მთავარი,სიახლეები

მარტოხელა ქალი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა – „კიდევ კარგი, უფასო სასადილო არსებობს“

14.11.2022 • 1671
მარტოხელა ქალი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა – „კიდევ კარგი, უფასო სასადილო არსებობს“

„…სროლის დაწყებიდან რამდენიმე საათში სრულად გადაივსო საავადმყოფოები, აღარ იყო ადგილები, აღარ ვიცოდით, სად წაგვეყვანა დაჭრილი ჯარისკაცები,“ – აფხაზეთის ომის დაწყების პირველ დღეს იხსენებს ნაზიბროლა გუგუშვილი, ექთანი ქალი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა.

მარტოხელა, დევნილი ქალი ვეტერანობისთვის თვეში 100 ლარს იღებს, ასევე აქვს სოციალური შემწეობა [50 ლარი] და პენსია [260 ლარი], თუმცა ხშირად წამლის ფულიც არ რჩება. პურიც ძალიან გაძვირდაო, დასძენს ის.

აფხაზეთის ომის ვეტერანს ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში შევხვდით. ის ხახულის ქუჩაზე ცხოვრობს, დევნილებისთვის აშენებულ კორპუსში. ბინა ნაზიბროლას ძმის საკუთრებაა. მან კი, „მესხეთის“ დატოვების დროს მიღებული კომპენსაციით [7 ათასი დოლარი] ბინის შეძენა ვეღარ შეძლო.

  • სროლები როცა ატყდებოდა, საკაცეების უკან ვიმალებოდით“ – რას ჰყვება ომის ვეტერანი ქალი 

„ეს ამბები სულ თვალწინ მიდგას,“ – ყვავილებთან ახლოს, სავარძელში ჯდება ნაზიბროლა გუგუშვილი და ისეთი ემოციით გვიყვება 30 წლის წინანდელ ამბავს, თითქოს გუშინდელია.

„14 აგვისტოსაც მორიგე ვიყავი, საერთოდ არ ვიცოდი, რომ ომი დაიწყო. ჩვენ ქალაქგარეთ ვცხოვრობდით, სოხუმთან, ავიღე ჩემი ექთნის ხალათი, ჩანთა და სამსახურში წავედი,“ – ნაზიბროლა გუგუშვილი 1992 წლის 14 აგვისტოს დილას აღწერს, როცა მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა.

„ქალაქში როცა შევედი, ტანკები დავინახე. ვიფიქრე, ალბათ ისევ სწავლებაა-მეთქი, მაგრამ დაიწყო დაბომბვები, ძლივს მივედი სამსახურამდე. უკვე სასწრაფოში რეკავდნენ ყოველ წუთში, სახურავებზე „სნაიპერები“ ისხდნენ.

იმ დღეს დაიწყო ხალხის ხოცვა.

ჩვენ დაჭრილები მიგვყავდა საავადმყოფოში და ისევ უკან ვბრუნდებოდით, ქუჩაში. რამდენიმე საათში სრულად გადაივსო საავადმყოფოები, აღარ იყო ადგილები, აღარ ვიცოდით, სად წაგვეყვანა დაჭრილი ჯარისკაცები, ძლივს ვიმუშავე საღამომდე, ნერვები აღარ მყოფნიდა ამ ტრაგედიის ყურებაში.

გვიან საღამოს ჩავიცვი ჩემი ტანსაცმელი და გავედი ქუჩაში, დედაჩემთან რომ გავსულიყავი, მაგრამ ტრანსპორტი ქუჩაში აღარ მოძრაობდა, იქ მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცები იდგნენ. ბიჭებს ვკითხე, ასე რომ კლავენ ქუჩაში ნებისმიერ გამვლელ-გამომვლელს, საიდან იციან ვინ ვინაა, იქნებ მათიანია-მეთქი, მითხრეს, რომ კარგად იციან ყველაფერი, განწირულები ვართო.

იმ დღესვე უშუქოდ დავრჩით, უწყლოდ…  წარმოიდგინეთ, აგვისტოში შეშის ღუმელზე რომ გააკეთებ საჭმელს დაჭრილი ჯარისკაცებისთვის. წყალი მდინარიდან მოგვქონდა, პატარა ღელეებიდან, ან წვიმას ველოდით…

საავადმყოფოები როცა გადაივსო, სახლებშიც დაგვირიგეს დაჭრილები. მე ვცხოვრობდი ექიმთა სახლში. ჩვენი მთავარი ექიმი, პროფესორი შოთა ჯღამაიძეც იქ ცხოვრობდა, ვერ დატოვა საქართველო, ვერ გვიღალატა… ისიც დახვრიტეს,“ – ჰყვება ნაზიბროლა გუგუშვილი და თან კატას ეფერება.

რა იყო ამ დროს ყველაზე რთული?

„ვეღარ ვუვლიდით ჯარისკაცებს…“, – სევდიანი მზერით გვიპასუხა ომის ვეტერანმა. – „ჰიგიენის პრობლემების გამო ჯარისკაცებს სხვადასხვა დაავადება გაუჩნდათ.

ზოგი ჯარისკაცი ტკივილისგან კვდებოდა. ნარკოტიკები, რაც ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად გვქონდა, მხედრიონელებს ძალით მიჰქონდათ. სახლებშიც გვაწიოკებდნენ, თავისუფალ ადგილებს იკავებდნენ მხედრიონელები და როცა დაგიძახებდნენ, უნდა შესულიყავი, საჭმელი მოგემზადებინა მათთვის, გაგერეცხა, მათ ლოგინებზეც სულ ნარკოტიკები ეყარა… ბევრი კარგი ჯარისკაციც იყო, მათ შორის, მოხალისეები თბილისიდან,“ – ომის ვეტერანი ამბებს იხსენებს, რაც იმდროინდელ სიტუაციას ასახავს კარგად.

„როცა ბიჭები საომარ პოზიციებზე მიდიოდნენ, სულ უნდოდათ, იქ მედიცინის მუშაკებიც ვყოფილიყავით. სამხედრო მანქანაში დავჯდებოდი და მივდიოდი. როცა სროლა ატყდებოდა, საკაცეებს უკან ვიმალებოდით… ეს ყველაფერი საშინელება იყო,“ – ხმა უწყდება ქალს და პაუზის შემდეგ ამატებს, როგორ მოუწია ერთ დღეს სანატორიუმის მეორე სართულიდან გადმოხტომა.

„…ერთხელ მთხოვეს წავსულიყავი სანატორიუმში, სადაც იწვნენ ჯარისკაცები, ნემსები ჰქონდათ გასაკეთებელი. უცებ ატყდა სროლები, თურმე ჩეჩნები დაგვესივნენ. მეორე სართულიდან გადმოვხტით გოგოები, მაშინ ხერხემალი დამიზიანდა, დისკოზი მაქვს ახლაც, უკვე 30 წელია მაწუხებს,“ – გვიყვება ნაზიბროლა გუგუშვილი და მერე იმასაც აღწერს, რამდენად რთულია ბრძოლის ველზე ყოფნა განსაკუთრებით ქალისთვის.

„ბატალიონის უფროსი გადამეკიდა, აღარ მომშორდა, წამოდი ჩემთანო… მემუქრებოდა, ემუქრებოდა დედაჩემსაც… დედამ ცოტა ხნით ბიძაჩემთან, სენაკში გამაგზავნა. მერე, ერთ საღამოს, ტელევიზიით მოვისმინე, როგორ დაიღუპა ის მეთაური: მაღაზიაში შესულან და სიგარეტები მოუთხოვიათ, ალბათ უფასოდ. ამ მეთაურმა ეტყობა მოვაჭრეების შეშინება სცადა და „ლიმონკა“ ამოიღო, თუმცა აუფეთქდა, თვითონაც დაიღუპა, სხვებიც.

ძალიან დამწყდა გული… შეიძლება, ვუყვარდი კიდეც. ისევ დავუბრუნდი სამსახურს. იყო სხვა შემთხვევაც – ქალებს აგროვებდნენ. მეზობლის ბიჭთან მივედი, იქნებ დაგვეხმარო-მეთქი და მითხრა, სახეს დაგიმახინჯებ, აღარავინ შემოგხედავსო.

გახსენებაც მიმძიმს, მაგრამ შეჩვეული ვიყავი შიშსაც,“ – დაასრულა ომის ვეტერანმა.

  • „უკრაინელების გემით დავტოვეთ სოხუმი“ – რას უყვება ომის ვეტერანი ლტოლვილებს უკრაინიდან 

„ზუსტად ასეთი მდგომარეობა იყო ჩვენთანაც,“ – აფხაზეთიდან დევნილი გვიზიარებს, როგორ აღმოაჩინა უკრაინელებთან საუბრის დროს საერთო მტრის – რუსეთის სტრატეგია, რაც არ იცვლება.

„ჩვენთანაც ცხოვრობენ მდგმურები უკრაინიდან, ერთმანეთს ვუყვებით ამბებს,“ – განაგრძობს თხრობას ნაზიბროლა გუგუშვილი, -„აფხაზეთშიც რამდენი წელი მზადდებოდა ეს ომი: ჯერ წაგვართვეს ქუჩები, მაგალითად, თამარ მეფის ქუჩა გახდა ჩამბა, შემდეგ ყველა ქუჩას აფხაზური გვარები დაარქვეს…

თურმე ფარული კრებებიც ტარდებოდა. ჩვენ არაფერი ვიცოდით, დანათესავებულები ვიყავით ერთმანეთთან, ნათელ-მირონობაც გვქონდა.

მერე მიტინგებიც დაიწყო, გამოჩნდა ავტომატებიანი ხალხი ქუჩებში… მაინც ვერ ვიჯერებდი.

ყველაფერი რუსების ბრალია, არ ვიცი, რუსეთს რა ჯანდაბა უნდა. ეუბნებოდნენ აფხაზებს, კარგი ცხოვრება გექნებათ, გეპატრონებით, აფხაზეთი გქვიათ და ეს თქვენი მიწა-წყალია, გაყარეთ ეს ხალხიო, ისინიც აჰყვნენ.

უკრაინელების გემით დავტოვე სოხუმი 27 სექტემბერს. დედა და ჩემი ძმა დარჩნენ. მალე შერიგება იქნება და დაგაბრუნებთო. სული ჩემი იქ დარჩა… გემები გადავსებული იყო, ადგილს რთულად იპოვიდი. ახლობელი გულის შეტევით გემზე გარდაიცვალა, ძლივს გამოვედით იქიდან, ისეთი სროლა იყო, მაგრამ უკრაინელები არ შეუშინდნენ არაფერს, გამოგვიყვანეს უშიშრად სამშვიდობოზე. მერე ავტობუსებით დაგვანაწილეს. მე ბათუმში წამოვედი,“ – ამბობს ომის ვეტერანი.

  • „ბათუმშიც არ დაგვხვდა სიმშვიდე… აქ მიცვალებულების გაპატიოსნებაზეც ვმუშაობდი,“ – დევნილობის 30 წელიწადი 

„უშუქობა, უწყლობა, დიდი გაჭირვება, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, ჩვენ სასტუმრო „მესხეთში“ ვცხოვრობდით, მე-13 სართულზე, შუქი თითქმის არ იყო, ფეხით ავდიოდით,“ – ბათუმში ცხოვრებაზეც გვიყვება აფხაზეთის ომის მონაწილე. ის ღიმილით იმ დღეს იხსენებს, როცა აფხაზეთიდან დეპეშა მიიღო.

„6 თვე იყო უკვე გასული, რაც ბათუმში ვიყავი, დეპეშა ჩემმა რძალმა გამოაგზავნა, მაშინ ხომ ტელეფონები არ იყო. დეპეშით გავიგე, რომ ისინი ახერხებდნენ წამოსვლას… დედაჩემი და ჩემი ძმა ჩარჩნენ აფხაზეთში, ვეღარ გამოდიოდნენ. მერე ვიღაც აფხაზი ბიჭი ნაცნობი გამოჩენილა და იმან გადაარჩინა. სიხარულის ცრემლებით ვტიროდი იმ დღეს,“ – ამბობს ქალი, რომლის დედაც ბათუმში გადმოსვლის შემდეგ მალევე გარდაცვლილა, მისი ძმა კი, თბილისში ცხოვრობს.

ბათუმში ცხოვრებიდან ყველაზე მძიმედ აფხაზეთიდან დევნილს 2008 წლის აგვისტო ახსენდება.

„2008 წელს ამერიკის გემი რომ არ ყოფილიყო შავ ზღვაში, ბათუმის დაბომბვაც იგეგმებოდა…. მახინჯაურში ვიყავი ახლობელთან და სახლის სარდაფში ვიმალებოდით,“ – ამბობს ნაზიბროლა გუგუშვილი.

ნაზიბროლას 90-იან წლებში ბათუმში თავდაპირველად მუშაობა რესტორანში დაუწყია.

„ვმუშაობდი ბარათაშვილზე, ეკლესიასთან, რესტორანში, ოფიციანტიც მე ვიყავი და ბარმენიც… ზოგჯერ ღამის პირველამდე მიწევდა დარჩენა, შემდეგ ფეხით უნდა წავსულიყავი შინ. მახსოვს, ღამით გზას მანქანის ფარები ანათებდნენ და ისე მივდიოდი სახლამდე.

იმ დროს „მესხეთელი“ გოგოც მოკლეს აქ, ჭაობის დასახლებაში, ორი პატარა ბავშვი დარჩა. აღდგომა იყო: მე ადრე წავედი სახლში, რადგან დედა მარტო იყო, ის კი რესტორანში დარჩა, გვიან გამოსულა სამსახურიდან.

ბათუმშიც ყველგან ჯარისკაცები იდგნენ… იყო შიში, უჭირდა ყველას. გაჭირვების გამო მეც ოჯახებში მუშაობა დავიწყე, ვისაც მიცვალებული ჰყავდა, წამალს ვუკეთებდი, ვაპატიოსნებდი, თმასაც ვუღებავდი…

ომგამოვლილს გული გეყინება. წარმოდგენილი მქონდა, თითქოს ცოცხალი იყო, ვესაუბრებოდი, ველაპარაკებოდი,“ – გვითხრა ომის ვეტერანმა, რომელიც ვეტერანობისთვის დაახლოებით 29 წელი მხოლოდ 22 ლარს იღებდა, ბოლო ერთი წელია კი 100 ლარს იღებს.

„კიდევ კარგი, სასადილო არსებობს,“ – ამბობს მარტოხელა ქალი  და გაღიმებას ცდილობს.

  • „ერთხელ ვიყავი თავშესაფარში ნემსის გასაკეთებლად, საშინელება იყო…“ 

ამბობს ვეტერანი ქალი, რომელსაც ასევე ვკითხეთ, რას ფიქრობდა ადგილზე, სადაც ის ხანდაზმულობის დროს სიამოვნებით იცხოვრებდა და მასზე იზრუნებდნენ. მარტოხელა ქალი, დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერც კი უშვებს საქართველოში ასეთი მოდელის თავშესაფარს, სადაც მას გადასვლა მოუნდებოდა.

„მე იქ ერთ მოხუცთან ნემსის გასაკეთებლად მიმიყვანეს… რაც ვნახე, დაახლოებით 40 მოხუცი იყო ერთად, ზოგი იწვა, ზოგი მღეროდა, იცინოდა… ცუდად გავხდი, საშინელება იყო, ჩემი მტერიც არ მოხვდეს იქ,“ – მოკლედ ასრულებს ამ თემაზე ლაპარაკს აფხაზეთის ომის ვეტერანი.

„წამლები ძალიან ძვირია,“ – ნაზიბროლა გუგუშვილს დღეს ყველაზე მეტად მედიკამენტების შეძენა უჭირს. „სამწვერა ნერვის ანთება მქონდა და ერთი ნემსი 80 ლარი ღირდა, სამი ნემსი უნდა გამეკეთებინა. წამლებზე აღარაფერს ვამბობ… დაფინანსებული რაცაა, მაგით მხოლოდ წნევის მარეგულირებელს მაძლევენ.

ვცდილობ, როგორმე გადავანაწილო ეს 400 ლარი, რაც ყოველთვიურად არის ჩემი შემოსავალი… წამლებშიც არ მყოფნის,“ – დაასრულა ნაზიბროლა გუგუშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: