ოთხი წლის წინ, 2019 წელს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პირადად დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიურ კურორტს, აღადგენდა და განავითარებდა.
როგორც თავად წერდა, წყალტუბოსთვის ძველი დიდების დაბრუნება „ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრის და მათი ნახტომისებური განვითარების“ გეგმის ნაწილი იყო.
ამის საუკეთესო მაგალითად კი აბასთუმანს ასახელებდა. ბიძინა ივანიშვილის განცხადება, სადაც ექსპრემიერი წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვისა და რეაბილიტაციის გეგმის შესახებ წერდა, „ოცნებამ“ 2019 წელს გამოაქვეყნა.
„ვინაიდან სახელმწიფოს ამჟამად არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება“, – ბიძინა ივანიშვილის ეს სიტყვები ახლაც ახსოვთ წყალტუბოში, მივიწყებულ ბალნეოლოგიურ კურორტზე.
თუმცა ამბობენ, რომ ეს დაპირება მან მალევე დაივიწყა, ისევე როგორც მთავრობამ კურორტის ძველი დიდების აღდგენის გეგმა.
„ტყუილი იმედი“ კურორტ წყალტუბოსთვის „ძველი დიდების დაბრუნებაზე“ აქ მცხოვრებლებს „ოცნების“ დამფუძნებელმა და მილიარდერმა ექსპრემიერმა 2019 წელს გაუჩინა. მისი განცხადების შემდეგ მთავრობამ წყალტუბოს განვითარების გეგმა წარადგინა თბილისში, სასტუმრო „რედისონში“, სადაც „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენელმა, ნინო ჩოლოყაშვილმა განაცხადა, რომ შესწავლილი სანატორიუმებიდან 12-ს არქიტექტურული ღირებულება ჰქონდა და მათ იერ-სახეს შეინარჩუნებდნენ.
მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გეგმის წარდგენიდან მალევე უნდა შეემუშავებინათ წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა. სამუშაოები ერთ ფაზად უნდა ჩატარებულიყო. პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი, მაშინდელი ინფორმაციით, 620-დან 865-მდე მილიონი აშშ დოლარი იყო.
თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. წყალტუბოს სანატორიუმების შენობების ნაწილში წვიმს და ისინი ყოველდღე ნადგურდება.
ბევრი მათგანი კი, სადაც არ წვიმს, დღემდე ისეა შემონახული, რომ შენობებში დატოვებული ავეჯიც კი შენარჩუნებულია, ზოგი მათგანის ხელახლა გამოსაყენებლად დასუფთავებაც საკმარისი იქნება. ძველი კომპლექსების შენობებში ნახავთ ბევრ ისეთ ნივთს, წარწერას, ჩანაწერს, რომელიც თვალწინ გააცოცხლებს არცთუ ისე შორეულ ისტორიას.
ბევრ ნანგრევში უცხოელ ტურისტებს შევხვდით, ძირითადად გერმანელებს. ისინი შენობებში, ნანგრევებში დიდხანს რჩებიან და ფოტოებს უღებენ ყველაფერს, რაც კი საინტერესოდ ეჩვენებათ.
წყალტუბოს აღდგენის გეგმის პომპეზური პრეზენტაციიდან მეხუთე წელს აქ ამბობენ, რომ „წყალტუბოს“ მხოლოდ სამი კომპლექსის აღდგენამ, მათ შორის ნაწილობრივმა აღდგენამ, ვერ უშველა – ქალაქი „ისევ დეპრესიულია“, მისი კულტურული მემკვიდრეობა კი ისევ გაპარტახებულია.
წყალტუბოში სწყინთ, რომ დაპირება დაპირებად დარჩა, თუმცა მილიარდერ ექსპრემიერს არ საყვედურობენ: „ეს ბიძინას ბრალი სულაც არ არის“. მათი აზრით, ივანიშვილს „ხელი შეუშალეს“.
კითხვას, ვის შეიძლებოდა ხელი შეეშალა მილიარდერისთვის, რომელიც ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა და ყოფილი პრემიერი, წყალტუბოში ასე პასუხობენ: „ვისაც ჩვენი ქალაქის განვითარება არ უნდა“. თუ უფრო „ჩაეკითხებით“, მათი პასუხები დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ის, რომ ივანიშვილს „გლობალური ომის პარტია ებრძვის.“
მიტოვებულია ძველი რკინიგზის სადგურის შენობაც, აქ დღემდე შემორჩენილია ძველი ვიტრაჟები. მართალია, მათი ნაწილი დაზიანებულია, თუმცა როგორც წყალტუბოში ამბობენ, „ძველი დიდებულების კვალი ეტყობა.“
წყალტუბოში ამ დრომდე რამდენიმე წყარო აღუდგენიათ, ზოგი სრულად, რამდენიმეს კი შეუნარჩუნეს ძველი იერ-სახე. აქ დასაქმებულები ამბობენ, რომ ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობენ. ერთ-ერთმა დასაქმებულმა გვითხრა, რომ მისი ოფიციალური ხელფასი 200 ლარია, დანარჩენი კი უნდა გამოიმუშაოს და იმდენს აიღებს, რამდენსაც გამოიმუშავებს, ეს კი იმაზეა დამოკიდებული რამდენი სტუმარი ეყოლება სასტუმროს და რამდენად დაინტერესდება ეს სტუმარი სწორედ იმ სერვისის მიღებით, რომელსაც ის სთავაზობს:
„ამიტომაც ვცდილობ ტურისტულად არააქტიურ სეზონზე სხვა სამუშაოც ვიპოვო, სხვა რამეც ვაკეთო“.
კითხვაზე ტურისტული სექტორის გარდა რა არის წყალტუბოში შემოსავლის ძირითადი წყარო, აქ ამბობენ, რომ არაფერი.
2022 წლის 5 ივლისს, წყალტუბოში ვიზიტისას, „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის პრეზენტაციაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მთავრობა აუქციონზე გამოიტანდა წყალტუბოში არსებულ 14 სანატორიუმს, რომელთა ღირებულებაც, ჯამში, 50 მილიონი ლარია“.
ყოფილმა პრემიერმა ამ გამოსვლის დროს მთავრობისთვის ორ შემაფერხებელ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. მან მთავარ პრობლემად წყლის რესურსების ფლობის საკითხი და გენერალური გეგმის დამტკიცება დაასახელა: „ინვესტორი იყო კერძო პირი. ჩვენი გადაწყვეტილებით, ისინი გამოვისყიდეთ, მთავრობა ოფიციალურად გახდა ამ რესურსის მფლობელი… განაშენიანების გეგმა დასრულებულია. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა“.
საქმე ისაა, რომ 2021 წლის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ სს „ბალნეოსერვისისგან“ 8 მლნ დოლარად გამოისყიდა 6 აბანო და უძრავ-მოძრავი ქონება. აქტივების მფლობელი დღეს სახელმწიფო კომპანია „წყალტუბოს თერმული წყლებია“. მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ წყლის ლიცენზიის უკან გამოსყიდვით ინვესტორებში წყალტუბოს მიმართ ინტერესი გაიზრდებოდა.
2022 წლის აგვისტოში ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოს სანატორიუმები და მასზე დაქვემდებარებული ინფრასტრუქტურა ელექტრონულ აუქციონზე, კურორტის აღდგენა-განვითარების პირობით გაიტანა. 12 ნაკვეთი, ჯამში, 66 ჰექტარი თავისი შენობებით და დამხმარე ნაგებობებით – ამ ქონების საწყისი გასაყიდი ღირებულება მთლიანობაში 38 მილიონი ლარი იყო.
განმეორებით აუქციონზე 12 სანატორიუმიდან სახელმწიფომ ვერცერთი გაასხვისა. 2023 წლის სექტემბერში სანატორიუმი „წყალტუბო“ გაიყიდა. ის საპრივატიზებო პირობების მიხედვით, შპს „გოლდენ თაუერსმა“ შეიძინა. დღეის მდგომარეობით გაყიდული სანატორიუმებიდან კი ყველაზე ძვირადღირებულია ყოფილი სასტუმრო „უშიშროება“, რომელიც 6 886 კვადრატულ მეტრ შენობას და 250 768 კვადრატულ მეტრ მიწას აერთიანებს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წყალტუბოში პირდაპირი წესით გაასხვისა კიდევ 2 სანატორიუმი, მათი აღდგენის პროცესი ჯერ დაწყებული არ არის.