ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

შუახევი ახალ ნაძვის ხეში 55 700 ლარს გადაიხდის

13.11.2022 • 1926
შუახევი ახალ ნაძვის ხეში 55 700 ლარს გადაიხდის

შუახევი წელს ახალ ნაძვის ხეს აჭარის ბიუჯეტის სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში იყიდის. ახალი ნაძვის ხე [ვარსკვლავის ჩათვლით] მაქსიმუმ 11,5 მეტრი სიმაღლის იქნება და ის დაბაში 21 დეკემბრამდე უნდა დაიდგას.

საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად მუნიციპალიტეტმა ტენდერი 56 ათასი ლარით გამოაცხადა, შეთავაზების ფასის კლების ბიჯი კი, 300 ლარია.

პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობა ნაძვის ხის მიწოდება-მონტაჟი, საკუთარი ხარჯებით დაბა შუახევში, შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე“.

ესკიზი, რომლის მიხედვითაც შუახევი ახალ ნაძვის ხეს იყიდის და ნაძვის ხე შუახევში გასულ წელს / წყარი: შუახევის მუნიციპალიტეტი

ნაძვის ხე „უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს/მახასიათებლებს. ნაძვის ხის მონტაჟის საჭირო მექანიზმებს და დამხმარე მუშახელს უზრუნველყოფს მიმწოდებელი.“

ფასების ცხრილს ახლავს ნაძვის ხის ესკიზიც.

ნაძვის ხე – „უნდა იყოს ქარხნული [10-10,5 მ] + 1 მ ვარსკვლავი, მყარი კონუსური კონსტრუქცია, ტოტების რაოდენობა არანაკლებ 800 ცალი, წიწვების რაოდენობა არანაკლებ 25 000 ცალი; ნაძვის ხის ძირის დიამეტრი 4.1 მ 1 მეტრიანი ვარსკვლავით [წიწვები ცეცხლგამძლე].“

კონსტრუქციას უნდა ახლდეს „40 ცალი ფიგურა თავისი ვარსკვლავით, სათამაშოებით, ფიფქებით“.

ამასთან, „პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა მიუთითოს შეთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებლის დასახელება. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტი ექვემდებარება უპირობო [დაზუსტების გარეშე] დისკვალიფიკაციას.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 19 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება.

წელს ახალ ნაძვის ხეს იყიდის ქედა, ქობულეთი და ბათუმი.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს და გამოკითხვას ატარებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: