მთავარი,სიახლეები

პატიმრის ცოლი: პაემნის უფლებას გვიზღუდავენ სასამართლოში საქმის მოგების მიუხედავად

07.08.2018 • 4304
პატიმრის ცოლი: პაემნის უფლებას გვიზღუდავენ სასამართლოში საქმის მოგების მიუხედავად

„პაემნის უფლებას გვიზღუდავენ. ჩემს ქმარს ციხეში ხან ეუბნებიან, რომ რემონტია, ან დაკავებულია პაემნების ოთახი, ან დანიშნავენ პაემანს და ოჯახის წევრებს არ გვატყობინებენ. ჩემმა მეუღლემ სასამართლო სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ უკვე მოიგო, მაგრამ ბათუმის ციხის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შესრულება არ სურს, 2014 წლიდან დღემდე ხანგრძლივი პაემნით მხოლოდ ორჯერ ვისარგებლეთ,“ – ამას მსჯავრდებულის და იმავდროულად ბრალდებულის, ლეონიდე მიქაბერიძის ცოლი – მარი ჭკადუა ამბობს. ლეონიდე 2014 წლიდან პატიმარია და ბათუმის ციხეში იხდის სასჯელს.

ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება ნებისმიერ მსჯავრდებულს აქვს, თუმცა მისი პერიოდულობა პატიმრის შეფასების რისკის მიხედვით განისაზღვრება. ხანგრძლივი პაემანი ერთჯერადად 23 საათს მოიცავს. გამონაკლის შემთხვევაში წელიწადში ერთხელ შესაძლებელია პაემანი 47 საათამდე გაგრძელდეს.

ბათუმის ციხეში მყოფმა ლეონიდე მიქაბერიძემ საქმე სასაჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს სამივე ინსტანციაში მოიგო. ციხის ადმინისტრაცია მას ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლებას იმ მოტივით არ აძლევდა, რომ მას ბრალდებულის სტატუსიც ჰქონდა. კანონის მიხედვით კი, ბრალდებულს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება არ აქვს. უზენაეს სასამართლოში დავა პატიმარსა და სამინისტროს შორის 2016 წლის ბოლოს დასრულდა.

„სამივე ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ ლეონიდეს ჰქონდა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება, რადგან მას ბრალდებულთან ერთად აქვს მსჯავრდებულის სტატუსიც,“ – განმარტავს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის უფროსი. ეს ორგანიზაცია იცავდა პატიმრის ინტერესებს სამივე ინსტანციის სასამართლოში.

ლეონიდე მიქაბერიძის ცოლი ამბობს, რომ მისი მეუღლე ხშირად აპროტესტებს ციხის შიგნით არსებულ პრობლემებს და ამის გამო სჯიან. ლეონიდე მიქაბერიძე „ბათუმელებსაც“ ხშირად უგზავნიდა წერილებს წინა წლებში სხვადასხვა პრობლემაზე. ერთ-ერთი წერილი ციხიდან გასვლის ან დაბრუნების დროს გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთების ვალდებულებას ეხებოდა, რაზეც პატიმარი უარს ამბობდა. ამ მიზეზით იგი საკუთარ სასამართლო პროცესებს ვერ ესწრებოდა. რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა ბუქნების გაკეთებასა და გაშიშვლებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ უკანონოდ მიიჩნია.

„სასამართლოში საქმის მოგების შემდეგ, ამ წლის იანვარში, დაუნიშნეს ლეონიდეს ხანგრძლივი პაემანი, მაგრამ ჩვენ არ შეგვატყობინეს. არც ტელეფონზე დარეკვის უფლება მისცეს. მერე მითხრა ჩემმა მეუღლემ, რატომ არ ამოდით არავინო. ვუთხარი, რომ შეტყობინება არ მოგვსვლია… ახლა, 2 აგვისტოს ავედი დედამთილთან ერთად სანახავად და შემთხვევით გავიგეთ, რომ პაემანი ყოფილა დანიშნული. გვითხრეს, რომ სმს გამოგვიგზავნეს ციხის ადმინისტრაციიდან, მაგრამ არც მე და არც დედამთილს არ მიგვიღია ტელეფონზე შეტყობინება. „ბილაინის“ ოფისში ვიყავი და მითხრეს, რომ ამონაწერს ვერ მომცემენ, თუკი სამართალდამცავი ორგანო არ მოითხოვს ამას. დედამთილის ტელეფონი კი ჩემი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული,“ – გვიყვება მარი ჭკადუა, ლეონიდე მიქაბერიძის ცოლი.

ანნა მდინარაძის, საიას აჭარის ფილიალის უფროსის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ კანონი დაარღვია, რადგან ადმინისტრაცია ვალდებული იყო პატიმრის მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში ხანგრძლივი პაემნისთვის ოჯახის წევრებს დაკავშირებოდა.

„დაწესებულებამ დაარღვია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება ოჯახის წევრების ინფორმირებულობის თვალსაზრისით. ჩვენ გავუწევთ ლეონიდე მიქაბერიძეს შესაბამის იურიდიულ მხარდაჭერას,“ – ამბობს ანნა მდინარაძე.

პატიმრის ცოლი ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციამ წინა წლების ხანგრძლივი პაემნების კომპენსირებაზეც უარი თქვა. იურისტი ანნა მდინარაძე განმარტავს, რომ ამ კუთხით სასამართლოს არ უმსჯელია. მისი შეფასებით, პატიმარმა უნდა მოითხოვოს წინა წლებში გამოუყენებელი ხანგრძლივი პაემნების ანაზღაურება, ხოლო თუკი ადმინისტრაცია ამაზე ისევ უარს იტყვის, ზიანის ანაზღაურების კუთხით ხელახლა სასამართლო დავის დაწყებაა შესაძლებელი.

რატომ უზღუდავდა ამ დრომდე ციხის ადმინისტრაცია პატიმარს ხანგრძლივი პაემნის უფლებას და არსებობს თუ არა დოკუმენტი, რაც დაადასტურებს იმას, რომ ადმინისტრაციამ პატიმრის ოჯახის წევრებს 2 აგვისტოს ჩანიშნული ხანგრძლივი პაემნის შესახებ შეატყობინა – კითხვებით „ბათუმელებმა“ იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროს გუშინ, 6 აგვისტოს მიმართა. სამინისტრო განმარტებას გუშინვე დაგვპირდა, თუმცა დღეს მოგვწერეს, რომ პასუხს ხვალისთვის მოგვაწვდიან, რასაც მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

შენიშვნა: იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ პასუხი დღეს, 9 აგვისტოს მიიღო.

„კონკრეტულ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებით ინფორმაციის, როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი გასაჯაროება გამოიწვევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, რის გამოც მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე, მონაცემთა სუბიექტის მიერ სათანადო წესით თანხმობების მიღებამდე. სპეციალური პენიტენციური სამსახური და N3 პენიტენციური დაწესებულება, მზად არის ინფორმირებული თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, გაასაჯაროოს სტატიაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური, ისევე როგორც თითოეული პენიტენციური დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად, უზრუნველყოფს კანონიერ ძალაშიშესული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელებას,“ – აღნიშნულია სამინისტროდან მიღებულ წერილში.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: