მთავარი,სიახლეები

როგორ ამართლებენ ხერსონის „ჩაბარებას“ რუსი პროპაგანდისტები – დაუმარცხებელი გასვლა

10.11.2022 • 1627
როგორ ამართლებენ ხერსონის „ჩაბარებას“ რუსი პროპაგანდისტები – დაუმარცხებელი გასვლა

„დაუმარცხებლად გასვლა“ – ასეთი სინონიმი მოუძებნეს ხერსონის დატოვებას რუსმა პროპაგანდისტებმა, რომლებიც უკვე მეორე დღეა გულმოდგინედ ცდილობენ, რუსეთის სარდლობის გადაწყვეტილება გაამართლონ.

მას შემდეგ, რაც სერგეი შოუგუმ ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის ჯარების დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანის ბრძანება გასცა, რუსეთის საინფორმაციო სივრცე ორად გაიყო – რუსი ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას მარცხად მოიხსენიებდა, ომის მომხრე საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი კი, მათ შორის პრიგოჟინი და კადიროვი, სუროვიკინის „მანევრს“ იწონებდნენ და მას რთულ, მაგრამ რუსი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელ ნაბიჯს უწოდებდნენ.

„სრულად ვეთანხმები ბატონი პრიგოჟინის აზრს სუროვიკინის გადაწყვეტილებზე. ევგენი ვიქტორევიჩმა ძალიან ზუსტად შენიშნა, რომ სუროვიკინმა, ფაქტობრივად, ალყაში მყოფი ათასობით ჯარისკაცი გადაარჩინა. აწონ-დაწონა ყველაფერი და რთული, მაგრამ სწორი არჩევანი გააკეთა ხმამაღალი განცხადებებისთვის გაღებულ უაზრო მსხვერპლსა და ჯარისკაცების ფასდაუდებელ სიცოცხლეს შორის,“ – დაწერა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, რომელიც მანამდე გამუდმებით აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო სარდლობას სუსტი მოქმედებების გამო და „სატანისტებზე“ დაუნდობელ შეტევას მოითხოვდა.

კადიროვის, ისევე როგორც სხვების, ერთ-ერთ აქცენტად გამოიკვეთა ისიც, რომ თითქოს ხერსონთან დაკავშირებით შეცდომები რუსეთის სარდლობამ ჯერ კიდევ სუროვიკინამდე დაუშვა, გენერალს კი „სამწუხაროდ, ასეთი რთული მემკვიდრეობა დახვდა.“

სუროვიკინის მხარდამჭერები მის მიერ დასახელებულ მიზეზს იმეორებენ – ხერსონი რთული მონაკვეთია, რომელსაც არ ჰქონდა ძლიერი ზურგი და რომელშიც შეუძლებელი იყო სტაბილური მომარაგება.

„ასე რომ, არაა საჭირო ლაპარაკი ხერსონის „ჩაბარებაზე“. როგორც წესი, „აბარებენ“ მებრძოლებიანად, სუროვიკინი კი სამხედროებზეც ზრუნავს და ამავე დროს, სტრატეგიულად უფრო მომგებიან პოზიციებსაც იკავებს – მომგებიანს და უსაფრთხოს,“ – დასძენს კადიროვი და ტელეგრამზე გამოქვეყნებულ თავის „სიტყვას“ მადლობით ამთავრებს. – „გმადლობთ, სერგეი ვლადიმიროვიჩ, რომ ბიჭებს უფრთხილდებით!“

ზოგიერთი რუსი მიმომხილველი ცდილობს, ხერსონიდან რუსეთის არმიის გასვლა უკრაინის მარცხადაც კი წარმოაჩინოს.

„მათ ხერსონის აღება ვერ შეძლეს. ეს ნათელია. არანაირი ბრძოლა არ ყოფილა ხერსონისთვის. როგორც გენერალმა თქვა, ერთი სამხედროც კი არ დაღუპულა ხერსონისთვის ბრძოლაში,“ – ეს ვლადისლავ შურიგინის ფრაზაა, სამხედრო მიმომხილველის, რომელმაც ხერსონიდან გასვლის გადაწყვეტილება Соловьёв Live-ის ეთერში შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ის ვერ განსჯის სამხედროებს, რადგან მათაც და გენერალ სუროვიკინსაც მოქალაქეებზე მეტი ინფორმაცია აქვთ და მათი საქციელი სწორედ ამ ინფორმაციითაა განპირობებული.

თუმცა შურიგინი ვერც იმას უარყოფს, რომ დასავლეთ ხერსონში დარჩენის შემთხვევაში, რუსეთის არმიას სრული განადგურება ელოდა.

„იმის ლოდინი, როდის დაიწყებდნენ მთელი ძალით შეტევას და ომს ძალის გამოცლამდე, რომლის დროსაც ჩვენ უბრალოდ ამოგვეწურებოდა საბრძოლო მასალები და მათ შევსებასაც ვეღარ შევძლებდით – ეს ყველაზე უარესი ვარიანტია. ეს აღარ იქნებოდა ის, რომ უკრაინელები ხერსონს აიღებდნენ, არამედ უამრავი ტყვე და მიტოვებული ტექნიკა,“ – ამბობს შურიგინი.

თავად გადაცემის წამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი კი სუროვიკინის გადაწყვეტილების ასახსნელად ისტორიას მიმართავს:

„ისტორიული ანალოგი უნდა მოვიყვანოთ. 1942 წელს ხარკოვიდან დავიხიეთ უკან და შემდეგ იყო სტალინგრადის ბრძოლა. და იქიდან წავედით შეტევაზე. გავათავისუფლეთ ყველა დარჩენილი ტერიტორია. არაა მარტივი, მაგრამ გენერალმა სუროვიკინმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, შეენარჩუნებინა მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების სიცოცხლე.“

„დანამდვილებით ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება არავისთვის მარტივი არ ყოფილა. არც მათთვის, ვინც ის მიიღო და არც მათთვის, ვისაც ესმოდა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მაინც ლოცულობდა, ასე არ მომხდარიყო. ალტერნატივა ერთი იყო – შიშველ სტეპებში ჩაგვეწვინა სამხედროები, მობილიზებულთა ცხედრებით მოგვეფინა იქაურობა და გაგვეხსნა გზა ყირიმისკენ. ნუთუ ასე უკეთესი იქნებოდა?“ – წერს კიდევ ერთი რუსი სატელევიზიო სახე მარგარიტა სიმონიანი.

პროპაგანდისტთა კიდევ ერთი აქცენტი სწორედ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გამაგრებაა, რაც, მათი მტკიცებით, ბევრად სტრატეგიული იქნება, ვიდრე ქალაქ ხერსონის შენარჩუნება, მით უმეტეს მაშინ, თუ რუსეთის არმია დნეპრზე არსებულ და დარჩენილ ყველა გადასასვლელს ააფეთქებს.

„შემდეგი ნაბიჯი მასირებული დარტყმა უნდა იყოს დნეპრის გადასასვლელებზე. 25-ზე მეტი ხიდია. მდინარის სიგანე – 800 მეტრია. ამის შემდეგ უკრაინის ძალები მოწყვეტილები აღმოჩნდებიან“, – ამბობს ანდრეი ლუგავოი, რუსეთის დუმის დეპუტატი. – „როგორც ადრეც ვამბობდი, ასევე აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ დარტყმები უკრაინის, კიევის ენერგოინფრასტრუქტურაზე, დავთესოთ ქაოსი და პანიკა მოწინააღმდეგის ზურგში. ზამთრის პერიოდში ჩვენ ძალას გამოვაცლით ზელენსკის დანაშაულებრივ რეჟიმს და იმ არმიასაც, რომელსაც ის დნეპრის სანაპიროზე მიატოვებს. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ბოლომდე გავანადგურებთ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რათა აღარავის ჰქონდეს შანსი იფიქროს, რომ ზამთარში კომფორტულად იქნება. ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, ვისთან არიან.“

რუს პროპაგანდისტთა მორიგი გამოკვეთილი მიმართულება ხერსონიდან გასვლის ჰუმანურ ჟესტად წარმოჩენაა – ამ საუბრისას ნაკლებია აქცენტი ალყაში მოქცეულ არმიაზე, ლოგისტიკურ პრობლემებზე, მარცხენა სანაპიროს სტრატეგიულობაზე, სამაგიეროდ, წინ მოდის ზრუნვა მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედროებზე. რუსი სენატორის, ანდრეი ტურჩაკის მტკიცებით, რუსეთს განა ბრძოლისუნარიანობა ან ნება არ ეყო, არამედ უბრალოდ ხერსონში მარიუპოლის გამეორება არ სურდა.

„დღევანდელი მანევრის მთავარი მიზანი მოსახლეობისა და პირადი შემადგენლობის დაცვაა. ყველას გვახსოვს მარიუპოლი და არამხოლოდ. ამის გამეორება დაუშვებელია. ჩვენ გვჭირდება დრო და მოთმინება – რაც ყოველთვის გვეხმარება გამარჯვებაში. ძალა, ნებისყოფა და საბრძოლო განწყობა – საკმარისზე მეტი გვაქვს.“

როგორი ძალა, ნებისყოფა და საბრძოლო განწყობა აქვთ თავად ხერსონიდან მიმავალ რუს სამხედროებს, ამის საჩვენებლად და საზოგადოების განწყობის ასამაღლებლად რუსული ტელეგრამარხები ორი ჯარისკაცის ვიდეოს ავრცელებენ. სამხედროები, სავარაუდოდ, ბორანზე დგანან და დნეპრზე გადადიან.

„ძალიან რთულია, ძალიან მწარეა, მაგრამ იმედი გვაქვს, დავბრუნდებით. ახლა გვესმის, რატომ ხდება ის, რაც ხდება. ქალაქის დაცვა ასეთი მომარაგების პირობებში უბრალოდ სიგიჟე იქნებოდა,“ – ამბობენ სამხედროები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

ხერსონი, უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, ისევე როგორც მთლიანად ოლქი, რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ ომის პირველ დღეებში დაიკავეს. აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში კი, უკრაინის არმიამ ხერსონის გასათავისუფლებლად კონტრშეტევა დაიწყო.

როგორც სამხედრო ექსპერტები, სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რუსეთის არმიის ხერსონიდან გასვლა უკრაინის არმიის კარგად დაგეგმილმა სამხედრო კამპანიამ განაპირობა.

ანალიტიკოსები იხსენებენ, რომ ბოლო თვეებში უკრაინის ჯარები თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ ოპერაციას აწარმოებდნენ – მთელი ოლქის მასშტაბით ურტყამდნენ რუსეთის ძალების თავშეყრის ადგილებს, სამხედრო ობიექტებსა და ლოგისტიკურ კვანძებს, რათა დასავლეთ სანაპიროზე რუსული პოზიციების შენარჩუნება შეუძლებელი გაეხადათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: