მთავარი,სიახლეები

ბათუმის ცნობილი მასწავლებელი მარტოობაში – წითელი თმა და აუხდენელი ოცნება პარიზზე

13.11.2022 • 51179
ბათუმის ცნობილი მასწავლებელი მარტოობაში – წითელი თმა და აუხდენელი ოცნება პარიზზე

5 წელია, რაც ქუჩაში არ გასულა. სამყაროს თავისი ბინის პატარა აივნიდან ეკონტაქტება. მხოლოდ აქედან შეუძლია დაინახოს, როგორ იცვლის გაავდრებისას ზღვა ფერს და მუქდება, ან როცა კამკამა ცისფერს იკიდებს.

ბოლო დროს აივანზე გასვლასაც კი ვეღარ ახერხებდა. ამბობს, რომ სამი თვის წინ ოთახში დაეცა და მთელი ეს დრო საწოლში გაატარა.

„მეზობლები დამეხმარნენ და ლოგინზე დამაწვინეს. შემდეგ ახლობელმა ექიმმა გამსინჯა. ათი დღეა, რაც ფეხზე წამოვდექი“, – გვეუბნება 92 წლის ნელი.

წლების წინ ნელი ერქომაიშვილი ამ ქალაქში ყველაზე ცნობილი ფრანგულის მასწავლებელი იყო. თხელი გოგონა, გრძელი ალისფერი თმით.

„მრცხვენოდა ჩემი წითელი თმის, რადგან ყველა წითურს მეძახდა. ბიჭებიც დამსდევნენ ხოლმე და „პაჟარ“, „პაჟარ“ – ასე მეძახდნენ. მაშინ ეს სიმახინჯე მეგონა. ზაფხულობით სახეზე ჭორფლი ამომაყრიდა და ამის გამო ზღვაზეც აღარ გავდიოდი.

თუმცა ახლა ვხვდები, როგორი ლამაზი თმა მქონია“, – ამბობს ნელი და თავის მქრქალი, ღია ცისფერი თვალებით გვიცინის.

ნელი ერქომაიშვილი ახალგაზრდობაში

1930 წელს დაიბადა, იმ დროს, როცა ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი და რეპრესიები ნელ-ნელა ძლიერდებოდა.

„ომი რომ დაიწყო, სკოლაში შემიყვანეს, ბათუმში ცნობილი ფრანგულის მასწავლებელი გვყავდა და მასთან დავდიოდი, ვსწავლობდი მუსიკასაც.

მამაჩემი ბუღალტერი იყო, მაგრამ დედას და მამას, ორივეს ძალიან უყვარდა სიმღერა და ანსამბლშიც მღეროდნენ.

სკოლის დასრულების შემდეგ თბილისში უცხო ენების ინსტიტუტში შემიყვანეს, სადაც ნამდვილი ფრანგები გვასწავლიდნენ ენას. ეს ქალები ქართველი ჯარისკაცების ცოლები იყვნენ, ისინი, ვინც ტყვედ ჩავარდა გერმანიაში, მაგრამ შემდეგ საფრანგეთში გადავიდნენ და იქაურ ქალებზე იქორწინეს.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ფრანგი ცოლებიც ჩამოიყვანეს. როცა სტალინმა ტყვედ ჩავარდნილი ხალხის გადასახლება დაიწყო, ჩვენ ძალიან ვეხმარებოდით ამ ქალებს“, – ამბობს ნელი.

ვიდეო ნელის შესახებ იხილეთ აქ:

ფრანგი მასწავლებლების წყალობით ნელის ყველაზე კარგი აქცენტი ჰქონდა და ფრანგულსაც სრულყოფილად ფლობდა.

„ბათუმში რომ ჩამოვედი, ქედაში მიპირებდნენ განაწილებას, სამ დღეს ერთ სოფელში უნდა მევლო, სამ დღეს – მეორეში. თუმცა ისე მოხდა, რომ სამინისტროში ადგილი გამოთავისუფლდა და იქ დამნიშნეს ინსპექტორად.

სკოლები უნდა შემემოწმებინა. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო სკოლა, დირექტორი და მასწავლებელი, მაგრამ მითხრეს, გასწავლითო. დავისწავლე ეს თეორია და წავედი სკოლებში.

მე რაც თეორიულად მასწავლეს, სკოლაში ამას არავინ აკეთებდა და მეც ვწერდი მინუსებს. ბევრი მოხსნეს ამის გამო. მერე მითხრეს, „ნელი, ასე არაფერი გამოვა, ცოტა შეარბილე შეფასებაო“. მე ავტირდი, მასწავლებელი ვარ და სკოლაში გამიშვით-მეთქი. მართლა გამიშვეს. მე-16 სკოლაში ვასწავლიდი, შემდეგ გოროდოკში, რუსულ სკოლაში ვასწავლიდი ფრანგულს“.

მასწავლებლობის გარდა ნელი ლექციებსაც კითხულობდა დირექტორებისა და პედაგოგებისთვის. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, როგორც საუკეთესო მასწავლებელს, „მათ შორის საფრანგეთის საელჩოსგანაც“-გვეუბნება ნელი. მის შესახებ ცნობები დაცულია ბათუმის ხარისტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმშიც.

„პირველად ხულოში გამიშვეს. ლექციას რომ მოვრჩი, იქ ხელიც კი მთხოვეს – ბოღჩასაც მოგიტანთო მითხრეს. ძალიან გავბრაზდი, როგორ გამიბედეთ-მეთქი.

შუახევის სოფლებშიც დავდიოდი – ბუთურაულში, ინწკირვეთში ცხენით ავდიოდი. ჩემი შინდისფერი კაბა მეცვა და ბავშვებმა რომ დამინახეს, მომაძახეს – ნენევ, ეს რა ყირმიზი გოგოი ამოვიდაო. ყველა რაიონი ფეხით მაქვს მოვლილი“, – იხსენებს ნელი.

მისი გაკვეთილი აუცილებლად სიმღერით სრულდებოდა. „ფრანგმა მასწავლებელმა ასე მასწავლა და მეც სიმღერით ვამთავრებდი გაკვეთილებს“, – ამბობს ნელი და ფრანგულად ღიღინებს.

ნელის ფრანგული ზღაპრების კითხვა ახლაც სიამოვნებას ანიჭებს.

ნელი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი იყო ბავშვის ცემა და დასჯა, რაც იმ დროს ძალიან გავრცელებული იყო სკოლებში. უყვარდით ბავშვებს? – ვკითხე მას, რასაც ერთი პატარა ისტორიით უპასუხა. „ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ რაღაც მოიპარა და დააპატიმრეს. მე მივედი სასამართლოზე და თავდებში დავუდექი ამ ბავშვს. როცა გამოუშვეს, სახლში მისვლამდე ჩემთან მოვიდა და ლოყაზე მაკოცა. კიდევ იყო ბევრი ასეთი ისტორია.“

ამბობს, რომ მისი ოცნება იყო ერთხელ მაინც წასულიყო პარიზში, თუმცა საბჭოთა რკინის ფარდამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

„მე ხომ იმისთვის დავიბადე, რომ იქ წავსულიყავი და დავრჩენილიყავი, მაგრამ, აი, ასეთი სიბნელე იყო მაშინ ჩვენთვის.

ორ მეზღვაურ ძმას ვამეცადინებდი ფრანგულში, ჩრდილოეთ საფრანგეთში ყოფნის დროს გემი გაუფუჭდათ თურმე და ერთი ფრანგი კაპიტანი დაეხმარა. მშივრები ვიყავით და დაგვაპურაო. წამოსვლისას ამ ბიჭებს ჩემი ტელეფონის ნომერი დაუტოვებიათ მისთვის და როცა ჩამოვიდნენ, იმ კაპიტანს დამაკავშირეს.

გაგიჟდა ის კაცი, ჩემი ფრანგული რომ მოისმინა. საოცარ წერილებს მიგზავნიდა…

როცა ვთქვი, რომ საფრანგეთში მინდა წასვლა, მითხრეს ჩუუ, არ შეიძლებაო. მერე, როცა გაიხსნა საზღვრები, 75 წლის ვიყავი და ახლა მოხუცი ხარო, მითხრეს.

ფრანგულის ყოფილი მასწავლებელი მის შესახებ დაბეჭდილ სტატიებს და ცნობილ ფოტოს გვაჩვენებს, რომელიც საბჭოთა დროს ფრანგულ გაზეთში დაიბეჭდა.

აქ როცა იყო ერთი ფრანგი სტუმარი ჩამოსული, მანაც შემომთავაზა წაყვანა, 500 დოლარი იყო საჭირო, მაგრამ მაშინ ეს ფული არ მქონდა“, – ამბობს ნელი.

პირველი ქვეყანა, სადაც ნელი ახალგაზრდობის დროს წავიდა, მაშინდელი იუგოსლავია იყო. პარიზი კი მისთვის დღემდე ოცნებად დარჩა.

ქალაქის ცნობილ მასწავლებელს ცხოვრებაში ტრაგიკული წლებიც ჰქონდა. იმ დროს, როცა მოსკოვში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, ქუჩაში დაეცა და მუცელი მოეშალა. მოგვიანებით კი მეუღლეც გარდაეცვალა.

„მაშინ იმდენად ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად, რომ გარკვეული ხანი გარეთაც კი აღარ გამოვდიოდი. მე მაშინ დავიბადე ხელახლა, როცა ჩემი დისშვილი დაიბადა და მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე“.

ნელის ოჯახის შექმნა აღარ უცდია. „შრომა, შრომა და შრომა, აი, ეს იყო ჩემი მიზანი“, – ამბობს ნელი.

მას შემდეგ, რაც ნელის და გარდაიცვალა, ნელი მარტოდ დარჩა. მისი დისშვილი კი დიდი ხანია ჩეხეთში ცხოვრობს.

ახლა, როცა მოხუცდა და აღაც ფეხები ემორჩილება, ყველაზე მეტად განიცდის მარტოობას. ავადმყოფობის დროს მასთან ოჯახის ახლობელი ქალი მოდის და უვლის, ისიც პენსიონერია.

იცხოვრებდით ისეთ სახლში, სადაც თქვენი ასაკის ადამიანები იქნებიან და არ იგრძნობთ მარტოდ თავს? – ვკითხეთ მას. ნელი ამბობს, რომ კარგი იქნება, მოხუცებისთვის კომფორტული და მზრუნველი გარემო რომ არსებობდეს, „თუმცა ჩვენთან მთავრობა ხომ მხოლოდ საკუთარი თავისთვისაა?

არც უნდა იფიქრო, რომ ვინმე მოგხედავს და იბრძოლებს შენთვის“, – გვეუბნება ის.

ნელი 5 წელია გარეთ არ გასულა, ამ პატარა აივნიდან „მოგზაურობს“ თავის ქალაქში.

… როცა დილით ვდგები, ვამბობ, „მადლობა ღმერთო, თვალები რომ გამახელინე“. მე ამის გამოც მადლიერი ვარ“, – გვეუბნება ის და კითხვაზე, თუ რა ენატრება ყველაზე მეტად, პასუხობს: „ჩემი ახალგაზრდობა. აქტიური და ხალისიანი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: