მთავარი,სიახლეები

ხვალ შეიძლება ციხეში შემაბრუნონ საკონსტიტუციოს გულგრილობის გამო – ყოფილი პატიმარი

15.11.2022 • 1536
ხვალ შეიძლება ციხეში შემაბრუნონ საკონსტიტუციოს გულგრილობის გამო – ყოფილი პატიმარი

მოქალაქე ლეონიდე მიქაბერიძე ყოფილი პატიმარია, რომელიც პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და ამავდროულად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ელის. მუხლი [პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია], რომლის მიხედვითაც მის დასჯას ითხოვს პროკურატურა, ლეონიდემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. მისი აზრით, სასჯელი, რასაც ეს სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს, ანტიკონსტიტუციურია.

ყოფილი პატიმრის სარჩელის განხილვა სკონსტიტუციომ ორნახევარი წლის წინ – 2020 წლის ივნისში დაასრულა, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ხვალ არის ბოლო სხდომა ჩანიშნული ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მხოლოდ დასკვნითი სიტყვა დაგვრჩა სათქმელი. შესაძლებელია, რამდენიმე დღით გადადოს განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. შესაძლოა, ხვალ მე ისევ შემაბრუნონ ციხეში,“ – ამბობს ლეონიდე მიქაბერიძე. მას საკონსტიტუციო სასამართლოში არავინ უპასუხა, რატომ არ მიიღეს ამ დრომდე გადაწყვეტილება მუხლზე, რის გამოც ის შეიძლება ისევ დააპატიმრონ.

ყოფილი პატიმარი ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაზე, სადაც პრიორიტეტი ენიჭება საქმეებს, რომელიც ადამიანის თავისუფლებაში შესაძლო ჩარევას ეხება.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო მუხლს, ამ მუხლით ლეონიდე მიქაბერიძეს ვეღარ დასჯიან.

„რადგან საკონსტიტუციოს მივმართე, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არაკონსტიტუციურად მიმაჩია და გვეხება ჩვენ… პროკურატურა მთავაზობდა საპროცესოს, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ. მაშინ რა გამოდის, რისთვის მივმართე საკონსტიტუციოს?“ – კითხულობს ყოფილი პატიმარი, რომელიც იურისტი არ არის, მაგრამ ციხეში ყოფნის დროს კანონებს გაეცნო და დამოუკიდებლად დაწერა სარჩელიც.

ლეონიდე მიქაბერიძე პატიმრობის დროს ხშირად აპროტესტებდა ციხის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას სასამართლო დავაც აქვს მოგებული სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ.

ლეონიდე მიქაბერიძე 1 წლის და 9 თვის წინ დატოვა საპატიმრო დაწესებულება, იგი 6 წელიწადი და 4 თვე იყო ციხეში.

მუხლი, რის საფუძველზეც ლეონიდე მიქაბერიძეს ბრალი აქვს ამჯერად წარდგენილი, 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას გამოძიება ციხის უფროსის მოადგილესთან ჩხუბს ედავება.

ლეონიდე მიქაბერიძის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მას სამ ეპიზოდში ედავება დანაშაულის ჩადენას პროკურატურა. პირველ შემთხვევაში, გამოძიების ვერსიით, საპატიმრო დაწესებულებაში ლეონიდემ კონტროლიორს სახეში ხელი დაარტყა, მერე ეპიზოდის მიხედვით, პატიმარმა ბათუმის ციხის უფროსის მოადგილე ბექა გაგნიძეს დაარტყა სახეში, ხოლო მესამე ეპიზოდში ლეონიდე მიქაბერიძემ ინსპექტორს ელექტრო მადუღარადან შეასხა ცხელი წყალი.

ლეონიდე მიქაბერიძე ბრალს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ კრიტიკული დამოკიდებულებების გამო სჯიან. მისი ხელნაწერი სარჩელი თავდაპირველად საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო, თუმცა „ბათუმელებში“ პატიმრის მორიგი წერილის გაშუქების შემდეგ პროცესში საია ჩაერთო.

საკონსტიტუციო სასამართლო არ განმარტავს, რატომ არ იღებს გადაწყვეტელბას იმ საქმეზე, როცა სადავო მუხლით შეიძლება ადამიანი დააპატიმრონ. ცნობილია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე სასამართლო წლობით აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღებას, მაგალითად, „ფარული მოსმენების საქმე“, ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, როცა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილი ინსპექტორის ჩამოშორება გადაწყვიტა.

„ფარული მოსმენების საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლო უკვე სამწელიწად-ნახევარია ვერ, ან არ იღებს გადაწყვეტილებას. სამოქალაქო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, ბოლო დღეს განიხილა და არ დააკმაყოფილეს მოსამართლეებმა ასევე „სახელმწიფო ინსპექტორის საქმეზე“ სადავო ნორმის შეჩერებაზე შუმადგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სადავო ნორმის შეჩერების შემთხვევაში, აზრი არ დაეკარგებოდა, რას გადაწყვეტენ მოსამართლეები ახლო, ან შორეულ მომავალში. ამ საქმეზე განსხვავებული აზრი პირველი კოლეგიის მოსამართლეებს შორის მხოლოდ მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ დააფიქსირა.

ლეონიდე მიქაბერიძის საქმეზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ უნდა მიიღოს: [თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი].

ყოფილი პატიმარი კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ გვიყვება:

„პასპორტის და პირადობის გარეშე ვარ დარჩენილი. როცა ციხიდან გამოვდიოდი, პროკურორმა მოითხოვა პატიმრობის შეფარდება, მაგრამ მოსამართლემ გამათავისუფლა 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე, ასევე დამატოვებინეს პირადობა, რომ ქვეყანა არ დავტოვო, მაგრამ ვერსად ვიწყებ სამსახურს, სამედიცინო სერვისის მიღებაც პრობლემაა, ყველაფერი პრობლემაა, როცა პირადობა არ გაქვს, თითქმის 2 წელია დავტოვე ციხე, რომელ რეაბილიტაციაზე ამ დროს საუბარი,“ – აღნიშნა ლეონიდე მიქაბერიძემ „ბათუმელებთან“.

„ეს საკითხი დასარეგულირებელია და არის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა,“ – ამბობს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე. მისი თქმით, ხშირია მსგავსი პრობლემა, როცა გირაოს საფუძველზე თავისუფლდება ბრალდებული, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეების განხილვა წლობითაც შეიძლება, ხოლო ბრალდებული ეს პერიოდი პირადობის მოწმობის გარეშე რჩება.

„შესამუშავებელია, რა უნდა იყოს რეგულაცია. შესაძლებელია, გამომძიებელმა გასცეს დროებითი ცნობა ისე, რომ ქვეყნის დატოვება ბრალდებულმა ვერ შეძლოს. მიზანი ესაა და არა ის, რომ, მაგალითად, ბრალდებული ვერ დასაქმდეს, ან სხვა აქტივობაში ჩართვა ვერ შეძლოს. ეს საკითხი მოსაგვარებელია,“ – ამბობს საიას იურისტი პაატა დიასამიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: