მთავარი,სიახლეები

უკრაინას არარეალისტური და არაადეკვატური მოთხოვნები აქვს – ლავროვი

15.11.2022 • 1033
უკრაინას არარეალისტური და არაადეკვატური მოთხოვნები აქვს – ლავროვი

G20-ის სამიტზე მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არარეალისტურ მოთხოვნებს აყენებს და სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს ამბობს.

„უკრაინული მხარე კატეგორიულად ამბობს უარს ნებისმიერ მოლაპარაკებებზე და ისეთ მოთხოვნებს აყენებს, რომლებიც ამ სიტუაციაში ცხადად არარეალისტური და არაადეკვატურია. ჩვენ, ჩვენი პრეზიდენტის პირით, არაერთხელ დავადასტურეთ რომ, ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე. თუ ამაზე ვინმე ამბობს უარს – ეს უკრაინაა. და რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს ამას, მით უფრო რთული იქნება რაიმეზე შეთანხმება,“ – განაცხადა ლავროვმა.

მედიის ცნობით, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ შეხვედრაზე იჯდა, რომლის მონაწილეებსაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.

ზელენსკიმ მსოფლიოს ლიდერებს უკრაინის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერა სთხოვა და დასძინა, რომ მისი აზრით, სწორედ ახლაა დრო, რომ რუსეთის დამანგრეველი ომი დასრულდეს.

„უკრაინას არ უნდა შესთავაზონ კომპრომისები საკუთარ სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიასთან და დამოუკიდებლობასთან. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და სიტყვის ხალხი ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ, რომელმაც თავისი გამოსვლისას არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის მიმართავდა G19-ის ლიდერებს და ამ ფორმით „დიდ ოცეულში“ რუსეთის ყოფნას გამორიცხავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინა არ მიიღებს არავითარ მოლაპარაკებას, შეთანხმებასა თუ კომპრომისს, ვიდრე ოკუპანტები რჩებიან ქვეყნის მიტაცებულ ტერიტორიებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: