მთავარი,სიახლეები

„სასტუმროში ვარ“ – ლავროვი უარყოფს ცნობებს, რომ ცუდად გახდა და კლინიკაშია

14.11.2022 • 1330
„სასტუმროში ვარ“ – ლავროვი უარყოფს ცნობებს, რომ ცუდად გახდა და კლინიკაშია

„სასტუმროში ვარ. ხვალინდელი სამიტისთვის მასალებს ვკითხულობ,“ – სერგეი ლავროვის ეს კომენტარი კრემლისტურმა სააგენტო TACC-მა მას შემდეგ გაავრცელა, რაც საერთაშორისო მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტზე დასასწრებად ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. 

Associated Press-ის ინფორმაციით, ინდონეზიაში ჩასული ლავროვი პროვინციის დედაქალაქში კლინიკაში მოათავსეს. სააგენტოს ეს ფაქტი როგორც ინდონეზიის ხელისუფლების, ისე სამედიცინო დაწესებულების წყაროებმა დაუდასტურეს.

ორი წყაროს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გულთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ჰოსპიტალმა კომენტარზე უარი თქვა, ამ დრომდე შეუძლებელი აღმოჩნდა კომენტარის მიღება რუსეთის საელჩოდანაც.

საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვაც, რომელმაც ლავროვის ჰოსპიტალიზაციის ცნობებს „ფეიკის უმაღლესი პილოტაჟი“ უწოდა.

„ჩვენ აქ, ინდონეზიაში, სერგეი ვიქტოროვიჩთან ერთად ინფორმაციას ვკითხულობთ და საკუთარ თვალებს არ ვუჯერებთ: თურმე ჰოსპიტალში გადაუყვანიათ. ეს უკვე ფეიკის უმაღლესი პილოტაჟია. მაშ, დაელოდეთ მსოფლიო ექსკლუზივს“, – დაწერა ზახაროვამ ტელეგრამში.

„დიდი ოცეულის“ სამიტი წელს კუნძულ ბალიზე 15-16 სექტემბერს იმართება. რუსეთს G20-ზე სერგეი ლავროვი წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამიტზე დასწრებაზე უარი თქვა. ინდონეზიის ხელისუფლების ინფორმაციით, ის ერთ-ერთ შეხვედრას ონლაინფორმატში დაესწრება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: