განათლება,მთავარი,სიახლეები

შუახევის სკოლა-პანსიონი შესაძლოა გაუქმდეს

15.11.2022
შუახევის სკოლა-პანსიონი შესაძლოა გაუქმდეს

დაბა შუახევში არსებული საჯარო სკოლა-პანსიონი შესაძლოა დაიხუროს.

პანსიონით შუახევის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 10 ბავშვი სარგებლობდა პანდემიამდე, თუმცა საჯარო სივრცეებში სასწავლო პროცესის განახლების მიუხედავად, პანსიონი ამ ბავშვებისთვის აღარ გახსნილა.

„გაუქმებაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო და პარლამენტსაც აქვს მიღებული დადგენილება, რომ პანსიონური ტიპის სწავლება აღარ უნდა იყოს და ნელ-ნელა ბავშვები ოჯახურ გარემოში უნდა გადავიდნენ.

თუმცა აჭარაში ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა  და არ გაუქმებულა პანსიონი. პანდემიის პერიოდში შეჩერებული იყო ღამისთევა და კვება, რომელიც ჯერ აღდგენილი არ არის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ გოგრაჭაძემ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სკოლიდან შორს მცხოვრებ ბავშვებს ტრანსპორტი ემსახურება და პანსიონის საჭიროება აღარ დგას.

სოციალურად დაუცველი ბავშვების შემთხვევაში, სახელმწიფოს პოლიტიკა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნაც არის ის, რომ ბავშვი ოჯახურ აღზრდაში გადავიდეს და არა პანსიონში.

„ჩვენთან სოციალური პრობლემა არ იყო, უფრო გეოგრაფიული პირობების გამო ცხოვრობდნენ ბავშვები აქ, რადგან შორი სოფლებიდან მოდიოდნენ სკოლაში“,- ამბობს გოგრაჭაძე.

მისი თქმით, ბესელაშვილებში, თერნალში, გუნდაურსა და კიდევ რამდენიმე სოფელში, სადაც სკოლები არ არის, ბავშვებს დაბის სკოლაში უწევთ სწავლა.

გოგრაჭაძის თქმით, პანსიონში დასაქმებულ პირებს ხელფასი მაინც ერიცხებათ, „რადგან ჩვენ ამ ეტაპზე ამ შენობაში შუახევის დაბის სკოლა გვაქვს განთავსებული – სასწავლო პროცესი ამ შენობაში მიმდინარეობს. შესაბამისად, თანამშრომლები, იქნება ეს დამლაგებელი თუ სხვა პერსონალი, თავიანთ ფუნქციას ასრულებენ და არც ხელფასი შესჩერებიათ“.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დაბა შუახევის საჯარო სკოლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: