მთავარი,სიახლეები

ხერსონში მარცხის შემდეგ რუსეთი დონეცკის შეტევას გააძლიერებს – ISW

14.11.2022 • 1745
ხერსონში მარცხის შემდეგ რუსეთი დონეცკის შეტევას გააძლიერებს – ISW

ხერსონში მარცხის შემდეგ, რუსეთი უახლოეს კვირებში, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქში შეტევებს განაახლებს და ამისთვის ხერსონის ოლქიდან გაყვანილ ძალებსაც გამოიყენებს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტში (ISW), რომლის დღევანდელი ანგარიშიც თითქმის მთლიანად ამ თემას ეძღვნება.

„უკრაინამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოწოდებული იყო, როგორმე შეენარჩუნებინა ეს მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც მას საშუალებას მისცემდა, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან უკრაინის დასავლეთ ნაწილში გაეგრძელებინა თავისი „სამხედრო ოპერაცია“.

ეს ფაქტორი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო პუტინის გეგმებისთვის, ვიდრე ერთადერთი რეგიონული ცენტრის შენარჩუნების სიმბოლური ღირებულება,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებითაც, ამ მიზნის მისაღწევად და ხერსონის დასაცავად, მანამდე, რუსეთმა თავისი ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაისროლა, მათ შორის რუსეთის არმიის ყველაზე ელიტური დანაყოფები და მობილიზებულთა ბატალიონები.

ექსპერტთა ვარაუდით, პუტინი ხერსონიდან გასვლას იმ პირობით შეიძლებოდა დათანხმებულიყო, რომ გენერალი სუროვიკინი ხერსონიდან გაყვანილ ძალებს დონეცკის ოლქის სრულად დასაპყრობად გამოიყენებს და ამ მიზანს მიაღწევს კიდეც.

„უკრაინის ძალები ამ რაიონში ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან. კიევს კი, დიდი ალბათობით, მოუწევს ძალების სერიოზული ნაწილი რუსების განახლებული შეტევების შესაჩერებლად გადაისროლოს,“ – აღნიშნავს ISW.

ინსტიტუტის შეფასებით, რუსები ვერც ამ რაიონში შეძლებენ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას, თუმცა შესაძლოა, დროთა განმავლობაში, უდიდესი დანაკარგების ფასად, ბახმუტის დაკავება მაინც შეძლონ.

ინსტიტუტის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში მოქმედი რუსეთის ძალებში შედიან რეგულარული არმიის ნაწილები, მობილიზებული სამხედროები, მოხალისეთა დანაყოფები, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების „ოპოლჩენცები“, „ვაგნერელები“ და „კადიროველები.“

„ძალთა ეს უცნაური ერთობა კიდევ უფრო ნაკლებეფექტიანი იქნება, ვიდრე რეგულარული არმიის დანაყოფები. ნაკლებსავარაუდოა, რომ სუროვიკინი შეძლებს და ამ გაერთიანების გადააქცევს სერიოზულ სამხედრო ძალად, რომელსაც ფართომასშტაბიანი შეტევების უნარი ექნება,“ – წერს ISW.

ექსპერტების შეფასებით, ძალთა ეს უცნაურ ერთობა გარკვეულ წარმატებას მხოლოდ რიცხობრივი სიმრავლის გამო თუ მიაღწევს.

ის ფაქტი, რომ პუტინი კვლავაც აიძულებს თავის გენერლებს, არსებულ ვითარებაში გააგრძელონ შეტევითი ოპერაციები, სამხედრო თვალსაზრისით, სერიოზული შეცდომაა.

„სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან, რომლებაც თავის დროზე აიძულა პუტინი უკრაინაში შეჭრის ბრძანება გაეცა და ასევე, პუტინის მოთხოვნილებასთან, თავისი სიმტკიცე დაანახვოს „ვაგნერის“ მფლობელს, ევგენი პრიგოჟინს. სწორედ ამიტომ პუტინი არ ეცდება ცეცხლის შეწყვეტას, თუ არ იქნება მნიშვნელოვანი დათმობები უკრაინის ან საერთაშორისო მოკავშირეების მხრიდან,“ – აღნიშნავს ISW და დასძენს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აუცილებლად უნდა ისარგებლონ პუტინის ამ შეცდომით და კონტრშეტევები გააგრძელონ.

ინსტიტუტის პროგნოზით, მალე უკრაინელების დაიწყებენ გადაჯგუფებას თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციებისთვის.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძლება სცადონ და დაედევნონ რუსებს დნეპრის გავლით სხვადასხვა წერტილში, თუმცა სავარაუდოდ, ამას არ გააკეთებენ, რადგან დნეპრის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის დანაყოფების მომარაგება ძალიან გართულდება. უკრაინის არმია, დიდი ალბათობით, გაიმყარებს კონტროლს დასავლეთ ნაპირზე, დატოვებს იქ საკმარის დანაყოფებს რუსეთის დაბრუნების ნებისმიერი მცდელობის აღსაკვეთად და თავის ძალებს სხვა მიმართულებებზე მიმართავს,“ – ISW-ის ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეტევები დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აიძულებს, თავისი დანაყოფების ნაწილი სწორედ ამ ოლქის თავდაცვას მოახმაროს, უკრაინა დიდი ალბათობით, თავის ძალებს ლუგანსკში კონტრშეტევაზე მიმართავს, ან რომელიმე სხვა ტერიტორიაზე დაიწყებს ახალ კონტრშეტევას.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები: 

  • რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე;
  • უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტროლის გამყარებას დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე;
  • უკრაინის არმიამ დაარტყა რუსეთის სამხედრო ბაზას ჩაპლინკაში, ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა, აღმოსავლეთ სანაპიროზე;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა შეტევას ბახმუტის, ავდეევკისა და უგლედარის მიმართულებებზე;
  • რუსეთის თავდაცვა იუწყებოდა, რომ რუსეთის ძალებმა აიღეს ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მაიორსკი;
  • რუსეთი განაგრძობდა სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, კერძოდ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში;
  • რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება იძულებით მობილიზაციას მიმართავს ლუგანსკის, დონეცკის ოლქებში, ასევე მელიტოპოლში;
  • უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის ძალებმა დაიწყეს დნეპრის მარცხენა სანაპიროდან მელიტოპოლსა და მარიუპოლში გადასვლა.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 14 ნოემბრის მდგომარეობით, რომელზეც ჩანს, რომ ხერსონის დასავლეთ ნაწილი უკრაინის კონტროლქვეშაა/War Mapper

გადაბეჭდვის წესი


ასევე: