რატომ მუშაობენ ბათუმის საჯარო სკოლები 2 და 3 ცვლაში 

ბოლო წლებში ბათუმში მოსწავლეთა რაოდენობა გაორმაგდა. მაგალითად, თუ ათი წლის წინ ბათუმის საჯარო სკოლებში 1 668 პირველკლასელი სწავლობდა, 2022 წლისთვის, მხოლოდ საჯარო სკოლებში, 3 340 პირველკლასელი სწავლობს.

ქალაქში დიდი ხანია აღარ არსებობს ერთცვლიანი სკოლა. უფრო მეტიც, გადატვირთული კონტინგენტის გამო, ზოგიერთ სკოლას სამ ცვლაშიც კი უწევს სწავლა.

პედაგოგები ჩივიან, რომ არაფორმალური განათლებისთვის სკოლაში სივრცე აღარ დარჩა და ცარიელი ოთახის პოვნა ჭირს რაიმე აქტივობის ჩასატარებლად.

ბოლო წლებში ბათუმში რამდენიმე სკოლა დაანგრიეს, მათ შორის მე-3 სკოლა ძველ ბათუმში, მე-6 სკოლა რუსთაველის ქუჩაზე, ავარიულობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა მე-16 სკოლაშიც. ახალი სკოლები, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ფაქტობრივად არ შენდება.

განათლების სამინისტრო ცდილობს გადატვირთულ სკოლებს ახალი კორპუსები, ეზოების ხარჯზე დაუმატოს.

ასე მოხდა მაგალითად ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც ერთი კორპუსი დაემატა და შემცირდა ეზო, [დღევანდელ] მე-6 საჯარო სკოლაშიც ეზოს ხარჯზე დაემატა ახალი კორპუსი. ასევე, კორპუსი ემატება ბათუმის მე-15 სკოლასაც.

მოსწავლეთა რაოდენობა ბათუმის სკოლებში ბოლო წლების მიხედვით

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აშენდა ფიზიკა-მათემატიკის (კომაროვის სკოლა) ბათუმში და 28-ე სკოლის დაწყებითი განათლების შენობა.

რაც შეეხება სრულიად ახალ სკოლებს, როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, სამომავლოდ მხოლოდ ორი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი ბათუმში.

ერთი სკოლა, თავდადებულის ქუჩაზე, ყოფილი პროფესიული სასწავლებლის ადგილზე აშენდება და 1400 მოსწავლეზეა გათვლილი, შენობა სამსართულიანი იქნება.

მეორე სკოლა მე-16 სკოლის ბაზაზე უნდა აშენდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სკოლას უკვე ისედაც ჰყავს თავისი კონტინგენტი და ახალი მოსწავლეების გაზრდილ ნაკადს მაინც ვერ მიიღებს.

სანამ ახალი სკოლა აშენდება, მე-16 სკოლის მოსწავლეები მე-10 საჯარო სკოლის შენობაში ისწავლონ, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

„ჩვენი ძველი სკოლა, 650 ბავშვზე იყო გათვლილი, თუმცა სკოლაში ათასამდე ბავშვი სწავლობდა. შესაბამისად, შენობა არ იყო საკმარისი“, – გვეუბნება თამთა კვარაცხელია, რომელიც გარკვეული წლები ამ სკოლაში დირექტორად მუშაობდა.

მისი თქმით, ორცვლიანი სკოლის პრაქტიკა თითქმის არცერთ ქვეყანაში არ გვხდება საქართველოს გარდა და ამის მიზეზი სკოლების ნაკლებობა და სოფლიდან ქალაქში მაღალი მიგრაციაა.

„ცოტა ხნის წინ 28-ე სკოლაში ვიყავი და იქ მითხრა დირექტორმა, რომ წელს პირველად დავამატეთ მესამე კლასიო, რაც აქამდე არასდროს არ გვყოლიაო.

ვიფიქრე, ალბათ შობადობა გაიზარდა ქალაქში და ეს აისახა კონტინგენტის ზრდაზე-მეთქი, მაგრამ ასე არ არის, ძირითადად სოფლებიდან ხდება მოსახლეობის მიგრაცია და ამის ხარჯზე იზრდება ქალაქის სკოლების კონტინგენტიც.

კი, უმატებენ კორპუსებს ძველ სკოლებს, მაგრამ განტვირთვა მაინც არ ხდება, რადგან კორპუსს რომ უმატებენ, კლასებსაც უმატებენ.

იმ სკოლების რაოდენობაც გაიზარდა უკვე, სადაც 2 000-ზე მეტია მოსწავლე“, – ამბობს თამთა კვარაცხელია, რომლის თქმითაც ყველაზე მეტად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული სკოლებია გადატვირთული.

სამაგიეროდ, სოფლებში იზრდება ისეთი სკოლების რიცხვი, სადაც პირველკლასელი უკვე რამდენიმე წელია აღარ მიუღიათ, ან თითო-ოროლა ჰყავთ.

ხვალ შეიძლება ციხეში შემაბრუნონ საკონსტიტუციოს გულგრილობის გამო – ყოფილი პატიმარი

მოქალაქე ლეონიდე მიქაბერიძე ყოფილი პატიმარია, რომელიც პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და ამავდროულად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ელის. მუხლი [პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია], რომლის მიხედვითაც მის დასჯას ითხოვს პროკურატურა, ლეონიდემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. მისი აზრით, სასჯელი, რასაც ეს სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს, ანტიკონსტიტუციურია.

ყოფილი პატიმრის სარჩელის განხილვა სკონსტიტუციომ ორნახევარი წლის წინ – 2020 წლის ივნისში დაასრულა, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ხვალ არის ბოლო სხდომა ჩანიშნული ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მხოლოდ დასკვნითი სიტყვა დაგვრჩა სათქმელი. შესაძლებელია, რამდენიმე დღით გადადოს განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. შესაძლოა, ხვალ მე ისევ შემაბრუნონ ციხეში,“ – ამბობს ლეონიდე მიქაბერიძე. მას საკონსტიტუციო სასამართლოში არავინ უპასუხა, რატომ არ მიიღეს ამ დრომდე გადაწყვეტილება მუხლზე, რის გამოც ის შეიძლება ისევ დააპატიმრონ.

ყოფილი პატიმარი ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაზე, სადაც პრიორიტეტი ენიჭება საქმეებს, რომელიც ადამიანის თავისუფლებაში შესაძლო ჩარევას ეხება.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო მუხლს, ამ მუხლით ლეონიდე მიქაბერიძეს ვეღარ დასჯიან.

„რადგან საკონსტიტუციოს მივმართე, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არაკონსტიტუციურად მიმაჩია და გვეხება ჩვენ… პროკურატურა მთავაზობდა საპროცესოს, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ. მაშინ რა გამოდის, რისთვის მივმართე საკონსტიტუციოს?“ – კითხულობს ყოფილი პატიმარი, რომელიც იურისტი არ არის, მაგრამ ციხეში ყოფნის დროს კანონებს გაეცნო და დამოუკიდებლად დაწერა სარჩელიც.

ლეონიდე მიქაბერიძე პატიმრობის დროს ხშირად აპროტესტებდა ციხის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას სასამართლო დავაც აქვს მოგებული სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ.

ლეონიდე მიქაბერიძე 1 წლის და 9 თვის წინ დატოვა საპატიმრო დაწესებულება, იგი 6 წელიწადი და 4 თვე იყო ციხეში.

მუხლი, რის საფუძველზეც ლეონიდე მიქაბერიძეს ბრალი აქვს ამჯერად წარდგენილი, 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას გამოძიება ციხის უფროსის მოადგილესთან ჩხუბს ედავება.

ლეონიდე მიქაბერიძის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მას სამ ეპიზოდში ედავება დანაშაულის ჩადენას პროკურატურა. პირველ შემთხვევაში, გამოძიების ვერსიით, საპატიმრო დაწესებულებაში ლეონიდემ კონტროლიორს სახეში ხელი დაარტყა, მერე ეპიზოდის მიხედვით, პატიმარმა ბათუმის ციხის უფროსის მოადგილე ბექა გაგნიძეს დაარტყა სახეში, ხოლო მესამე ეპიზოდში ლეონიდე მიქაბერიძემ ინსპექტორს ელექტრო მადუღარადან შეასხა ცხელი წყალი.

ლეონიდე მიქაბერიძე ბრალს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ კრიტიკული დამოკიდებულებების გამო სჯიან. მისი ხელნაწერი სარჩელი თავდაპირველად საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო, თუმცა „ბათუმელებში“ პატიმრის მორიგი წერილის გაშუქების შემდეგ პროცესში საია ჩაერთო.

საკონსტიტუციო სასამართლო არ განმარტავს, რატომ არ იღებს გადაწყვეტელბას იმ საქმეზე, როცა სადავო მუხლით შეიძლება ადამიანი დააპატიმრონ. ცნობილია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე სასამართლო წლობით აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღებას, მაგალითად, „ფარული მოსმენების საქმე“, ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, როცა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილი ინსპექტორის ჩამოშორება გადაწყვიტა.

„ფარული მოსმენების საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლო უკვე სამწელიწად-ნახევარია ვერ, ან არ იღებს გადაწყვეტილებას. სამოქალაქო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, ბოლო დღეს განიხილა და არ დააკმაყოფილეს მოსამართლეებმა ასევე „სახელმწიფო ინსპექტორის საქმეზე“ სადავო ნორმის შეჩერებაზე შუმადგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სადავო ნორმის შეჩერების შემთხვევაში, აზრი არ დაეკარგებოდა, რას გადაწყვეტენ მოსამართლეები ახლო, ან შორეულ მომავალში. ამ საქმეზე განსხვავებული აზრი პირველი კოლეგიის მოსამართლეებს შორის მხოლოდ მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ დააფიქსირა.

ლეონიდე მიქაბერიძის საქმეზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ უნდა მიიღოს: [თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი].

ყოფილი პატიმარი კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ გვიყვება:

„პასპორტის და პირადობის გარეშე ვარ დარჩენილი. როცა ციხიდან გამოვდიოდი, პროკურორმა მოითხოვა პატიმრობის შეფარდება, მაგრამ მოსამართლემ გამათავისუფლა 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე, ასევე დამატოვებინეს პირადობა, რომ ქვეყანა არ დავტოვო, მაგრამ ვერსად ვიწყებ სამსახურს, სამედიცინო სერვისის მიღებაც პრობლემაა, ყველაფერი პრობლემაა, როცა პირადობა არ გაქვს, თითქმის 2 წელია დავტოვე ციხე, რომელ რეაბილიტაციაზე ამ დროს საუბარი,“ – აღნიშნა ლეონიდე მიქაბერიძემ „ბათუმელებთან“.

„ეს საკითხი დასარეგულირებელია და არის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა,“ – ამბობს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე. მისი თქმით, ხშირია მსგავსი პრობლემა, როცა გირაოს საფუძველზე თავისუფლდება ბრალდებული, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეების განხილვა წლობითაც შეიძლება, ხოლო ბრალდებული ეს პერიოდი პირადობის მოწმობის გარეშე რჩება.

„შესამუშავებელია, რა უნდა იყოს რეგულაცია. შესაძლებელია, გამომძიებელმა გასცეს დროებითი ცნობა ისე, რომ ქვეყნის დატოვება ბრალდებულმა ვერ შეძლოს. მიზანი ესაა და არა ის, რომ, მაგალითად, ბრალდებული ვერ დასაქმდეს, ან სხვა აქტივობაში ჩართვა ვერ შეძლოს. ეს საკითხი მოსაგვარებელია,“ – ამბობს საიას იურისტი პაატა დიასამიძე.

ყოფილი პოლიციელი აჭარის პოლიციის უფროსს უჩივის: „ეს სამოხელეო დანაშაულია“

ყოფილი პოლიციელი, რემზი შარაძე, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს პროკურატურაში უჩივის და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მიზეზი უნებართვო ავტოსადგურებია ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, საიდანაც მიკროავტობუსები ძირითადად თბილისის მიმართულებით მოძრაობენ ბილეთების, ბაქნის, მოსაცდელისა და ავტოსადგურისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე. ყოფილი პოლიციელის თქმით, პოლიცია კანონით განსაზღვრულ რეაგირებას არ ახდენს.

რემზი შარაძემ აჭარის მთავარ პროკურორს წერილით ოქტომბრის ბოლოს მიმართა და ახსნა, რატომ ხედავს სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, დავით მაღრაძის უმოქმედობაში.

„…როგორც მისი [დავით მაღრაძის] პასუხიდან გამოჩნდა, მან არ იცის, რომ ჩემს განცხადებაში მოყვანილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სამართალდარღვევის ოქმების დაწერა წარმოადგენს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს კომპეტენციას და არა ბათუმის მუნიციპალური ორგანოების შესაბამისი სამსახურების კომპეტენციას,“ – სწერს პროკურორს ყოფილი პოლიციელი და განმარტავს, რომ უკანონო ავტოსადგურზე რეაგირებას პოლიცია უნდა ახდენდეს განსაკუთრებით მაშინ, როცა მუნიციპალური ავტობუსების ხაზიც ხშირად მიკროავტობუსებს აქვთ საათობით დაკავებული.

„მინიმუმ 7 ასეთი უნებართვო ავტოსადგურია ბათუმში. აქ არ იყიდება ბილეთები, ეს ერთი პრობლემაა, მეორეა, რომ არც ჯარიმები იწერება და არ ხდება შესაბამისი რეაგირება,“ – განმარტავს რემზი შარაძე.

პროკურატურაში წერილის გაგზავნამდე რემზი შარაძეს ყოფილი უფროსისთვისაც მიუწერია.

„მიუხედავად ჩემი განცხადებისა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარმა სამმართველომ და ხელმძღვანელობამ არავითარი რეაგირება არ მოახდინეთ… მაღალი ალბათობით თქვენ, მთავარი სამმართველოს სხვა ხელმძღვანელობამ და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სხვა პოლიციელებმა ჩაიდინეთ სსკ-ით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულებები,“ – წერს რემზი შარაძე.

„არავითარი პრევენციული ზომები აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ ზემოთ აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით არ გატარებულა…

წერეთლის ქუჩის ორივე მხარესროგორც პლაზის მიმდებარედასევე თბილისის მოედნის მიმდებარედ, ავტობუსების გასაჩერებელ ყვითელი ხაზებით მონიშნულდგილებში და ქვეითთა გადასასვლელებზე საათობით მდგარი ტაქსებისმიკროავტობუსების და სხვა ავტომანქანების მძღოლების მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და ჩემს წინა განცხადებაში დასახელებულ სხვა ქუჩებში მოქალაქეებისა და მძღოლების მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით,“ – აღნიშნავს რემზი შარაძე პროკურატურისთვის მიმართულ წერილში.

პროკურატურის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, რა რეაგირება მოჰყვა რემზი შარაძის მიმართვას.

ბათუმის მერიამ რამდენჯერმე დააანონსა ქალაქში უნებართვო ავტოსადგურების მოშლა. ბოლოს ასეთი დაპირება 2019 წელს ბათუმის მაშინდელმა მერმა, ლაშა კომახიძემ გასცა, თუმცა არაფერი შეცვლილა.

უნებართვო ავტოსადგური წერეთლის ქუჩაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

——————-

რემზი შარაძე 27 წელი მუშაობდა შსს-ში. 2019 წელს ის უბნის ინსპექტორი იყო ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოიგო იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. ამ დავის შედეგად ანტიკონსტიტუციურად არის მიჩნეული განმეორებით აუქციონზე ქონების გატანის წესი.

ქონების აუქციონზე გატანის წესი იუსტიციის მინისტრის ბრძანებაშია გაწერილი, რომლის მიხედვითაც, თუ ქონება პირველ და განმეორებით აუქციონზე ვერ გაიყიდა, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. ამ დროს ქონების საწყისი ფასი 0 ლარია. „ეს არის ელიტური კორუფციის შესაძლებლობა,“ – ამბობდა მაშინ უბნის ინსპექტორი. იმის მიუხედავად, რომ მისი ბინები აუქციონზე გაყიდეს [ერთი ბინა 43 500 ლარად, მეორე – 16 500 ლარად], მას ბანკისთვის ისევ დარჩა ფული გადასახდელი – აუქციონიდან მიღებულმა შემოსავალმა სესხი სრულად ვერ დაფარა.

საპენსიო ასაკს მიღწევის შემდეგ რემზი შარაძემ შსს დატოვა. ამჟამად იგი ადვოკატად მუშაობს.

შუახევის სკოლა-პანსიონი შესაძლოა გაუქმდეს

დაბა შუახევში არსებული საჯარო სკოლა-პანსიონი შესაძლოა დაიხუროს.

პანსიონით შუახევის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 10 ბავშვი სარგებლობდა პანდემიამდე, თუმცა საჯარო სივრცეებში სასწავლო პროცესის განახლების მიუხედავად, პანსიონი ამ ბავშვებისთვის აღარ გახსნილა.

„გაუქმებაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო და პარლამენტსაც აქვს მიღებული დადგენილება, რომ პანსიონური ტიპის სწავლება აღარ უნდა იყოს და ნელ-ნელა ბავშვები ოჯახურ გარემოში უნდა გადავიდნენ.

თუმცა აჭარაში ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა  და არ გაუქმებულა პანსიონი. პანდემიის პერიოდში შეჩერებული იყო ღამისთევა და კვება, რომელიც ჯერ აღდგენილი არ არის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ გოგრაჭაძემ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სკოლიდან შორს მცხოვრებ ბავშვებს ტრანსპორტი ემსახურება და პანსიონის საჭიროება აღარ დგას.

სოციალურად დაუცველი ბავშვების შემთხვევაში, სახელმწიფოს პოლიტიკა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნაც არის ის, რომ ბავშვი ოჯახურ აღზრდაში გადავიდეს და არა პანსიონში.

„ჩვენთან სოციალური პრობლემა არ იყო, უფრო გეოგრაფიული პირობების გამო ცხოვრობდნენ ბავშვები აქ, რადგან შორი სოფლებიდან მოდიოდნენ სკოლაში“,- ამბობს გოგრაჭაძე.

მისი თქმით, ბესელაშვილებში, თერნალში, გუნდაურსა და კიდევ რამდენიმე სოფელში, სადაც სკოლები არ არის, ბავშვებს დაბის სკოლაში უწევთ სწავლა.

გოგრაჭაძის თქმით, პანსიონში დასაქმებულ პირებს ხელფასი მაინც ერიცხებათ, „რადგან ჩვენ ამ ეტაპზე ამ შენობაში შუახევის დაბის სკოლა გვაქვს განთავსებული – სასწავლო პროცესი ამ შენობაში მიმდინარეობს. შესაბამისად, თანამშრომლები, იქნება ეს დამლაგებელი თუ სხვა პერსონალი, თავიანთ ფუნქციას ასრულებენ და არც ხელფასი შესჩერებიათ“.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დაბა შუახევის საჯარო სკოლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა.

„უკრაინამ ჩვენი მიწები დაიპყრო“ – რას უყვებიან რუსებს კრემლის პროპაგანდისტები

თუკი ხერსონიდან ჯარების გაყვანის შემდეგ რუსული პროპაგანდა გენერალ სუროვიკინის ამ ნაბიჯის გამართლებას ცდილობდა, ვლადიმირ სოლოვიოვის მორიგ გადაცემაში ის და მისი სტუმრები უკვე იმაზე მსჯელობენ, როგორ უნდა დაიბრუნოს რუსეთმა „უკრაინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები“.

ხერსონს, ზაპოროჟიეს, დონეცკსა და ლუგანსკს ისინი სწორედ რუსეთის მიწებს უწოდებენ, მიწებს, რომლებიც უკრაინამ დაიპყრო.

„ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, ზაპოროჟიე, ლუგანსკი, ხერსონის ოლქი. და სად არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია? სად არის? სად არიან მისი ჯარები?“ – კითხულობს გადაცემის წამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი და გულისხმობს დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელსაც ახლა 6 წევრი ჰყავს – რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

„და რუსეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დააყენა ეს საკითხი?,“ – მორიგ კითხვას სვამს ვადიმ გიგინი, ბელარუსის ტელევიზიის წამყვანი, რასაც კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა უპასუხა: „და იცი, რას უპასუხებს ეშმაკურად ორგანიზაცია? როდესაც ჩვენ ამ შეთანხმებას ვაფორმებდით, მაშინ რუსეთის ტერიტორია სხვა იყო“.

საბოლოოდ, ვლადიმირ სოლოვიოვის დასკვნით, დგება საკითხი – რა საჭიროა საერთოდ მსგავსი ორგანიზაცია, თუკი „როცა მათ სჭირდებათ, ყველაფერი შეიძლება“ და როდესაც რუსეთს სჭირდება, არ შეიძლება.

გადაცემის კიდევ ერთი სტუმრის, პოლიტოლოგ სერგეი კურგინიანის აზრით, რუსეთი დღეს სრულ მარტოობაშია და ჰყავს მეზობლები, რომლებიც „მადიანად უყურებენ მის ტერიტორიებს და ყველაფერს, რაც მას აქვს“.

კურგინიანის აზრით, ის ფაქტი, რომ დღეს მათი ქვეყანა აღარაა იმხელა, როგორიც რუსეთის იმპერიის ან საბჭოთა კავშირის დროს იყო, მოსკოვს „დამარცხების უფლებას არ აძლევს“.

თუ ყველაფერი ასე შესანიშნავადაა, მაშინ რატომ ვიხევთ უკან ტერიტორიიდან, რომელიც უკვე რუსეთის ფედერაციის ნაწილია? ესე იგი, ყველაფერი ეგრე შესანიშნავადაც არაა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე ცუდადაა, როგორც ამის წარმოჩენას უკრაინელი მტერი და დასავლეთის მედიასაშუალებები ცდილობენ?

ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ეს სახელმწიფო, ჩვენთვის ძალიან საყვარელი და უზომოდ ძვირფასი სამშობლო,  მხოლოდ განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად. ჩვენ გარშემო გვყავს ხალხი, მეზობლები, რომლებიც მადიანად უყურებენ ჩვენს ტერიტორიას და ყველაფერს, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვე გვაქვს და ბევრი ასეთი პრობლემა, ჯანდაბა, მაგრამ ჩვენ ახლა არც ისე ბევრნი ვართ,“ – ამბობს კურგიანიანი.

ვლადიმირ სოლოვიოვის მტკიცებით, დღეს არსებული ვითარებიდან მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს – ან რუსეთი ამ ომს მოიგებს, ან მსოფლიო ქაოსში ჩაინთქმება.

„მშობლიური ხერსონი, მშობლიური ზაპოროჟიე ჯერ გათავისუფლებული არაა. მშობლიური დონეცკი, ლუგანსკში პატარა მონაკვეთია, მაგრამ მაინც. ეს შეუძლებელია“ – ამბობს სოლოვიოვი და საზოგადოებას იქვე სთავაზობს „დაკარგული“ ტერიტორიების დაბრუნების გზას:

„ჩვენ მოგვიწევს ხერსონში დაბრუნება და არამხოლოდ ხერსონში. უკრაინის გათავისუფლება აუცილებლად მოგვიწევს, მაგრამ ეს რომ შესაძლებელი გახდეს, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს შეცდომებზე; მთელი დატვირთვით უნდა ავამუშაოთ ჩვენი წარმოება; უნდა გავიაზროთ, ვისი ბრალია ეს შეცდომები; უნდა გავიაზროთ, როგორ გამოვასწოროთ ისინი; მოვემზადოთ და გადავჭრათ ამოცანა, რომელიც უმაღლესმა მთავარსარდალმა დაგვიყენა. ამიტომ ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ის ტრაგედია, რაც ხერსონში მოხდა, რაიმე გარიგების ნაწილია, ღალატის… არა, არა. ეს ურთულესი გამოცდაა. არანაირი გარიგება არ არის. ჩვენთან შეთანხმებას არავინ აპირებს და ჩვენ ხომ ნამდვილად არ ვაპირებთ ვინმესთან შეთანხმებას. ჩვენი მიწები მტერს უკავია. ჩვენს ისტორიაში პირველად, 1944-1945 წლების შემდეგ, ჩვენი მიწები ოკუპირებულია“.

 

___

ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის არმია 11 ნოემბერს შევიდა. 14 ნოემბერს ხერსონის ადმინისტრაციის შენობაზე აფრიალდა უკრაინული დროშა, რომლის აღმართვასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრო.

მანამდე, 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი ხერსონს ტოვებდა და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადადიოდა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უწყებების შეფასებით, რუსეთის სარდლობა იძულებული გახდა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, თავიდან აიცილა სამარცხვინო მარცხი, რადგან უკრაინელთა მიზანმიმართულმა და კარგად წარმოებულმა კამპანიამ მოსკოვს სრულიად მოუსპო დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მყოფი არმიის მომარაგების გზები და რუსეთის დანაყოფები, ფაქტობრივად, ალყაში მოაქცია.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში დაიკავა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი კი ჯერ კიდევ 2014 წელს, ისევე როგორც ყირიმი, რომლის ანექსიაც 2014 წელს მოხდა.

30 სექტემბერს კი ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის რუსეთთან შეერთების შესახებ გამოაცხადა და ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსია გააფორმა.

რუსული რაკეტები კიევში 2 საცხოვრებელ სახლს მოხვდა – ვიტალი კლიჩკო

უკრაინული მედია და საერთაშორისო რეპორტიორები კიევიდან იტყობინებიან, რომ ქალაქის ცენტრში ორი აფეთქების ხმა გაისმა.

ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსული რაკეტები პეჩერსკის რაიონში ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა.

„თავდასხმა დედაქალაქზე. წინასწარი ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა [რაკეტები]. საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. მედიკოსები და მაშველები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე“, – წერს კიევის მერი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ჩამოაგდეს ოთხი რაკეტა.

„ორი აფეთქება კიევში.

წინასწარი ინფორმაციით, 4 რაკეტა იქნა ჩამოგდებული, – კიევის სამხედრო ადმინისტრაცია“, – წერს გერაშჩენკო.

აფეთქების ხმები საჰაერო თავდაცვის სიგნალს მოჰყვა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი ოცეულის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათში ჩაირთო.

„ახლახან გავიგონე ორი აფეთქების ხმა ცენტრალური კიევიდან. საჰაერო თავდაცვას ჰგავდა. ხილვადობა ღრუბლის გამო შეზღუდულია“, – წერს კრისტოფერ მილერი, „ფაინანშალ თაიმსის“ რეპორტიორი კიევიდან.

აფეთქების შესახებ დეტალები ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. როგორც „როიტერსის“ რეპორტიორი იტყობინება, დედაქალაქის თავზე კვამლია.

„კიევში აფეთქებების ხმაა“

აფეთქების შესახებ ცნობების პარალელურად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრი ერმაკმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას რუსეთი ახალი სარაკეტო თავდასხმით პასუხობს.

„ვოლოდიმირ ზელენსკის ძლიერ სიტყვას G20-ის სამიტზე რუსეთი ახალი სარაკეტო თავდასხმით პასუხობს. ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ კრემლს მართლა უნდა მშვიდობა? მას მორჩილება სურს. მაგრამ საბოლოოდ ტერორისტები ყოველთვის აგებენ“, – წერს ანდრი ერმაკი

აფეთქებების შესახებ დაწერეს ლვოვისა და ხარკოვის მერებმაც. ისინი მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

როგორც უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, 15 ნოემბრის სარაკეტო თავდასხმის სამიზნეები არის: კიევი, კიევის რეგიონი, პოლტავა, მიკოლაევი, დნიპრო და ჩერნიჰივი.

___

მთავარი ფოტო: „უკრაინსკა პრავდა“

„ვაგნერმა“ სიკვდილით დასაჯა თავისი წევრი, რომელიც უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნდა

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრებმა გაიტაცეს და სიკვდილით დასაჯეს ყოფილი მსჯავრდებული, ევგენი ნუჟინი, რომელიც მანამდე უკრაინელთა ტყვეობაში იმყოფებოდა.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ნუჟინი თავის დროზე პირადად ევგენი პრიგოჟინმა გამოიყვანა რიაზანის გამოსასწორებელი კოლონიიდან. ომში გაგზავნის შემდეგ კი ის უკრაინელთა ტყვეობაში აღმოჩნდა, უკრაინის მხარეს ბრძოლის სურვილი გამოთქვა და უკრაინელ ჟურნალისტს ინტერვიუც მისცა.

ინტერვიუში ნუჟინი პუტინს აკრიტიკებდა.

წინასწარი ინფორმაციით, ნუჟინი გაცვალეს, რის შემდეგაც ის ხელახალ „ტყვეობაში“ აღმოჩნდა – ამჯერად „ვაგნერელებთან“, რომლებმაც მას თავი უროთი გაუხეთქეს და ეს ვიდეოზე გადაიღეს.

„უნიანი“ წერს, რომ ასეთი ფორმით დასჯა „ვაგნერელებისთვის“ ჩვეული ამბავია და ის მანამდე სირიაშიც გამოუყენებიათ.

ვიდეო „ვაგნერთან“ დაკავშირებული რუსული ტელეგრამარხებით გავრცელდა. ამას ახლდა მინაწერი, რომ „მოღალატემ ჭეშმარიტად ვაგნერული სასჯელი მიიღო“.

ომში წასვლამდე ევგენი ნუჟინი სასჯელს რამდენიმე ბრალდებით იხდიდა – მკვლელობა, სხვისი ქონების განადგურება, ხულიგნობა და გაქცევის მცდელობა.

მთავარ ფოტოზე: ევგენი ნუჟინი უკრაინაში ტყვეობისას/სქრინი ვიდეოდან

სამტრედია-ლანჩხუთის გზა სოფელ ვაზისუბანთან 30 ნოემბრამდე ჩაიკეტა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე [სოფელი ვაზისუბანი], მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სავალი ნაწილი იქნება ჩაკეტილი.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი მდინარე ხევისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

აღნიშნული სამუშაოების გამო საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ გზაზე.

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის ახალი, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, ინფორმაცია ნახეთ ამ ბმულზე:

ამავე თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

Google Pay, მარტივი და უსაფრთხო გადახდები ბაზისბანკის Mastercard-ით

ბაზისბანკი, დღეიდან, მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდების ინსტრუმენტის – Google Pay-ს მხარდაჭერას იწყებს, რომელიც სრულად ცვლის მობილურ გადახდებს და ხდის მას უფრო მარტივს და უსაფრთხოს, როგორც Android, ასევე WearOS მოწყობილობებზე.

ბაზისბანკის Mastercard ბარათის მფლობელებს უკვე შეუძლიათ შეინახონ სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet ციფრულ საფულეში, რომელიც უკონტაქტო გადახდებს ნებისმიერ ადგილას ახორციელებს, სადაც ტერმინალით გადახდაა შესაძლებელი.

Google Pay-ის გამოყენება დაფუძნებულია უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე. როდესაც ბარათის მფლობელი ამატებს მას Google Wallet-ში, არ ხდება მისი შენახვა მოწყობილობაზე ან Wallet-ის სერვერებზე. ბაზისბანკის Mastercard ბარათით ანგარიშსწორებისას, გარიგება ხორციელდება ბარათის უნიკალური ნომრის გამოყენებით, რაც ასოცირდება უსაფრთხოების დინამიურ კოდთან და იცვლება თითოეული ტრანზაქციის დროს, რომელიც  თაღლითობისგან დაცვის დამატებით დონეს უზრუნველყოფს.

იმ შემთხვევაში, თუ Google Pay-ის მომხმარებლის მობილური ტელეფონი დაიკარგა ან მოიპარეს, „იპოვე ჩემი მოწყობილობის“ მარტივი ფუნქციის გამოყენებით, ნებისმიერი ადგილიდან, მყისიერად დაიბლოკება მოწყობილობა. მომხმარებელს შეეძლება დაიცვას ახალი პაროლით ან  სრულად გაასუფთავოს იგი პირადი ინფორმაციისგან.

„Google Pay უზრუნველყოფს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გზას მომხმარებლებისთვის 45-ზე მეტ ქვეყანაში, რათა გადაიხადონ თავიანთი Android ტელეფონით ან WearOS მოწყობილობით. მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად დაამატონ თავიანთი სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet app-ში და იგრძნონ, რომ შენაძენის განხორციელებისას მათი ფინანსური ინფორმაცია დაცული და უსაფრთხოა.“ – განაცხადა Google Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა, ჯენი ჩენგმა.

„მოხარული ვარ, რომ დღეიდან ბაზისბანკის Mastercard ბარათების მფლობელები სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო საგადახდო სისტემა Google Pay-ით ისარგებლებენ. დღესდღეობით სმარტფონებს აქტიურად ვიყენებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას, ბარათის თან არქონის შემთხვევაში კი Google Pay-ით გადახდა ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა“  – აღნიშნა ბაზისბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა, ლევან გარდაბხაძემ.

Google Pay-ის დაყენება მარტივია. ბაზისბანკის Mastercard ბარათის Google Pay-ით გამოყენების დასაწყებად, ჩამოტვირთეთ Google Wallet დღესვე Google Play Store- დან.

უკრაინას არარეალისტური და არაადეკვატური მოთხოვნები აქვს – ლავროვი

G20-ის სამიტზე მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არარეალისტურ მოთხოვნებს აყენებს და სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს ამბობს.

„უკრაინული მხარე კატეგორიულად ამბობს უარს ნებისმიერ მოლაპარაკებებზე და ისეთ მოთხოვნებს აყენებს, რომლებიც ამ სიტუაციაში ცხადად არარეალისტური და არაადეკვატურია. ჩვენ, ჩვენი პრეზიდენტის პირით, არაერთხელ დავადასტურეთ რომ, ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე. თუ ამაზე ვინმე ამბობს უარს – ეს უკრაინაა. და რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს ამას, მით უფრო რთული იქნება რაიმეზე შეთანხმება,“ – განაცხადა ლავროვმა.

მედიის ცნობით, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ შეხვედრაზე იჯდა, რომლის მონაწილეებსაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.

ზელენსკიმ მსოფლიოს ლიდერებს უკრაინის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერა სთხოვა და დასძინა, რომ მისი აზრით, სწორედ ახლაა დრო, რომ რუსეთის დამანგრეველი ომი დასრულდეს.

„უკრაინას არ უნდა შესთავაზონ კომპრომისები საკუთარ სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიასთან და დამოუკიდებლობასთან. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და სიტყვის ხალხი ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ, რომელმაც თავისი გამოსვლისას არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის მიმართავდა G19-ის ლიდერებს და ამ ფორმით „დიდ ოცეულში“ რუსეთის ყოფნას გამორიცხავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინა არ მიიღებს არავითარ მოლაპარაკებას, შეთანხმებასა თუ კომპრომისს, ვიდრე ოკუპანტები რჩებიან ქვეყნის მიტაცებულ ტერიტორიებზე.

ვინ იყო სტეპან ბანდერა – გმირი თუ ნაცისტების კოლობარაციონისტი?

რუსეთმა სანქციები დაუწესა კანადის 100 მოქალაქეს, რომელთა შორის არიან კანადელი პოლიტიკოსები, უკრაინული წარმომავლობის პირები, მსახიობები ჯიმ კერი და კეტრინ ვინიკი და ცნობილი უკრაინელი ნაციონალისტის, სტეპან ბანდერას შვილიშვილი, სტივ (სტეფან) ბანდერა.

სტეპან ბანდერას სახელი და მისი გვარიდან შექმნილი ტერმინი – „ბანდერელები“ 24 თებერვლის შემდეგ არაერთხელ გაისმა. ვლადიმერ პუტინიცა და რუსი პოლიტიკოსებიც მას, როგორც წესი, იმის დასტურად და საჩვენებლად იყენებენ, რომ უკრაინას „ნეონაცისტები“ და ბანდერას „შთამომავლები“ მართავენ.

თუმცა ბანდერას წინააღმდეგობრივი ფიგურა უკრაინაში პოპულარული ამ ომამდე ბევრად ადრე იყო. უკრაინის საზოგადოების ნაწილისთვის ის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირია, მისი მოწინააღმდეგეები კი მიუთითებენ, რომ სწორედ ბანდერას ორგანიზაციის ნამუსზეა ათასობით პოლონელის, ებრაელისა თუ უკრაინელის სისხლი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სტეპან ბანდერა კიდევ ერთხელ გაიხსენა საერთაშორისო მედიამაც. „გმირი თუ ნაცისტების კოლობარაციონისტი?“ – ასე ჰქვია „დოიჩე ველეს“ სტატიას, რომელიც მკითხველს აცნობს, რატომაა ის უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურა.

„მის შესახებ წარმოდგენებში მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან სიმართლე, ნახევარსიმართლე და მითები“, – წერდა BBC 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „ოთხი მითი სტეპან ბანდერაზე“. მაშინ მისმა სახელმა უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გაიჟღერა.

სტეპან ბანდერა, რომელიც საბჭოთა უშიშროების აგენტებმა დასავლეთ გერმანიაში დაახლოებით 60 წლის წინ მოკლეს, სავარაუდოდ, დღემდე ყველაზე ცნობილი უკრაინელი ნაციონალისტია.

მისი ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული დასავლეთ უკრაინასთან, რომელიც პოლონეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილი იყო. ადგილობრივი მღვდლის შვილი, სტეპან ბანდერა 1909 წელს ახლანდელ ივანო-ფრანკოვსკის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. სწავლობდა ლვოვში, სადაც ის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციას შეუერთდა.

სტეპან ბანდერა, 1929-1930 წელი/ფოტო: ვიკიპედიიდან

1930-იან წლებში, ბანდერას ბრალად წაუყენეს პოლონეთში მომხდარი პოლიტიკური მკვლელობების, მათ შორის პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მკვლელობის, თანაორგანიზება და დააპატიმრეს.

პოლონეთის ციხიდან, სადაც ის სამუდამო პატიმრობას იხდიდა, ბანდერა გერმანელებმა გაათავისუფლეს. როგორც BBC აღნიშნავს, ბანდერა ყოველთვის ამტკიცებდა საჯაროდ, რომ უკრაინელებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდათ, რადგან უკრაინის დამოუკიდებლობა არავის ინტერესებში არ შედიოდა და ბერლინთან ნებისმიერი თანამშრომლობა შესაძლოა მხოლოდ ტაქტიკური და დროებითი ყოფილიყო.

სწორედ ამ იდეის გამო მოუხდა მას უთანხმოება ნაციონალისტური ორგანიზაციის ოფიციალურ ლიდერთან ანდრეი მელნიკთან, რომელიც დღეს ბანდერასგან განსხვავებით, უკრაინელთა ნაწილში პოპულარობით ვერ სარგებლობს.

1940 წელს ორგანიზაცია ორ ფრთად გაიყო უნო(მ) და უნო(ბ) – უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია – მელნიკი და უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია – ბანდერა.

1941 წელს, როდესაც ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთვის ემზადებოდა, ბანდერას ფრთამ ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული ლეგიონი შექმნა და 800-კაციანი შემადგენლობით ორ გერმანულ ბატალიონს, „ნახტიგალსა“ და „როლანდს“ შეუერთდა.

პროცესს ხელმძღვანელობდნენ ორგანიზაციის სხვა ლიდერები, თვითონ ბანდერა მასში არ მონაწილეობდა, თუმცა როგორც BBC წერს, რთული წარმოსადგენია, რომ ისინი ბანდერასთან შეთანხმების გარეშე მოქმედებდნენ.

სწორედ „ნახტიგალის“ სახელს უკავშირდება ლვოვში ებრაული მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ჟლეტა. BBC მიუთითებს, რომ ისტორიკოსთა ნაწილის ცნობით, „ნახტიგალიდან“ ამ დროს უკრაინელები უკვე გაშვებულები იყვნენ, თუმცა მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ ბანდერას თანარაზმელები ბატალიონში რჩებოდნენ და ლვოვის პოგრომშიც მონაწილეობდნენ.

1941 წლის 30 ივნისს, როდესაც „ნახტიგალი“ ვერმახტის ნაწილებთან ერთად ლვოვში შევიდა, ბანდერას თანამებრძოლებმა ლვოვის ოპერაში გამართულ შეკრებაზე უკრაინის სახელმწიფოს აღდგენის შესახებ გამოაცხადეს.

როგორც შემდეგ ამ პროცესების აქტიური მონაწილე და ისტორიკოსი ლევ შანკოვსკი წერდა, ორგანიზაცია „მზად იყო ეთანამშრომლა გერმანიასთან მოსკოვის წინააღმდეგ ერთობლივად საბრძოლველად“, თუმცა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში.

თუმცა ჰიტლერს ეს „სლავური ამბოხი“ არ მოეწონა. 5 ივლისს ბანდერა კრაკოვში დააპატიმრეს და გაგზავნეს ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მან „პოლიტიკური პირების“ სპეციალურ განყოფილებაში სამი წელი გაატარა.

ბანდერა გერმანელებმა 1944 წელს გამოუშვეს, ბერლინში წაიყვანეს და თანამშრომლობა შესთავაზეს, თუმცა BBC-ის სტატიის თანახმად, მან აუცილებელ პირობად „სახელმწიფოს აღდგენის აქტის“ აღიარება დაასახელა. შეთანხმება არ შედგა და ომის დასრულებამდე ბანდერა გერმანიის ტერიტორიაზე გაურკვეველი სტატუსით რჩებოდა. ომის შემდეგ მასთან ჩასვლა მისმა ცოლ-შვილმაც მოახერხა. 

ბანდერას საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნის პერიოდში ნაციონალისტური ორგანიზაციის მისი ფრთა ბრძოლას განაგრძობდა. მისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და სამარცხვინო ფურცლად მიიჩნევა „ვოლინის ხოცვა-ჟლეტა“, რომლის დროსაც ბანდერას მიმდევრებმა რეგიონის ათასობით პოლონელი დახოცეს. კონფლიქტი 1943 წლის მარტში დაიწყო და პიკს 1943 წლის ზაფხულში მიაღწია.

პოლონური წყაროების ინფორმაციით, მაშინ 100 000 ადამიანი მოკლეს.

რუსეთთან ომის ფონზე, უკრაინის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მოკავშირემ, პოლონეთმა უკრაინას სთხოვა, აღიაროს მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი ნაციონალისტების მიერ 100 000 პოლონელის დახოცვა.

„ისინი, ვინც ვიცით, რომ მკვლელები იყვნენ, ასევე იყვნენ გმირები უკრაინისთვის, სხვა დროს და სხვა მტერთან და ხშირად იღუპებოდნენ საბჭოთა კავშირის ხელით. ისინი, ვინც ღრმა რწმენით იბრძოდნენ დამოუკიდებელი და თავისუფალი უკრაინისთვის“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ვოლინში მომხდარი მკვლელობების 79 წლისთავზე.

პოლონეთის პარლამენტმა სასტიკი მკვლელობები, რომლებიც 1943-1945 წლებში სტეპან ბანდერას უკრაინის მეამბოხე არმიამ და ნაციონალისტების ორგანიზაციამ ჩაიდინა, გენოციდად შეაფასა.

სტეპან ბანდერას შვილიშვილი – სტეპან [სტივენ] ბანდერა. ის კანადის მოქალაქეა და ჟურნალისტია
იცოდა თუ არა „ვოლინის ხოცვა-ჟლეტის“ შესახებ თავად საკონცენტრაციო ბანაკში მყოფმა ბანდერამ – ამაზე დღემდე კამათობენ, ერთ-ერთი ვერსიით მას მუდმივი კონტაქტი ჰქონდა თანარაზმელებთან, მეორე ვერსიით კი – იზოლაციაში იმყოფებოდა.

„დამოუკიდებელი ისტორიკოსების შეფასებით, ბანდერა იყო რადიკალი ნაციონალისტი თავისი იდეებით და ტერორისტი თავისი მეთოდებით. მას რომ მოეხერხებინა, შეექმნა და სათავეში ჩასდგომოდა უკრაინულ სახელმწიფოს, ის ნამდვილად არ იქნებოდა ლიბერალური და დემოკრატიული,“ – წერდა BBC.

2005 წელს პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ბანდერას უკრაინის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, თუმცა ეს ბრძანება 2010 წელს პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააუქმა.

ტერაბანკის მომხმარებლებისთვის Google Pay™-ით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია

ტერაბანკი ანდროიდის სისტემის მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო გადახდის სისტემით, Google Pay-ით სარგებლობას სთავაზობს.

Google Wallet™ ციფრული საფულეა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში უსაფრთხოდ შეინახონ საკუთარი ბარათები, ბილეთები, საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და სხვა. შემდეგ კი სწრაფად და მარტივად, მხოლოდ ტელეფონით მიიღონ წვდომა მათზე და ერთი დაწკაპებით, საკომისიოს გარეშე გადაიხადონ ყველგან, სადაც Google Pay ხელმისაწვდომია.

Google Pay-ით სარგებლობისთვის ანდროიდის მომხმარებლებმა Google Play-დან აპლიკაცია Google Wallet უნდა ჩამოტვირთონ, მასში სასურველი სადებეტო ან საკრედიტო ბარათი დაამატონ, შემდეგ კი ტერმინალზე მობილური ტელეფონის ერთი შეხებით მარტივად და კომფორტულად გადაიხადონ. აღსანიშნავია, რომ Google Pay-ით ანგარიშსწორება შესაძლებელია აპლიკაციებსა და ვებგვერდებზეც — ყველგან, სადაც Google Pay-ს ნიშანია განთავსებული.

„მოხარულები ვართ, რომ ანდროიდის სისტემის მომხმარებლებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე და სერვისი შევთავაზეთ. Google Pay და მისი აპლიკაცია Google Wallet, რომელიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, მათთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადახდების პროცესს კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის“, – აცხადებენ ტერაბანკში.

Google Wallet ყველაზე თანამედროვე პარამეტრებითაა დაცული. მათ შორისაა: ორსაფეხურიანი ვერიფიკაცია, Find My Phone, მონაცემების დისტანციურად წაშლა და ა.შ. კონფიდენციალურობის პარამეტრების დახმარებით, მომხმარებელი თავად აკონტროლებს პირად მონაცემებს და განსაზღვრავს, ვინ ხედავს და იყენებს მათ. ამასთან, ანდროიდით გადახდის დროს, Google Pay ბიზნესს ბარათის ნომერს არ უზიარებს, რაც ნიშნავს, რომ ტრანზაქციები უსაფრთხოდაა დაშიფრული გადახდამდე, გადახდის დროს და გადახდის შემდეგ.

*Google Pay and Google Wallet are trademarks of Google LLC

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 82 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710]
  • ტანკი – 2 861 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 5 773 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 1 850 ერთეული [+11]
  • MLRS – 393 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 208 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 511 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 351 ერთეული [+35]
  • სპეცტექნიკა – 160 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 176 ვერტმფრენი
  • 2 511 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 614 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 891 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 581 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 227 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ხერსონიდან გაყვანილი ჯარი რუსეთს დონეცკში გადაჰყავს – ISW

რატომ აირჩია რუსეთმა ჰენიჩესკი სამხედრო სამეთაურო კვანძად – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ქალაქ ხერსონიდან გასვლის შემდეგ რუსეთმა ოკუპირებული რეგიონის „დროებით დედაქალაქად“ აზოვის ზღვის საპორტო ქალაქი ჰენიჩესკი აქცია. უწყების ვარაუდით, რუსეთის სარდლობა სამხედრო მართვის პუნქტებს სწორედ ამ ზონაში გადაიტანს.

დაზვერვის შეფასებით, ქალაქს სამხედრო თვალსაზრისით მოხერხებული ადგილმდებარეობა აქვს და სამეთაურო კვანძად მისი არჩევა სამხრეთ უკრაინის დაცვისას რუსეთის სარდლობის პრიორიტეტებსა და საფრთხეებზეც მიუთითებს.

„ის საშუალებას აძლევს რუსებს, შეთანხმებულად იმოქმედონ პოტენციური უკრაინული საფრთხეების წინააღმდეგ, მაშინაც თუ ეს საფრთხე წამოვა ქალაქ ხერსონის მხრიდან, დასავლეთიდან და იმ შემთხვევაშიც, თუ მელიტოპოლის გავლით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ამავე დროს, მათ შეუძლიათ დამატებითი ძალები და მომარაგება ყირიმიდან მიიღონ,“ – წერს დაზვერვა 15 ნოემბრის რელიზში.

უწყების შეფასებით, ჰენიჩესკის მთავარი სამხედრო ღირსება მაინც ისაა, რომ ის უკრაინული საარტილერიო სისტემების წვდომის არეალში არ ხვდება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება იმ სირთულეებს აღწერდა, რომლებსაც ომში ჩართული ორივე მხარე ზამთრის პირობებში წააწყდება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ნოემბრის 21 საათიდან 16 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

17-18 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

დღეიდან თიბისის მომხმარებლები Google Pay-ს გამოყენებას შეძლებენ

დღეიდან თიბისი Google-ის გადახდების სისტემის გამოყენებას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თიბისის მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ Google-ის მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებით Android-ისა და WearOS- ის მოწყობილობებზე.

მომხმარებლებს თიბისის ბარათების  შენახვა Google Wallet-ში შეეძლებათ. Google Wallet ციფრული საფულეა, რომელზეც წვდომა საქართველოში დღეიდან შესაძლებელი იქნება ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდებია. ბანკის ბარათების გარდა, Google Wallet-ში სამგზავრო და სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების შენახვაც შესაძლებელია.

ბარათის დაცვის თიბისის მიერ უზრუნველყოფილ მექანიზმებზე დამატებით, Google Pay უსაფრთხოების დამატებით შრეებს გვთავაზობს, რაც ამ სისტემით გადარიცხვას კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. Google Wallet-ში შენახული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის ნომრით ხორციელდება. თითოეულ მოწყობილობას უნიკალური ნომერი აქვს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოების დინამიურ კოდთან, რომელიც ყველა შემდგომი ტრანზაქციისაც იცვლება და ამით გადახდის პროცესის მეტი დაცულობა უზრუნველყოფილია. ასევე, ტელეფონის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, “Find my device” ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია მოწყობილების დაბლოკვა, პირადი ინფორმაციის დისტანციურად წაშლა, ან ახალი პაროლის დაყენება.

„Google Pay 45-ზე მეტ ქვეყანაში უზრუნველყოფს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს Android-ით ან Wear OS-ის მოწყობილობით. მომხმარებლებს შეუძლიათ, დაამატონ ბარათები Google Wallet- ში და მშვიდად იყვნენ, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია უსაფრთხოა ნებისმიერი ტრანზაქციისას“ – ამბობს ჯენი ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი.

„თავისი არსებობის 30 წლის მანძილზე, თიბისი ყოველთვის იდგა ინოვაციური ციფრული გადაწყვეტების ავანგარდში და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობდა საუკეთესო სამომხმარებლო და ბრენდის გამოცდილებას. ჩვენ ვაგრძელებთ  მომხარებლისთვის მოწინავე, ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას. თიბისი სერვისების Google Pay-სთან ინტეგრაცია კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს მისიასთან – ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან თიბისის მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრება ერთი ნაბიჯით უფრო გამარტივდება, რადგან ისინი Google Pay-ს გამოყენებით შეძლებენ საბანკო ტრანზაქციების უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელებას“ – ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისის ბარათის Google Pay-ში გამოსაყენებლად, ჩამოტვირთეთ Google Wallet, რომლის ნახვაც თქვენს ტელეფონებსა და მოწყობილობებში Google Play Store-შია შესაძლებელი.

ხერსონიდან გაყვანილი ჯარი რუსეთს დონეცკში გადაჰყავს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ხერსონიდან გაყვანილი ჯარი რუსეთს დონეცკის მიმართულებაზე გადაჰყავს, რათა ბახმუტის გარშემო და დონეცკის დასავლეთ ნაწილში დაწყებული ოპერაციები გააძლიეროს.

„უახლოეს დღეებსა და კვირებში რუსეთის არმია, სავარაუდოდ, მართლაც მიაღწევს წარმატებას ამ რაიონებში, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წარმატება ვერ იქნება“, – ნათქვამია ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში.

ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსეთმა ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურა საინფორმაციო კამპანია დონეცკის ოლქში სამხედრო მიღწევების შესახებ. ანალიტიკოსების აზრით, ამის მიზანი იმის ხაზგასმაა, რომ რუსეთის არმიამ ამ რაიონში შეტევა ხერსონიდან გასვლის შემდეგ გააძლიერა.

„რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ დაიკავეს ბახმუტიდან 20 კმ-ში მდებარე მაიორსკი და დონეცკიდან 45 კმ-ში მდებარე პავლოვკა. რუსეთის თავდაცვა, სავარაუდოდ, ცდილობს შექმნას წინაპირობები რუსეთის წარმატებების ფართოდ გასაშუქებლად და ამით ხერსონის „დაკარგვით“ გამოწვეული უკმაყოფილება შეამციროს,“ – წერს ISW-ი.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსმა სამხედრო ბლოგერებმა ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლა რუსეთის სამხედრო სარდლობის გასაკრიტიკებლად გამოიყენეს;
  • „ვაგნერის“ დამფინანსებლის ევგენი პრიგოჟინის გავლენა ომის მომხრეთა ნაწილში კიდევ უფრო ძლიერდება, ის თავს იმკვიდრებს, როგორც მეტად დამოუკიდებელი, სტალინური ტიპის სამხედრო ლიდერი;
  • უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას ხაზზე;
  • რუსეთის ძალებმა წარუმატებლად სცადეს დაკარგული პოზიციების დაბრუნება ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით;
  • რუსეთის ჯარმა გააქტიურა შეტევები დონეცკის ოლქში და ტერიტორიული წინსვლის შესახებაც გამოაცხადა.

ძეგლის დაცვის ზონაში კვარტალის ათვისებას აპირებენ – ავარიული სახლების პროგრამა

შპს „რეტროფიტი“ ბათუმში, წერეთლისა და ზურაბ ბერიძის ქუჩებს შორის ტერიტორიაზე, ზღვიდან ერთ კვარტალში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ავარიული სახლების დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს. კომპანია მერიას წერს, რომ ამ მისამართზე არსებულ დაუსრულებელ კორპუსსაც აითვისებს, იმ შემთხვევაში, თუ მშენებელ კომპანიასთან მოლაპარაკება შედგება.

ლურჯად მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია
ამ კორპუსის მშენებელი კომპანია 2021 წელს პროექტში ცვლილებას ითხოვდა, თუმცა არჩილ ჩიქოვანმა უარი უთხრა – მშენებლობის ნებართვას ვადა აქვს გასულიო

ავარიული სახლების ნუსხაშია ზურაბ ბერიძის ქუჩის #4/6/8/14 – ამ შენობებს აკაკი წერეთლის ქუჩის მხრიდან, პირველივე შესახვევში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ესაზღვრება [#1]. ეს შენობაც ავარიული სახლების ნუსხაშია.

მერიაში წარდგენილი ესკიზის მიხედვით, კომპანია ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში გამოსყიდულ კვარტალში 4 კორპუსის მშენებლობის პროექტის მომზადებას გეგმავს. მერიის შესაბამისი სამსახურიდან მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ამ დროისთვის კომპანიას მერიაში მხოლოდ სავარაუდო ესკიზი აქვს წარდგენილი.

ესკიზი

კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს ასევე ახლავს ამ მისამართზე მცხოვრებთა თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტები – ამხანაგობების კრების ოქმები და თანხმობის წერილები შესაბამისი ხელმოწერებით.

ესკიზის მიხედვით, კომპანია ოთხი კორპუსის მშენებლობას გეგმავს, რომელთა სახურავზეც სარეკრეაციო სივრცეს მოაწყობენ – სახურავს გაამწვანებენ. პირველ-მეორე სართულებზე კომერციული სივრცე იქნება, მაღალ სართულებზე კი საოფისე და სასტუმრო სივრცეს მოაწყობენ. ყვითლად მონიშნული ფართობები საცხოვრებელი იქნება.

კომპანია მერიას ასევე სწერს, რომ კვარტალის განვითარების მიზნით, 60 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ამ ეტაპზე, ვიდრე პროექტი არ დაზუსტდება, არ ვიცით, რა გეგმები აქვს კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით.

„სპეციალისტების შეფასებით, წერეთლის #1-ში ორსართულიანი შენობა გეგმაში ლათინური „L“-ის მსგავსია. იგი თბილისის
მოედნიდან წერეთლის ქუჩაზე მართი კუთხით უხვევს. გეგმარებისა და ფასადების გადაწყვეტის მიხედვით, ნაგებობა თავდაპირველად შესაძლოა სასტუმროს წარმოადგენდა. შელესილი ფასადების მორთულობა თავშეკავებული და სადაა, შეინიშნება კლასიცისტური სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები. პირველი სართული კომერციულადაა ათვისებული და განიერი, სწორკუთხა მოხაზულობის ვიტრინებით ნაწევრდება. შენობა საყურადღებოა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით. იგი, ერთი მხრივ, თბილისის მოედნის კუთხეს აყალიბებს, ხოლო მეორე მხრივ – წერეთლის ქუჩის დასაწყისს. დატვირთვის თვალსაზრისით შენობის მდებარეობა მოხერხებულია, ავტოსადგომისთვის მას გარკვეული რესურსი აქვს. ჩარევის სარეკომენდაციო ფორმა: რესტავრაცია/რეკონსტრუქცია.“

ეს დახასიათება შპს „გეოგრაფიკს“ ეკუთვნის, ასევე დასკვნაც, რომ სასურველი ჩარევის ფორმა შესაძლებელია იყო „რესტავრაცია/ რეკონსტრუქცია.“ ძეგლი „გეოგრაფიკმა“ მერიის დაკვეთით 2015 წელს შეისწავლა. 2022 წელს კი ის ავარიული სახლების ნუსხაში მოხვდა. თუმცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით მისი გადარჩენა შესაძლებელია:

„…შენობას გააჩნია გარკვეული სახის პირველი და მეორე ხარისხის დაზიანებები, რასაც შენობის მდგრადობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. კორპუსი საჭიროებს მხოლოდ გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, როგორიცაა დასავლეთ და სამხრეთის ფასადების, აგრეთვე აივნის ბეტონეროზირებული და არმატურაკოროზირებული ფილების რეაბილიტაცია-შეკეთება“.

ბერიძის ქუჩაზე არსებული ავარიული სახლების მდგრადობა კი ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც არადამაკმაყოფილებელი: „ექსპლუატაციის ვადა ამოწურულია. შენობა ამორტიზებულია და მისი აღდგენა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად.“

ძეგლთან ახლოს მშენებლობის ნებართვა 2018 წელს შპს „ბათუმი 2012“-ს მაშინდელი მერის, გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებით და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანხმობით მიუღია. პროექტი ორი კორპუსის [ა და ბ ბლოკის] მშენებლობას ითვალისწინებდა.

ბ ბლოკი, რომლის მშენებლობაც ნაკვეთის შიდა მხარეს იყო დაგეგმილი, 11-სართულიანი უნდა ყოფილიყო, გზის გასწვრივ კი დაგეგმილი ა ბლოკის წინ კომპანიას კიდევ ექვსსართულიანი კორპუსი უნდა აეშენებინა. შემდეგ კომპანიას ბ ბლოკზე დამატებით ერთი სართულის დაშენების ნებართვა მისცეს, ნაცვლად მან ა ბლოკი 4 სართულამდე შეამცირა, თუმცა მშენებლობა ვერ დაასრულა. 2021 წელს კომპანია პროექტში ცვლილებას ითხოვდა, თუმცა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მას უარი უთხრა – მშენებლობის ნებართვის ვადა გასულიაო.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ავარიული სახლების პროგრამაში წარდგენილი პროექტების განხილვა ჯერ არ დასრულებულა და ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება.

ხვალ დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდი გახდება – გაერო

ხვალ, 15 ნოემბერს, გაეროს პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდ ადამიანს მიაღწევს. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტარეშის თქმით, ეს უპრეცედენტო ზრდა გამოწვეულია მეცნიერული მიღწევებით, ასევე კვების დარგში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესებით.

ზოგიერთ ქვეყანაში ეს ასევე არის შობადობის მაღალი და მდგრადი მაჩვენებლის შედეგი. „მაგრამ რაც უფრო ფართოვდება ჩვენი ადამიანური ოჯახი, ის ასევე უფრო დაყოფილია“, – ამბობს ის.

შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები, როგორც წესი, ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებია. ამიტომ, დროთა განმავლობაში, გლობალური მოსახლეობის ზრდა სულ უფრო მეტად კონცენტრირდება მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში, რომელთა უმეტესობა სუბსაჰარის აფრიკაშია. გაერო წერს, რომ ამ ქვეყნებში მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ შეიძლება ხელი შეუშალოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, რომლებიც რჩება მსოფლიოს საუკეთესო გზად ბედნიერი და ჯანსაღი მომავლისკენ.

„მილიარდობით ადამიანი იბრძვის; ასობით მილიონი ადამიანი შიმშილობს, რეკორდული რიცხვი ადამიანებისა, ვალებისგან გათავისუფლების, ომისა და კლიმატური კატასტროფებისგან თავის დაღწევის ძიებაშია.

თუ ჩვენ არ დავძლევთ უზარმაზარ უფსკრულს გლობალურ ქონასა და უქონლობას შორის, ჩვენ ვქმნით 8 მილიარდიან სამყაროს, რომელიც სავსეა დაძაბულობითა და უნდობლობით, კრიზისითა და კონფლიქტით,“ – წერს გარემოს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტარეში თავის განცხადებაში.

ანტონიო გურტარეში განცხადებაში ამბობს, რომ კაცობრიობა პირდაპირ მიექანება კლიმატური კატასტროფისკენ, მაშინ, როცა ემისიები და ტემპერატურა აგრძელებს ზრდას.

უკრაინის ომი ემატება მუდმივ სასურსათო, ენერგეტიკულ და ფინანსურ კრიზისს, რაც ყველაზე მეტად აზიანებს განვითარებად ეკონომიკას. ეს უთანასწორობა ყველაზე დიდ ზარალს აყენებს ქალებსა და გოგონებს და მარგინალიზებულ ჯგუფებს, რომლებიც უკვე განიცდიან დისკრიმინაციას.

გაეროს მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ მოსახლეობას 7-დან 8 მილიარდამდე გაზრდას დასჭირდა 12 წელი, დაახლოებით 15 წელი, 2037 წლამდე, დასჭირდება 9 მილიარდის მიღწევს. ეს იმის ნიშანია, რომ გლობალური მოსახლეობის ზრდის ტემპი შენელდება.

მარტოხელა ქალი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა – „კიდევ კარგი, უფასო სასადილო არსებობს“

„…სროლის დაწყებიდან რამდენიმე საათში სრულად გადაივსო საავადმყოფოები, აღარ იყო ადგილები, აღარ ვიცოდით, სად წაგვეყვანა დაჭრილი ჯარისკაცები,“ – აფხაზეთის ომის დაწყების პირველ დღეს იხსენებს ნაზიბროლა გუგუშვილი, ექთანი ქალი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა.

მარტოხელა, დევნილი ქალი ვეტერანობისთვის თვეში 100 ლარს იღებს, ასევე აქვს სოციალური შემწეობა [50 ლარი] და პენსია [260 ლარი], თუმცა ხშირად წამლის ფულიც არ რჩება. პურიც ძალიან გაძვირდაო, დასძენს ის.

აფხაზეთის ომის ვეტერანს ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში შევხვდით. ის ხახულის ქუჩაზე ცხოვრობს, დევნილებისთვის აშენებულ კორპუსში. ბინა ნაზიბროლას ძმის საკუთრებაა. მან კი, „მესხეთის“ დატოვების დროს მიღებული კომპენსაციით [7 ათასი დოლარი] ბინის შეძენა ვეღარ შეძლო.

  • სროლები როცა ატყდებოდა, საკაცეების უკან ვიმალებოდით“ – რას ჰყვება ომის ვეტერანი ქალი 

„ეს ამბები სულ თვალწინ მიდგას,“ – ყვავილებთან ახლოს, სავარძელში ჯდება ნაზიბროლა გუგუშვილი და ისეთი ემოციით გვიყვება 30 წლის წინანდელ ამბავს, თითქოს გუშინდელია.

„14 აგვისტოსაც მორიგე ვიყავი, საერთოდ არ ვიცოდი, რომ ომი დაიწყო. ჩვენ ქალაქგარეთ ვცხოვრობდით, სოხუმთან, ავიღე ჩემი ექთნის ხალათი, ჩანთა და სამსახურში წავედი,“ – ნაზიბროლა გუგუშვილი 1992 წლის 14 აგვისტოს დილას აღწერს, როცა მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა.

„ქალაქში როცა შევედი, ტანკები დავინახე. ვიფიქრე, ალბათ ისევ სწავლებაა-მეთქი, მაგრამ დაიწყო დაბომბვები, ძლივს მივედი სამსახურამდე. უკვე სასწრაფოში რეკავდნენ ყოველ წუთში, სახურავებზე „სნაიპერები“ ისხდნენ.

იმ დღეს დაიწყო ხალხის ხოცვა.

ჩვენ დაჭრილები მიგვყავდა საავადმყოფოში და ისევ უკან ვბრუნდებოდით, ქუჩაში. რამდენიმე საათში სრულად გადაივსო საავადმყოფოები, აღარ იყო ადგილები, აღარ ვიცოდით, სად წაგვეყვანა დაჭრილი ჯარისკაცები, ძლივს ვიმუშავე საღამომდე, ნერვები აღარ მყოფნიდა ამ ტრაგედიის ყურებაში.

გვიან საღამოს ჩავიცვი ჩემი ტანსაცმელი და გავედი ქუჩაში, დედაჩემთან რომ გავსულიყავი, მაგრამ ტრანსპორტი ქუჩაში აღარ მოძრაობდა, იქ მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცები იდგნენ. ბიჭებს ვკითხე, ასე რომ კლავენ ქუჩაში ნებისმიერ გამვლელ-გამომვლელს, საიდან იციან ვინ ვინაა, იქნებ მათიანია-მეთქი, მითხრეს, რომ კარგად იციან ყველაფერი, განწირულები ვართო.

იმ დღესვე უშუქოდ დავრჩით, უწყლოდ…  წარმოიდგინეთ, აგვისტოში შეშის ღუმელზე რომ გააკეთებ საჭმელს დაჭრილი ჯარისკაცებისთვის. წყალი მდინარიდან მოგვქონდა, პატარა ღელეებიდან, ან წვიმას ველოდით…

საავადმყოფოები როცა გადაივსო, სახლებშიც დაგვირიგეს დაჭრილები. მე ვცხოვრობდი ექიმთა სახლში. ჩვენი მთავარი ექიმი, პროფესორი შოთა ჯღამაიძეც იქ ცხოვრობდა, ვერ დატოვა საქართველო, ვერ გვიღალატა… ისიც დახვრიტეს,“ – ჰყვება ნაზიბროლა გუგუშვილი და თან კატას ეფერება.

რა იყო ამ დროს ყველაზე რთული?

„ვეღარ ვუვლიდით ჯარისკაცებს…“, – სევდიანი მზერით გვიპასუხა ომის ვეტერანმა. – „ჰიგიენის პრობლემების გამო ჯარისკაცებს სხვადასხვა დაავადება გაუჩნდათ.

ზოგი ჯარისკაცი ტკივილისგან კვდებოდა. ნარკოტიკები, რაც ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად გვქონდა, მხედრიონელებს ძალით მიჰქონდათ. სახლებშიც გვაწიოკებდნენ, თავისუფალ ადგილებს იკავებდნენ მხედრიონელები და როცა დაგიძახებდნენ, უნდა შესულიყავი, საჭმელი მოგემზადებინა მათთვის, გაგერეცხა, მათ ლოგინებზეც სულ ნარკოტიკები ეყარა… ბევრი კარგი ჯარისკაციც იყო, მათ შორის, მოხალისეები თბილისიდან,“ – ომის ვეტერანი ამბებს იხსენებს, რაც იმდროინდელ სიტუაციას ასახავს კარგად.

„როცა ბიჭები საომარ პოზიციებზე მიდიოდნენ, სულ უნდოდათ, იქ მედიცინის მუშაკებიც ვყოფილიყავით. სამხედრო მანქანაში დავჯდებოდი და მივდიოდი. როცა სროლა ატყდებოდა, საკაცეებს უკან ვიმალებოდით… ეს ყველაფერი საშინელება იყო,“ – ხმა უწყდება ქალს და პაუზის შემდეგ ამატებს, როგორ მოუწია ერთ დღეს სანატორიუმის მეორე სართულიდან გადმოხტომა.

„…ერთხელ მთხოვეს წავსულიყავი სანატორიუმში, სადაც იწვნენ ჯარისკაცები, ნემსები ჰქონდათ გასაკეთებელი. უცებ ატყდა სროლები, თურმე ჩეჩნები დაგვესივნენ. მეორე სართულიდან გადმოვხტით გოგოები, მაშინ ხერხემალი დამიზიანდა, დისკოზი მაქვს ახლაც, უკვე 30 წელია მაწუხებს,“ – გვიყვება ნაზიბროლა გუგუშვილი და მერე იმასაც აღწერს, რამდენად რთულია ბრძოლის ველზე ყოფნა განსაკუთრებით ქალისთვის.

„ბატალიონის უფროსი გადამეკიდა, აღარ მომშორდა, წამოდი ჩემთანო… მემუქრებოდა, ემუქრებოდა დედაჩემსაც… დედამ ცოტა ხნით ბიძაჩემთან, სენაკში გამაგზავნა. მერე, ერთ საღამოს, ტელევიზიით მოვისმინე, როგორ დაიღუპა ის მეთაური: მაღაზიაში შესულან და სიგარეტები მოუთხოვიათ, ალბათ უფასოდ. ამ მეთაურმა ეტყობა მოვაჭრეების შეშინება სცადა და „ლიმონკა“ ამოიღო, თუმცა აუფეთქდა, თვითონაც დაიღუპა, სხვებიც.

ძალიან დამწყდა გული… შეიძლება, ვუყვარდი კიდეც. ისევ დავუბრუნდი სამსახურს. იყო სხვა შემთხვევაც – ქალებს აგროვებდნენ. მეზობლის ბიჭთან მივედი, იქნებ დაგვეხმარო-მეთქი და მითხრა, სახეს დაგიმახინჯებ, აღარავინ შემოგხედავსო.

გახსენებაც მიმძიმს, მაგრამ შეჩვეული ვიყავი შიშსაც,“ – დაასრულა ომის ვეტერანმა.

ექთანი აფხაზეთის ომიდან

  • „უკრაინელების გემით დავტოვეთ სოხუმი“ – რას უყვება ომის ვეტერანი ლტოლვილებს უკრაინიდან 

„ზუსტად ასეთი მდგომარეობა იყო ჩვენთანაც,“ – აფხაზეთიდან დევნილი გვიზიარებს, როგორ აღმოაჩინა უკრაინელებთან საუბრის დროს საერთო მტრის – რუსეთის სტრატეგია, რაც არ იცვლება.

„ჩვენთანაც ცხოვრობენ მდგმურები უკრაინიდან, ერთმანეთს ვუყვებით ამბებს,“ – განაგრძობს თხრობას ნაზიბროლა გუგუშვილი, -„აფხაზეთშიც რამდენი წელი მზადდებოდა ეს ომი: ჯერ წაგვართვეს ქუჩები, მაგალითად, თამარ მეფის ქუჩა გახდა ჩამბა, შემდეგ ყველა ქუჩას აფხაზური გვარები დაარქვეს…

თურმე ფარული კრებებიც ტარდებოდა. ჩვენ არაფერი ვიცოდით, დანათესავებულები ვიყავით ერთმანეთთან, ნათელ-მირონობაც გვქონდა.

მერე მიტინგებიც დაიწყო, გამოჩნდა ავტომატებიანი ხალხი ქუჩებში… მაინც ვერ ვიჯერებდი.

ყველაფერი რუსების ბრალია, არ ვიცი, რუსეთს რა ჯანდაბა უნდა. ეუბნებოდნენ აფხაზებს, კარგი ცხოვრება გექნებათ, გეპატრონებით, აფხაზეთი გქვიათ და ეს თქვენი მიწა-წყალია, გაყარეთ ეს ხალხიო, ისინიც აჰყვნენ.

უკრაინელების გემით დავტოვე სოხუმი 27 სექტემბერს. დედა და ჩემი ძმა დარჩნენ. მალე შერიგება იქნება და დაგაბრუნებთო. სული ჩემი იქ დარჩა… გემები გადავსებული იყო, ადგილს რთულად იპოვიდი. ახლობელი გულის შეტევით გემზე გარდაიცვალა, ძლივს გამოვედით იქიდან, ისეთი სროლა იყო, მაგრამ უკრაინელები არ შეუშინდნენ არაფერს, გამოგვიყვანეს უშიშრად სამშვიდობოზე. მერე ავტობუსებით დაგვანაწილეს. მე ბათუმში წამოვედი,“ – ამბობს ომის ვეტერანი.

  • „ბათუმშიც არ დაგვხვდა სიმშვიდე… აქ მიცვალებულების გაპატიოსნებაზეც ვმუშაობდი,“ – დევნილობის 30 წელიწადი 

„უშუქობა, უწყლობა, დიდი გაჭირვება, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, ჩვენ სასტუმრო „მესხეთში“ ვცხოვრობდით, მე-13 სართულზე, შუქი თითქმის არ იყო, ფეხით ავდიოდით,“ – ბათუმში ცხოვრებაზეც გვიყვება აფხაზეთის ომის მონაწილე. ის ღიმილით იმ დღეს იხსენებს, როცა აფხაზეთიდან დეპეშა მიიღო.

„6 თვე იყო უკვე გასული, რაც ბათუმში ვიყავი, დეპეშა ჩემმა რძალმა გამოაგზავნა, მაშინ ხომ ტელეფონები არ იყო. დეპეშით გავიგე, რომ ისინი ახერხებდნენ წამოსვლას… დედაჩემი და ჩემი ძმა ჩარჩნენ აფხაზეთში, ვეღარ გამოდიოდნენ. მერე ვიღაც აფხაზი ბიჭი ნაცნობი გამოჩენილა და იმან გადაარჩინა. სიხარულის ცრემლებით ვტიროდი იმ დღეს,“ – ამბობს ქალი, რომლის დედაც ბათუმში გადმოსვლის შემდეგ მალევე გარდაცვლილა, მისი ძმა კი, თბილისში ცხოვრობს.

ბათუმში ცხოვრებიდან ყველაზე მძიმედ აფხაზეთიდან დევნილს 2008 წლის აგვისტო ახსენდება.

„2008 წელს ამერიკის გემი რომ არ ყოფილიყო შავ ზღვაში, ბათუმის დაბომბვაც იგეგმებოდა…. მახინჯაურში ვიყავი ახლობელთან და სახლის სარდაფში ვიმალებოდით,“ – ამბობს ნაზიბროლა გუგუშვილი.

ნაზიბროლას 90-იან წლებში ბათუმში თავდაპირველად მუშაობა რესტორანში დაუწყია.

„ვმუშაობდი ბარათაშვილზე, ეკლესიასთან, რესტორანში, ოფიციანტიც მე ვიყავი და ბარმენიც… ზოგჯერ ღამის პირველამდე მიწევდა დარჩენა, შემდეგ ფეხით უნდა წავსულიყავი შინ. მახსოვს, ღამით გზას მანქანის ფარები ანათებდნენ და ისე მივდიოდი სახლამდე.

იმ დროს „მესხეთელი“ გოგოც მოკლეს აქ, ჭაობის დასახლებაში, ორი პატარა ბავშვი დარჩა. აღდგომა იყო: მე ადრე წავედი სახლში, რადგან დედა მარტო იყო, ის კი რესტორანში დარჩა, გვიან გამოსულა სამსახურიდან.

ბათუმშიც ყველგან ჯარისკაცები იდგნენ… იყო შიში, უჭირდა ყველას. გაჭირვების გამო მეც ოჯახებში მუშაობა დავიწყე, ვისაც მიცვალებული ჰყავდა, წამალს ვუკეთებდი, ვაპატიოსნებდი, თმასაც ვუღებავდი…

ომგამოვლილს გული გეყინება. წარმოდგენილი მქონდა, თითქოს ცოცხალი იყო, ვესაუბრებოდი, ველაპარაკებოდი,“ – გვითხრა ომის ვეტერანმა, რომელიც ვეტერანობისთვის დაახლოებით 29 წელი მხოლოდ 22 ლარს იღებდა, ბოლო ერთი წელია კი 100 ლარს იღებს.

„კიდევ კარგი, სასადილო არსებობს,“ – ამბობს მარტოხელა ქალი  და გაღიმებას ცდილობს.

  • „ერთხელ ვიყავი თავშესაფარში ნემსის გასაკეთებლად, საშინელება იყო…“ 

ამბობს ვეტერანი ქალი, რომელსაც ასევე ვკითხეთ, რას ფიქრობდა ადგილზე, სადაც ის ხანდაზმულობის დროს სიამოვნებით იცხოვრებდა და მასზე იზრუნებდნენ. მარტოხელა ქალი, დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერც კი უშვებს საქართველოში ასეთი მოდელის თავშესაფარს, სადაც მას გადასვლა მოუნდებოდა.

„მე იქ ერთ მოხუცთან ნემსის გასაკეთებლად მიმიყვანეს… რაც ვნახე, დაახლოებით 40 მოხუცი იყო ერთად, ზოგი იწვა, ზოგი მღეროდა, იცინოდა… ცუდად გავხდი, საშინელება იყო, ჩემი მტერიც არ მოხვდეს იქ,“ – მოკლედ ასრულებს ამ თემაზე ლაპარაკს აფხაზეთის ომის ვეტერანი.

„წამლები ძალიან ძვირია,“ – ნაზიბროლა გუგუშვილს დღეს ყველაზე მეტად მედიკამენტების შეძენა უჭირს. „სამწვერა ნერვის ანთება მქონდა და ერთი ნემსი 80 ლარი ღირდა, სამი ნემსი უნდა გამეკეთებინა. წამლებზე აღარაფერს ვამბობ… დაფინანსებული რაცაა, მაგით მხოლოდ წნევის მარეგულირებელს მაძლევენ.

ვცდილობ, როგორმე გადავანაწილო ეს 400 ლარი, რაც ყოველთვიურად არის ჩემი შემოსავალი… წამლებშიც არ მყოფნის,“ – დაასრულა ნაზიბროლა გუგუშვილმა.

უკრაინელები ბათუმში ზამთრის კამუფლაჟებს ქსოვენ ჯარისა და შეიარაღების გადასარჩენად

ბათუმი. ფარნავაზ მეფის ქუჩა №46. ერთ მოზრდილ ოთახში კედლებზე ბადეები ჰკიდია. ათიოდე ქალი და კაცი მისდგომია რამდენიმე ბადეს. ყველა კვადრატი თეთრი ნაჭრით უნდა გაკვანძონ და ამოქსოვონ.

ბადე ნელ-ნელა თეთრ კამუფლაჟად იქცევა. ბათუმიდან, ხელით ნაქსოვ კამუფლაჟებს, მალე უკრაინაში წაიღებენ. ზამთარი მოდის. როცა უკრაინაში გათოვდება, ტანკებს, ჰაიმარსებსა და სხვა საბრძოლო ტექნიკას ეს თეთრი საფარი დაფარავს და რუსი ოკუპანტების საჰაერო ბომბებს გადაარჩენს.

სანამ უკრაინაში გათოვდება, უკრაინელები დედამიწის სხვადასხვა წერტილში, უკრაინაშიც და ბათუმშიც, ასეთ კამუფლაჟებს ქსოვენ საბრძოლო ტექნიკა და ტრანსპორტი რომ გადაარჩინონ.

როცა თეთრად გათოვდება ხაკისფერ საბრძოლო ტექნიკასა და ტრანსპორტს კამუფლაჟების წყალობით მტრის თვითმფრინავების პილოტები ვეღარ შენიშნავენ.

საჭიროა სწრაფად ქსოვა, ბევრი ბადე, ბამბის ბევრი თეთრი ნაჭერი, ბევრი მქსოველი.

ზამთრამდე 16 დღე რჩება. უკრაინაში შეიძლება დაზამთრებამდეც გათოვდეს.

სოფია ყოველდღე მიდის ფარნავაზ მეფის ქუჩის №46-ში. ყოველდღე ქსოვს ბადეებს. ამბობს, რომ სამშობლოსგან შორს მოუწია წამოსვლა, მაგრამ მაინც ახერხებს წვლილი შეიტანოს მისი ქვეყნის არმიის სამომავლო გამარჯვებაში:

„ჩვენ უკრაინელი აქტივისტები ვართ, გვეხმარებიან ბელორუსებიც.

ვქსოვთ კამუფლაჟებს, სამხედრო ტექნიკის, სხვადასხვა საბრძოლო მასალის დასაფარად. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საფარი ბადეები ახლა ძალიან მნიშვნელოვანია – უკრაინაში მალე გათოვდება.

სოფია

მივმართავთ ბათუმელებს, ამ ქალაქის მცხოვრებლებს: გთხოვთ, მოგვაშველეთ ბამბის თეთრი, ნაცრისფერი და ბეჟი ქსოვილი თუ შესაძლებლობა გაქვთ. შეიძლება ეს იყოს თუნდაც ძველი თეთრეული ან ძველი თხელი თეთრი სუფრები.

მთავარია ქსოვილი იყოს ბამბის და არა სინთეტიკა. დახმარება გვჭირდება ქსოვასა და უკვე შეგროვილი ნაჭრის წვრილ ზოლებად დახევაშიც.

ვყიდულობთ ბადეებსაც.

თუ ქსოვა არ გამოუვა ადამიანს, ვუპოვით სხვა საქმეს, რადგან სულ გვჭირდება ხალხი, ვინც ქსოვილს წვრილ-წვრილად დახევს, რომ მქსოველებს მზად ჰქონდეთ სამუშაო მასალა“, – ამბობს სოფია.

სოფიას და მისი მეგობრები უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დანაყოფისთვის ქსოვენ კამუფლაჟებს:

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მოდიან, პირველივე დღეებიდან, როცა დავიწყეთ ქსოვა. არიან ადამიანები, რომლებიც ხანდახან მოდიან და გვეხმარებიან – როცა სცალიათ. ზოგი ერთი დღით შემოგვირბენს და გვეხმარება.

ნებისმიერი დახმარება ჩვენთვის ახლა ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

ჩვენ ყველაფერი ძალიან გვახარებს, ყოველდღე მზად ვართ დახმარების მსურველებს ავუხსნათ და ვასწავლოთ, როგორ დაგვეხმარონ, როგორ მოქსოვონ ჩვენთან ერთად კამუფლაჟები“, – ამბობს სოფია.

მოსკოვში არა – როგორ პასუხობს ზელენსკი კითხვას, საით წავა უკრაინის არმია

რა იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მომდევნო მიმართულება ხერსონის შემდეგ? – სწორედ ეს შეკითხვა დაუსვეს ხერსონში ჩასულ უკრაინის პრეზიდენტს.

„მოსკოვი არა,“ – უპასუხა ზელენსკიმ მედიას. – „ჩვენ არ გვაინტერესებს სხვა ქვეყნების ტერიტორიები. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. ამიტომ მე არ ვიცი, რა იქნება შემდეგი, მაგრამ ის აუცილებლად იქნება“.

ზელენსკის თქმით, უკრაინა გააგრძელებს აგრესორის მიერ დაპყრობილი რაიონების გათავისუფლებას და ამ რთულ გზას მძიმე ბრძოლებისა და გამარჯვებისთვის გადახდილი უდიდესი საფასურის მიუხედავად, მაინც გაივლის.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლად გათავისუფლებულ ხერსონში დღეს ჩავიდა. მისი ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.

ხერსონში ყოფნისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლელ მოკავშირეებს, NATO-ს წევრ ქვეყნებს და უკრაინელ სამხედროებსაც მიმართა.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ ჩვენს ქვეყანაში. ბედნიერი ვარ, რომ ხერსონში ვართ“, – თქვა ზელენსკიმ.

ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის არმია 11 ნოემბერს შევიდა.

მანამდე, 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი ხერსონს ტოვებდა და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადადიოდა.

12 ნოემბრიდან ხერსონში მუშაობა განაახლა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ, უშიშროების სამსახურმა და ნაციონალურმა პოლიციამ.

ეს რუსეთის ტერიტორიაა – კრემლი ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე კომენტარს არ აკეთებს

პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ჩვენ ამას უკომენტაროდ დავტოვებთ. თქვენ იცით, რომ ეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა,“ – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც მას ჰკითხეს, აფასებს თუ არა მოსკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლას პროვოკაციად.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლად გათავისუფლებულ ხერსონში დღეს ჩავიდა. მისი ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.

ხერსონში ყოფნისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლელ მოკავშირეებს, NATO-ს წევრ ქვეყნებს და უკრაინელ სამხედროებსაც მიმართა.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ ჩვენს ქვეყანაში. ბედნიერი ვარ, რომ ხერსონში ვართ“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკი ქალაქში შეკრებილ სამხედროებს ესაუბრა, აღნიშნა, რომ უკრაინა „წინ მიიწევს“ და მზადაა მშვიდობისთვის.

ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის არმია 11 ნოემბერს შევიდა.

მანამდე, 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი ხერსონს ტოვებდა და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადადიოდა.

12 ნოემბრიდან ხერსონში მუშაობა განაახლა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ, უშიშროების სამსახურმა და ნაციონალურმა პოლიციამ.

„სასტუმროში ვარ“ – ლავროვი უარყოფს ცნობებს, რომ ცუდად გახდა და კლინიკაშია

„სასტუმროში ვარ. ხვალინდელი სამიტისთვის მასალებს ვკითხულობ,“ – სერგეი ლავროვის ეს კომენტარი კრემლისტურმა სააგენტო TACC-მა მას შემდეგ გაავრცელა, რაც საერთაშორისო მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტზე დასასწრებად ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. 

Associated Press-ის ინფორმაციით, ინდონეზიაში ჩასული ლავროვი პროვინციის დედაქალაქში კლინიკაში მოათავსეს. სააგენტოს ეს ფაქტი როგორც ინდონეზიის ხელისუფლების, ისე სამედიცინო დაწესებულების წყაროებმა დაუდასტურეს.

ორი წყაროს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გულთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ჰოსპიტალმა კომენტარზე უარი თქვა, ამ დრომდე შეუძლებელი აღმოჩნდა კომენტარის მიღება რუსეთის საელჩოდანაც.

საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვაც, რომელმაც ლავროვის ჰოსპიტალიზაციის ცნობებს „ფეიკის უმაღლესი პილოტაჟი“ უწოდა.

„ჩვენ აქ, ინდონეზიაში, სერგეი ვიქტოროვიჩთან ერთად ინფორმაციას ვკითხულობთ და საკუთარ თვალებს არ ვუჯერებთ: თურმე ჰოსპიტალში გადაუყვანიათ. ეს უკვე ფეიკის უმაღლესი პილოტაჟია. მაშ, დაელოდეთ მსოფლიო ექსკლუზივს“, – დაწერა ზახაროვამ ტელეგრამში.

„დიდი ოცეულის“ სამიტი წელს კუნძულ ბალიზე 15-16 სექტემბერს იმართება. რუსეთს G20-ზე სერგეი ლავროვი წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამიტზე დასწრებაზე უარი თქვა. ინდონეზიის ხელისუფლების ინფორმაციით, ის ერთ-ერთ შეხვედრას ონლაინფორმატში დაესწრება.

ზამთარი ომის მიმდინარეობაში ცვლილებებს შეიტანს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ზამთარი მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს ომის პირობებში, როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარისთვის.

„დღის დამოკლება, ტემპერატურის დაცემა და ამინდის ცვლილებები სერიოზულ გამოწვევებს შეუქმნის მებრძოლ სამხედროებს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც რუსეთის გენშტაბი მიიღებს, ნაწილობრივ სწორედ ზამთრის პირობებით იქნება ნაკარნახევი,“ – მიიჩნევს უწყება.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ზაფხულის 15-16-საათიან დღესთან შედარებით, ზამთარში დღე მხოლოდ 9-საათიანი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზი შეტევებიდან ძირითადად სტატიკურ თავდაცვაზე გადავა.

„ღამის ხედვის შესაძლებლობა ძალიან ძვირადღირებული საშუალებაა, რაც კიდევ უფრო ამცირებს ღამით ბრძოლის სურვილს. საშუალოდ მაღალი ტემპერატურა, 13 გრადუსი ცელსიუსი, რაც სექტემბრიდან ნოემბრამდე იყო, დეკემბერ-თებერვლის პერიოდში ნულამდე ჩამოვა. ჯარები, რომელთა შემადგენლობასაც არ ექნება ზამთრის სამოსი და შესაბამისი ღამის გასათევი, განსაკუთრებულ პრობლემებს წააწყდებიან,“ – წერს დაზვერვა 14 ნოემბრის რელიზში.

უწყების შეფასებით, ზამთარში მომატებული ნალექი, ქარი და თოვლიანობა, რუსული არმიის ისედაც დაქვეითებულ საბრძოლო განწყობას კიდევ უფრო დააქვეითებს და ამავე დროს, ძალიან გაართულებს იარაღის მოვლისა და შენახვის პროცესს.

შემოდგომის სილქფესტი რჩეულ პაკეტებს გთავაზობთ

14 ნოემბერს, აკრიფე *202# , ეწვიე აპლიკაციას MySilknet ან პირდაპირ საიტიდან, გაიაქტიურე მრავალფეროვანი შეთავაზებიდან სასურველი.

პაკეტის ჩართვა შესაძლებელია სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული სხვა ნომრისთვისაც:

  • ულიმიტო სასაუბრო დრო + ულიმიტო ინტერნეტი – 33 ₾
  • 600 ადგილობრივი წუთი – 10₾
  • 10 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 10₾
  • 150 ადგილობრივი წუთი + 5 000 MB – 10 ₾

ფიზიკური და იურიდიული პირები შეძლებენ გაიაქტიურონ ერთი ან რამდენიმე პაკეტი და ისარგებლონ არჩეული პირობით მთელი თვე.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 81 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
  • ტანკი – 2 848 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 5 748 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 1 839 ერთეული [+2]
  • MLRS – 393 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 206 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 509 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 316 ერთეული [+21]
  • სპეცტექნიკა – 160 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 176 ვერტმფრენი
  • 2 504 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 593 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 891 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 577 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 216 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ხერსონში მარცხის შემდეგ რუსეთი დონეცკის შეტევას გააძლიერებს – ISW

ხერსონში მარცხის შემდეგ რუსეთი დონეცკის შეტევას გააძლიერებს – ISW

ხერსონში მარცხის შემდეგ, რუსეთი უახლოეს კვირებში, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქში შეტევებს განაახლებს და ამისთვის ხერსონის ოლქიდან გაყვანილ ძალებსაც გამოიყენებს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტში (ISW), რომლის დღევანდელი ანგარიშიც თითქმის მთლიანად ამ თემას ეძღვნება.

„უკრაინამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოწოდებული იყო, როგორმე შეენარჩუნებინა ეს მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც მას საშუალებას მისცემდა, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან უკრაინის დასავლეთ ნაწილში გაეგრძელებინა თავისი „სამხედრო ოპერაცია“.

ეს ფაქტორი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო პუტინის გეგმებისთვის, ვიდრე ერთადერთი რეგიონული ცენტრის შენარჩუნების სიმბოლური ღირებულება,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებითაც, ამ მიზნის მისაღწევად და ხერსონის დასაცავად, მანამდე, რუსეთმა თავისი ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაისროლა, მათ შორის რუსეთის არმიის ყველაზე ელიტური დანაყოფები და მობილიზებულთა ბატალიონები.

ექსპერტთა ვარაუდით, პუტინი ხერსონიდან გასვლას იმ პირობით შეიძლებოდა დათანხმებულიყო, რომ გენერალი სუროვიკინი ხერსონიდან გაყვანილ ძალებს დონეცკის ოლქის სრულად დასაპყრობად გამოიყენებს და ამ მიზანს მიაღწევს კიდეც.

„უკრაინის ძალები ამ რაიონში ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან. კიევს კი, დიდი ალბათობით, მოუწევს ძალების სერიოზული ნაწილი რუსების განახლებული შეტევების შესაჩერებლად გადაისროლოს,“ – აღნიშნავს ISW.

ინსტიტუტის შეფასებით, რუსები ვერც ამ რაიონში შეძლებენ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას, თუმცა შესაძლოა, დროთა განმავლობაში, უდიდესი დანაკარგების ფასად, ბახმუტის დაკავება მაინც შეძლონ.

ინსტიტუტის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში მოქმედი რუსეთის ძალებში შედიან რეგულარული არმიის ნაწილები, მობილიზებული სამხედროები, მოხალისეთა დანაყოფები, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების „ოპოლჩენცები“, „ვაგნერელები“ და „კადიროველები.“

„ძალთა ეს უცნაური ერთობა კიდევ უფრო ნაკლებეფექტიანი იქნება, ვიდრე რეგულარული არმიის დანაყოფები. ნაკლებსავარაუდოა, რომ სუროვიკინი შეძლებს და ამ გაერთიანების გადააქცევს სერიოზულ სამხედრო ძალად, რომელსაც ფართომასშტაბიანი შეტევების უნარი ექნება,“ – წერს ISW.

ექსპერტების შეფასებით, ძალთა ეს უცნაურ ერთობა გარკვეულ წარმატებას მხოლოდ რიცხობრივი სიმრავლის გამო თუ მიაღწევს.

ის ფაქტი, რომ პუტინი კვლავაც აიძულებს თავის გენერლებს, არსებულ ვითარებაში გააგრძელონ შეტევითი ოპერაციები, სამხედრო თვალსაზრისით, სერიოზული შეცდომაა.

„სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან, რომლებაც თავის დროზე აიძულა პუტინი უკრაინაში შეჭრის ბრძანება გაეცა და ასევე, პუტინის მოთხოვნილებასთან, თავისი სიმტკიცე დაანახვოს „ვაგნერის“ მფლობელს, ევგენი პრიგოჟინს. სწორედ ამიტომ პუტინი არ ეცდება ცეცხლის შეწყვეტას, თუ არ იქნება მნიშვნელოვანი დათმობები უკრაინის ან საერთაშორისო მოკავშირეების მხრიდან,“ – აღნიშნავს ISW და დასძენს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აუცილებლად უნდა ისარგებლონ პუტინის ამ შეცდომით და კონტრშეტევები გააგრძელონ.

ინსტიტუტის პროგნოზით, მალე უკრაინელების დაიწყებენ გადაჯგუფებას თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციებისთვის.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძლება სცადონ და დაედევნონ რუსებს დნეპრის გავლით სხვადასხვა წერტილში, თუმცა სავარაუდოდ, ამას არ გააკეთებენ, რადგან დნეპრის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის დანაყოფების მომარაგება ძალიან გართულდება. უკრაინის არმია, დიდი ალბათობით, გაიმყარებს კონტროლს დასავლეთ ნაპირზე, დატოვებს იქ საკმარის დანაყოფებს რუსეთის დაბრუნების ნებისმიერი მცდელობის აღსაკვეთად და თავის ძალებს სხვა მიმართულებებზე მიმართავს,“ – ISW-ის ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეტევები დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აიძულებს, თავისი დანაყოფების ნაწილი სწორედ ამ ოლქის თავდაცვას მოახმაროს, უკრაინა დიდი ალბათობით, თავის ძალებს ლუგანსკში კონტრშეტევაზე მიმართავს, ან რომელიმე სხვა ტერიტორიაზე დაიწყებს ახალ კონტრშეტევას.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები: 

  • რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე;
  • უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტროლის გამყარებას დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე;
  • უკრაინის არმიამ დაარტყა რუსეთის სამხედრო ბაზას ჩაპლინკაში, ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა, აღმოსავლეთ სანაპიროზე;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა შეტევას ბახმუტის, ავდეევკისა და უგლედარის მიმართულებებზე;
  • რუსეთის თავდაცვა იუწყებოდა, რომ რუსეთის ძალებმა აიღეს ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მაიორსკი;
  • რუსეთი განაგრძობდა სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, კერძოდ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში;
  • რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება იძულებით მობილიზაციას მიმართავს ლუგანსკის, დონეცკის ოლქებში, ასევე მელიტოპოლში;
  • უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის ძალებმა დაიწყეს დნეპრის მარცხენა სანაპიროდან მელიტოპოლსა და მარიუპოლში გადასვლა.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 14 ნოემბრის მდგომარეობით, რომელზეც ჩანს, რომ ხერსონის დასავლეთ ნაწილი უკრაინის კონტროლქვეშაა/War Mapper

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა განახლდა – დეპარტამენტი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ბოლო რამდენიმე თვე შეჩერებული იყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ 12 ნოემბერს უთხრეს, რომ შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები განახლდა. იგივე დაგვიდასტურეს მშენებელ კომპანიაშიც.

ბათუმის შემოვლითი გზა / მახვილაური / 12.11.2022

„რამდენიმე დღეა სამუშაოები გარკვეულ მონაკვეთებში განახლდა. უახლოეს პერიოდში კი, სამუშაოები მთელ მონაკვეთზე გაიშლება“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში რომან პატარიძემ, კომპანია „POLAT YOL & MAPA“ -ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

რომან პატარიძემ დაახლოებით ერთი თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ სამუშაოების დროებით შეჩერების მიზეზი კომპანიის ფინანსური პრობლემები იყო. „ეს პრობლემები მოგვარებულია“, – გვითხრა მან ამჯერად, თუმცა პრობლემების მიზეზებზე კომპანიაში არაფერს ამბობენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი სამუშაოების შეჩერებაზე საერთოდ არ საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ მშენებლობა „დაბალი ტემპით მიმდინარეობდა“.

ბათუმის შემოვლითი გზა გადის სოფელ მახვილაურშიც. მოსახლეობა ამბობს, რომ „პროექტს პრობლემები შეექმნა და როგორც თქვეს, აქ მცოცავი ნიადაგის გამო შეიძლება გზის არსებული მარშრუტი შეიცვალოს“, რასაც არ ადასტურებენ მშენებელ კომპანიაში.

„გარკვეულ მონაკვეთში სავალი ნაწილი უნდა მოწყობილიყო მიწაყრილზე, თუმცა ვინაიდან ნიადაგი რბილია, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და გაკეთდა ხიდი, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება პროექტში არ არის. გზა აშენდება იმ მარშრუტით, როგორც თავიდანვე იყო დაპროექტებული“, – გვითხრა რომან პატარიძემ.

განახლება: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 16 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე არსებული გამოწვევები გადაჭრილია და სამშენებლო სამუშაოები განახლდა.“

„3 გვირაბის და 14 ხიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია, დანარჩენ 2 გვირაბზე ბურღვა-აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს; ასევე გრძელდება დარჩენილი ხიდების სამშენებლო სამუშაოები. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი შენდება.“ – აღნიშნული იყო დეპარტამენტის განცხადებაში.

ბათუმის შემოვლითი გზა / მახვილაური / 12.11.2022

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ კი, მშენებლობის დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადავადდა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, გზის მშენებლობა რაც შეიძლება ადრე დავასრულოთ“, – გვითხრეს კომპანიაში.

ბოლო ინფორმაციით, გზების დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ბათუმის ავტობანის მშენებლობა  2023 წელს დასრულდება.

ბათუმის ავტობანისთვის 329 მილიონ 630 ათას 734 ლარი დაიხარჯება.

ამავე თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

ბათუმის ცნობილი მასწავლებელი მარტოობაში – წითელი თმა და აუხდენელი ოცნება პარიზზე

5 წელია, რაც ქუჩაში არ გასულა. სამყაროს თავისი ბინის პატარა აივნიდან ეკონტაქტება. მხოლოდ აქედან შეუძლია დაინახოს, როგორ იცვლის გაავდრებისას ზღვა ფერს და მუქდება, ან როცა კამკამა ცისფერს იკიდებს.

ბოლო დროს აივანზე გასვლასაც კი ვეღარ ახერხებდა. ამბობს, რომ სამი თვის წინ ოთახში დაეცა და მთელი ეს დრო საწოლში გაატარა.

„მეზობლები დამეხმარნენ და ლოგინზე დამაწვინეს. შემდეგ ახლობელმა ექიმმა გამსინჯა. ათი დღეა, რაც ფეხზე წამოვდექი“, – გვეუბნება 92 წლის ნელი.

წლების წინ ნელი ერქომაიშვილი ამ ქალაქში ყველაზე ცნობილი ფრანგულის მასწავლებელი იყო. თხელი გოგონა, გრძელი ალისფერი თმით.

„მრცხვენოდა ჩემი წითელი თმის, რადგან ყველა წითურს მეძახდა. ბიჭებიც დამსდევნენ ხოლმე და „პაჟარ“, „პაჟარ“ – ასე მეძახდნენ. მაშინ ეს სიმახინჯე მეგონა. ზაფხულობით სახეზე ჭორფლი ამომაყრიდა და ამის გამო ზღვაზეც აღარ გავდიოდი.

თუმცა ახლა ვხვდები, როგორი ლამაზი თმა მქონია“, – ამბობს ნელი და თავის მქრქალი, ღია ცისფერი თვალებით გვიცინის.

ნელი ერქომაიშვილი ახალგაზრდობაში

1930 წელს დაიბადა, იმ დროს, როცა ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი და რეპრესიები ნელ-ნელა ძლიერდებოდა.

„ომი რომ დაიწყო, სკოლაში შემიყვანეს, ბათუმში ცნობილი ფრანგულის მასწავლებელი გვყავდა და მასთან დავდიოდი, ვსწავლობდი მუსიკასაც.

მამაჩემი ბუღალტერი იყო, მაგრამ დედას და მამას, ორივეს ძალიან უყვარდა სიმღერა და ანსამბლშიც მღეროდნენ.

სკოლის დასრულების შემდეგ თბილისში უცხო ენების ინსტიტუტში შემიყვანეს, სადაც ნამდვილი ფრანგები გვასწავლიდნენ ენას. ეს ქალები ქართველი ჯარისკაცების ცოლები იყვნენ, ისინი, ვინც ტყვედ ჩავარდა გერმანიაში, მაგრამ შემდეგ საფრანგეთში გადავიდნენ და იქაურ ქალებზე იქორწინეს.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ფრანგი ცოლებიც ჩამოიყვანეს. როცა სტალინმა ტყვედ ჩავარდნილი ხალხის გადასახლება დაიწყო, ჩვენ ძალიან ვეხმარებოდით ამ ქალებს“, – ამბობს ნელი.

ვიდეო ნელის შესახებ იხილეთ აქ:

ბათუმის ცნობილი მასწავლებელი მარტოობაში – წითელი თმა და აუხდენელი ოცნება პარიზზე

ფრანგი მასწავლებლების წყალობით ნელის ყველაზე კარგი აქცენტი ჰქონდა და ფრანგულსაც სრულყოფილად ფლობდა.

„ბათუმში რომ ჩამოვედი, ქედაში მიპირებდნენ განაწილებას, სამ დღეს ერთ სოფელში უნდა მევლო, სამ დღეს – მეორეში. თუმცა ისე მოხდა, რომ სამინისტროში ადგილი გამოთავისუფლდა და იქ დამნიშნეს ინსპექტორად.

სკოლები უნდა შემემოწმებინა. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო სკოლა, დირექტორი და მასწავლებელი, მაგრამ მითხრეს, გასწავლითო. დავისწავლე ეს თეორია და წავედი სკოლებში.

მე რაც თეორიულად მასწავლეს, სკოლაში ამას არავინ აკეთებდა და მეც ვწერდი მინუსებს. ბევრი მოხსნეს ამის გამო. მერე მითხრეს, „ნელი, ასე არაფერი გამოვა, ცოტა შეარბილე შეფასებაო“. მე ავტირდი, მასწავლებელი ვარ და სკოლაში გამიშვით-მეთქი. მართლა გამიშვეს. მე-16 სკოლაში ვასწავლიდი, შემდეგ გოროდოკში, რუსულ სკოლაში ვასწავლიდი ფრანგულს“.

მასწავლებლობის გარდა ნელი ლექციებსაც კითხულობდა დირექტორებისა და პედაგოგებისთვის. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, როგორც საუკეთესო მასწავლებელს, „მათ შორის საფრანგეთის საელჩოსგანაც“-გვეუბნება ნელი. მის შესახებ ცნობები დაცულია ბათუმის ხარისტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმშიც.

„პირველად ხულოში გამიშვეს. ლექციას რომ მოვრჩი, იქ ხელიც კი მთხოვეს – ბოღჩასაც მოგიტანთო მითხრეს. ძალიან გავბრაზდი, როგორ გამიბედეთ-მეთქი.

შუახევის სოფლებშიც დავდიოდი – ბუთურაულში, ინწკირვეთში ცხენით ავდიოდი. ჩემი შინდისფერი კაბა მეცვა და ბავშვებმა რომ დამინახეს, მომაძახეს – ნენევ, ეს რა ყირმიზი გოგოი ამოვიდაო. ყველა რაიონი ფეხით მაქვს მოვლილი“, – იხსენებს ნელი.

მისი გაკვეთილი აუცილებლად სიმღერით სრულდებოდა. „ფრანგმა მასწავლებელმა ასე მასწავლა და მეც სიმღერით ვამთავრებდი გაკვეთილებს“, – ამბობს ნელი და ფრანგულად ღიღინებს.

ნელის ფრანგული ზღაპრების კითხვა ახლაც სიამოვნებას ანიჭებს.

ნელი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი იყო ბავშვის ცემა და დასჯა, რაც იმ დროს ძალიან გავრცელებული იყო სკოლებში. უყვარდით ბავშვებს? – ვკითხე მას, რასაც ერთი პატარა ისტორიით უპასუხა. „ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ რაღაც მოიპარა და დააპატიმრეს. მე მივედი სასამართლოზე და თავდებში დავუდექი ამ ბავშვს. როცა გამოუშვეს, სახლში მისვლამდე ჩემთან მოვიდა და ლოყაზე მაკოცა. კიდევ იყო ბევრი ასეთი ისტორია.“

ამბობს, რომ მისი ოცნება იყო ერთხელ მაინც წასულიყო პარიზში, თუმცა საბჭოთა რკინის ფარდამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

„მე ხომ იმისთვის დავიბადე, რომ იქ წავსულიყავი და დავრჩენილიყავი, მაგრამ, აი, ასეთი სიბნელე იყო მაშინ ჩვენთვის.

ორ მეზღვაურ ძმას ვამეცადინებდი ფრანგულში, ჩრდილოეთ საფრანგეთში ყოფნის დროს გემი გაუფუჭდათ თურმე და ერთი ფრანგი კაპიტანი დაეხმარა. მშივრები ვიყავით და დაგვაპურაო. წამოსვლისას ამ ბიჭებს ჩემი ტელეფონის ნომერი დაუტოვებიათ მისთვის და როცა ჩამოვიდნენ, იმ კაპიტანს დამაკავშირეს.

გაგიჟდა ის კაცი, ჩემი ფრანგული რომ მოისმინა. საოცარ წერილებს მიგზავნიდა…

როცა ვთქვი, რომ საფრანგეთში მინდა წასვლა, მითხრეს ჩუუ, არ შეიძლებაო. მერე, როცა გაიხსნა საზღვრები, 75 წლის ვიყავი და ახლა მოხუცი ხარო, მითხრეს.

ფრანგულის ყოფილი მასწავლებელი მის შესახებ დაბეჭდილ სტატიებს და ცნობილ ფოტოს გვაჩვენებს, რომელიც საბჭოთა დროს ფრანგულ გაზეთში დაიბეჭდა.

აქ როცა იყო ერთი ფრანგი სტუმარი ჩამოსული, მანაც შემომთავაზა წაყვანა, 500 დოლარი იყო საჭირო, მაგრამ მაშინ ეს ფული არ მქონდა“, – ამბობს ნელი.

პირველი ქვეყანა, სადაც ნელი ახალგაზრდობის დროს წავიდა, მაშინდელი იუგოსლავია იყო. პარიზი კი მისთვის დღემდე ოცნებად დარჩა.

ქალაქის ცნობილ მასწავლებელს ცხოვრებაში ტრაგიკული წლებიც ჰქონდა. იმ დროს, როცა მოსკოვში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, ქუჩაში დაეცა და მუცელი მოეშალა. მოგვიანებით კი მეუღლეც გარდაეცვალა.

„მაშინ იმდენად ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად, რომ გარკვეული ხანი გარეთაც კი აღარ გამოვდიოდი. მე მაშინ დავიბადე ხელახლა, როცა ჩემი დისშვილი დაიბადა და მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე“.

ნელის ოჯახის შექმნა აღარ უცდია. „შრომა, შრომა და შრომა, აი, ეს იყო ჩემი მიზანი“, – ამბობს ნელი.

მას შემდეგ, რაც ნელის და გარდაიცვალა, ნელი მარტოდ დარჩა. მისი დისშვილი კი დიდი ხანია ჩეხეთში ცხოვრობს.

ახლა, როცა მოხუცდა და აღაც ფეხები ემორჩილება, ყველაზე მეტად განიცდის მარტოობას. ავადმყოფობის დროს მასთან ოჯახის ახლობელი ქალი მოდის და უვლის, ისიც პენსიონერია.

იცხოვრებდით ისეთ სახლში, სადაც თქვენი ასაკის ადამიანები იქნებიან და არ იგრძნობთ მარტოდ თავს? – ვკითხეთ მას. ნელი ამბობს, რომ კარგი იქნება, მოხუცებისთვის კომფორტული და მზრუნველი გარემო რომ არსებობდეს, „თუმცა ჩვენთან მთავრობა ხომ მხოლოდ საკუთარი თავისთვისაა?

არც უნდა იფიქრო, რომ ვინმე მოგხედავს და იბრძოლებს შენთვის“, – გვეუბნება ის.

ნელი 5 წელია გარეთ არ გასულა, ამ პატარა აივნიდან „მოგზაურობს“ თავის ქალაქში.

… როცა დილით ვდგები, ვამბობ, „მადლობა ღმერთო, თვალები რომ გამახელინე“. მე ამის გამოც მადლიერი ვარ“, – გვეუბნება ის და კითხვაზე, თუ რა ენატრება ყველაზე მეტად, პასუხობს: „ჩემი ახალგაზრდობა. აქტიური და ხალისიანი“.

ერდოღანმა თქვა, რომ სტამბოლის აფეთქებაში ქალი მონაწილეობდა და ის ტერორიზმს დაუკავშირა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება ტერორიზმს დაუკავშირა და განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა – 53-მდე.

ამის შესახებ ერდოღანმა ინდონეზიაში გაფრენამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ანადოლუ.

„ჩვენი ერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტში დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც ისინი იმსახურებენ. ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები ყველა ღონეს ხმარობენ ამ მზაკვრული თავდასხმის შემსრულებლებისა და მათ უკან მდგომი ასოციაციების გამოსავლენად“, – განაცხადა მან.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ აფეთქების შესახებ პირველადი ინფორმაციით, ეს იყო ტერორისტული აქტი.

„პირველი მოვლენები, პირველი ინფორმაცია, რომელიც გუბერნატორმა მოგვაწოდა: აქ ტერორის სუნია“, – განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ ინციდენტში ქალი მონაწილეობდა.

აფეთქება სტამბოლში, პოპულარულ საფეხმავლო ქუჩაზე ისტიკლალზე დღეს, შუადღისას მოხდა. აფეთქების ადგილი ტაქსიმიდან ექვსი წუთის სავალზე.

პროკურატურამ ტერორიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თურქულმა მარეგულირებელმა კომისიამ მომხდარიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ტელეარხებს აფეთქების შესახებ სიუჟეტების ტრანსლაცია აუკრძალა.

შუახევი ახალ ნაძვის ხეში 55 700 ლარს გადაიხდის

შუახევი წელს ახალ ნაძვის ხეს აჭარის ბიუჯეტის სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში იყიდის. ახალი ნაძვის ხე [ვარსკვლავის ჩათვლით] მაქსიმუმ 11,5 მეტრი სიმაღლის იქნება და ის დაბაში 21 დეკემბრამდე უნდა დაიდგას.

საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად მუნიციპალიტეტმა ტენდერი 56 ათასი ლარით გამოაცხადა, შეთავაზების ფასის კლების ბიჯი კი, 300 ლარია.

პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობა ნაძვის ხის მიწოდება-მონტაჟი, საკუთარი ხარჯებით დაბა შუახევში, შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე“.

ესკიზი, რომლის მიხედვითაც შუახევი ახალ ნაძვის ხეს იყიდის და ნაძვის ხე შუახევში გასულ წელს / წყარი: შუახევის მუნიციპალიტეტი

ნაძვის ხე „უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს/მახასიათებლებს. ნაძვის ხის მონტაჟის საჭირო მექანიზმებს და დამხმარე მუშახელს უზრუნველყოფს მიმწოდებელი.“

ფასების ცხრილს ახლავს ნაძვის ხის ესკიზიც.

ნაძვის ხე – „უნდა იყოს ქარხნული [10-10,5 მ] + 1 მ ვარსკვლავი, მყარი კონუსური კონსტრუქცია, ტოტების რაოდენობა არანაკლებ 800 ცალი, წიწვების რაოდენობა არანაკლებ 25 000 ცალი; ნაძვის ხის ძირის დიამეტრი 4.1 მ 1 მეტრიანი ვარსკვლავით [წიწვები ცეცხლგამძლე].“

კონსტრუქციას უნდა ახლდეს „40 ცალი ფიგურა თავისი ვარსკვლავით, სათამაშოებით, ფიფქებით“.

ამასთან, „პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა მიუთითოს შეთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებლის დასახელება. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტი ექვემდებარება უპირობო [დაზუსტების გარეშე] დისკვალიფიკაციას.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 19 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება.

წელს ახალ ნაძვის ხეს იყიდის ქედა, ქობულეთი და ბათუმი.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის

 

პოდოლიაკი ასახელებს გარემოებას, რაც რუსეთს აიძულებს უკრაინასთან მოლაპარაკებას

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ასახელებს გარემოებას, რაც რუსეთს აიძულებს მოლაპარაკება დაიწყოს უკრაინასთან. პოდოლიაკის აზრით, რუსეთი ამისთვის ჯერ კიდევ არ არის მზად.

„დ – დემორალიზაცია. რუსეთის ფედერაციაში ომის მხარდაჭერა სწრაფად მცირდება. ოლიგარქიდან მეწაღემდე ყალიბდება აზრი: „დროა, დამთავრდეს“. პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად რუსეთი ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული რეალური მოლაპარაკებებისა და ჯარების გაყვანისთვის. მაგრამ ეს მოხდება დონეცკის ან ლუგანსკის გათავისუფლებისთანავე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

უკრაინული მედიის შეფასებით, თავად რუსეთში სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ არა ხელისუფლება.

მოლაპარაკების საკითხს გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეშიც. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აღდგეს უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი და რომ მოლაპარაკებების დროს საუბარი არ უნდა იყოს არა „ნებისმიერ მშვიდობაზე“, არამედ მხოლოდ გაეროს წესდებაზე დაფუძნებული, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ითვალისწინებს.

___

11 ნოემბერს უკრაინამ დაიბრუნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი – ხერსონი, რომელიც რუსეთს 8 თვის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული. რუსეთმა ხერსონის რეგიონის ანექსიაც მოახდინა – „რეფერენდუმის“ ჩატარების შემდეგ მიიერთა უკრაინის ეს რეგიონი, კიდევ სხვა ოთხ რეგიონთან ერთად.

სტამბოლში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 81 კი დაშავდა

6 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა სტამბოლის ცენტრალურ და ყველაზე ხალმხრავალ ქუჩაზე, ისტიკლალზე მომხდარი აფეთქებისას.

შემთხვევა დღეს, 13 ნოემბერს მოხდა, თურქეთის დროით 16:20 საათზე.

კადრებში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება ჩანს, რომ ისტიკლალზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო დახმარების მანქანები.

აფეთქების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა სტამბოლის მერმა ეკრემ იმამოღლუმ.

„ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. გთხოვთ, მკაცრად დაიცვათ დანაშაულის ადგილზე მყოფი პირველადი დახმარების ჯგუფების მითითებები და არ დაეყრდნოთ შეცდომაში შემყვან პოსტებს, გარდა ოფიციალური განცხადებებისა,“ – დაწერა სტამბოლის მერმა თავის ოფიციალურ ტვიტერის ანგარიშზე.

ჯერჯერობით უცნობია აფეთქების ზუსტი მიზეზები. აფეთქების ადგილას დაიკეტა ყველა მაღაზია.

განახლება: სტამბოლის გუბერნატორის ალი ერლიკაის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე, ხოლო დაშავებულთა – 81-მდე გაიზარდა.

სტატიის თავდაპირველი სათაური იყო: სტამბოლში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა

რუსეთი სკოლებში სამხედროს გაკვეთილებს აბრუნებს: ბრიტანეთის დაზვერვა კრემლის მოტივებზე

რუსეთმა 2023 წლის სექტემბრიდან სკოლებში სამხედრო სწავლების დაბრუნების შესახებ გამოაცხადა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, კრემლი უბრუნდება საბჭოთა პერიოდის პროგრამას.

შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის დაზვერვამ დღეს, 13 ნოემბერს, გამოაქვეყნა. მათ ასევე განმარტეს, რომ ეს უკავშირდება უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს.

ბრიტანელები განმარტავენ, თუ რა ტიპის სამხედრო სწავლებას გეგმავს რუსეთი მოზარდებთან.

ეს არის საბჭოთა პერიოდის პროგრამის გამეორება, როდესაც მოსწავლეები სკოლებში სწავლობდნენ სავალდებულო სამხედრო მომზადებას. ეს პროგრამა 1993 წელს დასრულდა – იუწყება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

მათივე განმარტებით, საბჭოთა პერიოდში ეს სწავლება ითვალისწინებდა იმას, თუ როგორ უნდა ემოქმედა მოზარდს საგანგებო სიტუაციაში.

რუსეთს ამ სწავლების განახლება ჯერ კიდევ 2014 წელს, მას შემდეგ სურდა, როდესაც ყირიმში შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა – აცხადებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

მათი მონაცემებით, რუსეთი ამ იდეით ებღაუჭება იმედს, რომ ინიციატივა გააუმჯობესებს წვევამდელების მომზადების ხარისხს. თუმცა 8 წლის განმავლობაში ცოტა რამე თუ შეიცვალა:

რუსი წვევამდელების მომზადების ხარისხი ისევ დაბალია და დაბალია მორალურადაც.

რუსეთი ჯერჯერობით ამუშავებს სასწავლო პროგრამას, რომლის დასრულებაც 2022 წლის ბოლომდე იგეგმება. ამის შემდეგ ის გაივლის დამტკიცების პროცესს.

აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს ამ პროცესს და მიიჩნევს, რომ სასწავლო წლის განმავლობაში ამ საგანს მინიმუმ 140 საათი უნდა დაეთმოს.

ბრიტანეთის დაზვერვის განმარტებით, სავარაუდოდ, ამ სწავლების მიზანია, მოამზადოს მოზარდები სამხედრო უნარებში, რადგან ისინი უახლოვდებიან არმიაში გაწვევის ასაკს, ასევე გაზარდოს სამობილიზაციო თუ გასაწვევ პირთა რაოდენობა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეს ინიციატივა შეიძლება იყოს უფრო ფართო პროექტის ნაწილი: დანერგონ რუს მოსახლეობაში „პატრიოტიზმი“ და ასევე „ნდობა“ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

ბათუმში უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ნოემბრის 21 საათიდან 14 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 – 13 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

15 და 16 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

 

Exit mobile version