მთავარი,სიახლეები

ვინ იყო სტეპან ბანდერა – გმირი თუ ნაცისტების კოლობარაციონისტი?

15.11.2022 • 2296
ვინ იყო სტეპან ბანდერა – გმირი თუ ნაცისტების კოლობარაციონისტი?

რუსეთმა სანქციები დაუწესა კანადის 100 მოქალაქეს, რომელთა შორის არიან კანადელი პოლიტიკოსები, უკრაინული წარმომავლობის პირები, მსახიობები ჯიმ კერი და კეტრინ ვინიკი და ცნობილი უკრაინელი ნაციონალისტის, სტეპან ბანდერას შვილიშვილი, სტივ (სტეფან) ბანდერა.

სტეპან ბანდერას სახელი და მისი გვარიდან შექმნილი ტერმინი – „ბანდერელები“ 24 თებერვლის შემდეგ არაერთხელ გაისმა. ვლადიმერ პუტინიცა და რუსი პოლიტიკოსებიც მას, როგორც წესი, იმის დასტურად და საჩვენებლად იყენებენ, რომ უკრაინას „ნეონაცისტები“ და ბანდერას „შთამომავლები“ მართავენ.

თუმცა ბანდერას წინააღმდეგობრივი ფიგურა უკრაინაში პოპულარული ამ ომამდე ბევრად ადრე იყო. უკრაინის საზოგადოების ნაწილისთვის ის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირია, მისი მოწინააღმდეგეები კი მიუთითებენ, რომ სწორედ ბანდერას ორგანიზაციის ნამუსზეა ათასობით პოლონელის, ებრაელისა თუ უკრაინელის სისხლი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სტეპან ბანდერა კიდევ ერთხელ გაიხსენა საერთაშორისო მედიამაც. „გმირი თუ ნაცისტების კოლობარაციონისტი?“ – ასე ჰქვია „დოიჩე ველეს“ სტატიას, რომელიც მკითხველს აცნობს, რატომაა ის უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურა.

„მის შესახებ წარმოდგენებში მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან სიმართლე, ნახევარსიმართლე და მითები“, – წერდა BBC 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „ოთხი მითი სტეპან ბანდერაზე“. მაშინ მისმა სახელმა უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გაიჟღერა.

სტეპან ბანდერა, რომელიც საბჭოთა უშიშროების აგენტებმა დასავლეთ გერმანიაში დაახლოებით 60 წლის წინ მოკლეს, სავარაუდოდ, დღემდე ყველაზე ცნობილი უკრაინელი ნაციონალისტია.

მისი ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული დასავლეთ უკრაინასთან, რომელიც პოლონეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილი იყო. ადგილობრივი მღვდლის შვილი, სტეპან ბანდერა 1909 წელს ახლანდელ ივანო-ფრანკოვსკის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. სწავლობდა ლვოვში, სადაც ის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციას შეუერთდა.

სტეპან ბანდერა, 1929-1930 წელი/ფოტო: ვიკიპედიიდან

1930-იან წლებში, ბანდერას ბრალად წაუყენეს პოლონეთში მომხდარი პოლიტიკური მკვლელობების, მათ შორის პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მკვლელობის, თანაორგანიზება და დააპატიმრეს.

პოლონეთის ციხიდან, სადაც ის სამუდამო პატიმრობას იხდიდა, ბანდერა გერმანელებმა გაათავისუფლეს. როგორც BBC აღნიშნავს, ბანდერა ყოველთვის ამტკიცებდა საჯაროდ, რომ უკრაინელებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდათ, რადგან უკრაინის დამოუკიდებლობა არავის ინტერესებში არ შედიოდა და ბერლინთან ნებისმიერი თანამშრომლობა შესაძლოა მხოლოდ ტაქტიკური და დროებითი ყოფილიყო.

სწორედ ამ იდეის გამო მოუხდა მას უთანხმოება ნაციონალისტური ორგანიზაციის ოფიციალურ ლიდერთან ანდრეი მელნიკთან, რომელიც დღეს ბანდერასგან განსხვავებით, უკრაინელთა ნაწილში პოპულარობით ვერ სარგებლობს.

1940 წელს ორგანიზაცია ორ ფრთად გაიყო უნო(მ) და უნო(ბ) – უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია – მელნიკი და უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია – ბანდერა.

1941 წელს, როდესაც ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთვის ემზადებოდა, ბანდერას ფრთამ ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული ლეგიონი შექმნა და 800-კაციანი შემადგენლობით ორ გერმანულ ბატალიონს, „ნახტიგალსა“ და „როლანდს“ შეუერთდა.

პროცესს ხელმძღვანელობდნენ ორგანიზაციის სხვა ლიდერები, თვითონ ბანდერა მასში არ მონაწილეობდა, თუმცა როგორც BBC წერს, რთული წარმოსადგენია, რომ ისინი ბანდერასთან შეთანხმების გარეშე მოქმედებდნენ.

სწორედ „ნახტიგალის“ სახელს უკავშირდება ლვოვში ებრაული მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ჟლეტა. BBC მიუთითებს, რომ ისტორიკოსთა ნაწილის ცნობით, „ნახტიგალიდან“ ამ დროს უკრაინელები უკვე გაშვებულები იყვნენ, თუმცა მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ ბანდერას თანარაზმელები ბატალიონში რჩებოდნენ და ლვოვის პოგრომშიც მონაწილეობდნენ.

1941 წლის 30 ივნისს, როდესაც „ნახტიგალი“ ვერმახტის ნაწილებთან ერთად ლვოვში შევიდა, ბანდერას თანამებრძოლებმა ლვოვის ოპერაში გამართულ შეკრებაზე უკრაინის სახელმწიფოს აღდგენის შესახებ გამოაცხადეს.

როგორც შემდეგ ამ პროცესების აქტიური მონაწილე და ისტორიკოსი ლევ შანკოვსკი წერდა, ორგანიზაცია „მზად იყო ეთანამშრომლა გერმანიასთან მოსკოვის წინააღმდეგ ერთობლივად საბრძოლველად“, თუმცა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში.

თუმცა ჰიტლერს ეს „სლავური ამბოხი“ არ მოეწონა. 5 ივლისს ბანდერა კრაკოვში დააპატიმრეს და გაგზავნეს ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მან „პოლიტიკური პირების“ სპეციალურ განყოფილებაში სამი წელი გაატარა.

ბანდერა გერმანელებმა 1944 წელს გამოუშვეს, ბერლინში წაიყვანეს და თანამშრომლობა შესთავაზეს, თუმცა BBC-ის სტატიის თანახმად, მან აუცილებელ პირობად „სახელმწიფოს აღდგენის აქტის“ აღიარება დაასახელა. შეთანხმება არ შედგა და ომის დასრულებამდე ბანდერა გერმანიის ტერიტორიაზე გაურკვეველი სტატუსით რჩებოდა. ომის შემდეგ მასთან ჩასვლა მისმა ცოლ-შვილმაც მოახერხა. 

ბანდერას საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნის პერიოდში ნაციონალისტური ორგანიზაციის მისი ფრთა ბრძოლას განაგრძობდა. მისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და სამარცხვინო ფურცლად მიიჩნევა „ვოლინის ხოცვა-ჟლეტა“, რომლის დროსაც ბანდერას მიმდევრებმა რეგიონის ათასობით პოლონელი დახოცეს. კონფლიქტი 1943 წლის მარტში დაიწყო და პიკს 1943 წლის ზაფხულში მიაღწია.

პოლონური წყაროების ინფორმაციით, მაშინ 100 000 ადამიანი მოკლეს.

რუსეთთან ომის ფონზე, უკრაინის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მოკავშირემ, პოლონეთმა უკრაინას სთხოვა, აღიაროს მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი ნაციონალისტების მიერ 100 000 პოლონელის დახოცვა.

„ისინი, ვინც ვიცით, რომ მკვლელები იყვნენ, ასევე იყვნენ გმირები უკრაინისთვის, სხვა დროს და სხვა მტერთან და ხშირად იღუპებოდნენ საბჭოთა კავშირის ხელით. ისინი, ვინც ღრმა რწმენით იბრძოდნენ დამოუკიდებელი და თავისუფალი უკრაინისთვის“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ვოლინში მომხდარი მკვლელობების 79 წლისთავზე.

პოლონეთის პარლამენტმა სასტიკი მკვლელობები, რომლებიც 1943-1945 წლებში სტეპან ბანდერას უკრაინის მეამბოხე არმიამ და ნაციონალისტების ორგანიზაციამ ჩაიდინა, გენოციდად შეაფასა.

სტეპან ბანდერას შვილიშვილი – სტეპან [სტივენ] ბანდერა. ის კანადის მოქალაქეა და ჟურნალისტია

იცოდა თუ არა „ვოლინის ხოცვა-ჟლეტის“ შესახებ თავად საკონცენტრაციო ბანაკში მყოფმა ბანდერამ – ამაზე დღემდე კამათობენ, ერთ-ერთი ვერსიით მას მუდმივი კონტაქტი ჰქონდა თანარაზმელებთან, მეორე ვერსიით კი – იზოლაციაში იმყოფებოდა.

„დამოუკიდებელი ისტორიკოსების შეფასებით, ბანდერა იყო რადიკალი ნაციონალისტი თავისი იდეებით და ტერორისტი თავისი მეთოდებით. მას რომ მოეხერხებინა, შეექმნა და სათავეში ჩასდგომოდა უკრაინულ სახელმწიფოს, ის ნამდვილად არ იქნებოდა ლიბერალური და დემოკრატიული,“ – წერდა BBC.

2005 წელს პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ბანდერას უკრაინის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, თუმცა ეს ბრძანება 2010 წელს პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააუქმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: