მთავარი,სიახლეები

ყოფილი მოსამართლე საკონსტიტუციოში მოსამართლის პენსიას ასაჩივრებს

12.12.2022 • 1406
ყოფილი მოსამართლე საკონსტიტუციოში მოსამართლის პენსიას ასაჩივრებს

ყოფილი მოსამართლე დავით კეკენაძე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც მის პენსიად 560 ლარს განსაზღვრავს თვეში. ყოფილ მოსამართლეს მიაჩნია, რომ ეს საკუთრების უფლებაში ჩარევაა, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია.

დავით კეკენაძეს მოსამართლედ მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა.

დავის საგანია საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. მოსარჩელე ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სადავოდ გამხდარი ნორმები და მისი შემდგომი რეგულაცია განახორციელოს საქართველოს პარლამენტმა, იმ მოცემულობით, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების და, მეორე მხრივ, თანასწორობის უფლების დაცვას.

ყოფილი მოსამართლე სარჩელში ასაბუთებს, რატომ მიაჩნია არსებული რეგულაცია თანასწორობის უფლების დარღვევად.

„…როდესაც მოსამართლე უვადოდ ინიშნება, მას წარმოეშვება როგორც მოსამართლეობის განხორციელების უფლებამოსილება, ისე ამ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რაც თან ვრცელდება მის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტამდე [რაც, თავის მხრივ საკმაოდ დიდ ვადას შეიძლება მოიცავდეს მისი უვადო განწესების ფაქტორის გათვალისწინებით და მისი საქმიანობის დიდი ინტენსივობის შეზღუდვაა]“, – ვკითხულობთ სარჩელში.

დავით კეკენაძეს საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ახსენებს, რომ მოსამართლე, მაგალითად, ვერ დაკავდება ეკონომიკური, ან პოლიტიკური აქტივობით.

ყოფილი მოსამართლე იხსენებს ლიეტუვას საკონსტიტუციო სასამართლოს მაგალითს, სადაც დაუდგენიათ, რომ

„კონსოლიდირებული ლიეტუვას სახელმწიფოს სოციალური ორიენტაციის გამო სახელმწიფო ზოგადად ვალდებულია პატივი სცეს სოციალური [მატერიალურ] გარანტიების არსებითობის იმპერატივს, შესაბამისად, იგი ვალდებულია, გადახედოს [გაზარდოს] სოციალური [მატერიალური] გარანტიები [და გამოყენების შემდეგ], თუ ეკონომიკური და სოციალური ვითარება შეიცვლება ისე, რომ დადგენილი [და გამოყენებული] გარანტიები მნიშვნელოვნად გაუფასურდება, რომ აღარაფერი ვთქვათ, თუ ისინი ზოგადად გახდება ნომინალური [ამით გამონაკლისი ხდება. გადახდების პროპორციულ და დროებით შემცირებასთან დაკავშირებით, როდესაც ეს აუცილებელია სხვა კონსტიტუციური ღირებულებების დასაცავად].

საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვის შემდეგ ყოფილი მოსამართლე ასკვნის:

„სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ საქართველოს კონსტიტუცია, მსგავსად ლიეტუვას კონსტიტუციისა და ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსა, რომლის მიზანიც არის სამართლიანი სასამართლოს შექმნა, იცავს, ერთი მხრივ ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მისი საქმე განხილულ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, და მეორე მხრივ, ამის უზრუნველსაყოფად, ბუნებრივია, ითვალისწინებს ვალდებულებას, უზრუნველყოს, არამარტო სასამართლოს [როგორც ინსტიტუციური ერთეულის დამოუკიდებლობა], არამედ, ინდივიდუალური მოსამართლის ადეკვატური სოციალური გარანტიები, რაც თავის მხრივ, ასევე არის თანმდევი იმ აკრძალვებისა [სხვა ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა], რასაც მოსამართლე ექვემდებარა მისი შრომისუნარიანი პერიოდის განმავლობაში,“ – წერს დავით კეკენაძე.

ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ სადავო სამართლებრივი ნორმა არღვევს კონსტიტუციის მე-19 მუხლს, რაც საკუთრების უფლების დაცვას გულისხმობს.

მოსამართლეს ისიც გამოუთვლია, რამდენი იქნებოდა მისი პენსია ახლა, კომპენსაციის ზედა ზღვარი კანონით განსაზღვრული რომ არ იყოს:

„სახელმწიფო პენსიას [260 ლარი, 2022 წლის მდგომარეობით, 70 წლამდე პირთათვის] დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის [78 ლარი] საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე [28 წელი] ნამრავლი, რაც უდრის: 2,444 ლარს. სადავოდ გამხდარი მუხლის მიხედვით კი, დადგენილია მოსარჩელეს კომპენსაციის ზედა ზღვარი…“ – დასძენს ყოფილი მოსამართლე. ეს ფორმულა კანონითვეა განსაზღვრული, თუმცა ამავე კანონი ითვალისწინებს ზედა ზღვარს.

მოსამართლედ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების შემდეგ, ყოფილი მოსამართლე შენიშნავს, რომ ქვეყანაში ფასები გაიზარდა, „კომპენსაციის ოდენობა არ დაქვემდებარებია ზრდას, 2005 წლიდან მოყოლებული“, – ჩაუწერია დავით კეკენაძეს და იქვე მაგალითსაც ასახელებს: 2005 წელს საარსებო მინიმუმი 90 – 95 ლარი იყო, დღეს – 240 ლარი.

„ბოლო წლებში ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულს ცდება,“ – ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელიც არ გამორჩა ყოფილ მოსამართლეს.

„შესაბამისად, მოსარჩელეს საკუთრების უფლებაში ჩარევა განხორციელდა მაღალი ინტენსივობით შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) მოსამართლის მიმართ აქვს სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს იგი ადეკვატური სოციალური გარანტიით;

ბ) მოსამართლეს, წლების განმავლობაში ეზღუდებოდა მთელი რიგი საქმიანობა;

გ) წლების განმავლობაში, ინფლაციის, საარსებო მინიმუმის და სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ზრდას არ დაქვემდებარებია იმ კომპენსაციის ოდენობა, რისი მიღების უფლებაც წარმოეშვა მას;

დ) არსებული სტატუს-კვოთი, უგულებელყოფილ იქნა მოსამართლის სტაჟი მისი კომპენსაციის გამოანგარიშებისას;

ე) განსხვავებით მოსამართლის მიერ მისაღები კომპენსაციისა, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, ინფლაციის გათვალისწინებით, ზარდოს სახელმწიფო პენსიის ოდენობა, თუმცა, იმავე არ შეხებია რაიონული [საქალაქო] სასამართლოს მოსამართლის მიერ მისაღებ კომპენსაციას,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საერთო სასამართლოების მოსამართლე შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, ის უვადოდ განმწესდება უვადოდ საპენსიო ასაკის მიღწევამდე.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ჯამაგირი თვეში 5 ათასი ლარია, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის [მათ შორის, მაგისტრატის] ხელფასი კი – 4 ათასი ლარი. მოსამართლეები ასევე იღებენ დანამატებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: