მთავარი,სიახლეები

რუსული რაკეტები კიევში 2 საცხოვრებელ სახლს მოხვდა – ვიტალი კლიჩკო

15.11.2022 • 839
რუსული რაკეტები კიევში 2 საცხოვრებელ სახლს მოხვდა – ვიტალი კლიჩკო

უკრაინული მედია და საერთაშორისო რეპორტიორები კიევიდან იტყობინებიან, რომ ქალაქის ცენტრში ორი აფეთქების ხმა გაისმა.

ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსული რაკეტები პეჩერსკის რაიონში ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა.

„თავდასხმა დედაქალაქზე. წინასწარი ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა [რაკეტები]. საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. მედიკოსები და მაშველები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე“, – წერს კიევის მერი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ჩამოაგდეს ოთხი რაკეტა.

„ორი აფეთქება კიევში.

წინასწარი ინფორმაციით, 4 რაკეტა იქნა ჩამოგდებული, – კიევის სამხედრო ადმინისტრაცია“, – წერს გერაშჩენკო.

აფეთქების ხმები საჰაერო თავდაცვის სიგნალს მოჰყვა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი ოცეულის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათში ჩაირთო.

„ახლახან გავიგონე ორი აფეთქების ხმა ცენტრალური კიევიდან. საჰაერო თავდაცვას ჰგავდა. ხილვადობა ღრუბლის გამო შეზღუდულია“, – წერს კრისტოფერ მილერი, „ფაინანშალ თაიმსის“ რეპორტიორი კიევიდან.

აფეთქების შესახებ დეტალები ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. როგორც „როიტერსის“ რეპორტიორი იტყობინება, დედაქალაქის თავზე კვამლია.

„კიევში აფეთქებების ხმაა“

აფეთქების შესახებ ცნობების პარალელურად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრი ერმაკმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას რუსეთი ახალი სარაკეტო თავდასხმით პასუხობს.

„ვოლოდიმირ ზელენსკის ძლიერ სიტყვას G20-ის სამიტზე რუსეთი ახალი სარაკეტო თავდასხმით პასუხობს. ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ კრემლს მართლა უნდა მშვიდობა? მას მორჩილება სურს. მაგრამ საბოლოოდ ტერორისტები ყოველთვის აგებენ“, – წერს ანდრი ერმაკი

აფეთქებების შესახებ დაწერეს ლვოვისა და ხარკოვის მერებმაც. ისინი მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

როგორც უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, 15 ნოემბრის სარაკეტო თავდასხმის სამიზნეები არის: კიევი, კიევის რეგიონი, პოლტავა, მიკოლაევი, დნიპრო და ჩერნიჰივი.

___

მთავარი ფოტო: „უკრაინსკა პრავდა“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: