მთავარი,სიახლეები

უკრაინელები ბათუმში ზამთრის კამუფლაჟებს ქსოვენ ჯარისა და შეიარაღების გადასარჩენად

14.11.2022 • 2223
უკრაინელები ბათუმში ზამთრის კამუფლაჟებს ქსოვენ ჯარისა და შეიარაღების გადასარჩენად

ბათუმი. ფარნავაზ მეფის ქუჩა №46. ერთ მოზრდილ ოთახში კედლებზე ბადეები ჰკიდია. ათიოდე ქალი და კაცი მისდგომია რამდენიმე ბადეს. ყველა კვადრატი თეთრი ნაჭრით უნდა გაკვანძონ და ამოქსოვონ.

ბადე ნელ-ნელა თეთრ კამუფლაჟად იქცევა. ბათუმიდან, ხელით ნაქსოვ კამუფლაჟებს, მალე უკრაინაში წაიღებენ. ზამთარი მოდის. როცა უკრაინაში გათოვდება, ტანკებს, ჰაიმარსებსა და სხვა საბრძოლო ტექნიკას ეს თეთრი საფარი დაფარავს და რუსი ოკუპანტების საჰაერო ბომბებს გადაარჩენს.

სანამ უკრაინაში გათოვდება, უკრაინელები დედამიწის სხვადასხვა წერტილში, უკრაინაშიც და ბათუმშიც, ასეთ კამუფლაჟებს ქსოვენ საბრძოლო ტექნიკა და ტრანსპორტი რომ გადაარჩინონ.

როცა თეთრად გათოვდება ხაკისფერ საბრძოლო ტექნიკასა და ტრანსპორტს კამუფლაჟების წყალობით მტრის თვითმფრინავების პილოტები ვეღარ შენიშნავენ.

საჭიროა სწრაფად ქსოვა, ბევრი ბადე, ბამბის ბევრი თეთრი ნაჭერი, ბევრი მქსოველი.

ზამთრამდე 16 დღე რჩება. უკრაინაში შეიძლება დაზამთრებამდეც გათოვდეს.

სოფია ყოველდღე მიდის ფარნავაზ მეფის ქუჩის №46-ში. ყოველდღე ქსოვს ბადეებს. ამბობს, რომ სამშობლოსგან შორს მოუწია წამოსვლა, მაგრამ მაინც ახერხებს წვლილი შეიტანოს მისი ქვეყნის არმიის სამომავლო გამარჯვებაში:

„ჩვენ უკრაინელი აქტივისტები ვართ, გვეხმარებიან ბელორუსებიც.

ვქსოვთ კამუფლაჟებს, სამხედრო ტექნიკის, სხვადასხვა საბრძოლო მასალის დასაფარად. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საფარი ბადეები ახლა ძალიან მნიშვნელოვანია – უკრაინაში მალე გათოვდება.

სოფია

მივმართავთ ბათუმელებს, ამ ქალაქის მცხოვრებლებს: გთხოვთ, მოგვაშველეთ ბამბის თეთრი, ნაცრისფერი და ბეჟი ქსოვილი თუ შესაძლებლობა გაქვთ. შეიძლება ეს იყოს თუნდაც ძველი თეთრეული ან ძველი თხელი თეთრი სუფრები.

მთავარია ქსოვილი იყოს ბამბის და არა სინთეტიკა. დახმარება გვჭირდება ქსოვასა და უკვე შეგროვილი ნაჭრის წვრილ ზოლებად დახევაშიც.

ვყიდულობთ ბადეებსაც.

თუ ქსოვა არ გამოუვა ადამიანს, ვუპოვით სხვა საქმეს, რადგან სულ გვჭირდება ხალხი, ვინც ქსოვილს წვრილ-წვრილად დახევს, რომ მქსოველებს მზად ჰქონდეთ სამუშაო მასალა“, – ამბობს სოფია.

სოფიას და მისი მეგობრები უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დანაყოფისთვის ქსოვენ კამუფლაჟებს:

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მოდიან, პირველივე დღეებიდან, როცა დავიწყეთ ქსოვა. არიან ადამიანები, რომლებიც ხანდახან მოდიან და გვეხმარებიან – როცა სცალიათ. ზოგი ერთი დღით შემოგვირბენს და გვეხმარება.

ნებისმიერი დახმარება ჩვენთვის ახლა ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

ჩვენ ყველაფერი ძალიან გვახარებს, ყოველდღე მზად ვართ დახმარების მსურველებს ავუხსნათ და ვასწავლოთ, როგორ დაგვეხმარონ, როგორ მოქსოვონ ჩვენთან ერთად კამუფლაჟები“, – ამბობს სოფია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: