მთავარი,სიახლეები

ხერსონიდან გაყვანილი ჯარი რუსეთს დონეცკში გადაჰყავს – ISW

15.11.2022
ხერსონიდან გაყვანილი ჯარი რუსეთს დონეცკში გადაჰყავს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ხერსონიდან გაყვანილი ჯარი რუსეთს დონეცკის მიმართულებაზე გადაჰყავს, რათა ბახმუტის გარშემო და დონეცკის დასავლეთ ნაწილში დაწყებული ოპერაციები გააძლიეროს.

„უახლოეს დღეებსა და კვირებში რუსეთის არმია, სავარაუდოდ, მართლაც მიაღწევს წარმატებას ამ რაიონებში, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წარმატება ვერ იქნება“, – ნათქვამია ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში.

ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსეთმა ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურა საინფორმაციო კამპანია დონეცკის ოლქში სამხედრო მიღწევების შესახებ. ანალიტიკოსების აზრით, ამის მიზანი იმის ხაზგასმაა, რომ რუსეთის არმიამ ამ რაიონში შეტევა ხერსონიდან გასვლის შემდეგ გააძლიერა.

„რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ დაიკავეს ბახმუტიდან 20 კმ-ში მდებარე მაიორსკი და დონეცკიდან 45 კმ-ში მდებარე პავლოვკა. რუსეთის თავდაცვა, სავარაუდოდ, ცდილობს შექმნას წინაპირობები რუსეთის წარმატებების ფართოდ გასაშუქებლად და ამით ხერსონის „დაკარგვით“ გამოწვეული უკმაყოფილება შეამციროს,“ – წერს ISW-ი.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსმა სამხედრო ბლოგერებმა ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლა რუსეთის სამხედრო სარდლობის გასაკრიტიკებლად გამოიყენეს;
  • „ვაგნერის“ დამფინანსებლის ევგენი პრიგოჟინის გავლენა ომის მომხრეთა ნაწილში კიდევ უფრო ძლიერდება, ის თავს იმკვიდრებს, როგორც მეტად დამოუკიდებელი, სტალინური ტიპის სამხედრო ლიდერი;
  • უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას ხაზზე;
  • რუსეთის ძალებმა წარუმატებლად სცადეს დაკარგული პოზიციების დაბრუნება ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით;
  • რუსეთის ჯარმა გააქტიურა შეტევები დონეცკის ოლქში და ტერიტორიული წინსვლის შესახებაც გამოაცხადა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: