მთავარი,სიახლეები

„უკრაინამ ჩვენი მიწები დაიპყრო“ – რას უყვებიან რუსებს კრემლის პროპაგანდისტები

15.11.2022 • 2156
„უკრაინამ ჩვენი მიწები დაიპყრო“ – რას უყვებიან რუსებს კრემლის პროპაგანდისტები

თუკი ხერსონიდან ჯარების გაყვანის შემდეგ რუსული პროპაგანდა გენერალ სუროვიკინის ამ ნაბიჯის გამართლებას ცდილობდა, ვლადიმირ სოლოვიოვის მორიგ გადაცემაში ის და მისი სტუმრები უკვე იმაზე მსჯელობენ, როგორ უნდა დაიბრუნოს რუსეთმა „უკრაინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები“.

ხერსონს, ზაპოროჟიეს, დონეცკსა და ლუგანსკს ისინი სწორედ რუსეთის მიწებს უწოდებენ, მიწებს, რომლებიც უკრაინამ დაიპყრო.

„ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, ზაპოროჟიე, ლუგანსკი, ხერსონის ოლქი. და სად არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია? სად არის? სად არიან მისი ჯარები?“ – კითხულობს გადაცემის წამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი და გულისხმობს დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელსაც ახლა 6 წევრი ჰყავს – რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

„და რუსეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დააყენა ეს საკითხი?,“ – მორიგ კითხვას სვამს ვადიმ გიგინი, ბელარუსის ტელევიზიის წამყვანი, რასაც კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა უპასუხა: „და იცი, რას უპასუხებს ეშმაკურად ორგანიზაცია? როდესაც ჩვენ ამ შეთანხმებას ვაფორმებდით, მაშინ რუსეთის ტერიტორია სხვა იყო“.

საბოლოოდ, ვლადიმირ სოლოვიოვის დასკვნით, დგება საკითხი – რა საჭიროა საერთოდ მსგავსი ორგანიზაცია, თუკი „როცა მათ სჭირდებათ, ყველაფერი შეიძლება“ და როდესაც რუსეთს სჭირდება, არ შეიძლება.

გადაცემის კიდევ ერთი სტუმრის, პოლიტოლოგ სერგეი კურგინიანის აზრით, რუსეთი დღეს სრულ მარტოობაშია და ჰყავს მეზობლები, რომლებიც „მადიანად უყურებენ მის ტერიტორიებს და ყველაფერს, რაც მას აქვს“.

კურგინიანის აზრით, ის ფაქტი, რომ დღეს მათი ქვეყანა აღარაა იმხელა, როგორიც რუსეთის იმპერიის ან საბჭოთა კავშირის დროს იყო, მოსკოვს „დამარცხების უფლებას არ აძლევს“.

თუ ყველაფერი ასე შესანიშნავადაა, მაშინ რატომ ვიხევთ უკან ტერიტორიიდან, რომელიც უკვე რუსეთის ფედერაციის ნაწილია? ესე იგი, ყველაფერი ეგრე შესანიშნავადაც არაა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე ცუდადაა, როგორც ამის წარმოჩენას უკრაინელი მტერი და დასავლეთის მედიასაშუალებები ცდილობენ?

ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ეს სახელმწიფო, ჩვენთვის ძალიან საყვარელი და უზომოდ ძვირფასი სამშობლო,  მხოლოდ განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად. ჩვენ გარშემო გვყავს ხალხი, მეზობლები, რომლებიც მადიანად უყურებენ ჩვენს ტერიტორიას და ყველაფერს, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვე გვაქვს და ბევრი ასეთი პრობლემა, ჯანდაბა, მაგრამ ჩვენ ახლა არც ისე ბევრნი ვართ,“ – ამბობს კურგიანიანი.

ვლადიმირ სოლოვიოვის მტკიცებით, დღეს არსებული ვითარებიდან მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს – ან რუსეთი ამ ომს მოიგებს, ან მსოფლიო ქაოსში ჩაინთქმება.

„მშობლიური ხერსონი, მშობლიური ზაპოროჟიე ჯერ გათავისუფლებული არაა. მშობლიური დონეცკი, ლუგანსკში პატარა მონაკვეთია, მაგრამ მაინც. ეს შეუძლებელია“ – ამბობს სოლოვიოვი და საზოგადოებას იქვე სთავაზობს „დაკარგული“ ტერიტორიების დაბრუნების გზას:

„ჩვენ მოგვიწევს ხერსონში დაბრუნება და არამხოლოდ ხერსონში. უკრაინის გათავისუფლება აუცილებლად მოგვიწევს, მაგრამ ეს რომ შესაძლებელი გახდეს, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს შეცდომებზე; მთელი დატვირთვით უნდა ავამუშაოთ ჩვენი წარმოება; უნდა გავიაზროთ, ვისი ბრალია ეს შეცდომები; უნდა გავიაზროთ, როგორ გამოვასწოროთ ისინი; მოვემზადოთ და გადავჭრათ ამოცანა, რომელიც უმაღლესმა მთავარსარდალმა დაგვიყენა. ამიტომ ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ის ტრაგედია, რაც ხერსონში მოხდა, რაიმე გარიგების ნაწილია, ღალატის… არა, არა. ეს ურთულესი გამოცდაა. არანაირი გარიგება არ არის. ჩვენთან შეთანხმებას არავინ აპირებს და ჩვენ ხომ ნამდვილად არ ვაპირებთ ვინმესთან შეთანხმებას. ჩვენი მიწები მტერს უკავია. ჩვენს ისტორიაში პირველად, 1944-1945 წლების შემდეგ, ჩვენი მიწები ოკუპირებულია“.

 

___

ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის არმია 11 ნოემბერს შევიდა. 14 ნოემბერს ხერსონის ადმინისტრაციის შენობაზე აფრიალდა უკრაინული დროშა, რომლის აღმართვასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრო.

მანამდე, 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი ხერსონს ტოვებდა და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადადიოდა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უწყებების შეფასებით, რუსეთის სარდლობა იძულებული გახდა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, თავიდან აიცილა სამარცხვინო მარცხი, რადგან უკრაინელთა მიზანმიმართულმა და კარგად წარმოებულმა კამპანიამ მოსკოვს სრულიად მოუსპო დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მყოფი არმიის მომარაგების გზები და რუსეთის დანაყოფები, ფაქტობრივად, ალყაში მოაქცია.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში დაიკავა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი კი ჯერ კიდევ 2014 წელს, ისევე როგორც ყირიმი, რომლის ანექსიაც 2014 წელს მოხდა.

30 სექტემბერს კი ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის რუსეთთან შეერთების შესახებ გამოაცხადა და ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსია გააფორმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: