მთავარი,სიახლეები

რატომ ეუბნებიან საქართველოში დაოჯახებულ უცხოელებს ბინადრობაზე უარს – ინტერვიუ

24.05.2026
რატომ ეუბნებიან საქართველოში დაოჯახებულ უცხოელებს ბინადრობაზე უარს – ინტერვიუ

„ბინადრობაზე სრულიად დაუსაბუთებლად უარს გვეუბნებიან“, – ამბობენ უცხოელები, რომელსაც საქართველოში ბინადრობაზე უარს ეუბნებიან. იმიგრანტების თქმით, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობენ, სწავლობენ, ან მუშაობენ, ბინადრობის მიღება გართულდა.

„ოცნების“ მთავრობა ბინადრობაზე უარს ეუბნება, მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, შვილიც საქართველოში შეეძინათ და უკვე რამდენიმე წელია ოჯახი ბათუმში ბიზნესითაა დაკავებული.

ბინადრობაზე უარი უთხრეს სუდანელ სტუდენტსაც, რომელსაც ბათუმში სამედიცინო განათლება მიუღია და ექიმის თანაშემწედ უკვე დასაქმდა. სუდანელმა სტუდენტმა გვითხრა, რომ წელს ასრულებს სწავლას, ამასობაში, ქართული ენა კარგად ისწავლა და აქ სურს რამდენიმე წლით ცხოვრება, მაგრამ ამის საშუალებას მთავრობა არ აძლევს.

ვის არ აძლევს მთავრობა ბინადრობის ნებართვას? – ამ სფეროში მომუშავე ადვოკატი, საბა სუთიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბოლო პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებს სახელმწიფო უწყებები არ აწვდიან, ბინადრობის მიღმა დარჩენილი უცხოელების სხვადასხვა საქმეში კი, მაგალითად, ვერ ნახავთ რუსეთის მოქალაქის საქმეს.

„ბათუმელებმა“ საბა სუთიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ადვოკატია:

  • ბატონო საბა, ძირითადად რის გამო ეუბნებიან ბოლო დროს უარს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინადრობაზე? ჩვენ გვესაუბრა სუდანელი სტუდენტი, რომელიც უკვე დასაქმებულია ერთერთ კლინიკაში. ასევე ვიცით თურქეთის მოქალაქის შესახებ, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, შვილი და წლებია მცირე ბიზნესი აქვს ბათუმში… 

ჩვენ ყოველწლიურად ვითხოვთ სტატისტიკურ ინფორმაციას ბინადრობის ნებართვების გაცემის შესახებ. 2024 და 2025 წლების შესახებ ზოგადი სტატისტიკური მონაცემიც არ მოგვაწოდეს: რამდენ უცხოელს უთხრეს უარი ბინადრობაზე საქართველოში. 2023 წელს კი, ბინადრობა მოუთხოვია 39 442 უცხოელს, მათგან 32 845 დაკმაყოფილდა, 5159 არ დაკმაყოფილდა, 1244 – განუხილველი დარჩა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი სასამართლო პროცესებზე აცხადებს, რომ შესული განცხადებების დიდი ნაწილი კმაყოფილდება. ხშირ შემთხვევაში, როცა უცხოელებს უარს ეუბნებიან ბინადრობის ნებართვაზე, არის ეს ე.წ. უსაფრთხოების საფუძველი. სამწუხაროდ, არ გვაწვდიან ჩაშლილ სტატისტიკას, რათა გავიგოთ, რომელი ქვეყნების მოქალაქეებს ეუბნებიან უარს, რომ შედარების საშუალება გვქონდეს, რომელი ქვეყნების მოქალაქეები იღებენ ყველაზე ხშირად უარს.

ჩვენ ვიკვლევთ: რომელიმე კატეგორიის ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ხომ არ ხდება, რაღაც ნიშნით ხომ არ არის ათვალწუნებული რომელიმე ქვეყანა?

  • თქვენთან შემოსული საქმეები რას აჩვენებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს ეუბნებიან ყველაზე ხშირად უარს, მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებს აქვთ ბინადრობის პრობლემა

მე ბოლო 3 წელია ვმუშაობ TDI-ში და ბენეფიციარები, ძირითადად, გვყავს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან, ასევე ინდოეთიდან.

საბა სუთიძე

ძირითადად 2024 წელს დაიწყო ტენდენცია, როცა მასობრივად უუქმებდნენ უცხოელებს ბინადრობის ნებართვას. სტუდენტური და შრომითი ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთიდან, ნიგერიიდან, ინდოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს.

2024 წლის აგვისტოში დაიწყო ტენდენცია, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით ერთ დღეს გაუუქმეს, მაგალითად, 8 სტუდენტს ბინადრობა. ჩავეძიეთ ამ საკითხს და აღმოჩნდა, რომ თითოეული მათგანი მონაწილეობდა თბილისში, მუსლიმი სტუდენტების პარასკევის ლოცვაში. მაშინ ფეისბუკში გავრცელდა ლოცვის ამსახველი ვიდეო, როგორ ლოცულობენ „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში მუსლიმი სტუდენტები.

იქ დაიწერა ტექსტები, რომ „აი, შუაგულ თბილისში ეს ხდება.“

  • რა დაადგინა ამ საქმეებში სასამართლომ, რას აჩვენებს სასამართლოს პრაქტიკა ამ კუთხით

შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო პერსპექტივა არ არის მაინცდამაინც იმედის მომცემი.

მე რაც ვარ TDI-ში, ბოლო სამი წელია, ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებით მოვიგეთ მხოლოდ  ერთი საქმე, ისიც ნაწილობრივ. ეს იყო ინდოელი სტუდენტი გოგოს საქმე. დანარჩენი ყველა, ვისაც უარი უთხრეს, ბიჭები იყვნენ. გოგოსაც ჩაუწერეს „უსაფრთხოება“ და შრომითი ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრეს. ეს გოგო იყო სამედიცინო ფაკულტეტის დოქტორანტი და პარალელურად მუშაობდა.

მოსამართლემ გააუქმა სააგენტოს გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ ვითხოვდით ასევე სააგენტოს დავალდებულებას – გაეცა ბინადრობის ნებართვა, რაც სასამართლომ არ გააკეთა, არამედ მან სააგენტოს დაავალა საკითხის ხელახლა განხილვა. შემდეგ ამ გოგომ დატოვა საქართველო და სააგენტოს ხელახლა არ უმსჯელია ბინადრობის საკითხზე.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ უარს ძირითადად ედება საფუძველი „უსაფრთხოება“, რაც არის საიდუმლო ინფორმაცია: რის საფუძველზე მიიჩნია სუსმა კონკრეტულ შემთხვევაში, რომ არსებობს უსაფრთხოების გამო უარის თქმის საფუძველი? – ეს საფუძველი სააგენტომაც არ იცის, რომელიც ნებართვას გასცემს. სააგენტო ბინადრობის ნებართვის გაცემამდე ითხოვს ინფორმაციას სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის, სუსიდან.

რეალურად, რას უთითებს სუსი კონკრეტულ შემთხვევაში, ამას მხოლოდ მოსამართლე ეცნობა. მოსამართლემ უნდა შეაფასოს, რამდენად კანონიერად უთხრეს უარი უცხოელს ბინადრობაზე.

მაგალითად, იმ საქმეზე, როცა მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლემ არაფორმალურ საუბარში აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე საუბარი არასერიოზული იყო. არ გამოვრიცხავ იმას, რომ საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს სუს-ში, უბრალოდ რაღაც კატეგორია შეიძლება ჰქონდეთ მონიშნული და შემდეგ იყენებენ შაბლონს, აი, სახელმწიფო უსაფრთხოების გამო გეუბნები უარს.

მე მუდმივად მიწევს სასამართლო პროცესებზე იმის თქმა, რომ საეჭვოა, ქვეყანაში სახელმწიფოსთვის საფრთხის გამომწვევი ამდენი ადამიანი იყოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კანონის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებთან წინააღმდეგობა მოიცავს მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც:

  • პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
  • არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე:
  • საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
  • სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;
  • ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
  • ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან [მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან].

ამიტომაც, ჩნდება ეჭვი, რომ ბოროტად იყენებენ სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველს.

  • რეალური მოტივაცია რა შეიძლება ჰქონდესოცნებას“? 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის მიგრაციის კონტროლის ერთ-ერთი საშუალება – კონკრეტული, არასასურველი ქვეყნების წარმომადგენლები არ დარჩნენ ქვეყანაში.

არაა გამორიცხული კორუფციული ინტერესიც, რომ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების „მოგვარების“ სანაცვლოდ, უცხოელებთან კორუფციულ გარიგებაში შესვლას ცდილობდნენ. რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთმა ადვოკატმა ასეთი საქმის გამოძიების მოთხოვნით განცხადება და შესაბამისი მტკიცებულებები პროკურატურასაც წარუდგინა.

კიდევ ერთი ტენდენცია მინდა გამოვყო: უცხოელი ჟურნალისტები. ეს ტენდენციაც 2024 წლიდან იკვეთება – ევროპელ ჟურნალისტებს არ უშვებენ საქართველოში, ან უუქმებენ ბინადრობას. მხოლოდ 7 ასეთი საქმეა ჩვენს ორგანიზაციაში.

ამ ჟურნალისტებს შორის არის შემთხვევა, როცა საფრანგეთის მოქალაქე, ასევე ლიეტუვის მოქალაქე დაოჯახებულია საქართველოს მოქალაქესთან. მათ გაუუქმეს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების საფუძველზე ამ უცხოელ ჟურნალისტებს ჰქონდათ მუდმივი ბინადრობა. ეს საქმეები სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

საგრძნობია, რომ ჟურნალისტები და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები „ოცნების“ განსაკუთრებული სამიზნეა.

  • უცხოელები, რომლებიც ჩვენ დაგვიკავშირდნენ სკეპტიკურად უყურებენ სასამართლოში ბინადრობაზე უარის გასაჩივრებას. თქვენ რას ეტყოდით

ერთადერთი სამართლებრივი გზა არის სასამართლოში გასაჩივრება. რა თქმა უნდა, სჯობს, რომ გაასაჩივრონ უარი. თუნდაც წარუმატებელი იყოს საქმე, სამართლებრივი გზა უნდა სცადონ ბოლომდე. საერთოდ რომ არ ასაჩივრებ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეტენზია არც გაქვს.

ამასთან, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს სასამართლოში არ არის კარგი სიტუაცია და სასამართლო მთავრობის მხარის დაჭერას არჩევს ყოველთვის. მით უმეტეს, ამ ტიპის საქმეებში, მარტივად შეიძლება „გამოძვრეს“ მოსამართლე – გეტყვის, რომ სუსმა თითქოს მიაწოდა დასაბუთება.

იცით დღეს არსებული პრობლემები, როგორ ქრებიან და სუსტდებიან დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ადვოკატი გვყავს, ვინც მუშაობს სასამართლოში მსგავს საქმეებზე, თუმცა გვაქვს სამართლებრივი კონსულტაციების გაწევის საშუალება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: