განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ მუშაობენ ბათუმის საჯარო სკოლები 2 და 3 ცვლაში 

15.11.2022 • 2328
რატომ მუშაობენ ბათუმის საჯარო სკოლები 2 და 3 ცვლაში 

ბოლო წლებში ბათუმში მოსწავლეთა რაოდენობა გაორმაგდა. მაგალითად, თუ ათი წლის წინ ბათუმის საჯარო სკოლებში 1 668 პირველკლასელი სწავლობდა, 2022 წლისთვის, მხოლოდ საჯარო სკოლებში, 3 340 პირველკლასელი სწავლობს.

ქალაქში დიდი ხანია აღარ არსებობს ერთცვლიანი სკოლა. უფრო მეტიც, გადატვირთული კონტინგენტის გამო, ზოგიერთ სკოლას სამ ცვლაშიც კი უწევს სწავლა.

პედაგოგები ჩივიან, რომ არაფორმალური განათლებისთვის სკოლაში სივრცე აღარ დარჩა და ცარიელი ოთახის პოვნა ჭირს რაიმე აქტივობის ჩასატარებლად.

ბოლო წლებში ბათუმში რამდენიმე სკოლა დაანგრიეს, მათ შორის მე-3 სკოლა ძველ ბათუმში, მე-6 სკოლა რუსთაველის ქუჩაზე, ავარიულობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა მე-16 სკოლაშიც. ახალი სკოლები, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ფაქტობრივად არ შენდება.

განათლების სამინისტრო ცდილობს გადატვირთულ სკოლებს ახალი კორპუსები, ეზოების ხარჯზე დაუმატოს.

ასე მოხდა მაგალითად ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც ერთი კორპუსი დაემატა და შემცირდა ეზო, [დღევანდელ] მე-6 საჯარო სკოლაშიც ეზოს ხარჯზე დაემატა ახალი კორპუსი. ასევე, კორპუსი ემატება ბათუმის მე-15 სკოლასაც.

მოსწავლეთა რაოდენობა ბათუმის სკოლებში ბოლო წლების მიხედვით

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აშენდა ფიზიკა-მათემატიკის (კომაროვის სკოლა) ბათუმში და 28-ე სკოლის დაწყებითი განათლების შენობა.

რაც შეეხება სრულიად ახალ სკოლებს, როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, სამომავლოდ მხოლოდ ორი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი ბათუმში.

ერთი სკოლა, თავდადებულის ქუჩაზე, ყოფილი პროფესიული სასწავლებლის ადგილზე აშენდება და 1400 მოსწავლეზეა გათვლილი, შენობა სამსართულიანი იქნება.

მეორე სკოლა მე-16 სკოლის ბაზაზე უნდა აშენდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სკოლას უკვე ისედაც ჰყავს თავისი კონტინგენტი და ახალი მოსწავლეების გაზრდილ ნაკადს მაინც ვერ მიიღებს.

სანამ ახალი სკოლა აშენდება, მე-16 სკოლის მოსწავლეები მე-10 საჯარო სკოლის შენობაში ისწავლონ, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

„ჩვენი ძველი სკოლა, 650 ბავშვზე იყო გათვლილი, თუმცა სკოლაში ათასამდე ბავშვი სწავლობდა. შესაბამისად, შენობა არ იყო საკმარისი“, – გვეუბნება თამთა კვარაცხელია, რომელიც გარკვეული წლები ამ სკოლაში დირექტორად მუშაობდა.

მისი თქმით, ორცვლიანი სკოლის პრაქტიკა თითქმის არცერთ ქვეყანაში არ გვხდება საქართველოს გარდა და ამის მიზეზი სკოლების ნაკლებობა და სოფლიდან ქალაქში მაღალი მიგრაციაა.

„ცოტა ხნის წინ 28-ე სკოლაში ვიყავი და იქ მითხრა დირექტორმა, რომ წელს პირველად დავამატეთ მესამე კლასიო, რაც აქამდე არასდროს არ გვყოლიაო.

ვიფიქრე, ალბათ შობადობა გაიზარდა ქალაქში და ეს აისახა კონტინგენტის ზრდაზე-მეთქი, მაგრამ ასე არ არის, ძირითადად სოფლებიდან ხდება მოსახლეობის მიგრაცია და ამის ხარჯზე იზრდება ქალაქის სკოლების კონტინგენტიც.

კი, უმატებენ კორპუსებს ძველ სკოლებს, მაგრამ განტვირთვა მაინც არ ხდება, რადგან კორპუსს რომ უმატებენ, კლასებსაც უმატებენ.

იმ სკოლების რაოდენობაც გაიზარდა უკვე, სადაც 2 000-ზე მეტია მოსწავლე“, – ამბობს თამთა კვარაცხელია, რომლის თქმითაც ყველაზე მეტად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული სკოლებია გადატვირთული.

სამაგიეროდ, სოფლებში იზრდება ისეთი სკოლების რიცხვი, სადაც პირველკლასელი უკვე რამდენიმე წელია აღარ მიუღიათ, ან თითო-ოროლა ჰყავთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: