მთავარი,სიახლეები

ძეგლის დაცვის ზონაში კვარტალის ათვისებას აპირებენ – ავარიული სახლების პროგრამა

14.11.2022 • 4399
ძეგლის დაცვის ზონაში კვარტალის ათვისებას აპირებენ – ავარიული სახლების პროგრამა

შპს „რეტროფიტი“ ბათუმში, წერეთლისა და ზურაბ ბერიძის ქუჩებს შორის ტერიტორიაზე, ზღვიდან ერთ კვარტალში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ავარიული სახლების დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს. კომპანია მერიას წერს, რომ ამ მისამართზე არსებულ დაუსრულებელ კორპუსსაც აითვისებს, იმ შემთხვევაში, თუ მშენებელ კომპანიასთან მოლაპარაკება შედგება.

ლურჯად მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

ამ კორპუსის მშენებელი კომპანია 2021 წელს პროექტში ცვლილებას ითხოვდა, თუმცა არჩილ ჩიქოვანმა უარი უთხრა – მშენებლობის ნებართვას ვადა აქვს გასულიო

ავარიული სახლების ნუსხაშია ზურაბ ბერიძის ქუჩის #4/6/8/14 – ამ შენობებს აკაკი წერეთლის ქუჩის მხრიდან, პირველივე შესახვევში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ესაზღვრება [#1]. ეს შენობაც ავარიული სახლების ნუსხაშია.

მერიაში წარდგენილი ესკიზის მიხედვით, კომპანია ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში გამოსყიდულ კვარტალში 4 კორპუსის მშენებლობის პროექტის მომზადებას გეგმავს. მერიის შესაბამისი სამსახურიდან მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ამ დროისთვის კომპანიას მერიაში მხოლოდ სავარაუდო ესკიზი აქვს წარდგენილი.

ესკიზი

კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს ასევე ახლავს ამ მისამართზე მცხოვრებთა თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტები – ამხანაგობების კრების ოქმები და თანხმობის წერილები შესაბამისი ხელმოწერებით.

ესკიზის მიხედვით, კომპანია ოთხი კორპუსის მშენებლობას გეგმავს, რომელთა სახურავზეც სარეკრეაციო სივრცეს მოაწყობენ – სახურავს გაამწვანებენ. პირველ-მეორე სართულებზე კომერციული სივრცე იქნება, მაღალ სართულებზე კი საოფისე და სასტუმრო სივრცეს მოაწყობენ. ყვითლად მონიშნული ფართობები საცხოვრებელი იქნება.

კომპანია მერიას ასევე სწერს, რომ კვარტალის განვითარების მიზნით, 60 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ამ ეტაპზე, ვიდრე პროექტი არ დაზუსტდება, არ ვიცით, რა გეგმები აქვს კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით.

„სპეციალისტების შეფასებით, წერეთლის #1-ში ორსართულიანი შენობა გეგმაში ლათინური „L“-ის მსგავსია. იგი თბილისის
მოედნიდან წერეთლის ქუჩაზე მართი კუთხით უხვევს. გეგმარებისა და ფასადების გადაწყვეტის მიხედვით, ნაგებობა თავდაპირველად შესაძლოა სასტუმროს წარმოადგენდა. შელესილი ფასადების მორთულობა თავშეკავებული და სადაა, შეინიშნება კლასიცისტური სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები. პირველი სართული კომერციულადაა ათვისებული და განიერი, სწორკუთხა მოხაზულობის ვიტრინებით ნაწევრდება. შენობა საყურადღებოა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით. იგი, ერთი მხრივ, თბილისის მოედნის კუთხეს აყალიბებს, ხოლო მეორე მხრივ – წერეთლის ქუჩის დასაწყისს. დატვირთვის თვალსაზრისით შენობის მდებარეობა მოხერხებულია, ავტოსადგომისთვის მას გარკვეული რესურსი აქვს. ჩარევის სარეკომენდაციო ფორმა: რესტავრაცია/რეკონსტრუქცია.“

ეს დახასიათება შპს „გეოგრაფიკს“ ეკუთვნის, ასევე დასკვნაც, რომ სასურველი ჩარევის ფორმა შესაძლებელია იყო „რესტავრაცია/ რეკონსტრუქცია.“ ძეგლი „გეოგრაფიკმა“ მერიის დაკვეთით 2015 წელს შეისწავლა. 2022 წელს კი ის ავარიული სახლების ნუსხაში მოხვდა. თუმცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით მისი გადარჩენა შესაძლებელია:

„…შენობას გააჩნია გარკვეული სახის პირველი და მეორე ხარისხის დაზიანებები, რასაც შენობის მდგრადობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. კორპუსი საჭიროებს მხოლოდ გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, როგორიცაა დასავლეთ და სამხრეთის ფასადების, აგრეთვე აივნის ბეტონეროზირებული და არმატურაკოროზირებული ფილების რეაბილიტაცია-შეკეთება“.

ბერიძის ქუჩაზე არსებული ავარიული სახლების მდგრადობა კი ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც არადამაკმაყოფილებელი: „ექსპლუატაციის ვადა ამოწურულია. შენობა ამორტიზებულია და მისი აღდგენა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად.“

ძეგლთან ახლოს მშენებლობის ნებართვა 2018 წელს შპს „ბათუმი 2012“-ს მაშინდელი მერის, გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებით და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანხმობით მიუღია. პროექტი ორი კორპუსის [ა და ბ ბლოკის] მშენებლობას ითვალისწინებდა.

ბ ბლოკი, რომლის მშენებლობაც ნაკვეთის შიდა მხარეს იყო დაგეგმილი, 11-სართულიანი უნდა ყოფილიყო, გზის გასწვრივ კი დაგეგმილი ა ბლოკის წინ კომპანიას კიდევ ექვსსართულიანი კორპუსი უნდა აეშენებინა. შემდეგ კომპანიას ბ ბლოკზე დამატებით ერთი სართულის დაშენების ნებართვა მისცეს, ნაცვლად მან ა ბლოკი 4 სართულამდე შეამცირა, თუმცა მშენებლობა ვერ დაასრულა. 2021 წელს კომპანია პროექტში ცვლილებას ითხოვდა, თუმცა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მას უარი უთხრა – მშენებლობის ნებართვის ვადა გასულიაო.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ავარიული სახლების პროგრამაში წარდგენილი პროექტების განხილვა ჯერ არ დასრულებულა და ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: