მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია უკანონო ავტოსადგურების მოშლას აპირებს – ვადა 1 მარტამდე

06.02.2019 • 4199
ბათუმის მერია უკანონო ავტოსადგურების მოშლას აპირებს – ვადა 1 მარტამდე

ბათუმის მერია უკანონო ავტოსადგურების მოშლას აპირებს. საუბარია ბაქოს, წერეთლისა და გოგებაშვილის ქუჩებზე გაჩერებულ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებზე, რომლებიც რეისებს თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის მიმართულებით ასრულებენ.

„უკანონო ავტოსადგურებს რომ ვეძახით, რომელიც ქალაქთაშორის მარშრუტებზე დადიან, იმათ აღებასაც დავიწყებთ, გაუქმებას და მათ შეყვანას ავტოსადგურის ტერიტორიაზე. ახლა დღეში საშუალოდ 4-5 ათასი ადამიანი მოძრაობს ავტოსადგურში. ამით კიდევ უფრო გაიზრდება დატვირთვა,“ – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, ემზარ ქავჟარაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი თანამშრომლები უკვე შეხვდნენ ე.წ. უკანონო ავტოსადგურებში მომუშავე მძღოლებს და ინფორმაცია მიაწოდეს მოსალოდნელი ცვლილების შესახებ.

„პირველ მარტამდე მივეცით ვადა. ამ დროის მანძილზე უნდა მოძებნონ თავად ადგილი რომელიმე ავტოსადგურში და გადავიდნენ. თუ ამ მითითებას არ დაემორჩილებიან, პირველი მარტიდან მათ დაჯარიმებას დავიწყებთ,“ – აცხადებს ემზარ ქავჟარაძე.

მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ მძღოლები. „ბათუმელებმა“ ბაქოს ქუჩაზე ქობულეთისა და თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები გამოკითხა. მძღოლების თქმის, მათთვის არავის არაფერი უცნობებია.

ინფორმაციას არ ფლობდნენ არც წერეთლის ქუჩაზე გაჩერებული მიკროავტობუსების მძღოლები. მათი დისპეჩერის თქმით, მერიის მითითებას დაემორჩილნენ და წერეთლის ქუჩაზე მიკროავტობუსების რაოდენობა ერთამდე შეამცირეს. სხვა „მარშუტკები“ კი ავტოსადგომებზე გადაანაწილეს. როცა ერთი გაივსება და წავა, მეორე მიკროავტობუსი მხოლოდ ამის შემდეგ ჩერდება წერეთლის ქუჩაზე.

ბათუმის მერიამ მძღოლებს ახალი ავტოსადგურების მოსაძებნად ვადა პირველ მარტამდე მისცა.

ეგრეთ წოდებული ავტოსადგური წერეთლის ქუჩაზე

ეგრეთ წოდებული ავტოსადგური ბაქოს ქუჩაზე

 

ეგრეთ წოდებული  ავტოსადგური გოგებაშვილის ქუჩაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: