ბათუმის ახალი ნაძვის ხე ჯერ ისევ გზაშია

ახალი წელი ყოველთვის დეკემბრის ბოლოს დგება – ეს არ იცვლება. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით კი, ბათუმში ნაძვის ხეს 25 დეკემბერს ანთებენ. ქალაქის მერია ვერც ერთ წელს ვერ ახერხებს დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვა ისე დაგეგმოს, რომ ფორსმაჟორი არ შექმნას.

11 დღით ადრე, დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი არ დაუწყიათ. ამის პარალელურად მოსახლეობამ იცის, რომ ხალხის ფულიდან [ბიუჯეტიდან] ახალი ნაძვის ხის შეძენა-მონტაჟზე მილიონამდე ლარი გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით ტენდერის გარეშე იხარჯება და მიმწოდებელმა კომპანიამ სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი დიზაინის ნაძვის ხე უნდა ჩამოიტანოს.

ალბათ ამიტომაც არის განსაკუთრებული ინტერესი ამ პროცესის მიმართ: „ხომ არ იცით, ნაძვის ხეს როდის დგამენ?“ – ამ კითხვით „ბათუმელების“ ფეისბუქის ჩატში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბევრჯერ მოგვმართეს.

მერიასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ნაძვის ხე შპს „აჭარგანათებამ“ უნდა ჩამოიტანოს, იმავე კომპანიას დაუკვეთეს მისი მონტაჟის და შემდეგ დემონტაჟის სამუშაოებიც. შესყიდვის ღირებულება 968 387 ლარია.

ნაძვის ხის მიწოდების საბოლოო ვადად შემსყიდველმა ორგანიზაციამ, ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 23 დეკემბერი განსაზღვრა. ამის შემდეგ კი ნაძვის ხის მონტაჟისთვის, თუ მის ანთებას ისევ 25 დეკემბერს გეგმავენ, მხოლოდ ორი დღე რჩება.

კომპანიის ინფორმაციით, „ბათუმისთვის ნაძვის ხე უკვე დამზადებულია, დაიტვირთა და ხორციელდება მისი ტრანსპორტირება.“ ბათუმში სავარაუდოდ 2022 წლის 20-21 დეკემბერს ჩამოიტანენ.

ქალაქის გაფორმების სამუშაოები ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2022 წლის 12 ნოემბერს გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია, შპს „აჭარგანათება“ 5 დეკემბერს გამოავლინეს. კანონის შესაბამისად, ხელშეკრულება გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში უნდა გაფორმდეს, ხელშეკრულება ამ დრომდე არ არის გაფორმებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიამ ნაძვის ხე იტალიაში, მწარმოებლისგან 290 000 ევროდ შეისყიდა, ღირებულებას დაემატა განბაჟების ხარჯიც, რაც, ჯამში, 900 000-ზე მეტი ლარია. ფაქტობრივად, ნაძვის ხეში კომპანია სრულად იხდის ხელშეკრულების ღირებულების ფასს, თუმცა ამავე კომპანიას დაუკვეთეს საახალწლოდ ქალაქის გაფორმების სამუშაოებიც, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.

საახალწლოდ ბათუმის გასაფორმებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი

შპს „აჭარგანათება“ ქალაქის გარეგანათებასა თუ გაფორმებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ მერიის ტენდერებს ბოლო რამდენიმე წელია იგებს. „აჭარგანათებასთან“ , როგორც ტენდერში გამარჯვებულთან, მერიის სამმართველომ რამდენიმე თვის წინ ხელშეკრულება 28 963 287 ლარზეც გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, „აჭარგანათებამ“ 2026 წლამდე ქალაქის განათების სისტემა Led სანათებით უნდა შეცვალოს. კომპანიამ აიღო ასევე ქალაქის განათების წერტების მოვლა-განახლების ვალდებულება.

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს და გამოკითხვას ატარებს

 

უკრაინის 29 წლის გმირი, რომელმაც აფეთქებისას სხვა გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა

უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმის სადაზვერვო ასეულის მეთაურს, სერგეი ბარსუკოვს, ფრონტზე „ბარსის“ ეძახდნენ.

ბარსუკოვს ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. ცხრა წლის განმავლობაში ჯერ წვევამდელი ჯარისკაცი იყო, მერე – ოფიცერი და ქვედანაყოფის მეთაური. ჯარისკაცის კარიერა ბარსიმ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ლუგანსკის პოლკიდან დაიწყო.

სერგეი ბარსიუკოვი 1993 წელს დაიბადა ლუგანსკის ოლქში. 2014 წელს დონბასში განვითარებულმა მოვლენებმა მასზე ძალიან მტკივნეულად იმოქმედა. სწორედ ამ წელს ბარსიმ პირველ სამხედრო კონტრაქტს მოაწერა ხელი და ხარკოვში დისლოცირებულ პოლკოვნიკ პიტერ ბოლბოჩანის სახელობის მე-3 ოპერატიულ ბრიგადაში ჩაეწერა.

2018 წლის ზაფხულში ასრულდა სერგეის ოცნება და ოფიცერი გახდა. 2021 წლიდან კი სადაზვერვო განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველი წარმატებული ბრძოლა ბარსუკოვმა ოკუპანტებთან 25 თებერვალს გამართა. ამ დღეს მისმა ქვედანაყოფმა ბრძანება მიიღო. მათ ხარკოვში შეჭრილი მტრის სადაზვერვო-დივერსიული  ჯგუფი უნდა გაენადგურებინათ.

გზაზე, სადაც სავარაუდოდ მტერი უნდა გადაადგილებულიყო, ბარსუკოვმა სამი ჩასაფრება მოაწყო, რომელთაგანაც ერთ-ერთ წერტილს, პიატიხატკის რაიონში, პირადად ხელმძღვანელობდა.

სწორედ ბარსის მოუწია რუსების სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებთან შეხვედრა, რომლებიც Z-ით დანიშნული სამი საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორით გადაადგილდებოდნენ. ბარსუკოვი ოკუპანტებს მიუახლოვდა და ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი ზუსტი გასროლით პირველ ჯავშანტრანსპორტიორს მოარტყა, დანარჩენმა ორმა მანქანამ უკუსვლა იწყო. რის შემდეგაც მეორე გასროლაც მოასწრო სერგეიმ. მეორე მანქანა საბრძოლო მასალებიანად აფეთქდა.

ბარსი თანამებრძოლებისთვის გამარჯვებების მაგალითი იყო, რომელიც არასდროს ელოდებოდა სხვების მოქმედებას. ეს მან 27 თებერვალსაც დაამტკიცა, როცა მისმა ქვედანაყოფმა ახალი საბრძოლო დავალება მიიღო – ბარსის დანაყოფს 30 მოწინააღმდეგისგან შემდგარი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი უნდა გაენეიტრალებინა. ისინი ხარკოვის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში იყვნენ დაბანაკებულები.

ბარსი იყო პირველი, ვინც შენობაში შეიჭრა და შვიდი ოკუპანტი გაანადგურა. რამდენიმე წუთში მისი რაზმის წევრებმა კიდევ შვიდი ოკუპანტი მოიშორეს თავიდან და პირველი სართული მთლიანად დაიკავეს. ზედა სართულზე დამალული რუსები დანებებას არ აპირებდნენ. ბარსის რაზმმა ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგეებს, რომლებიც იბრძოდნენ, მაგრამ უკრაინელმა მზვერავებმა ადმინისტრაციული შენობა გაათავისუფლეს და რუსი დივერსანტი-მზვერავებიც ჩამოიშორეს.

მარტის დასაწყისში შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინელებმა მტერი ხარკოვიდან განდევნეს. ბარსუკოვის თანამებრძოლებმა საბრძოლო მისიების შესრულება ჩერკასკაია ლოზოვაიას, რუსკაია ლოზოვაიასა და პიტომნიკის დასახლებებში განაგრძეს.

ერთხელ, რუსკაია ლოზოვას მახლობლად დაზვერვის დროს, რუსების შტაბი და საბრძოლო მასალის საწყობები აღმოაჩინეს. სიბნელის მოლოდინში, სერგეი ბარსუკოვი თავის ქვეშევრდომებთან ერთად მტრის პოზიციებს მიუახლოვდა. შემდეგ მებრძოლები ორ ჯგუფად გაიყვნენ, ერთ ჯგუფს ევალებოდა მტერთან ღია დაპირისპირების დაწყება ყურადღების მისაქცევად.

მეორე ჯგუფს კი შეუმჩნევლად უნდა აევლო გვერდი მტრისთვის, უკნიდან უნდა მისდგომოდა შტაბს, აეფეთქებინა იარაღის საწყობი და ალყაში უნდა მოექცია ტერიტორია. მეორე ჯგუფს ბარსი ხელმძღვანელობდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა უკრაინელების სასარგებლოდ, სწორი დაგეგმვის წყალობით.

ომის მსვლელობისას ბარსმა მტრის ზურგში არაერთი ბრწყინვალე სადაზვერვო ოპერაცია დაგეგმა და შეასრულა. ამ ოპერაციების დროს, მთლიანობაში, მარტ-მაისში, ბარსმა და მისმა რაზმმა არაერთი ბრწყინვალე სადაზვერვო ოპერაცია ჩაატარა მტრის ზურგს უკან, რომლის დროსაც სარდლობის 6 შტაბი, 5 ნაღმმტყორცნი, 7 ქვემეხი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი, T-72 ტიპის ტანკი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, გრადები და ჩასაფრებული მტრის 4 პუნქტი აღმოაჩინეს. ყველა ეს სამიზნე დროული და ზუსტად გადაცემული კოორდინატების წყალობით, საარტილერიო ცეცხლით გაანადგურა უკრაინელი მზვერავების რაზმმა.

2022 წლის 28 ივნისს სპეცდანიშნულების სადაზვერვო ასეული ხარკოვის ოლქში, სოფელ დემენტიევკასთან ახლოს ასრულებდა დავალებებს. დაახლოებით ექვს საათზე ოკუპანტებმა 6 ჯავშანტრანსპორტიორით და არტილერიის დახმარებით უკრაინელ გვარდიელებზე შტურმი სცადეს. უკრაინელებმა ისინი საპასუხო ცეცხლით შეაჩერეს.

ამ შეტაკებაში ბარსუკოვმა კიდევ ერთხელ აჩვენა წარმოუდგენელი გაბედულება. მარტომ გაანადგურა ორი ჯავშანტრანსპორტიორი და ოკუპანტების მებრძოლები.

დემენტიევკადან უკან დახევისას ოკუპანტებმა ნაღმმტყორცნებით დაიწყეს დაბომბვა. აფეთქების ხმაზე ბარსმა ოცმეთაურს ძლიერად ჰკრა ხელი და ახლოს მდებარე სამალავისკენ უბიძგა, ოცმეთაური გადარჩა, ბარსი კი ნაღმმტყორცნის ანასხლეტმა იმსხვერპლა.

უკრაინის ერთგული მცველი ხარკოვის ერთ-ერთ სასაფლაოზე დიდების ხეივანში დაკრძალეს.

უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის სერგეი ბარსუკოვს პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

მინიმუმს აძლევენ, დავალების შესრულების შემდეგ თბილი საჭმელი რომ შეჭამონ – ქართველი მებრძოლი

„ბოლოს ტელეფონს საერთოდ აღარ ვპასუხობდი, იმდენი მწერდა, რომ უკრაინაში სურდა საბრძოლველად წამოსვლა,“ – უკრაინიდან ახლახან დაბრუნებული  ვაჟა ცეცაძე აღწერს, რამდენად ძლიერია საქართველოში უკრაინის მიმართ სოლიდარობის მუხტი.

თადარიგის ოფიცერი ვაჟა ცეცაძე სადაზვერვო ოცეულის მეთაურია, სამხედრო მიმართულებით 17-წლიანი გამოცდილება აქვს და დაახლოებით 5 თვე იბრძოდა უკრაინაში. ვაჟა ცეცაძემ უკრაინიდან მიმართა საჯაროდ პრემიერ ღარიბაშვილსაც, როცა პრემიერმა თქვა, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში „ომის პარტიას“ მიჰყავს.

ვაჟა ცეცაძესთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ: რამდენად შეიცვალა ხელისუფლების რიტორიკა უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე მას შემდეგ, როცა მკაფიოდ გამოჩნდა საზოგადოების რეაქცია?

„დუმილის რეჟიმში გადავიდნენ,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ქართველი მებრძოლი, ვაჟა ცეცაძე, მცირე პაუზის შემდეგ კი დასძენს, რომ ღარიბაშვილსა და „ოცნების“ სხვა ლიდერებს ეს აქტიურობა უფრო  პუტინზე ჰქონდათ გათვლილი.

„დავინახეთ, როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამას საზოგადოებისგან… ჩემი აზრით, ეს იყო ივანიშვილის დაკვეთა, პუტინისთვის ეჩვენებინა, რომ, აი, საქართველოს ხელისუფლება არაფერ შუაშია, ქართველი მებრძოლები იბრძვიან ოპოზიციური პარტიის დაკვეთით და ფულის სანაცვლოდ, თითქოს თავიდან აიცილეს კრემლის საყვედურები.

უკრაინაში დღეს რომ საქართველოს ბედიც წყდება, არ მგონია, ამას ვერ ხვდებოდეს ვინმე. უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა. დამარცხებას კი, არც ვუშვებ, რადგან უკრაინელების ბრძოლა მართალი ბრძოლაა – ისინი  საკუთარ მიწა-წყალს იცავენ,“ – ამბობს ვაჟა ცეცაძე.

ვაჟა ცეცაძე გვიყვება, რომ მასთან არც კონტრაქტი გაუფორმებიათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და არც ხელფასი აუღია. ქართველ მებრძოლს ვთხოვეთ მოეყოლა, სინამდვილეში როგორ მიდიან მებრძოლები უკრაინაში და რა ანაზღაურებას იღებენ.

„29 თებერვალს წავედი ომში… არ შემეძლო ჩემი გამოცდილებით, როცა 2004 და 2008 წლებში ავღანეთშიც ვიყავი, ვმჯდარიყავი ტელევიზორთან და მეყურებინა, როგორ ხვრეტდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, აუპატიურებდნენ ბავშვებს…

ყველა ცდილობს საქართველოდან თავის ნაცნობს, მეგობარს დაუკავშირდეს და მასთან ერთად  იყოს ბრძოლის ველზე. მე, მაგალითად, „ქართულ ლეგიონში“ არ ვიყავი, ცალკე წავედით რამდენიმე კაცი. ვინც მე მიცნობს, ჩემს ქვედანაყოფში სურდა მოხვედრა.

აუცილებელია გამოცდილება. ვერ გეტყვით, რამდენი გულანთებული ბიჭი მწერდა საქართველოდან წამოვალთ ჩვენცო, მათ დიდ ნაწილს საერთოდ არანაირი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. ასე რთულია, როცა ელემენტარული წესები არ იცი, არ იცი იარაღთან ურთიერთობა… ყველას უარს ვეუბნებოდი, ვისაც გამოცდილება არ აქვს. წარმოიდგინეთ, რამხელა თავის ტკივილია, როცა შენ გვერდით სრულად გამოუცდელია, მთელი აქცენტი და ყურადღება მასზე უნდა გადაიტანო. ყველა წინააღმდეგია, რომ გამოუცდელი მოხვდეს რომელიმე ქვედანაყოფში.

ზოგიერთი ქართველი მებრძოლი ერთადერთი ქართველია ქვედანაყოფში და ისე იბრძვის უკრაინელ ბიჭებთან ერთად. გააჩნია, ვინ სად მოხვდება.

არ ვიცი, ზუსტად რამდენი, მაგრამ 2 ათასზე მეტი ქართველი მებრძოლია ახლა უკრაინაში. არ ვიცი, ზუსტად მათი შრომის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ ვიცი ზუსტად, რომ დაახლოებით საარსებო მინიმუმს აძლევენ, აი, დავალების შესრულების შემდეგ რომ თბილი საჭმლის ჭამა შეძლონ… ამაზე ლაპარაკიც სირცხვილია.

საერთოდ არ მაინტერესებს რას ამბობს ღარიბაშვილი დღეს… ვფიქრობ, რომ ხალხს კარგად ესმის, რა ტირანიასთან ბრძოლაც გვიწევს,“ – ასკვნის ვაჟა ცეცაძე.

ქართველი მებრძოლი ბრძოლის ველზე მოიწამლა კიდეც, საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ ბრძოლის ველზე დაბრუნება არჩია. მის გვერდით დაიღუპნენ  გია ბერიაშვილი და დათო რატიანი – ის ქართველი მებრძოლები, რომლებიც  რუსეთ-უკრაინის ომში ქართველ მებრძოლებს შორის პირველები დაიღუპნენ.

„ზარინით მოვიწამლე გოსტომელში ნადიმ ხმალაძესთან ერთად,“ – გვიყვება ქართველი მებრძოლი, ვაჟა ცეცაძე. – „შესაძლოა, დრონმა ჩამოყარა… მთავარია, მომაკვდინებელი დოზა არ შეგვისუნთქავს… ჩამოვედი აქ, ფეხზე დავდექი და მალევე უკან დავბრუნდი, აღარ გამიძლო გულმა…

ახლაც წავიდოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა: მალები დაზიანებული მაქვს, კონტუზია რამდენჯერმე მივიღე“, – გვიყვება ვაჟა ცეცაძე და იმ დღეს იხსენებს, ორი ქართველი თანამებრძოლი დაღუპული როცა იპოვა ბრძოლის ველზე.

„გია და დათო როცა დაიღუპნენ, იმ დღეს ერთად ვიბრძოდით, ერთად შევასრულეთ დავალება წარმატებით და უკან გამოსვლის დროს დაიწყო სარაკეტო თავდასხმა… დრონმა აღმოგვაჩინა და საარტილერიო დაბომბვა დაიწყო. ამ დროს სავალდებულოა, ჯგუფი დაიშალოს და ისე გამოხვიდე იმ ადგილიდან პატარ-პატარა ჯგუფებად. ჩვენ გამოვედით, იმათ კიდევ ფრანგი დაჭრილი გამოჰყავდათ, დაიკარგნენ, გადამცემით ვეღარ ვუკავშირდებოდით…

ტყე იყო, გაგვიჭირდა ძებნა. 18 საათი გრძელდებოდა ეს ოპერაცია, ბინდდებოდა, როცა ერთი მებრძოლი გამოვიდა და თქვა, რომ იპოვეს… პულსი აღარ ესინჯებოდა არც ერთს, საკაცეზე მოვათავსეთ და წამოვედით.

წამოვედით და ისევ გაგვიხსნეს ცეცხლი, რამდენიმე ქართველი მებრძოლი იქ დაშავდა, ჩემთან ძალიან ახლოს ჩამოვარდა ჭურვი და ხმით დარტყმისგან კონტუზია მივიღე… დიდი ცეცხლი იყო, ძლივს გამოვაღწიეთ,“ – ამოისუნთქა ვაჟა ცეცაძემ.

ქართველი მებრძოლის დაკვირვებით, რუსებმა უკვე ამოწურეს ბრძოლის რესურსი და უკრაინელების წარმატება გარდაუვალია:

„საწყის ეტაპზე იბრძოდნენ რუსებიდან ძირითადად ელიტური დანაყოფები, რომლებიც კარგად გაწვრთნილები იყვნენ… ახლა ძალიან ეტყობოდათ, რომ უვიცები ჰყავდათ.

ისედაც მეორე მსოფლიო ომის მეთოდით იბრძვიან, არავითარი სიახლე, არავითარი თანამედროვე წესი არ იციან, აღჭურვილობაც ხომ საბჭოთა აქვთ.

რუსეთი ვერ გაიმარჯვებს იმიტომაც, რომ მოკავშირე არავინ ჰყავს. რუსებს აღარ აქვთ ძალა. აუცილებლად უნდა განაგრძოს დასავლეთმა აღჭურვილობის მიწოდება უკრაინისთვის. ბევრი ვერ იაზრებს, მათ შორის, ხელისუფლება, რომ რუსეთი აუცილებლად წააგებს ამ ომს,“ – დაასრულა ქართველმა მებრძოლმა, ვაჟა ცეცაძემ „ბათუმელებთან“.

სიგარეტის სადა შეფუთვით გაყიდვის ვალდებულება ისევ გადაიდო

2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში უნდა შესულიყო თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია, თუმცა პარლამენტის გადაწყვეტილებით, ის 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანაზე კანონი დღეს, 13 დეკემბერს ამოქმედდა.

  • სადა შეფუთვა გულისხმობს თამბაქოს ნაწარმისთვის სასაქონლო ნიშნის, ფერების, ბრენდის გამოსახულების ან სარეკლამო ინფორმაციის გამოყენების აკრძალვას, გარდა ბრენდის სახელებისა და პროდუქტის სახელებისა, რომლებიც ნაჩვენები იქნება სტანდარტულ ფერსა და შრიფტში.

ეს რეგულაცია ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა ის 2022 წლის ბოლომდე გადაიდო. გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა სპეციალური განცხადებით მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაეჭირა რეგულაციის ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადებისთვის.

ამ თემაზე ვრცლად:

გაერო პარლამენტს მოუწოდებს, სიგარეტის სადა შეფუთვაზე კანონის ამოქმედება აღარ გადადოს

„არ დავმალულვარ მე“ – კიდევ რა თქვა რძლის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში

„გასაგებია“ – მხოლოდ ეს სიტყვა უთხრა რძლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა მოსამართლეს, როცა მან წაუკითხა საქმის მასალები, თუ რას ედავება პროკურატურა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა რძლის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ბალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 13 დეკემბერს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

მკვლელობა 11 დეკემბერს მოხდა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან რძალს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მასალებით დგინდება, რომ ბრალდებული სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა. პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. ბრალდებულს პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 -ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის [განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ] მიხედვით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მკვლელობის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვას აპირებდა.

„…შევიდა თავის საძინებელში, ტანსაცმელი გამოიცვალა და აპირებდა ტერიტორიის დატოვებას“, – აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

„არ დავმალულვარ მე, ველოდებოდი მილიციას“, – გააპროტესტა უცებ ბრალდებულმა, რომელიც გისოსებიდან უსმენდა მხარეთა პოზიციებს.

„ძალიან ვნანობ ამას“, – პაუზის შემდეგ დაამატა ბრალდებულმა და მოსამართლეს გახედა.

„მას ეს განზრახვა არ ჰქონია, არც იცოდა, რა შედეგი დადგა“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ირაკლი პირველმა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ვერსიაზე, რაც პროკურატურამ უკვე გააჟღერა:  ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

„მან რძალთან კონფლიქტის დასრულების, დაშინების, თუ შეშინების მიზნით გაისროლა“, – თქვა ადვოკატმა და შემდეგ დაამატა, წინასწარ პატიმრობას ბრალდებულიც რომ ეთანხმება.

გარდაცვლილი ქალი 40 წლის იყო და ორი შვილი ჰყავდა.

9 წლის წინ ბავშვის გაუპატიურებისთვის ბიძას 12 წელი მიუსაჯეს – განაჩენი სასამართლომ დღეს გამოიტანა 

„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს, 13 დეკემბერს, 9 წლის წინანდელ გაუპატიურების შემთხვევაზე განაჩენი დადგა და მოძალადე დაისაჯა.

21 წლის ქალმა ააიპ „თანასწორობის მოძრაობას“ 2022 წლის 15 მარტს მიმართა. ის აცხადებდა, რომ არასრულწლოვან ასაკში ბიძა მასზე სექსუალურად ძალადობდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

„საქმეზე ეფექტურად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში ბრალდებული სისტემატურად, ძალადობითა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს და სექსუალური ხასიათის შეღწევას. ბრალდებული დაკავებული იქნა გონივრულ ვადაში და მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით)“, – წერს ორგანიზაცია.

„თანასწორობის მოძრაობის“ ცნობით, 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ, შეეფარდა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლით შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი 9 წლის შემდეგ დადგა.

„ბენეფიციარს გაეწია სრულყოფილი სამართლებრივი კონსულტაცია, საქმეში ჩაერთო მულტიგუნდი ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მონაწილეობით“, – წერს ორგანიზაცია.

ბათუმში დაწესებულებების სანიტარული შემოწმების ტენდერის გამო მერიას უჩივიან

ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური მონიტორინგის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერის გამო ქალაქის მერიას დავების საბჭოში უჩივლეს.

ტენდერი 104 ათას 996 ლარითაა გამოცხადებული და პირობის მიხედვით, დაწესებულებების მონიტორინგი 2023 წელში უნდა ჩატარდეს.

ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. შპს „მეგატესტი“ კი ითხოვს „გაუქმდეს სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობის შეუსაბამო ჩანაწერი“, რომელიც პრეტენდენტის გამოცდილებას შეეხება.

მიმდინარე ტენდერში მონაწილეობს „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი“, რომელიც მერიას მომსახურებას ზუსტად 104 ათას 996 ლარად სთავაზობს. აღნიშნული ცენტრი სახელმწიფო სსიპ-ია და ის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება.

მომჩივანი „მეგატესტის“ 30% წილის მფლობელი და დირექტორი რამაზ სურმანიძეა, დარჩენილ 70%-ს კი შპს „სოლემარტი“ ფლობს. რამაზ სურმანიძე 2012-2021 წლის ივლისამდე პერიოდში ამ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი იყო [როგორც გვითხრა, სამსახურიდან თავისი სურვილით წამოვიდა]. 

მერიის ტენდერებს, ლაბორატორიულ მომსახურებებზე, ბოლო 10 წელია „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი“ უპრეტედენტოდ იგებს. პირობებში მერიას ყოველთვის ედო პრეტენდენტის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

შპს „მეგატესტი“ კი, 2022 წლის აგვისტოშია დაფუძნებული.

სატენდერო პირობის ჩანაწერი, რომელიც, „მეგატესტის“ აზრით, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას:

  • „ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
    პრეტენდენტს 2 წლის განმავლობაში (2021, 2022) გაწეული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [ლაბორატორიული გამოკვლევა] მომსახურება…
    პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტების ასლები) ან/და მითითება SPA/NAT/CMR ნომრებზე…“

მეგატესტის საჩივარში აღნიშნულია, რომ ბათუმის მერიის [შემსყიდველის] მიერ დადგენილი მოთხოვნა პრეტენდენტის 2-წლიან გამოცდილებაზე „არის გაუმართლებელი და გადაჭარბებული, ვინაიდან უსაფუძვლოდ აფერხებს პოტენციურ მიმწოდებლებს, ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას და არაჯანსაღ კონკურენციას, იწვევს დისკრიმინაციულ მიდგომასა და უთანასწორო მოპყრობას ტენდერში მონაწილეობის სურვილის მქონე საერთაშორისო სტანდარტით ახლად აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიებისთვის, იმ ლაბორატორიებთან შედარებით, რომელთაც აქვთ არსებობის უფრო მეტი ხნის პრაქტიკა.“

„ბათუმელები“ დაუკავშირდა რამაზ სურმანიძეს. მისი თქმით, „მეგატესტის“ საჩივრის მიზანია, დავების საბჭომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ტენდერის პირობები არ ზღუდავდეს კონკურენტულ გარემოს.

„ჯერ შესაბამისი აკრედიტაცია „მეგატესტს“ არ აქვს, თუმცა არიან შესაბამისი ლაბორატორიები, რომლებსაც აკრედიტაცია აქვთ, მაგრამ არ ექნებათ ორი წლის [მით უმეტეს 2021 -2022 წლებში] ანალოგიური შინაარსის გამოცდილება, რასაც ამ შემთხვევაში მერია ითხოვს.

ზოგადად, აკრედიტაციის წესს საქართველოში არეგულირებს კანონი და ნებისმიერი კომპანია, აკრედიტაციის მიღებისთანავე უფლებამოსილია შეასრულოს ნებისმიერი სამუშაო იმ სფეროში, რაშიც აქვს აკრედიტაცია. ამიტომ მათთვის გამოცდილების მოთხოვნა ტენდერში ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას. „მეგატესტმაც“ აკრედიტაცია რომ მიიღოს, ასეთი პირობებით, რაც მერიას აქვს, ტენდერში ვერ მიიღებს მონაწილეობას“, – ამბობს რამაზ სურმანიძე.

 

[toggle title=”მომჩივანი კომპანიის დასაბუთების სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ:”]

„სატენდერო პირობების 2.7.1. პუნქტით მოთხოვნილია, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იმ სფეროების ჩამონათვალით, რაზედაც უფლებამოსილია აწარმოოს კვლევები.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის N01-1 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურები“-ს მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად ,,აკრედიტაცია – ოფიციალური საექსპერტო შეფასებაა, რომლის საფუძველზე, აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს/პირის კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისათვის“;

ხოლო ამავე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „შშო არის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან პირი, რომელიც ახორციელებს შესაბამისობის შეფასების საქმიანობას და არის აკრედიტებული ან შეიძლება იყოს აკრედიტაციის ობიექტი.“

აკრედიტაციის პროცესში სხვა პროცედურებთან ერთად, აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენლები ახორციელებენ დაკვირვებას შშო-ს პრაქტიკულ საქმიანობაზე, რაც გულისხმობს გაცხადებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში განმცხადებლის მიერ პრაქტიკული სამუშაოს/კვლევების განხორციელების პროცესზე დასწრებას და მის შეფასებას, ხდება ასევე როგორც საგამოცდო ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ისე დასაქმებული პერსონალის გამოცდილების/კვალიფიკაციის/კომპეტენტურობის, ლაბორატორიათაშორის კვლევებში მონაწილეობის შეფასება.

საბოლოოდ აკრედიტაციის პროცედურების წარმატებით გავლის შედეგად, საგამოცდო ლაბორატორიას ენიჭება აკრედიტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორია არის უფლებამოსილი და კომპეტენტური აკრედიტაციის სფეროთი გათვალისწინებული კვლევების საერთაშორისო სტანდარტით (სსტ ისო/იეკ 17025 : 2017/2018 „ზოგადი მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების კომპეტენტურობის მიმართ“) გათვალისწინებული მოთხოვნებითა და ხარისხით ჩატარებაზე.“

შპს „მეგატესტის“ საჩივრიდან

[/toggle]

 

რაც შეეხება ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს, გამარჯვებულმა, 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს:

  • საანალიზო ნიმუშების ჩამონაბან-ჩამონარეცხების აღება ნაწლავის ჩხირის პოვნიერებაზე, წლის განმავლობაში სულ 6400 საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაში: საბავშვო ბაღებში, კერძო საბავშვო ბაღებში, სტუდიებში, სკოლებში [კვების ბლოკიდან], კერძო სკოლებში, საცურაო აუზებში, სასტუმროებში, მუნიციპალურ სასადილოებში;
  • მზა კერძების კვლევა კალორიულობაზე – სულ 210 ერთეული: საბავშვო ბაღებში, კერძო საბავშვო ბაღებში, მუნიციპალურ სასადილოებში;
  • განათების კოეფიციენტის განსაზღვრა – წლის განმავლობაში სულ-120 ერთეული, როგორც კერძო ისე საჯარო სკოლებში;
  • სასტუმროებში და სხვა ობიექტებში არსებული საცურაო აუზებიდან აუზის წყლის ხარისხის კვლევა ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ მაჩვენებლებზე – წლის განმავლობაში სულ-26 ერთეული;
  • სადეზინფექციო საშუალებების ქიმიური კვლევა – წლის განმავლობაში სულ-35 ერთეული – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სკოლებში, კერძო სკოლებში, სასტუმროებში, საცურაო აუზებში, მუნიციპალურ სასადილოებში;
  • სტომატოლოგიურ კლინიკებში [სტომატოლოგიური ინსტრუმენტების] კვლევა სტერილობაზე – წლის განმავლობაში სულ-180 ერთეული;
  • კვების პროდუქტების მონიტორინგი მუნიციპალურ სასადილოებში – სულ-96 ნიმუში.

სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში „მეგატესტის“ საჩივრის განხილვის დროდ 2022 წლის 13 დეკემბერია მითითებული.

ხულოში ქალის სექსუალური იძულების და ამ კადრების გავრცელების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს 

ხულოში სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულების, შემდეგ ამის ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებისა და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში, 2022 წლის 24 ნოემბერს, მ.შ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენებისა ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ეს მუხლი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვასა და გავრცელებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე 2022 წლის 29 ნოემბერს [საქართველოს სსკ-157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით], სასამართლოს განჩინების გარეშე დააკავეს ორი პირი – ბ. გ. და ა. ხ.

2022 წლის 30 ნოემბერს ა. ხ.-ს და ბ.გ-ს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ორი მუხლით – 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულებას გულისხმობს.

დაკავებულებს ასევე ბრალი წარედგინათ სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან ქონებრივი დაზიანების მუქარით (ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, ანუ გამოძალვის მუხლით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის პირველი დეკემბრის განჩინებით ბრალდებულებს ბ. გ.-ს და ა. ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული [პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება/გავრცელება], ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე;

139-ე მუხლით გათვალისწინებული სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე;

181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება – გამოძალვა კი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.

„პირველ სართულზე ვცხოვრობ და ვსუნთქავ ნაგავს“ – დასუფთავების პრობლემები ქუთაისში

ავტორი: მონიკა ქაშიბაძე, ქუთაისის საინიციატივო ჯგუფ „როდემდეს“ წევრი

__________________________________________________________

საინიციატივო ჯგუფი „როდემდე“ 2022 წლის სექტემბერში შეიქმნა და აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ ერთი მიზანი – ხელი შეუწყონ სასიკეთო ცვლილებებს ქუთაისის მუნიციპალიტეტში. შექმნის დღიდან საინიციატივო ჯგუფი მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით: ქუთაისში დასუფთავებისა და სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ქუთაისში დასუფთავების მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც საკითხზე მუშაობის პერიოდში სხვადასხვა გზით დავადგინეთ – მცხოვრებლებთან საუბრით, ქუთაისის მერიისა და ა(ა)იპ სპეციალური სერვისების ოფიციალური ინფორმაციებით, ქუთაისის სხვადასხვა უბანში ვითარებაზე დაკვირვებით.

კვლევის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე აქტუალური საკითხი: დანაგვიანებული ქუჩები, ნაგვის გატანის არასაკმარისი სიხშირე, გადავსებული ურნები და ანტისანიტარია გარშემო, დაზიანებული ნაგვის კონტეინერები და შესაბამისად, ხალხის მიერ გადახდილი თანხის შეუსაბამო სერვისი. ამ პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა კი ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქუთაისის მერიის ა(ა)იპს – სპეციალურ სერვისებს ეკისრება.

ჭავჭავაძის ქუჩა, თაბუკაშვილის ქუჩა, ჩხობაძის ქუჩა, გამსახურდიას ქუჩა…. – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ქუჩებისა, რომლებიც ჩვენს Facebook გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში და მოსახლეობასთან უშუალო დიალოგისას გამოიკვეთა, როგორც განსაკუთრებით პრობლემური ქუჩები ქუთაისის მასშტაბით.

პრობლემების გამომწვევი მიზეზის გასაგებად ქუთაისის მერიისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რა სიხშირით ხდება ნარჩენების გატანა ქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან და აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ქუჩების ნაწილებიდან ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებს ნაგავი კვირაში მხოლოდ ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ გააქვს.

მაგალითისთვის:

  1. თაბუკაშვილის 2,4,6,8,10 შესახვევი – გატანა კვირაში ერთხელ
  2. გამსახურდიას ქუჩის მე-3 ჩიხი – გატანა კვირაში ერთხელ
  3. ჩხობაძის ქუჩის მე-3 შესახვევი – გატანა კვირაში ერთხელ
  4. ზურაბ ჭავჭავაძის 2 და 5-სართულიანები – გატანა კვირაში ორჯერ
  5. თაბუკაშვილის ქუჩა – გატანა კვირაში ორჯერ
  6. ზურაბ ჭავჭავაძის მრავალსართულიანები – გატანა კვირაში სამჯერ

ასევე, აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული გრაფიკის მიხედვით ის ლოკაციებიც კი, რომლებსაც კვირაში 6-ჯერ და 7-ჯერ ასუფთავებენ, მაინც პრობლემურად რჩება.

  • პასილოკის დასახლება

22 ოქტომბერს საინიციატივო ჯგუფის წევრები პასილოკის დასახლებაში ვიმყოფებოდით, სადაც მოსახლეობასთან საუბრისას დასუფთავების მიმართულებით რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, როგორებიცაა: ნარჩენების გატანის სიხშირე, გადავსებული ურნები, არასაკმარისი ნაგვის კონტეინერები, დაბინძურებული ქუჩები.

„ხდება ხოლმე, რომ ნაგავი რამდენიმე დღე არ გააქვთ, შესაბამისად ნარჩენები გარეთაა მიმოფანტული, სრული ანტისანიტარიაა, განსაკუთრებით ზაფხულში, ზოგჯერ ფანჯრებსაც კი ვერ ვაღებთ“…

„კვირაში ერთხელ მოდის ნაგვის მანქანა, ისიც ვერ გაიგებ, დილით თუ საღამოს, ზოგჯერ მიწევს მთელი კვირის დაგროვილი ნარჩენები სხვა ქუჩაზე გავიტანო გადასაყრელად“, – ამბობენ პასილოკის დასახლებაში მცხოვრებლები.

ძირითად პრობლემებს შორის გამოიკვეთა ისიც, რომ არ სუფთავდება შიდა ქუჩები.

„პირველ სართულზე ვცხოვრობ და ვსუნთქავ ნაგავს, გადასახადს ვიხდით, თუმცა სერვისი არ არის შესაბამისი“ – აცხადებს მოქალაქე.

მიუხედავად იმისა, რომ მცხოვრებლების თქმით, პასილოკის დასახლების ცენტრალურ ქუჩებზე არსებული კონტეინერები ყოველდღიურად იცლება, მაინც მუდამ გადავსებულია და ისინი ვერ ახერხებენ ნაგვის გადაყრას, ნაგავი ურნების ირგვლივ იფანტება და მიმდებარე ტერიტორიაზე სრული ანტისანიტარიაა, რაც ასევე იწვევს ურნების გარშემო ძაღლების თავმოყრას.

თაბუკაშვილის ქუჩა, ქუთაისი. ფოტო გადაღებულია 2022 წლის შემოდგომაზე
თაბუკაშვილის ქუჩა, ქუთაისი. ფოტო გადაღებულია 2022 წლის დეკემბერში
  • ავტოქარხნის დასახლება

კიდევ ერთ პრობლემურ უბანს წარმოადგენს ავტოქარხნის დასახლება, სადაც მოსახლეობის ჩასაწერად 23 ოქტომბერს ვიყავით. მსგავსად პასილოკის დასახლებისა, ძირითადი პრობლემა კვლავ ნარჩენების გატანის ინტენსივობა, არასაკმარისი ნაგვის ურნები და დაზიანებული კონტეინერებია, რომელთა ნაწილი ზოგიერთ ადგილას დალუქულია.

პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ურნებისთვის თავის დახურვა ჭირს, რის გამოც ნაგავი მიუსაფარ ცხოველებს გარეთ გადმოაქვთ და ირგვლივ იფანტება.

„ურნებს თავი არ ეხურება, ხშირად ამოხტება ხოლმე ურნიდან ხან კატა, ხან ძაღლი და ამოაქვთ ნაგავი, ზოგისთვის ისე ჭირს კონტეინერებზე თავის ახდა, რომ ბევრი ვერც ერევა,“- ამბობს მოქალაქე.

მოსახლეობის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ დასახლება დიდია, ნარჩენების გატანის სიხშირე არასაკმარისია და უწევთ შესაბამის სამსახურებთან დაკავშირება, რათა ტერიტორია დაასუფთაონ. ასევე აღნიშნავენ, რომ არც კონტეინერების რეცხვა-დეზინფექცია ხორციელდება.

აღნიშნული პრობლემების გამო ავტოქარხნის დასახლების ზოგიერთ ქუჩაზე მოსახლეობამ თავად მოითხოვა ნაგვის ურნების აღება, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს გაუსაძლისი პირობები ექმნებოდათ – მუდამ გადავსებული და თავღია, დეზინფექციაჩაუტარებელი ურნების გამო მოსახლეობას ფანჯრების გაღებაც კი არ შეეძლო. გაუსაძლისი პირობები, მათი თქმით, განსაკუთრებით ზაფხულში იქმნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებს არ აქვს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი ურნების რეცხვისა დეზინფექციისთვის, მათივე განმარტებით, დეზინფექცია ძირითადად ზაფხულში ტარდება.

ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება

არსებული ხარვეზების პარალელურად დაგვაინტერესა, რა რაოდენობის პრემია/დანამატი/ჯილდო გაიცემა ამ პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის – ა(ა)იპ სპეციალური სერვისების თანამშრომლებზე. შესაბამისად, ქუთაისის მერიიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ, რომლის მიხედვით, 2021 წელს ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებში 374 381 ლარის ოდენობით პრემია/დანამატი/ჯილდო გაიცა, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 236 369 ლარით მეტია.

2021 წელს ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო 6 თვის განმავლობაში კომენდანტის საათი იყო დაწესებული, ხოლო ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორი ტური ჩატარდა. უცნობია, რა დამატებითმა დამსახურებებმა გამოიწვია ა(ა)იპი სპეციალური თანამშრომლებისთვის გასულ წელთან შედარებით 236 000 ლარით მეტი პრემიების, ჯილდოებისა და დანამატების გადაცემა.

ამასთან, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ 9 თვეში (პირველი იანვრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით) ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებში უკვე გაცემულია 118 105 ლარის ოდენობის პრემია/დანამატი/ჯილდო.

ა(ა)იპ სპეციალური სერვისების თანამშრომლები პრემიების მიღებას განაგრძობენ, ისევე, როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები უკეთესი სერვისის მისაღებად დასუფთავების მოსაკრებლის გადახდას, რისმა ჯამურმა რაოდენობამაც 2020, 2021 და 2022 (სექტემბრამდე) პერიოდში უკვე 5,185,100 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი მაინც ვერ იღებენ შესაბამის სერვისს.

საინიციატივო ჯგუფმა „როდემდემ“ 31 ოქტომბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ გამართა პერფორმანსი, რომლის მთავარი მიზანი იმის ჩვენება იყო, რამდენად არაეფექტური და ხარვეზიანია მერიის მუშაობა ქალაქში დასუფთავების მიმართულებით. პერფორმანსის საშუალებით შევეცადეთ მერიამდე მიგვეტანა ქუთაისის სხვადასხვა უბნის მცხოვრებთა სათქმელი.

პერფორმანსის მიმდინარეობისას ქუთაისის მერიაში შევიტანეთ განცხადება ზურაბ ჭავჭავაძისა და თაბუკაშვილის ქუჩების შესახებ და მოვუწოდეთ ორგანოს, რომ მოახდინოს რეაგირება და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ამ უბნებზე დასუფთავების პრობლემის მოსაგვარებლად. განცხადებას თან დავურთეთ ფოტომასალაც, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ მტკიცებულებას უბნებზე არსებული მძიმე მდგომარეობისა.

ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა. ფოტო გადაღებულია 2022 წლის შემოდგომაზე

პერფორმანსის ჩატარების შემდეგ ჟურნალისტებმა ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს დაუსვეს კითხვა პერფორმანსის თემატიკის შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, მერისთვის ეს პრობლემა სერიოზულად არ აღიქმება და მან კითხვა უპასუხოდ დატოვა.

დასუფთავების მიმართულებით არსებულ პრობლემაზე მუშაობა გაგრძელდა ჩვენ მიერ ჩატარებული დისკუსიით, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართა. დისკუსიას ესწრებოდნენ ა(ა)იპ სპეციალური სერვისების წარმომადგენელი, ჟურნალისტები, მოქალაქეები და აქტივისტები. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წარადგინეს პრეზენტაცია, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც დაინტერესებული მხარეების პოზიციებსა და კითხვებს ა(ა)იპ სპეციალური სერვისების წარმომადგენელმა საკუთარი არგუმენტებით უპასუხა და თქვა, რომ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ უშუალოდ დასუფთავების სამსახურს, არამედ სხვა უწყებებსა და მოქალაქეებსაც ეკისრება.

„ჩვენი სათქმელი ეს არის, ყველა ჩვენი თანამოქალაქის მისამართით, რომ პასუხისმგებლობა ამ კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად თანაბრად უნდა გადანაწილდეს სამოქალაქო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებში,“ – თქვა ა(ა)იპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი მჟავანაძემ.

შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც ა(ა)იპ სპეციალური სერვისების წარმომადგენელი თანაბარ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, მათი 2022 წლის ბიუჯეტი 6 879 100 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ადამიანების გადახდილი გადასახადებით არის შევსებული, ამიტომ ჩვენთვის უცნაურია პასუხისმგებლობის თანაბრად განაწილების მოთხოვნა.

ამასთან ერთად, დისკუსიაზე გიორგი მჟავანაძემ თქვა, რომ ა(ა)იპ სპეციალური სერვისების ბიუჯეტი საკმარისი არ არის, რათა მოსახლეობას უკეთესი სერვისი შესთავაზონ და საჭიროა დაფინანსების გაზრდა.

საინიციატივო ჯგუფი „როდემდე“ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს – ქუთაისის მერიასა და ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებს გადადგან ნაბიჯები ჩვენ მიერ დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად. მოქალაქეების უფლება და საჭიროებაა, იცხოვრონ სუფთა, მოწესრიგებულ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ქალაქში, ხოლო მუნიციპალიტეტი შესაბამისი სამსახურებით უნდა უზრუნველყოფდეს ამ უფლების რეალიზებას.

_______________

რედაქციაში შემოსულ წერილებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს „ბათუმელების“ პოზიციას.

ყინვის გამო ბინებში ყინულის სტალაქტიტები და სტალაგმიტები გაჩნდა – ყაზახეთი

ყაზახური მედიის მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, ქვეყანაში გათბობის პრობლემების გამო, ახალ შენობაში ყინულის სტალაქტიტები და სტალაგმიტები გაჩნდა – ფაქტობრივად, საცხოვრებელი ბინები ყინულით დაიფარა.

ბინებში სტალაქტიტები და სტალაგმიტები რამდენიმე მეტრი სიმაღლისაა.

ჟურნალისტებმა ფაქტი დააფიქსირეს კოსტანეის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრში, ქალაქ კოსტანაიაში.

მედიის ინფორმაციით, მესაკუთრეები კუნაის მიკრორაიონში, ახალ ბინებში გადასასვლელად ემზადებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს შეუძლებელი იქნება.

ჟურნალისტებს ქალაქის სამშენებლო სამმართველოში განუცხადეს, რომ კონტრაქტორთან ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა, ხოლო შენობა, სამუშაოების საწარმოებლად, სხვა კომპანიას გადაეცა.

დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ გათბობის სისტემა მხოლოდ ახალი კორპუსის სარდაფშია მოწყობილი. შესაბამისად, ყველა ბინა იყინება.

თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლება დაჰპირდა, რომ 13 დეკემბრისთვის, ანუ დღეისთვის „ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება“.

ანტალიაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში, 11 დეკემბერს, ღამით, ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა. თურქული მედიის ცნობით, განსაკუთრებით დაზიანდა ქალაქები: ქუმლუჯა და ფინიკე, სადაც ქუჩები და შენობები დაიტბორა.

ქუმლუჯაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დინამიკები გამოიყენა და ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილა, დარჩენილიყვნენ სახლში ან უსაფრთხო, მაღალ ადგილზე.

ქუჩაში მოვარდნილმა წყალმა რამდენიმე მანქანა წაიღო, ხოლო ბულდოზერები დატბორილ ქუჩებში მოძრაობდნენ მანქანებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად. წყალდიდობის გამო ჩაინგრა ხიდი და დაზიანდა ამ ორ ქალაქს შორის დამაკავშირებელი გზაც.

წყალდიდობის გამო ორივე ქალაქში სკოლები დაიხურა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

წყალდიდობა ანტალიაში. ფოტო: twitter
წყალდიდობა ანტალიაში. ფოტო: twitter
წყალდიდობა ანტალიაში. ფოტო: twitter
წყალდიდობა ანტალიაში. ფოტო: twitter
წყალდიდობა ანტალიაში. ფოტო: twitter

რატომ არ ატარებს პუტინი წლის შემაჯამებელ კონფერენციას – რას ამბობს ბრიტანეთის დაზვერვა

ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო ათ წელში, როდესაც ვლადიმერ პუტინი წლის შემაჯამებელ ღონისძიებასა და სატელევიზიო მიმართვას არ გამართავს. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 13 დეკემბრის მონაცემები, სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიმოიხილავს.

როგორც ბოლო ანგარიშშია განმარტებული, უჩვეულო გადაწყვეტილების მიზეზი სავარაუდოდ „არასანქცირებული შეკითხვებისგან“ თავის დაზღვევის ექსტრემალური მცდელობაა.

რუსეთის პრეზიდენტისთვის ტრადიცია იყო წლის ბოლოს შემაჯამებელი კონფერენციის გამართვა და სატელევიზიო მიმართვა, ისევე როგორც შესაბამისი ყოველწლიური ღონისძიება.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ამას პუტინის საჯარო კომუნიკაციების კალენდარში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, რამდენადაც, თავისი მოჩვენებითი პატიოსნებისა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების დემონსტრირების შესაძლებლობას აძლევს.

12 დეკემბერს კრემლმა დაადასტურა, რომ წელს ტრადიციული პრესკონფერენცია და ღონისძიება არ გაიმართება.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, პრესკონფერენციაზე ყველა შეკითხვა წინასწარაა შეთანხმებული, სავარაუდოდ, მისი გაუქმების მიზეზი რუსეთში ანტისაომარი განწყობების გავრცელებასთან დაკავშირებულ მზარდ შიშს უკავშირდება.

„თითქმის დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ კრემლის მაღალჩინოსნები ექსტრემალურად ფრთხილობენ, პუტინის მონაწილეობით ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ არასანქცირებული დისკუსიით ჩაშლის შესაძლებლობაზე“, – ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის 13 დეკემბრის ანგარიშში.

სალიბაურში რძლის მკვლელობისთვის მამამთილს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

11 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან რძალს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მასალებით დგინდება, რომ ბრალდებული სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა.

პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 -ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 დეკემბრის 21 საათიდან 14 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: -2 – +3 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით,  15-16 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

უკრაინა ყინვის დადგომისთანავე გააგრძელებს კონტრშეტევას – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების შეფასებით, კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ ძირს უთხრის პუტინის გეოპოლიტიკურ კამპანიებს.

ISW-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ თავიანთი დანაყოფების ფორმირებას და კონსოლიდაციას უკრაინის კონტრშეტევებისგან თავდასაცავად აღმოსავლეთით – ხარკოვისა და ლუგანსკის რეგიონებში და შეზღუდული შეტევების მხარდაჭერას დონეცკში.

ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ „დაჯგუფება ვაგნერის“ მებრძოლები რეგულარული არმიის პირველი და მე-2 დანაყოფების მხარდაჭერის პირობებში პასუხისმგებელი არიან შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე დონეცკის რეგიონში, კერძოდ, ბახმუტის გარშემო და დონეცკის დასავლეთ გარეუბანში.

ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, გააგრძელებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკურ კამპანიას მთელ მსოფლიოში.

თუმცა, როგორც ჩანს, პუტინს ჯერ კიდევ არ სურს გაწიროს თავისი გეოპოლიტიკური ინიციატივები მოკლევადიან პერსპექტივაში და რისკავს შეეჯახოს ფინანსურ სირთულეებს. ამ პირობებში კი ისე ვერ შეძლებს დააბალანსოს თავისი აგრესიული მიზნები უკრაინაში და თავისი ძალაუფლების პროექციის კამპანია.

ექსპერტების აზრით, პუტინი კვლავ ცდილობს რუსეთის პოზიციის აღდგენას, მაგალითად, ცენტრალურ აზიაში – წარუმატებლად სთავაზობს ყაზახეთსა და უზბეკეთს, რუსეთთან სამმხრივი ალიანსის შექმნას.

პუტინის ინიციატივა დაიხარჯოს ფინანსები რეგიონულ „რბილ ძალაზე“ უკვე აბრაზებს ზოგიერთ სამხედრო ბლოგერს, რომლებმაც კრემლი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ თითქოს გამოყო ექვსი მილიარდი რუბლი (დაახლოებით 95,5 მილიონი აშშ დოლარი) ტაჯიკეთში რუსულენოვანი სკოლების განვითარებისთვის, მაშინ, როცა რუსული არმია არ არის უზრუნველყოფილი ბრძოლის ველზე.

გარდა ამისა, ბლოგერები აცხადებენ, რომ კრემლი არაეფექტურად იყენებს თავის „რბილ ძალას“ ტაჯიკეთში, რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდის ამგვარი ხარჯების აუცილებლობას.

ISW-ი თავის მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ კონტრშეტევას ყინვის დადგომისთანავე, როცა „მიწა უფრო მყარი გახდება“ სამხედრო ტექნიკის გადასაადგილებლად.

ინსტიტუტის სხვა ძირითადი მიგნებები:

  • რუსული ჯარები გააგრძელებენ საკუთარი ძალების ფორმირებასა და კონსოლიდაციას აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა უკეთ დაიცვან თავი უკრაინული კონტრშეტევებისგან ხარკოვისა და ლუგანსკის რეგიონებში და მხარი დაუჭირონ დონეცკის რეგიონში შეზღუდულ შეტევითი ძალისხმევას.
  • უკრაინაში რუსეთის ომის ფასი, ალბათ, გააგრძელებს პრეზიდენტ პუტინის გეოპოლიტიკურ კამპანიებს მთელ მსოფლიოში.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი გადააყენეს ან მალე გადააყენებენ, თუმცა არ წარმოუდგენიათ ამ უარყოფის არავითარი მყარი მტკიცებულება, ამავე დროს ირწმუნებიან, რომ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც თანამდებობაზე რჩება.
  • უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა აპირებს კონტრშეტევითი ოპერაციების გაგრძელებას 2022-2023 წლის ზამთარში. მას შემდეგ, რაც ძლიერი ყინვები შესაძლებელს გახდის მანევრირებადი ომის წარმოებას, რითაც დასტურდება ISW-ის შეფასება.
  • აშშ-ის მაღალჩინოსნებმა შესაძლოა კორექტირება გაუკეთონ თავიანთ შეფასებებს უკრაინის შესაძლებლობებსა და განზრახვებზე – ჩაატაროს კონტრშეტევითი ოპერაციები ამ ზამთარში.
  • რუსეთის ჯარები აგრძელებენ შეზღუდულ სახმელეთო შეტევებს სვატოვოსა და კრემენნაიას მახლობლად, ხოლო უკრაინის ჯარებმა დაარტყეს ლუგანსკის რეგიონს სიღრმეში.
  • რუსეთის ჯარები აგრძელებენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტისა და ავდეევკა-დონეცკის მიდამოებში და თავს იცავენ დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით.
  • უკრაინის ჯარები აგრძელებენ რუსეთის სამხედრო ობიექტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებზე დარტყმებს უკრაინის სამხრეთში.
  • რუსული ჯარები ამაგრებენ შავი ზღვის სანაპიროს ყირიმის ჩრდილოეთით.
  • რუსეთის ფედერაციის ჯარებს შესაძლოა არ ჰქონდეთ საკმარისი ინფრასტრუქტურა ყირიმში მყოფი ჯარების მხარდასაჭერად.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 დეკემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 95 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
  • ტანკი – 2 966 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 5 930 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 1 931 ერთეული [+2]
  • MLRS – 404 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 617 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 549 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 170 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 343 თვითმფრინავი
  • 183 ვერტმფრენი
  • 2 655 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 396 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 087 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 930 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 684 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 582 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პუტინი თუ მოკვდება, უკრაინაში ომი დამთავრდება – ზელენსკი

ყოფილი მოსამართლე საკონსტიტუციოში მოსამართლის პენსიას ასაჩივრებს

ყოფილი მოსამართლე დავით კეკენაძე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც მის პენსიად 560 ლარს განსაზღვრავს თვეში. ყოფილ მოსამართლეს მიაჩნია, რომ ეს საკუთრების უფლებაში ჩარევაა, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია.

დავით კეკენაძეს მოსამართლედ მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა.

დავის საგანია საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. მოსარჩელე ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სადავოდ გამხდარი ნორმები და მისი შემდგომი რეგულაცია განახორციელოს საქართველოს პარლამენტმა, იმ მოცემულობით, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების და, მეორე მხრივ, თანასწორობის უფლების დაცვას.

ყოფილი მოსამართლე სარჩელში ასაბუთებს, რატომ მიაჩნია არსებული რეგულაცია თანასწორობის უფლების დარღვევად.

„…როდესაც მოსამართლე უვადოდ ინიშნება, მას წარმოეშვება როგორც მოსამართლეობის განხორციელების უფლებამოსილება, ისე ამ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რაც თან ვრცელდება მის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტამდე [რაც, თავის მხრივ საკმაოდ დიდ ვადას შეიძლება მოიცავდეს მისი უვადო განწესების ფაქტორის გათვალისწინებით და მისი საქმიანობის დიდი ინტენსივობის შეზღუდვაა]“, – ვკითხულობთ სარჩელში.

დავით კეკენაძეს საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ახსენებს, რომ მოსამართლე, მაგალითად, ვერ დაკავდება ეკონომიკური, ან პოლიტიკური აქტივობით.

ყოფილი მოსამართლე იხსენებს ლიეტუვას საკონსტიტუციო სასამართლოს მაგალითს, სადაც დაუდგენიათ, რომ

„კონსოლიდირებული ლიეტუვას სახელმწიფოს სოციალური ორიენტაციის გამო სახელმწიფო ზოგადად ვალდებულია პატივი სცეს სოციალური [მატერიალურ] გარანტიების არსებითობის იმპერატივს, შესაბამისად, იგი ვალდებულია, გადახედოს [გაზარდოს] სოციალური [მატერიალური] გარანტიები [და გამოყენების შემდეგ], თუ ეკონომიკური და სოციალური ვითარება შეიცვლება ისე, რომ დადგენილი [და გამოყენებული] გარანტიები მნიშვნელოვნად გაუფასურდება, რომ აღარაფერი ვთქვათ, თუ ისინი ზოგადად გახდება ნომინალური [ამით გამონაკლისი ხდება. გადახდების პროპორციულ და დროებით შემცირებასთან დაკავშირებით, როდესაც ეს აუცილებელია სხვა კონსტიტუციური ღირებულებების დასაცავად].

საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვის შემდეგ ყოფილი მოსამართლე ასკვნის:

„სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ საქართველოს კონსტიტუცია, მსგავსად ლიეტუვას კონსტიტუციისა და ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსა, რომლის მიზანიც არის სამართლიანი სასამართლოს შექმნა, იცავს, ერთი მხრივ ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მისი საქმე განხილულ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, და მეორე მხრივ, ამის უზრუნველსაყოფად, ბუნებრივია, ითვალისწინებს ვალდებულებას, უზრუნველყოს, არამარტო სასამართლოს [როგორც ინსტიტუციური ერთეულის დამოუკიდებლობა], არამედ, ინდივიდუალური მოსამართლის ადეკვატური სოციალური გარანტიები, რაც თავის მხრივ, ასევე არის თანმდევი იმ აკრძალვებისა [სხვა ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა], რასაც მოსამართლე ექვემდებარა მისი შრომისუნარიანი პერიოდის განმავლობაში,“ – წერს დავით კეკენაძე.

ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ სადავო სამართლებრივი ნორმა არღვევს კონსტიტუციის მე-19 მუხლს, რაც საკუთრების უფლების დაცვას გულისხმობს.

მოსამართლეს ისიც გამოუთვლია, რამდენი იქნებოდა მისი პენსია ახლა, კომპენსაციის ზედა ზღვარი კანონით განსაზღვრული რომ არ იყოს:

„სახელმწიფო პენსიას [260 ლარი, 2022 წლის მდგომარეობით, 70 წლამდე პირთათვის] დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის [78 ლარი] საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე [28 წელი] ნამრავლი, რაც უდრის: 2,444 ლარს. სადავოდ გამხდარი მუხლის მიხედვით კი, დადგენილია მოსარჩელეს კომპენსაციის ზედა ზღვარი…“ – დასძენს ყოფილი მოსამართლე. ეს ფორმულა კანონითვეა განსაზღვრული, თუმცა ამავე კანონი ითვალისწინებს ზედა ზღვარს.

მოსამართლედ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების შემდეგ, ყოფილი მოსამართლე შენიშნავს, რომ ქვეყანაში ფასები გაიზარდა, „კომპენსაციის ოდენობა არ დაქვემდებარებია ზრდას, 2005 წლიდან მოყოლებული“, – ჩაუწერია დავით კეკენაძეს და იქვე მაგალითსაც ასახელებს: 2005 წელს საარსებო მინიმუმი 90 – 95 ლარი იყო, დღეს – 240 ლარი.

„ბოლო წლებში ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულს ცდება,“ – ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელიც არ გამორჩა ყოფილ მოსამართლეს.

„შესაბამისად, მოსარჩელეს საკუთრების უფლებაში ჩარევა განხორციელდა მაღალი ინტენსივობით შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) მოსამართლის მიმართ აქვს სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს იგი ადეკვატური სოციალური გარანტიით;

ბ) მოსამართლეს, წლების განმავლობაში ეზღუდებოდა მთელი რიგი საქმიანობა;

გ) წლების განმავლობაში, ინფლაციის, საარსებო მინიმუმის და სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ზრდას არ დაქვემდებარებია იმ კომპენსაციის ოდენობა, რისი მიღების უფლებაც წარმოეშვა მას;

დ) არსებული სტატუს-კვოთი, უგულებელყოფილ იქნა მოსამართლის სტაჟი მისი კომპენსაციის გამოანგარიშებისას;

ე) განსხვავებით მოსამართლის მიერ მისაღები კომპენსაციისა, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, ინფლაციის გათვალისწინებით, ზარდოს სახელმწიფო პენსიის ოდენობა, თუმცა, იმავე არ შეხებია რაიონული [საქალაქო] სასამართლოს მოსამართლის მიერ მისაღებ კომპენსაციას,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საერთო სასამართლოების მოსამართლე შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, ის უვადოდ განმწესდება უვადოდ საპენსიო ასაკის მიღწევამდე.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ჯამაგირი თვეში 5 ათასი ლარია, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის [მათ შორის, მაგისტრატის] ხელფასი კი – 4 ათასი ლარი. მოსამართლეები ასევე იღებენ დანამატებს.

პუტინი თუ მოკვდება, უკრაინაში ომი დამთავრდება – ზელენსკი

„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიკვდილის შემდეგ, დიდი ალბათობით, ომი უკრაინაში დამთავრდება. რუსეთს კი მოუწევს შიდა საქმეებით დაკავდეს და საგარეო პოლიტიკისთვის აღარ ეცლება“, – ეს მოსაზრება გაუზიარა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „ნეტფლიქსის“ შოუს წამყვან დევიდ ლეტერმანს.

„ავტორიტეტული რეჟიმი საშინელებაა, რადგან დიდ რისკებს უკავშირდება. შეუძლებელია ერთი ადამიანი განსაზღვრავდეს ყველაფერს, ამიტომ, როცა ასეთი ადამიანი კვდება, ყველა ინსტიტუცია წყვეტს ფუნქციონირებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა სსრკ-ს მაგალითი გაიხსენა, როცა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვრევას და ლიდერის სიკვდილს ყველა პროცესის შეჩერება მოჰყვა.

„მგონია, რომ თუ ის (პუტინი) აღარ იქნება, მათ გაუჭირდებათ, შიდა პოლიტიკით დაკავდებიან და საგარეო პოლიტიკისთვის აღარ ეცლებათ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი Netflix-ის შოუში.

ნეტფლიქსის შოუს წამყვანი, დევიდ ლეტერმანი, კიევში სპეციალურად გაემგზავრა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ.

რუსეთი იყენებს უკრაინულ რაკეტებს, რომელთაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლიათ – დაზვერვა

უკრაინული მედია The New York Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ ოქტომბერში მასირებული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, რაკეტების ჩამოვარდნის ადგილას, დაზვერვამ მფრინავი რაკეტის – Х-55-ის ნამსხვრევები იპოვა. ეს რაკეტა კი უკრაინაშია დამზადებული.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ ისაუბრა. ინფორმაციას კი ადასტურებს როგორც პენტაგონი, ისე ბრიტანეთის დაზვერვა.

სკიბიცკის თქმით, რაკეტები და ბომბდამშენები რუსეთს 1990-იან წლებში გადასცა უკრაინამ, ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში, რომლის მიზანიც იყო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა.

წაიკითხეთ: აღარასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია არ აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს – ზელენსკი

„ასევე გადავეცით ყველა ბალისტიკური რაკეტა, სტრატეგიული ბომბდამშენები Ту -160 და Ту-95. ახლა ამ ბომბდამშენების გამოყენებით ჩვენ Х-55-ის რაკეტებს გვესვრიან. აჯობებდა, რომ ჩვენ ისინი აშშ-თვის გადაგვეცა“, – განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა.

რაკეტების ჩამოვარდნის ადგილას, ორი X-55-ის ფრაგმენტები ნოემბერშიც აღმოაჩინეს უკრაინელმა სამხედროებმა. ისინიც 1990-იანი წლების ტრანშის ფარგლებში აღმოჩნდა რუსეთის ხელში.

ეს იყო ბგერითი მფრინავი რაკეტა Х -55-ის ფრაგმენტები. ეს რაკეტები ბირთვული ქობინით 1970-იან წლებში შეიქმნა.

გენერალ ვადიმ სკიბიცკის განაცხადებით, რაკეტებს გამოაცალეს საბრძოლო ქობინები და დაამატეს ბალასტი იმის შესანიღბად, რომ ისინი ცარიელი არ არის.

მისი თქმით, ოკუპანტები ამ რაკეტებს უკრაინულ საჰაერო თავდაცვის სისტემის მოსატყუებლად იყენებენ: თავდაპირველად უშვებენ X-55-ს, შემდეგ კი უფრო თანამედროვე და მძლავრ რაკეტებს.

„ჩვენი გათვლებით, მათ კიდევ 3-5 მასირებული შეტევისთვის აქვთ რაკეტები. ეს იმ შემთხვევაში, თუ ერთი შეტევისთვის განსაზღვრულია 80-დან 90-მდე რაკეტა“, – დასძინა სკიბიცკიმ.

სკიბიცკის თქმით, სარაკეტო თავდასხმისთვის მტერი იყენებს ოთხი ძირითად მიმართულებას – ეს არის შავი და კასპიის ზღვები, რუსეთის აღმოსავლეთი ნაწილი და ბელორუსი.

როგორ გამოსახავდნენ ნიდერლანდურ რუკებზე საქართველოს – გამოფენა ბათუმში

„საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც 14 დეკემბერს, მხოლოდ ერთი დღით გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, №55 აუდიტორიაში, 14:00-დან 19:00 საათამდე.

გამოფენა , რომელსაც „ღია სივრცე კავკასია“ (COS) მართავს, ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავს ეძღვნება და მისი მხარდამჭერი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოა.

გამოფენაზე იურისტის, კოლექციონერ სულხან სალაძის კერძო კოლექციაში არსებული რუკები და გრავიურები იქნება წარმოდგენილი.

ყველა რუკა ან გრავიურა, რომლებსაც გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს, ან ნიდერლანდებშია დაბეჭდილი, ან კიდევ მათი ავტორები იყვნენ ნიდერლანდებიდან.

„მხოლოდ ის რუკები და გრავიურები შევარჩიეთ ამ გამოფენისთვის, რომლებიც პირდაპირ ეხება საქართველოს. ეს არის შავი ზღვის რუკები, ბიბლიური და ისტორიული თემატიკის რუკები, მაგრამ ამ რუკებზე, სხვა ბევრ საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, ვხვდებით ცნობებს საქართველოს შესახებ.

გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი 26 რუკა და გრავიურა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ნიდერლანდური კარტოგრაფიის ოქროს პერიოდშია შექმნილი, რომელიც მე-16 საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს და პრაქტიკულად, უწყვეტად გრძელდება მთელი ასი წელი და მეტიც.

რუკებისა და გრავიურების უმრავლესობა დაბეჭდილია ამსტერდამში, ამსტერდამს მოსდევს ლეიდენი, როტერდამი და ასევე, წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ევროპის კიდევ ორ სახელმწიფოში – ბელგიასა და გერმანიის ქალაქებში დაბეჭდილი რუკები, თუმცა ამ რუკების ავტორები არიან ფლანდრიელები და ნიდერლანდელები“ – ამბობს სულხან სალაძე.

რით არის ეს რუკები საინტერესო და განსაკუთრებული დამთვალიერებლებისთვის, რომლებიც არ იცნობენ კარგად კარტოგრაფიის ისტორიას? სულხან სალაძე ამბობს, რომ ამ რუკებზე ბევრ საინტერესო ცნობას და დეტალს ვხედავთ, რაც ამ გამოფენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს:

„პირველ რიგში, ზღვის თემატიკა არის ძალიან საინტერესო.

ზოგადად, ევროპული კარტოგრაფია ძალიან კარგი ადგილია, სადაც შეიძლება ვეძიოთ ინფორმაცია საქართველოსა და შავი ზღვის შესახებ, რა კავშირები გვქონდა ისტორიულად. ნიდერლანდური კარტოგრაფია ამ მხრივ არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული.

მაგალითად, ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რუკები, სადაც შავი ზღვის აღსანიშნავად სახელწოდებებს შორის დამთვალიერებელი აღმოაჩენს სახელწოდებას „კოლხეთის ზღვა“, ან „ფაზისის ზღვა“ [ეს უკანასკნელი სახელწოდება არა ერთ რუკაზე მეორდება და არა მხოლოდ ნიდერლანდურ რუკებზე]. ასევე ნახავენ რუკებს, სადაც არგონავტების მოგზაურობის მარშრუტია დატანილი. შეინიშნება, რომ დასავლეთ საქართველო უფრო დეტალურად არის გამოსახული ამ რუკებზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ კომუნიკაციის თვალსაზრისით ზღვას განსაკუთრებული როლი ჰქონდა.

გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი პტოლემესა და სტრაბონის ცნობების მიხედვით შედგენილი რუკა. ამ რუკაზე ჩანს კუნძული შავ ზღვაში, ძველი კოლხეთის ნაპირებთან.

რუკაზე ამ კუნძულის არსებობას აქვს თავისი ახსნა. ერთ-ერთი ვერსიით, მედეას მამიდა სწორედ ამ კუნძულზე ცხოვრობდა [ბერძნ. მითოლოგიაში – კირკე, მზის ღმერთის, ჰელიოსის შვილი, კოლხეთის მეფის, აიეტის და, მედეას მამიდა].

არის სხვა ვერსიაც, რომ ეს კუნძული უნდა ყოფილიყო თანამედროვე ხმელთაშუა ზღვაში, რომიდან დასავლეთით. მაგრამ ბერძნული წყაროები ამბობენ, რომ ეს კუნძული უნდა ყოფილიყო კოლხეთის სანაპიროსთან ახლოს, შავ ზღვაში. სწორედ ეს წყარო გამოიყენა ცნობილმა კარტოგრაფმა, აბრაჰამ ორტელიუსმა თავის რუკაზე – „პონტოს ევქსინუსზე“, როცა აღნიშნა ეს კუნძული,“ – ამბობს სულხან სალაძე.

იგი კიდევ ერთ რუკაზე საუბრობს, რომელიც გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. ესაა კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა, რომელიც პირველად პარიზში დაიბეჭდა 1723 წელს, თუმცა გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს ამ რუკის 1732 წლის ამსტერდამულ ვერსიას, რომელზეც სულხან-საბა ორბელიანის პერსონალური აღნიშვნაა დატანილი – „სულხან-საბა, ქართველი თავადი“.

სულხან სალაძე ამბობს, რომ ეს რუკა შეიქმნა სწორედ სულხან-საბას მოგზაურობის შემდგომ, მის მიერ საფრანგეთში ჩატანილი და გაზიარებული ცნობებით და ეს არის პირველი დეტალური რუკა კავკასიის შესახებ.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება იმპერიებისა და კონტინენტების ნიდერლანდური რუკები, რომლებზეც საქართველოა აღნიშნული. მათ შორის ერთი რუკა პირველად იქნება გამოფენილი საქართველოში.

„ეს არის რუკა სახელწოდებით „ისტორიის შუქი აღმოსავლეთში“. რუკის ავტორია ნიდერლანდური კარტოგრაფიის ოქროს საუკუნის მამამთავარი აბრაჰამ ორტელიუსი, ფლანდრიელი კარტოგრაფი. ამ რუკაზე, გარდა იმისა, რომ კოლხეთის, იბერიის, ფაზისის ზღვის, მდინარე არაგვის აღნიშვნას ნახავთ, ასევე, თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე შენიშნავთ წარწერას „ჯეორჯია“. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს რომელიმე ქართულ ეკლესიას ან მონასტერს იმ ტერიტორიაზე.

ზოგიერთ რუკას ახლავს ლექსიკონები, რომლებიც რუკის ირგვლივაა გამოსახული, მნიშვნელოვანი აღნიშვნებია გამოტანილი და სწორედ ამ რუკაზე ვკითხულობთ წარწერას – „იბერები ანუ ქართველები, ხალხი მცხოვრები შავსა და კასპიის ზღვებს შორის“.

ეს რუკა საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი, ალბათ ძირითადად იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც კარტოგრაფიის ისტორიით არიან დაინტერესებულნი. ამ რუკის ორი ბეჭდვა არსებობს, ჩვენ წარმოვადგენთ 1624 წლის რუკას, რომელიც ანტვერპენშია დაბეჭდილი და მიიჩნევა ამ რუკის საუკეთესო ვერსიად,“ – ამბობს სულხან სალაძე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამეგრელოს რუკაც. სულხან სალაძე ამბობს, რომ ეს არის საქართველოს ერთადერთი რეგიონული რუკა, რომელიც ევროპაშია შექმნილი რუსეთის იმპერიამდე.

„ეს რუკა დაბეჭდილია ლეიდენში 1713 წელს, პიტერ ვან დერ აას მიერ, მისი შექმნილი არ არის. რუკა შეიქმნა მე-17 საუკუნეში საქართველოში არქანჯელო ლამბერტისა და დონ კრისტოფორო დე კასტელის [იტალიელი მისიონერები] მოგზაურობის დროს და როგორც ჩანს, ვან დერ აამ შემდგომში მოიპოვა ბეჭდვის უფლება. რუკა თავდაპირველად დაიბეჭდა შავ-თეთრი სახით, მაგრამ შემდგომში გაფერადდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თავდაპირველად ამ რუკის სულ 200 ეგზემპლარი დაიბეჭდა“.

გამოფენაზე ცალკე მიმართულება იქნება იმპერიის რუკები და საქართველო ამ რუკებზე.

„გამოფენაზე 6 ასეთი რუკა გვექნება წარმოდგენილი, ძირითადად საუბარია სპარსეთსა და ოსმალეთზე.

საყურადღებოა ის, რომ იმპერიის რუკებზე შეიძლება დამთვალიერებელმა ნახოს, რომ ცალკე აღნიშნულია გურია, იმერეთი, სამეგრელო, კახეთი, სამცხე, მაგრამ ამის მიუხედავად, მთელ ამ ტერიტორიას, რაც საქართველოს მოიცავს, ხშირად ფარავს წარწერა „ჯეორჯია“, „გეორგიენ“, „გურჯისტან“. ანუ ევროპელი კარტოგრაფების აზროვნებაში ეს ერთი სივრცის, ერთი კულტურის ტერიტორიად აღიქმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ „გეორგიენ“ და „ჯეორჯია“ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან პრაქტიკულად სრულად ქრება რუკებიდან, რუსეთის იმპერიის დროს ანაცვლებს წარწერა „ტიფლისკაია გუბერნია“ და „კუტაისკაია გუბერნია,“ – ამბობს სულხან სალაძე.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება გრავიურები, რომლებიც ნიდერლანდებშია დაბეჭდილი. ასეთია თბილისელი ქალების ჩანახატები, ანტვერპენში დაბეჭდილი თბილისის ხედი და ა.შ.

გამოფენა ბათუმში მხოლოდ ერთ დღეს, 14 დეკემბერს გაიმართება. 15 დეკემბერს გამოფენა გაიმართება ზუგდიდში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში, 13:00-დან 19:00 საათამდე, 16 დეკემბერს კი გამოფენის ნახვა ქუთაისში შეგიძლიათ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული კორპუსის სამკითხველო დარბაზში.

2023 წლის თებერვალში გამოფენა განახლებული სახით უკვე თბილისში გაიმართება.

რამდენად საყოველთაოა საქართველოს ჯანდაცვა – ჯანმოს ანგარიშებიდან

12 დეკემბერი საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის დღეა, რომლის თემაც წელს ფინანსური დაცვის გაძლიერებაა. საყოველთაო ჯანდაცვის მოცვა გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს წვდომა მისთვის საჭირო ჯანდაცვის სერვისებზე იქ, სადაც ეს სჭირდება, ფინანსური სირთულეების გარეშე.

„ყველა უნდა იყოს დაცული ჯანდაცვასთან დაკავშირებული გამაღატაკებელი დანახარჯებისაგან” – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ჯანმოს ანგარიშის თანახმად, საქართველოს საკმაოდ მაღალი სიღარიბის კოეფიციენტი და ჯანდაცვაზე კატასტროფულად მაღალი დანახარჯები აქვს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

„კატასტროფული დანახარჯები ძირითადად განპირობებულია როგორც ამბულატორიულ სამკურნალო საშუალებებზე, ასევე სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობაზე ჯიბიდან გადახდებით. აღნიშნული განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციითაა გამოხატული სიღარიბეში მცხოვრებ მოსახლეობაში”- წერია 2021 წლის მიმოხილვაში.

საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა. მაშინდელმა რეფორმებმა გააუმჯობესეს ჯანდაცვაზე წვდომა და შეამცირეს ჯანდაცვის სისტემის დამოკიდებულება ჯიბიდან გადახდებზე, თუმცა სახელმწიფოს გადახდები ჯანდაცვაზე მაინც დაბალია და ხარვეზები მოცვაში მაინც რჩება.

ფინანსური დაცვის გასაძლიერებლად, გაზრდილი სახელმწიფო ინვესტიციები ჯანდაცვაში, განსაკუთრებით პირველად ჯანდაცვაში, საჭიროა, მაგრამ არასაკმარისი. მთავრობამ ასევე უნდა დაარეგულიროს ხარვეზები მოცვაში ღარიბი მოსახლეობის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების უკეთ დაცვის პრიორიტეტიზაციით; დანერგოს მომსახურების დონეების და ფასების უფრო ძლიერი რეგულაციები (წამლების ფასების ჩათვლით) რესურსების ეფექტურად გამოყენების და პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ჯანმრთელობის დაცვის მოქმედი სისტემების წლევანდელ მიმოხილვაში ჯანმო საქართველოს შესახებ წერს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრიდან ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბი გა­ი­ზარ­და, ვი­ნა­ი­დან სერ­ვი­სე­ბის მოც­ვა გა­ფარ­თოვ­და თუმცა, “მოც­ვის პო­ლი­ტი­კა უკი­დუ­რე­სად რთუ­ლია და თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბა კვლა­ვაც დიდი­ა. ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი ბა­რი­ე­რია და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ოჯა­ხე­ბის­თ­ვის. მდი­და­რი ოჯახე­ბი უფ­რო მეტს ხარ­ჯა­ვენ პი­რა­დი სახ­ს­რე­ბი­დან სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე” – წერია ანგარიშში.

მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ღა­ლი რჩე­ბა და ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი ოჯახე­ბის მი­ერ ჯან­დაც­ვა­ზე გა­წე­უ­ლი კა­ტას­ტ­რო­ფულ ხარ­ჯე­ბის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი­ა – 2022, ჯანმო.

ჯანმო ასევე წერს, რომ საქართველოში ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ექი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლიან მა­ღა­ლი­ა, მაგ­რამ ექ­თ­ნე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტი­ა და პირველადი ჯან­დაც­ვის მე­კა­რიბ­ჭის ფუნ­ქ­ცია კვლავ სუსტია.

მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ, მედიკამენტებზე მოსახლეობის ხარჯების შესამცირებლად, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან 200-მდე მედიკამენტის შემოტანა დაუშვა, რითაც, მთავრობის ინფორმაციით, მარტიდან ივნისამდე, 155 000-ზე მეტმა თანამოქალაქემ მედიკამენტებში, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა; გარდა ამისა, 2023 წლიდან ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასის კონტროლის მიზნით, რეფერენტული ფასები დაწესდება.

გონორეის გამომწვევი ბაქტერიების 60%-ზე მეტი მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში ავლენს ბაქტერიებში რეზისტენტობის მაღალ დონეს ანტიბიოტიკების მიმართ.

ჯანმოს უახლესი ცნობით, კორონავირუსული პანდემიის პირველ წელს [2020] დაფიქსირდა საავადმყოფოებში სისხლის ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების რეზისტენტობის უნარის ზრდა, მათ შორის, ბოლო თაობის ანტიბიოტიკების მიმართ.

ანტიმიკრობული მედიკამენტები გამოიყენება ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, კონტროლისა და მკურნალობისთვის, თუმცა უკონტროლო გამოყენების გამო მათი მოქმედება უფრო და უფრო არაეფექტური ხდება.

ჯანმოს ანგარიშის თანახმად,  ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის, გონორეის გამომწვევი ბაქტერიების 60%-ზე მეტი რეზისტენტულია მის სამკურნალოდ ყველაზე ფართოდ გამოყენებული ერთ-ერთი მთავარი ანტიბიოტიკის, ციპროფლოქსაცინის მიმართ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველოში აღინიშნება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შემთხვევათა რაოდენობის ზრდა. შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, სიფილისი, გენიტალური ჰერპესი და გონორეა.

ჯანმო იუწყება, რომ საშარდე გზების ინფექციების უმეტესობის გამომწვევი ბაქტერიის – ეშერიხია კოლის (E. coli) 20%-ზე მეტი უკვე მდგრადია ძირითადი ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მტკივნეული ინფექციების მკურნალობა უფრო და უფრო რთული ხდება.

მოხსენებაში ნაჩვენებია რეზისტენტობის მაღალი დონე (50%-ზე მეტი) ბაქტერიებში, რომლებიც ხშირად იწვევენ სისხლის ინფექციებს საავადმყოფოებში, ესენია: Klebsiella pneumoniae და Acinetobacter spp-ი.

„ეს სიცოცხლისთვის საშიში ინფექციები საჭიროებენ მკურნალობას ბოლო თაობის ანტიბიოტიკებით, როგორიცაა „კარბაპენემები“. თუმცა Klebsiella pneumoniae-ით გამოწვეული სისხლის ინფექციების 8% მოხსენებული იყო, როგორც „კარბაპენემების“ მიმართ მდგრადი, რაც ზრდის უმართავი ინფექციების გამო სიკვდილის რისკს,“ – წერს ჯანმო.

„ანტიმიკრობული რეზისტენტობა ძირს უთხრის თანამედროვე მედიცინას და საფრთხეში აყენებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს“, – აცხადებს ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს გებრეიესუსი.

მიუხედავად იმისა, რომ რეზისტენტობის ტენდენციების უმეტესობა სტაბილური რჩება ბოლო 4 წლის განმავლობაში, რეზისტენტული Escherichia coli-ს და Salmonella spp-ს, ასევე რეზისტენტული გონორეის ინფექციების გამო, სისხლის ინფექციები გაიზარდა მინიმუმ 15%-ით 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ჯანმოს ახალი ანგარიშის მონაცემები შეგროვებულია 2020 წელს, ჯანმოს წევრი 87 ქვეყნიდან, მათ შორის არის საქართველოც. თუმცა მონაცემები მწირია, რადგან საქართველო არ არის ჩართული ჯანმოს გლობალური ანტიმიკრობული წინააღმდეგობისა და გამოყენების მეთვალყურეობის სისტემაში (‎GLASS). სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან სისტემაში არც აზერბაიჯანია ჩართული და არც სომხეთი.

კომპანია „სტეპმა“ თიბისის მხარდაჭერით საოჯახო სასტუმრო „გენერალი“ შეისყიდა

საოჯახო სასტუმრო „გენერალი“, რომელიც კომპანია „სტეპმა“ ბათუმში 2022 წელს, თიბისის მხარდაჭერით შეისყიდა, ის ადგილია, სადაც ზღვაზე ჩამოსული ოჯახები სიამოვნებით ისვენებენ. საგანგებოდ მოწყობილი, ტექნიკურად აღჭურვილი ლუქს-ნომრები ოჯახების სრულ კომფორტსა და კმაყოფილებაზეა გათვლილი.

სწორედ მშობლებისა და ბავშვების სურვილებისა და საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება იყო მისი დამფუძნებლებლის, ირაკლი ხახვას მიზანი, როცა მან ახლადშეძენილ სასტუმროში რეორგანიზება დაიწყო. დასახული გეგმის განხორციელებას  საგანგებოდ შერჩეულმა, გამოცდილმა გუნდმა თავი კარგად გაართვა და სულ რამდენიმე თვეში სასტუმროს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი შესძინა.

„თიბისისთან ურთიერთობა ჩვენმა გუნდმა 2018 წელს დაიწყო. მაშინ ჩვენი პროექტი სხვა სასტუმროს ეხებოდა. ეს თანამშრომლობა იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ, ახალი სასტუმროს შესაძენადაც თიბისისთვის მიგვემართა. თიბისისვე უკავშირდება ჩვენი სამომავლო გეგმებიც,“ – ამბობს კომპანია „სტეპის“ დამფუძნებელი და სასტუმრო „გენერლის“ დირექტორი, აკაკი ხახვა.

საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებზე გათვლილი, 4 ვარსკვლავიანი, 18 ნომრიანი სასტუმრო „გენერალი“ სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს.

ბათუმის ისტორიულ უბანში, ზღვის პირველ ზოლში მდებარე ეს კომფორტული სასტუმრო განსაკუთრებით კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალით და ხელმისაწვდომი ფასებითაც გამოირჩევა, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუმრებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვისაც.

სასტუმრო „გენერლის“ ნომრებზე მოთხოვნა ისეთი სისწრაფით იზრდება, რომ დამფუძნებლები ახლო მომავალში სასტუმროს გაფართოებას და დამატებითი სივრცეების შექმნის გეგმაზე უკვე მუშაობენ.

ღარიბაშვილი გონიოში ისევ ახალი ქალაქის აშენებაზე საუბრობს, აჭარის მთავრობა კი ინფორმაციას მალავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გონიოში ახალი ქალაქი აშენდება. პრემიერმა დღეს აღარ ახსენა კაზინოები, რომელთა შესახებაც ბოლოს, ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის 18 დეკემბერს ისაუბრა.

იხილეთ: ღარიბაშვილი გონიოში კაზინოების მოწყობას აანონსებს

„ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის. გონიოში გამოიკვეთა რამდენიმე ინვესტორი. რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება. გონიოში გვინდა აშენდეს ახალი ქალაქი, შეიძლება ეს იყოს ფინანსური ცენტრიც, გოლფის მოედნები, ვილები და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დასახლება შეიქმნას გონიოში,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე.

გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, ახალი ფინანსური ცენტრის აშენებაზე ირაკლი ღარიბაშვილმა  2021 წლის 17 აგვისტოსაც ისაუბრა: წინასაარჩევნოდ აჭარაში ჩამოსული პრემიერი გონიოს ციხეში გამართულ პარტიული კანდიდატების წარდგენაზე გონიოელებს ისევ დაჰპირდა, რომ გონიოში ახალ ქალაქს ააშენებდა. 300 ჰექტრის განაშენიანება პრემიერის წინასაარჩევნო დაპირებათა ნუსხიდან ერთ-ერთი იყო.

ამ დაპირებიდან წელიწადი და 4 თვე გავიდა, თუმცა რეალურად არაფერი არ არის გაკეთებული და დღეს პრემიერი ისევ დაპირებით გამოვიდა.

„ბათუმელებმა“ 2022 წლის 21 სექტემბერს საქართველოს მთავრობისგან და აჭარის მთავრობისგან ერთდროულად გამოითხოვა ინფორმაცია გონიოში დაგეგმილი პროექტების შესახებ.

გვაინტერესებდა რა ეტაპზე იყო გონიოში დაგეგმილი სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა? ასევე გვაინტერესებდა როდის დაიწყებოდა პრემიერის მიერ დაანონსებულ გონიოს ეკონომიკურ ზონაში ფინანსური ცენტრის, სასტუმროებისა და კაზინოების მშენებლობა.

არც საქართველოს მთავრობამ და არც აჭარის მთავრობამ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

17 ოქტომბერს „ბათუმელებმა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სადაც აღნიშნული საჯარო ინფორმაციის მოწოდებას ვითხოვდით.

18 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივარი სამინისტრომ აჭარის მთავრობის აპარატს გამოუგზავნა.

მას შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა, მაგრამ აჭარის მთავრობას ადმინისტრაციული საჩივარი არ განუხილავს.

„ბათუმელებს“ პრემიერის დღევანდელი განცხადების შემდეგაც ჰქონდა აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან ინფორმაციის მიღების მცდელობა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

გაიაქტიურე სპეციალურ ფასად სილქფესტის ინტერნეტ და სასაუბრო შეთავაზებები

სილქფესტი, 13 დეკემბერს, მობილური ქსელის მომხმარებლებს ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს სპეციალურ ფასად შეთავაზებს. 

 ერთი ან მეტი პირობის გააქტიურება შესაძლებელია კომბინაციით  *202# , აპლიკაცით „My Silknet” ან პირდაპირ საიტიდან.  

  • 400 ადგილობრივი წუთი – 7 ₾
  • 100 ადგილობრივი წუთი და 3 000 MB – 7 ₾
  • 15 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 12₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო და ულიმიტო ინტერნეტი – 33 ₾

თუ პაკეტის შეძენა სხვა სხვა ნომრისთვის სურს მომხმარებელს, შეუძლია გამოიყენოს კომბინაცია  – *202#:

სილქფესტის აქციით სარგებლობენ, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. 

მოსამართლე მიქაუტაძის მიერ „ბავშვის ცემის საქმე“ – რას ეკითხება ევროსასამართლო მთავრობას

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს 3 შეკითხვას უნდა უპასუხოს „მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეზე“. კითხვების ჩამონათვალი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსგან უკვე მიიღო საქართველოს მთავრობამ.

გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, მანამდე იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო. 2016 წელს თამარ ხაჭაპურიძე ამბობდა, რომ თავის არასრულწლოვან შვილს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გონიოს პლაჟზე მის თვალწინ სცემა.

გამოძიება მოზარდის ცემაზე იმავე დღეს დაიწყო, თუმცა ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას საღამოს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა – დააკავეს არასრულწლოვნის მშობლები: თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე.

ამ დრომდე გამოძიებას არაფერი დაუდგენია და ძიება არ დასრულებულა მოზარდის ცემის საქმეზე, სადაც, მშობლების თქმით, დამნაშავე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეა. მოზარდი უკვე სრულწლოვანი გახდა, მოზარდის მშობლებს კი, მხოლოდ ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ისინი ახლა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ, სადაც მათ პოლიტიკური დევნილის სტატუსიც მიიღეს.

თამარ ხაჭაპურიძემ მეუღლესთან ერთად სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის მარტში მიმართა. ევროსასამართლოს პირველი კითხვა, რასაც საქართველოს მთავრობამ უნდა უპასუხოს, ასეთია:

„გამოიყენება/შესაფერისია თუ არა კონვენციის მესამე მუხლი 2016 წლის 26 აგვისტოს ინციდენტის სავარაუდო არაეფექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით?“ პირველ რიგში, ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ცდილობს ახლა სტრასბურგის სასამართლო. ევროპული კონვენციის მესამე მუხლი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დაუშვებლობას გულისხმობს.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს ასევე აინტერესებს, თავად საქართველოს მთავრობა რამდენად ეფექტურად მიიჩნევს გამოძიებას, როცა იგი 2016 წელს დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. მეორე შეკითხვის ფორმულირება ასეთია: „თუ ასეა, გაატარეს თუ არა ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა ეფექტური გამოძიება აპლიკანტის საჩივართან დაკავშირებით?“

მესამე კითხვა კი, კონვენციის მე-8 მუხლს ეხება, რაც გულისხმობს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევის დაუშვებლობას.

„იჩენს თუ არა თავს პრობლემა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ნაწილში?“ – ესეც სტრასბურგის სასამართლოს მესამე შეკითხვა საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობამ 2023 წლის მარტის ბოლომდე უნდა უპასუხოს სტრასბურგის სასამართლოს შეკითხვებს.

„5 წელი მასამართლებდნენ იმისთვის, რომ შვილის სისხლის დანახვით აღელვებულმა დედამ წარმოვთქვი სიტყვები, რომლებიც თურმე მუქარას შეიცავდა. რაკი მეუღლესთან ერთად ვიმყოფებოდი, მუქარას ჯგუფური უწოდეს, რათა ბრალი დაემძიმებინათ და ისიც გაასამართლეს…“, – მოგვწერა მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძემ 2022 წლის აპრილში, როცა ევროსასამართლომ მისი სარჩელი დასაშვებად მიიჩნია. – „გვემუქრებოდნენ 10 წლამდე პატიმრობით, რათა დაეფარათ მაშინდელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მიერ ჩემი 13 წლის შვილის ცემისა და დაზიანების ფაქტი.

კიდევ ერთხელ გაოცდება სტრასბურგის სასამართლო, თუ რა ბინძური და უკანონო მეთოდებით დაგვიპირისპირდა მე და ჩემს ოჯახს სახელმწიფო მანქანა, პროკურატურა, სასამართლო, იკადრეს ყველაფერი, შეთითხნილი ბრალი, მტკიცებულებების გადამალვა, დაშინება, მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმა და ა.შ. ჩემი შვილიც კი არ დაკითხეს სასამართლოზე, რათა მას არ ეთქვა, რომ მიქაუტაძემ დაარტყა“, – აღნიშნა თამარ ხაჭაპურიძემ.

———————–

გამოძიებას მოზარდის ცემის საქმეზე, რაც 6 წლის წინ დაიწყო, არაფერი გაურკვევია, სამაგიეროდ, თამარ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე – კახა ხაჩიძე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 2018 წელს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა გაასამართლა , გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალდებულები 5 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ ამ საქმეზე ხულიგნობა დაადგინა, შესაბამისად, არ დაადასტურა პროკურატურის ვერსია, რომ მოზარდის მშობლები მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ცდილობდნენ.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომელმაც ეს საქმე 2018 წელს განიხილა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, 2019 წელს დაწინაურდა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა. საიას შეფასებით, რომელიც ამ საქმეში არასრულწლოვანის მშობლების ინტერესებს იცავდა, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.

სასამართლო განხილვის დროს იუსტიციის საბჭოს მდივანი იყო გიორგი მიქაუტაძე. 2019 წელს იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. 2020 წლიდან კი, გიორგი მიქაუტაძე უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე. გიორგი მიქაუტაძე სასამართლო ხელისუფლების გავლენიანი ჯგუფის წევრია, ამ ჯგუფს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მოიხსნებენ, როგორც კლანს.

რუსეთს ისევ სურს უკრაინის 4 ოლქის მიტაცება, თუმცა არ შეუძლია – ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ დასახული მიზნები არ შეცვლილა, თუმცა ამ მიზნების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა – მიაჩნიათ დიდ ბრიტანეთის დაზვერვაში.

12 დეკემბრის დილის ანგარიშში ბრიტანული უწყება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ბოლოდროინდელ კომენტარს ციტირებს, რომელშიც მან სხვაგვარი ფორმულირება მოუძებნა ომის იმ ძირითად მიზნებს, რასაც რუსები „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებენ“.

რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მიზნად მან კვლავაც დონბასისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა „დაცვა“ დაასახელა, ასევე განაცხადა, რომ ტერიტორიების „გასათავისუფლებლად“ კიდევ ბევრია სამუშაო.

„პესკოვის კომენტარი გულისხმობს, რომ რუსეთის ამჟამინდელი მინიმალური პოლიტიკური მიზნები ომში უცვლელია. რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ ცდილობს დაამყაროს კონტროლი მთელი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.

სამხედრო ოპერაციების რუსი დამგეგმავები, სავარაუდოდ, პრიორიტეტს კვლავ დონეცკის ოლქის შუაგულში გადაადგილებას მიანიჭებენ“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება ხაზს უსვამს, რომ ნაკლებ სავარაუდოა უახლოეს თვეებში რუსეთის სახმელეთო ჯარების გადაადგილება, ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გაცხადებული სამხედრო მიზნების მიღწევა.

„მოცემულ მომენტში რუსეთის სტრატეგიამ საეჭვოა დასახულ მიზანს მიაღწიოს: კიდევ უფრო საეჭვოა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ახლა შეძლონ ეფექტური, დამრტყმელი ძალის შექმნა, რომელიც ამ ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებდა,“ – განმარტავს ბრიტანეთის დაზვერვა.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 94 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
  • ტანკი – 2 966 ერთეული [+24]
  • ჯავშანტექნიკა – 5 928 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 1 929 ერთეული [+1]
  • MLRS – 397 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 617 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 544 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 169 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 343 თვითმფრინავი
  • 183 ვერტმფრენი
  • 2 653 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 396 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 076 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 928 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 678 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 568 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორია უკრაინაში ბელორუსის შეჭრის შანსები და პერსპექტივა – ISW შეფასება

როგორია უკრაინაში ბელორუსის შეჭრის შანსები და პერსპექტივა – ISW შეფასება

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში განიხილავენ, რამდენად არსებობს ბელორუსის ომში ჩართვის შესაძლებლობა და რა შედეგს მოუტანს ეს ომის მონაწილე ქვეყნებს. ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, ბელორუსის შეჭრა „ყველაზე უარეს შემთხვევაში აიძულებს უკრაინას, დროებით გადაანაწილოს ძალები“.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელორუსი შეიჭრას უკრაინაში. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოხდება, ბელორუსის არმია ვერ მიაღწევს მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებას“, – მიაჩნიათ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებს.

ISW-ის ყოველდღიურ ანგარიშში ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში შეჭრამ შეიძლება შეასუსტოს ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი.

„ლუკაშენკო 2020 და 2021 წლებში მისი მმართველობის წინააღმდეგ გამართული აქციების ჩასახშობად ბელორუსის სამხედრო დანაყოფებთან ერთად ბელორუსის უშიშროების სამსახურებს ეყრდნობოდა. უკრაინის ომში უსაფრთხოების ამ აპარატის დიდი ნაწილის გამოყენება, დიდი ალბათობით, ლუკაშენკოს დაუცველს დატოვებს ახალი არეულობისა და წინააღმდეგობის მიმართ. ლუკაშენკო სავარაუდოდ ხვდება, რომ უკრაინაში შეჭრა ძირს გამოუთხრის მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის ლიდერის ავტორიტეტს, რადგან აშკარა გახდება, რომ რუსეთის მცდელობები ბელორუსზე სრული კონტროლის დასამყარებლად წარმატებულია“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამერიკელი ანალიტიკოსები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ბელორუსის ომში ჩართვა „უარეს შემთხვევაში, აიძულებს უკრაინას დროებით გადაანაწილოს ძალები და აღჭურვილობა მიმდინარე ფრონტის ხაზიდან“.

„მაშინაც კი, თუ ლუკაშენკო გაგზავნის თავისი ძალების მნიშვნელოვან ნაწილს (ვიდრე ადრე პროგნოზირებდნენ) უკრაინაზე თავდასასხმელად, ბელორუსის შეიარაღებული ძალები მაინც იქნება უმნიშვნელო ძალა, რომელიც ვერ შეძლებს რაიმე მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებას მიაღწიოს“, – ხაზს უსვამს ISW.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბელორუსი გააგრძელებს რუსეთის დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ ომში იმის მიუხედავად, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ლუკაშენკომ გააგზავნის თავის არმია საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. საუბარია იმ მასალების მიწოდებაზე, რომელზეც სანქციების გამო რუსეთის ფედერაციას ხელი არ მიუწვდება, რასაც რუსული არმია შემდეგში გამოიყენებს.

აჭარაში მამამთილმა რძალი მოკლა

აჭარაში ფემიციდის შემთხვევა მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის ქალი მამამთილმა მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალიბაურში მოხდა.

დონბასში წარუმატებლობის გამო პუტინი მხარდაჭერას კარგავს – ISW

ვლადიმერ პუტინი რისკავს დაკარგოს ეგრეთ წოდებული დნრ-ის ყოფილი ლიდერებისა და ვეტერანების მხარდაჭერა იმის გამო, რომ მისმა ჯარისკაცებმა ვერ შეძლეს დონბასის „დაცვა“ – უკან ვერ დაახევინეს უკრაინის ჯარებს დონეცკის დასავლეთით.

როგორც ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკვე საჯაროდ აკრიტიკებს ეგრეთ წოდებული დნრ-ის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ იგორ სტრელკოვ-გირკინი.

მან ღიად გააკრიტიკა პუტინი იმის გამო, რომ დონეცკის მახლობლად განლაგებული უკრაინული ძალები ვერ გააძევა საარტილერიო დარტყმის ზონიდან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანი სწორედ დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის „დაცვა“ იყო.

„გირკინმა კონკრეტულად გააკრიტიკა 9 დეკემბრის განცხადება, როდესაც პუტინმა სპეცოპერაციის მიმდინარეობა შეაფასა, როგორც „სტაბილური“. მან განაცხადა, რომ მხოლოდ პუტინი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევენ ომს წარმატებულად“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.

გარდა ამისა, პუტინი ასევე გააკრიტიკა დნრ-ის უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრ ხოდაკოვსკიმ. მან მოულოდნელად განაცხადა, რომ პუტინის გაჭიანურებული მმართველობა მთლად წარმატებული არ ყოფილა.

ხოდაკოვსკიმ ყველასთვის მოულოდნელად აღნიშნა, რომ გაჩნდა დისკუსიები ვითარების შეცვლის აუცილებლობაზე, მარიუპოლის რეკონსტრუქციის გარშემო კორუფციულ სქემებზე მინიშნებით. მან ასევე დასძინა, რომ პუტინმა მემკვიდრეობით მიიღო უაღრესად კორუმპირებული საზოგადოება, რომელსაც ვერ გამოასწორებს რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებით.

ხოდაკოვსკიმ რუსეთის შეიარაღებული ძალები ასევე იმაში დაადანაშაულა, რომ მათ ქალაქ დონეცკის დაცვის დროს შემხვედრი ცეცხლი არ გახსნეს.

„გირკინისა და ხოდაკოვსკის მიერ კრემლის კრიტიკა, მათ სხვა თავდასხმებთან შედარებით, უპრეცედენტოა. ეს აშკარა თავდასხმა პუტინზე შეიძლება მიუთითებდეს განხეთქილებაზე ომის მომხრე დნრ-ს, ვეტერანებსა და პუტინს შორის. რუსი ვეტერანები და მარიონეტული ხელისუფლება დიდი ხანია აფრთხილებენ კრემლს მის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიის ნაკლოვანებებზე, მაგრამ გაერთიანდნენ პუტინის გარშემო იმ რწმენით, რომ მისი ომი – როგორც მინიმუმ – რუსეთის მიერ დონბასის ოკუპაციით დასრულდებოდა“, – აღნიშნავს ISW-ი.

ინსტიტუტი იხსენებს ერთ მომენტს – ლისიჩანსკის ოკუპაციის შემდეგ, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეომასალა, რომელშიც ლნრ-ის მებრძოლები უარს ამბობდნენ დნრ-ის ტერიტორიისთვის ბრძოლაზე.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინის იდეოლოგებმა დონბასის ოკუპაციის დროს პრიორიტეტად მიიჩნიეს დონეცკის რეგიონი.

იმ ფონზე, რომ პუტინის ყველა ეს გეგმა ჩაიშალა, მის ომს, ყოველდღიურად, უფრო მეტად აკრიტიკებენ.

ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოსაწყობად ხრეშის შეტანა გრძელდება

ბათუმის სანაპიროზე ხრეშის შეტანა გრძელდება. ხელოვნური პლაჟების მოწყობის მიზნით მ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ.

ხრეში ამჯერად ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ნაპირდამცავ ნაგებობასთან შეაქვთ.

ხრეშის შეტანა ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ / 11.12.2022

სამუშაოებისთვის, რომელიც ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნურ კვებას [ქვიშა-ხრეშის შეტანას] ითვალისწინებს, აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ხრეშის შეტანა ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ / 11.12.2022 / ჯაბა ანანიძის ფოტოები

ბათუმის სანაპირო ზოლი ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში. ჭოროხის შესართავიდან ახალი ბულვარის მიმართულებით აქ ნაპირი ირეცხება, ბათუმის კონცხზე კი გროვდება დიდი რაოდენობით ნატანი, რომელიც დროთა განმავლობაში ზღვის სიღრმეში [ბათუმის კანიონში] იკარგება.

ბათუმის კონცხთან 1999 წლის იანვარში ნაპირს მოსწყდა და ზღვაში ჩაზვავდა 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [დაახლოებით 1,2 ჰექტარი].

„ნატანი მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის შეკვეთით მომზადდა და რომლის საფუძველზეც ბათუმში ზღვის სანაპიროზე ხრეშის ხელოვნურად შეტანა მიმდინარეობს.

იმ ხრეშს, რომელიც ახლა შეაქვთ სანაპიროზე, ზღვა შტორმის დროს გადაანაწილებს ბათუმის პლაჟზე, საბოლოოდ კი, გარკვეულ ნაწილს თავს ბათუმის კონცხთან მოუყრის. რა რაოდენობით და რა პერიოდში – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შტორმული პროცესები განვითარდება სანაპიროზე მომავალში.

ხრეშის შეტანა ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ / 11.12.2022

დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა, აღნიშნულია ასევე, რომ „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს დოკუმენტი მთავრობის დაკვეთით მომზადდა, სავარაუდოდ ამ რისკების შესახებ ცნობილია, როგორც აჭარის, ისე საქართველოს მთავრობისთვის. თუმცა, უცნობია, რას გეგმავენ ბათუმის სანაპიროს დასაცავად.

ამ თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

საქსტატის შტატიანი თანამშრომლები შტატგარეშეც იყვნენ დასაქმებული – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „საქსტატში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე შტატიანი მოსამსახურეები შრომითი ხელშეკრულებით შეთავსებით მუშაობდნენ შტატგარეშედ, ანუ ფაქტობრივად სამუშაო დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ორ პოზიციაზე იყვნენ დასაქმებული.“

„გაურკვეველია შტატით განსაზღვრული სამუშაოებისთვის განკუთვნილი დროის რა ნაწილი დაიხარჯა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე“ – აცხადებს აუდიტი.

„საქსტატში 2020 წელს − 68, ხოლო 2021 წელს − 93 შტატიანი თანამშრომელი პარალელურად მუშაობდა შრომითი ხელშეკრულებით. შეთავსებით მუშაობისას შრომითი ხელშეკრულებით ანაზღაურებულმა თანხამ 2020 წელს შეადგინა 202 325 ლარი, 2021 წელს − 404 695 ლარი.“

„საშტატო სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილი დროის რესურსის გამოყენება სხვა საქმიანობისთვის [მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისთვის] წარმოადგენს საჯარო მოსამსახურის რესურსების არაპროდუქტიულ გამოყენებას.“ – ასკვნის აუდიტი.

ანგარიშის მიხედვით, „საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის  ბრძანება – [„სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ფარგლებს გარეთ „საქსტატის“ სისტემაში დასაქმებული პირების მიერ შეთავსებით სამუშაოს, მისი შესრულების ფორმის და მასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების განსაზღვრისა და გაცემის წესი“] – საშუალებას აძლევდა შტატიან თანამშრომლებს, ძირითადი სამუშაოსგან თავისუფალ ნებისმიერ დროს, მათ შორის, სამუშაო საათებშიც, შეთავსებით შეესრულებინათ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო.

აუდიტი ასევე აცხადებს, რომ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ზემოთ აღნიშნული ბრძანება „ვერ უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის დაცვას, რაც ზრდის არაეკონომიური ხარჯების გაწევის შესაძლებლობას:

„საქსტატში დასაქმებულების სამუშაო დროის აღრიცხვის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა სათანადო კონტროლს − შტატით გათვალისწინებული თანამშრომლები რა დროს უთმობდნენ ძირითად სამუშაოს და რამდენს – შეთავსებით სამუშაოს, რაც ხელს უშლის ხარჯების ეკონომიურ განკარგვას.“

აღნიშნული ფაქტი კი, აუდიტის დასკვნით, იმდენად შეუსაბამოა კანონმდებლობასთან, რომ რეკომენდაციაც ვერ გასცა.

„საკანონმდებლო/მარეგულირებელ ნორმატიულ დოკუმენტებთან შეუსაბამობის გამო რეკომენდაცია არ გაცემულა“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

საქსტატის 2020-2021 წლების საკასო გასავლები კატეგორიების მიხედვით:

საქსტატის ხარჯები / წყარო: აუდიტის ანგარიში

საქსტატი [საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური] არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე – ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

ის თავის საქმიანობას ახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

 

უკრაინის დამცველებმა ჩეჩნების მოსასვენებელი ბაზა და ოსების ქვედანაყოფი გაანადგურეს – მედია

10 დეკემბერს, გვიან ღამით, უკრაინის დამცველებმა ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში დაარტყეს ბაზას – „პრივალ ოხოტნიკა“, სადაც, სავარაუდოდ კადიროველებს დასასვენებელი ადგილი ჰქონდათ მოწყობილი. დაღუპულებს შორის სავარაუდოდ არის მურად საიდოვი – ოკუპირებული ზაპორჟიეს რეგიონის „ზედამხედველი“ რამზან კადიროვისგან.

ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის თქმით, წუხელ, გვიან ღამით, მელიტოპოლში დაახლოებით 200 ოკუპანტი გაანადგურეს.

ტელეგრამარხებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ბაზაზე მყოფების უმრავლესობა ან დაიჭრა ან დაიღუპა.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო სამედიცინო მანქანები მელიტოპოლის ყველა კუთხიდან მოდიოდა. ასევე წერდნენ იმაზე, რომ დაჭრილები ყირიმშიც კი გადაიყვანეს, რადგან მელიტოპოლის საავადმყოფოებში ადგილები აღარ იყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსგავს ელიტური დასასვენებელი ბაზები რიგითი ჯარისკაცებისთვის ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ დაჭრილ-დაღუპულების უმრავლესობა ოფიცერია. დასასვენებელ ბაზას, სავარაუდოდ HIMARS-ებით დაარტყეს.

წუხელვე მელიტოპოლში უკრაინის დამცველებმა კიდევ ერთ ბაზას დაარტყეს – მედიის ინფორმაციით, განადგურებულია ოსების სამხედრო ბანაკი და შესაძლოა მათთან ერთად დაიღუპა მსახიობი სოსლან ფიდაროვი.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა წუხელ დაბომბეს 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ერთ-ერთი ქვედანაყოფი (ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი). წინასწარი მონაცემებით, უკრაინელებმა ოკუპანტებს ამჯერადაც HIMARS-ებით დაარტყეს.

რაც შეეხება მსახიობ სოსლან ფიდაროვს, ის ოკუპირებულ ზაპოროჟიეში „ჰუმანიტარული მისიით“ – საოკუპაციო ჯარების მხარდასაჭერად ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

მურად საიდოვისა და სოსლან ფიდაროვის ლიკვიდაციაზე რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

___

მთავარი ფოტო: მელიტოპოლი. ხანძარი „პრივალ ოხოტნიკაში“. დასასვენებელ ბაზას სავარაუდდ HIMARS-ით დეარტყეს.

ანკარა არ უნდა დაეხმაროს რუსეთს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლაში – ბორელი

ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეცვალოს სავაჭრო პოლიტიკა რუსეთთან და დაიცვას უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციები.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჟოზეფ ბორელის Funke Group-ის მასალაში გამოქვეყნებულ ციტატებზე დაყრდნობით.

„თურქეთის პოლიტიკა, არ შეუერთდეს ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ, სულ უფრო მეტად იწვევს შეშფოთებას”, – განაცხადა ბორელმა კვირას, 11 დეკემბერს .

„დოიჩე ველე“ წერს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ თურქეთმა მკვეთრად გაზარდა ექსპორტი რუსეთში და გაზარდა რუსული ნავთობის შესყიდვები.

ასევე, ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი და თურქეთი შევიდნენ საბაჟო კავშირში, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის ორმაგი დანიშნულების საქონელს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის.

ბორელი ამბობს, რომ ანკარა არ უნდა დაეხმაროს რუსეთს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლაში და ხაზსს უსვამს, რომ თურქეთს აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ ველით, რომ ყველა კანდიდატი ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, შეასრულებს მიღებულ ზომებს“, – განაცხადა მან.

ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი წელს, აგვისტოში შეთანხმდნენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„როგორც ჩანს, დასავლური კომპანიები იყენებენ თურქეთს, რათა განაგრძონ თავიანთი საქონლის რუსეთში გაყიდვა. ამისთვის აშშ-ის ადმინისტრაცია თურქეთს მეორადი სანქციებით უკვე დაემუქრა“ – წერს „დოიჩე ველე“.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 94 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +380]
  • ტანკი – 2 942 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 5 920 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 1 928 ერთეული [+1]
  • MLRS – 397 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 613 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 540 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 167 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 341 თვითმფრინავი
  • 181 ვერტმფრენი
  • 2 647 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 393 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 057 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 926 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 676 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 547 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რატომ აწყობს რუსეთს ომის გაყინვა? – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

Exit mobile version