მთავარი,სიახლეები

ბათუმელი პოლიციელი, რომელსაც გამოსახლებას უპირებენ და რომელმაც საკონსტიტუციოში დავა მოიგო

15.03.2021 • 4912
ბათუმელი პოლიციელი, რომელსაც გამოსახლებას უპირებენ და რომელმაც საკონსტიტუციოში დავა მოიგო

„თუ საკუთარი უფლება არ დავიცავი, სხვას როგორ დავიცავ?“ – კითხულობს რემზი შარაძე, რომელიც უკვე 25 წელია უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობს. რემზი მაჭახლის ხეობაში მუშაობს. ეს ის უბნის ინსპექტორია, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში დავა იუსტიციის მინისტრს მოუგო. ამჯერად ისევ ბათუმის სასამართლომ უნდა განსაჯოს – გამოასახლებენ თუ არა ბინიდან უბნის ინსპექტორს და მის ოჯახს.

რემზი შარაძეს 2014 წელს „იშ ბანკში“ სესხი აუღია და ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე ,ძველ კორპუსში, ბინა უყიდია. სესხის აღებამდე ის ფლობდა 25.2 კვადრატულ მეტრ ბინას ისევ ზუბალაშვილზე, სესხის აღების შემდეგ კი, ამავე ბინის მეზობლად 43 კვადრატი ბინა შეიძინა.

„სესხი იყო ხუთწლიანი, დაახლოებით 33 ათასი დოლარი ავიღე და უნდა დამეფარა ჯამში 41 ათასი დოლარი… ჩემი მეუღლე ამ დროს თურქეთში მუშაობდა, 15 თვე სესხს ვიხდიდი უპრობლემოდ, შემდეგ მეუღლე  ავად გახდა და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო… გაგვიჭირდა სესხის გადახდა,“ – ამბობს რემზი შარაძე.

2017 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გადაწყვიტა, რომ ბინა, რომელშიც რემზი შარაძის ოჯახი ცხოვრობდა, აუქციონის წესით გაყიდულიყო.

2018 წელს ბინა აუქციონზე გაიტანეს და მისი მესაკუთრე „იშ ბანკი“ გახდა.

2019 წელს რემზი შარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლა და დავა მოიგო – ამ პერიოდიდან ანტიკონსტიტუციურად არის მიჩნეული განმეორებით აუქციონზე ქონების გატანის წესი. კონკრეტულად კი, რემზი შარაძემ იუსტიციის მინისტრის 2011 წლის ბრძანება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც „მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს 0 ლარს“.

ქონების აუქციონზე გატანის წესი იუსტიციის მინისტრის ბრძანებაშია გაწერილი. ამ ბრძანების მიხედვით, თუ ქონება პირველ და განმეორებით აუქციონზე ვერ გაიყიდა, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. ამ დროს ქონების საწყისი ფასი 0 ლარია.

„ეს არის ელიტური კორუფციის შესაძლებლობა,“ – მიიჩნევს უბნის ინსპექტორი. ის დაზარალებულად მიიჩნევს თავს, რადგან იმის მიუხედავად, რომ მისი ბინები აუქციონზე გაყიდეს [ერთი ბინა 43 500 ლარად, მეორე – 16 500 ლარად], მას ბანკისთვის ისევ დარჩა ფული გადასახდელი – აუქციონიდან მიღებულმა შემოსავალმა სესხი სრულად ვერ დაფარა.

„ამის გამო მეც და ჩემს თანამშრომელსაც, ვინც თავდებად დამიდგა, ხელფასის ნახევარს გვაჭრიდნენ. ეს არის ყაჩაღობა… გასული წლის ოქტომბრის ჩათვლით გვაჭრიდნენ ხელფასს, ესეც იყო უკანონობა,“ – უთხრა რემზი შარაძემ „ბათუმელებს“.

რემზი შარაძე ახლა აქცენტს აკეთებს კანონზე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, რომლის მე-20 მუხლის მიხედვით:

„კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

რა არის გამოსავალი, როცა ცხადია, რომ უბნის ინსპექტორს ბანკის სესხი სრულად არ დაუფარავს, ხოლო ქონება უკვე ბანკს ეკუთვნის? – უბნის ინსპექტორი მიიჩნევს, რომ გამოსავალი შეთანხმებაა, თუმცა მის ოფიციალურ წერილებს და შეტყობინებებს ბანკი არ პასუხობს. რემზი შარაძის თქმით, „იშ ბანკმა“ უკვე მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზუბალაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინიდან რემზი შარაძის ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით. სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე განმარტავს, რომ კანონის ის ნორმა, რაზეც უბნის ინსპექტორი მიუთითებს, ეხება სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეებს. ამ დრომდე ეს ნორმა [აღსრულების შეჩერება] არ შეხებია სამოქალაქო საქმეს.

„ამ შემთხვევაში ითვლება, რომ აღსრულება დასრულებულია, რადგან აუქციონი დასრულებულია და უძრავი ქონება რეალიზებულია, გამოსახლება უკვე ცალკე სამართლებრივი დავაა,“ – მიიჩნევს იურისტი მირზა მამულაძე, რომელსაც ნაკლებად აქვს იმის მოლოდინი, რომ ინსპექტორმა საქმე მოიგოს, როცა სასამართლო გამოსახლების მოთხოვნას განიხილავს.

უბნის ინსპექტორი საია-ს ამ შეფასებას არ ეთანხმება და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აუქციონის დასრულებით რეალურად სააღსრულებო წარმოება არ დასრულებულა და ამას მოწმობს კერძო აღმასრულებლის მოქმედებაც, რომელმაც რემზი შარაძის ხელფასს ყადაღა დაადო.

„კანონში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ წერია, რომ აღსრულების შეჩერება ეხება, როგორც განაჩენს, ასევე გადაწყვეტილებებს. ის, რომ აქამდე არ შეხებია ეს სამოქალაქო საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქოს არ ეხება, ან არ უნდა შეეხოს. რაც შეეხება აღსრულებას, იგი განმარტებულია აღსრულების ეროვნული სააგენტოს ინტერნტეგვერდზე და წერია, რომ აღსრულება ნიშნავს სასამართლოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დადგენილი ვალდებულების სისრულეში მოყვანას. კერძო აღმასრულებელს ჩემს შემთხვევაში არ შეუწყვეტია, ან არ შეუჩერებია სააღსრულებო წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,“ – განმარტავს რემზი შარაძე.

რემზი შარაძე მიიჩნევს, რომ მისი უფლება დაარღვია შინაგან საქმეთა სამინისტრომაც:

„არ უნდა მიეცათ აღმასრულებლისთვის ხელფასის ჩამოჭრის უფლება ჩემთვის და ჩემი კოლეგისთვის, ვინც თავდებად დამიდგა. აღმასრულებელმა მოგვმართა და შენ მიხედე დანარჩენსო… ეს მინიმუმ უნდა განეხილათ სპეციალურ დეპარტამენტში. სასამართლომ თქვა, რომ სხვა ქონება მიექცეს აღსრულებაში, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზების შედეგად მიღებული შემოსავალი არ იქნება საკმარისი კრედიტის დასაფარადო. მაგრამ ქონება არაა ხელფასი,“ – მიიჩნევს რემზი შარაძე.

უბნის ინსპექტორი აკრიტიკებს პროკურატურასაც:

„თავდებობას ხელს აწერს ჩემი მეუღლეც, მაგრამ იგი ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის საქართველოში არ იყო. დოკუმენტებით დასტურდება, რომ იგი 2014 წლის 3 სექტემბრიდან 2014 წლის 3 ოქტომბრამდე თურქეთში იყო… ამ ფაქტზე, ანუ ხელმოწერის გაყალბებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ იგი ამ დრომდე დასრულებული არ არის,“ – აღნიშნა რემზი შარაძემ „ბათუმელებთან“. თუმცა ის ვერ ხსნის, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა, ან რა სარგებელი მიიღო ამით ბანკმა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „იშ ბანკს“, როგორც გამოძიების შესახებ, ასევე იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ წარმოუდგენია ბანკს პრობლემის მოგვარება, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ აუქციონის გამართვა „ნულოვანი წესით“ არაკონსტიტუციურად მიიჩნია. ბანკში გვიპასუხეს, რომ კლიენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მესამე პირებს ვერაფერს მოუყვებიან.

ბანკში კომენტარზე უარი განაცხადეს.

„მეუბნებიან, რემზი, ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო, მაგრამ არ შემიძლია…“ – გვითხრა საუბრის დასასრულს რემზი შარაძემ, – „თანამშრომლები მეუბნებიან უფრო ამას. სახლში ცოლი და შვილებიც იმავეს ამბობენ. მე, სამართალდამცველი ამ დღეში ვარ, როცა კანონები ვიცი და მოქალაქემ, ვინც კანონი არ იცის, რა უნდა ქნას? მე ვაპირებ ადვოკატობა დავიწყო…“

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: