მთავარი,სიახლეები

ყოფილი პოლიციელი აჭარის პოლიციის უფროსს უჩივის: „ეს სამოხელეო დანაშაულია“

15.11.2022 • 5627
ყოფილი პოლიციელი აჭარის პოლიციის უფროსს უჩივის: „ეს სამოხელეო დანაშაულია“

ყოფილი პოლიციელი, რემზი შარაძე, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს პროკურატურაში უჩივის და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მიზეზი უნებართვო ავტოსადგურებია ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, საიდანაც მიკროავტობუსები ძირითადად თბილისის მიმართულებით მოძრაობენ ბილეთების, ბაქნის, მოსაცდელისა და ავტოსადგურისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე. ყოფილი პოლიციელის თქმით, პოლიცია კანონით განსაზღვრულ რეაგირებას არ ახდენს.

რემზი შარაძემ აჭარის მთავარ პროკურორს წერილით ოქტომბრის ბოლოს მიმართა და ახსნა, რატომ ხედავს სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, დავით მაღრაძის უმოქმედობაში.

„…როგორც მისი [დავით მაღრაძის] პასუხიდან გამოჩნდა, მან არ იცის, რომ ჩემს განცხადებაში მოყვანილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სამართალდარღვევის ოქმების დაწერა წარმოადგენს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს კომპეტენციას და არა ბათუმის მუნიციპალური ორგანოების შესაბამისი სამსახურების კომპეტენციას,“ – სწერს პროკურორს ყოფილი პოლიციელი და განმარტავს, რომ უკანონო ავტოსადგურზე რეაგირებას პოლიცია უნდა ახდენდეს განსაკუთრებით მაშინ, როცა მუნიციპალური ავტობუსების ხაზიც ხშირად მიკროავტობუსებს აქვთ საათობით დაკავებული.

„მინიმუმ 7 ასეთი უნებართვო ავტოსადგურია ბათუმში. აქ არ იყიდება ბილეთები, ეს ერთი პრობლემაა, მეორეა, რომ არც ჯარიმები იწერება და არ ხდება შესაბამისი რეაგირება,“ – განმარტავს რემზი შარაძე.

პროკურატურაში წერილის გაგზავნამდე რემზი შარაძეს ყოფილი უფროსისთვისაც მიუწერია.

„მიუხედავად ჩემი განცხადებისა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარმა სამმართველომ და ხელმძღვანელობამ არავითარი რეაგირება არ მოახდინეთ… მაღალი ალბათობით თქვენ, მთავარი სამმართველოს სხვა ხელმძღვანელობამ და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სხვა პოლიციელებმა ჩაიდინეთ სსკ-ით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულებები,“ – წერს რემზი შარაძე.

„არავითარი პრევენციული ზომები აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ ზემოთ აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით არ გატარებულა…

წერეთლის ქუჩის ორივე მხარესროგორც პლაზის მიმდებარედასევე თბილისის მოედნის მიმდებარედ, ავტობუსების გასაჩერებელ ყვითელი ხაზებით მონიშნულდგილებში და ქვეითთა გადასასვლელებზე საათობით მდგარი ტაქსებისმიკროავტობუსების და სხვა ავტომანქანების მძღოლების მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და ჩემს წინა განცხადებაში დასახელებულ სხვა ქუჩებში მოქალაქეებისა და მძღოლების მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით,“ – აღნიშნავს რემზი შარაძე პროკურატურისთვის მიმართულ წერილში.

პროკურატურის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, რა რეაგირება მოჰყვა რემზი შარაძის მიმართვას.

ბათუმის მერიამ რამდენჯერმე დააანონსა ქალაქში უნებართვო ავტოსადგურების მოშლა. ბოლოს ასეთი დაპირება 2019 წელს ბათუმის მაშინდელმა მერმა, ლაშა კომახიძემ გასცა, თუმცა არაფერი შეცვლილა.

უნებართვო ავტოსადგური წერეთლის ქუჩაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

——————-

რემზი შარაძე 27 წელი მუშაობდა შსს-ში. 2019 წელს ის უბნის ინსპექტორი იყო ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოიგო იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. ამ დავის შედეგად ანტიკონსტიტუციურად არის მიჩნეული განმეორებით აუქციონზე ქონების გატანის წესი.

ქონების აუქციონზე გატანის წესი იუსტიციის მინისტრის ბრძანებაშია გაწერილი, რომლის მიხედვითაც, თუ ქონება პირველ და განმეორებით აუქციონზე ვერ გაიყიდა, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. ამ დროს ქონების საწყისი ფასი 0 ლარია. „ეს არის ელიტური კორუფციის შესაძლებლობა,“ – ამბობდა მაშინ უბნის ინსპექტორი. იმის მიუხედავად, რომ მისი ბინები აუქციონზე გაყიდეს [ერთი ბინა 43 500 ლარად, მეორე – 16 500 ლარად], მას ბანკისთვის ისევ დარჩა ფული გადასახდელი – აუქციონიდან მიღებულმა შემოსავალმა სესხი სრულად ვერ დაფარა.

საპენსიო ასაკს მიღწევის შემდეგ რემზი შარაძემ შსს დატოვა. ამჟამად იგი ადვოკატად მუშაობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: