყიდვები განახორციელა სამინისტრომ და ვისთან გააფორმა ხელშეკრულება] შესყიდვების პორტალზე აღარ ჩანს:

2024 წლის 16 მაისის მდგომარეობით შესყიდვების პორტალზე CMR გრაფაში შსს-ს შესყიდვებზე ბოლო ინფორმაცია 2019 წლის ოქტომბრით თარიღდება

რატომ არ არის საჯარო ეს ხელშეკრულებები – ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადაგვამისამართა.

შესყიდვების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამინისტროს განცხადებებთან დაკავშირებით „სავარაუდოდ, იყო და არის ტექნიკური პრობლემები პორტალზე და შესაბამისი სპეციალისტები მუშაობენ მის მოგვარებაზე“.

კონკრეტული ინფორმაცია – რა პრობლემები შეიქმნა, როდის, ან როდის უნდა მოგვარდეს; ასევე, შესაბამისი ხელშეკრულებების ასლები სააგენტოდან „ბათუმელებმა“ წერილობით ოფიციალურად გამოითხოვა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს უწყება არ ასაჯაროებს თუ რა ძალა გამოჰყავს შეკრების/მანიფესტაციის დროს, რამდენი პოლიციელი/სპეცრაზმელი მონაწილეობს და რა საშუალებებს იყენებენ ამა თუ იმ „სპეციალური ღონისძიების ჩატარებისას“ .

  • ხელფასები

სპეცრაზმელთა რაოდენობასა და მათ ანაზღაურებაზე, ასევე შესყიდვებთან დაკავშირებით, ინფორმაცია შსს-გან წერილობით ამჯერადაც გამოვითხოვეთ.

ანალოგიური ინფორმაცია „ბათუმელებმა“ სამინისტროდან 2023 წლის 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებითაც გამოითხოვა გასულ წელს, თუმცა სამინისტრომ მაშინ მონაცემები არ მოგვაწოდა.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, [ამ ინფორმაციის] ხელმისაწვდომობა შეზღუდულია საიდუმლოებაზე დაშვების არმქონე პირთათვის.“-ო, მოგვწერეს შარშან შსს-დან:

შსს-ს პასუხი

აღნიშნულიდან გამომდინარე უცნობია, მაგალითად, 2024 წლის პირველ მაისს სამინისტრომ რამდენი მოსამსახურისთვის [პოლიცია, სპეცრაზმი] შეიძინა 9 800 კომპლექტი ლანჩის ნაკრები. თუ, როგორც წესი, ერთჯერადი კვებისთვის იყო გათვალისწინებული, გამოდის რომ პოლიციას ამდენივე მოსამსახურე ჰყავდა გამოყვანილი მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ. 

და კიდევ, როგორც „ბათუმელებმა“ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით გაარკვია, სამინისტრომ სწორედ გასული წლის 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ გაზარდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელთა რაოდენობა.

ამავე დოკუმენტების მიხედვით, „გასამხედროებული დანაყოფის მოსამსახურეების უნიფორმებითა და შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის“ მიზნით ამ უნიფორმებისა და აღჭურვილობის შესყიდვაც ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გადაწყდა, რაზედაც თანხმობა სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოსგან 2023 წლის 11 მაისს მიიღო.

შესყიდვების სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის განკარგულებიდან

საუბარია 5 925 740 ლარის შესყიდვებზე, თუმცა ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები უცნობია, ვინაიდან, როგორც ლანჩის შემთხვევაში, შესყიდვების პორტალზე არც ამ შესყიდვებზე იძებნება ხელშეკრულებები.

აღნიშნული 5,9 მილიონი ლარით კი, სამინისტროს გამარტივებული წესით სხვადასხვა ნივთები უნდა შეესყიდა; მათ შორის 3 000 ნიღაბი [აქედან 1 000 ალგამძლე]:

„საქონლის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, განსხვავდება მათი მიწოდების ვადები. ნაწილი საქონელი შესყიდული უნდა იქნას საზღვარგარეთ უშუალოდ მწარმოებელი კომპანიებისგან, რათა დაცული იქნას სახელმწიფო შესყიდვების რაციონალურად განხორციელების პრინციპი და მოხდეს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა.

ნაწილი საქონლის წარმოება შესაძლებელია საქართველოში, თუმცა, მოითხოვს შესაბამისი ნედლეულის შეკვეთას საზღვარგარეთ. მოცემულ ეტაპზე დაგეგმილია, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდეს 2023 წლის მაისის ბოლომდე, ხოლო საქონელი მოწოდებული იქნას და შესაბამისი დანაყოფები სრულად დაკომპლექტდეს 2023 წლის ბოლომდე.“ – წერია შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისადმი 2023 წლის 25 აპრილს გაგზავნილ პატაკში.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

განახლება: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2024 წლის 28 მაისს, წერილობით მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ „ხელშეკრულებების მოდულში (CMR) გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე ხარვეზებით მუშაობს ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომის ფუნქციონალი, რის თაობაზეც, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს.“

შესყიდვების სააგენტოდან „ბათუმელებისთვის“ 2024 წლის 28 მაისს გამოგზავნილი წერილიდან

საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ კანონის გასაპროტესტებლად გამოსულ ხალხს/აქციას კი ძირითადად სწორედ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გასამხედროებული დანაყოფებით არბევენ, მშვიდობიან დემონსტრანტებს აკავებენ, ფიზიკურად უსწორდებიან.

ამ თემაზე: აქციებზე დაკავებული 93 პირი პოლიციას არასათანადო მოპყრობაში ამხელს, 71-მა მიმართა საგამოძიებო სამსახურს – ომბუდსმენი

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობს, არაადამიანურად ეპყრობა და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მასობრივად აკავებს მათ.

  • ერთი თვის განმავლობაში, 2024 წლის 15 აპრილიდან  15 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა 189 პირმა დარეკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
  • ასევე, ორგანიზაციებს დასახმარებლად მიმართა 30-მა მშვიდობიანმა დემონსტრანტმა, რომელიც დააჯარიმეს გზის გადაკეტვაში მონაწილეობის, შენობებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე ან ხე-ნარგავებზე საპროტესტო ბანერების განთავსების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის მუხლებით.
  • ორგანიზაციების ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო აქციებზე დაკავებული 7 მოქალაქის მიმართ.

ვრცლად: რუსული კანონის დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობს – უფლებადამცველი NGO-ები

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები თამარ კორძაია და ხატია დეკანოიძე კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს მიმართავენ და მოუწოდებენ, გამართოს ბრიფინგი და საზოგადოებას გააცნოს მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაცია აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე პოლიციის მხრიდან ძალადობის საქმეების შესახებ.

ვრცლად: დეპუტატები სპეციალური საგამოძიებოს ხელმძღვანელს მიმართავენ

____

მთავარი ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: