ბათუმი,მთავარი,სიახლეები

865 795 ლარი ნაძვის ხისთვის ტენდერის გარეშე – ბათუმის მერიის „გადაუდებელი აუცილებლობა“

15.09.2022 • 2135
865 795 ლარი ნაძვის ხისთვის ტენდერის გარეშე – ბათუმის მერიის „გადაუდებელი აუცილებლობა“

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო საახალწლო ნაძვის ხეს, ტენდერის გარეშე, 865 795 ლარად შეისყიდის და ამას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა, თუმცა არ ასაჯაროებს ვისგან ყიდულობს ნაძვის ხეს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიისგან უნდა შეისყიდონ ნაძვის ხე. სამმართველოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

„რატომაა შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრა ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით?“ – ამ კითხვაზე მერიის სამმართველოს პასუხი ასეთია:

„საშობაო ნაძვის ხის მწარმოებელთან კომუნიკაციის შედეგად დავადგინეთ, რომ მოქალაქეთა მიერ შერჩეული ნაძვის ხის წარმოებას ესაჭიროება 75 დღე, მოწოდებას ესაჭიროება მინიმუმ 15 დღე და კონსტრუქციის მონტაჟის ესაჭიროება 3-5 დღე, სულ 95 დღე. ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, ტენდერის ჩატარებას ესაჭიროება 30 დღე, შერჩევა-შეფასებას მინიმუმ 15 დღე [იმ შემთხვევაში თუ პირველივე პრეტენდენტი დააკმაყოფილებს ყველა სატენდერო პირობას]“.

ანუ, სამმართველო ამტკიცებს, რომ მოქალაქეების მიერ შერჩეული ესკიზის შესაბამისი ნაძვის ხის შესყიდვა ტენდერის შემთხვევაში 25 დეკემბრამდე ვერ მოესწრება.

„საშობაო-საახალწლო ზეიმისთვის ქალაქის გაფორმება და ნაძვის ხის შესყიდვამონტაჟი უნდა განხორციელდეს 2022 წლის 25 დეკემბრამდე. ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში ნაძვის ხის მოწოდება და მონტაჟი აღნიშნულ ვადამდე ვერ მოესწრება. გთხოვთ თქვენს თანხმობას განვარხორციელოთ შესყიდვა პირდაპირი წესით.“ – წერს სამმართველო შესყიდვების სააგენტოს.

რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული? – ამ კითხვაზე მერიის სამმართველოს პასუხი ასეთია:

„ჩვეულებრივ, ყოველწლიურად, შემსყიდველი ორგანიზაცია გეგმავს საახალწლო-საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც გაიმართა 2021 წლის ნოემბერში დამტკიცებული იქნა ბიუჯეტი (2022 წლის), რომელიც არ ითვალისწინებდა ახალი საახალწლო ნაძვის ხის შეძენას.

ამავე დროს 2022 წლის ახალ წელს ბათუმის მოსახლეობა და ბათუმში ჩამოსული სტუმრები ახალ წელს შეხვდნენ 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებით მორთულ ქალაქს, რაც შეეხება ნაძვის ხეს, ის უცვლელი იყო 2016 წლიდან. გასულ წელს, 2021 წლის დეკემბერში, საახალწლო ღონისძიებების ჩატარების პერიოდში, მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია არსებულმა მოძველებულმა ნაძვის ხემ (კონუსური ტიპის კონსტრუქციით);

2021 წლის დეკემბერშივე ქალაქის ხელმძღვანელობამ და მათ შორის ჩვენმა ორგანიზაციამ, მიზნად დაისახა ახალი საშობაო-ნაძვის ხის შეძენა, რომელიც იქნებოდა საყოველთაოდ მოწონებული. მაგრამ ბიუჯეტში ცვლილება ვერ განხორციელდა, რადგან საკრებულოს სხდომა არ შედგა 6 თვის განმავლობაში. მხოლოდ 2022 წლის 19 ივლის შეიქმნა შესაძლებლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეეტანა ცვლილება ადგილობრივ ბიუჯეტში და გამოეყო სახსრები საშობაო ნაძვის ხის შესაძენად.“

სამმართველო შესყიდვების სააგენტოს ატყობინებს, რომ „საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებითი სახსრების გამოყოფის შემდეგ. გადაწყვეტილი იქნა ახალი ნაძვის ხის შესაძენად გათვალისწინებული ყოფილიყო მოსახლეობის აზრი. ამ მიზნით, ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ახალი საშობაო- საახალწლო ნაძვის ხის შესყიდვის მიზნით, მოიძია პოტენციური მიმწოდებლები, რომლებმაც შემოგვთავაზეს ნაძვის ხის რამოდენიმე მოდელი. აღნიშნული მოდელები განთავსდა მერიის ფეისბუქ გვერდზე. კვლევა დასრულდა 25 აგვისტოს და ხმათა უმრავლესობით შეირჩა ერთ-ერთი მოდელი. 2022 წლის 25 აგვისტოდან დღემდე მიმდინარეობდა მოლაპარაკება მიმწოდებელთან გარკვეულ დეტალებზე.“

სამმართველო შენიშვნის სახით უთითებს, რომ საშობაო ნაძვის ხის ღირებულებაა 306 042,78 ევროს ეკვივალენტი ლარში, შესყიდვის დღეს ეროვნილი ბანკის კურსით [დღგ-ს გარეშე].

მთავარი ფოტო: შესასყიდი ნაძვის ხის ესკიზი / სამმართველოს ფოტო

მოსახლეობის გამოკითხვა მერიამ აგვისტოს ბოლოს ჩაატარა და მოქალაქეებს 4 ესკიზი შესთავაზა. მერიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ხმა მესამე ესკიზმა დააგროვა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/430973/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: