მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

გაერო პარლამენტს მოუწოდებს, სიგარეტის სადა შეფუთვაზე კანონის ამოქმედება აღარ გადადოს

29.11.2022 • 1113
გაერო პარლამენტს მოუწოდებს, სიგარეტის სადა შეფუთვაზე კანონის ამოქმედება აღარ გადადოს

2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში უნდა შევიდეს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია. ეს კანონმდებლობა ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა მისი კვლავ გადავადების შესახებ. გაეროს სააგენტოთა ჯგუფი სპეციალური განცხადებით მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას. სააგენტოთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ ეს რეგულაცია ძალაში მოქმედი კანონით განსაზღვრულ ვადაში შევა.

  • სადა შეფუთვა გულისხმობს თამბაქოს ნაწარმისთვის სასაქონლო ნიშნის, ფერების, ბრენდის გამოსახულების ან სარეკლამო ინფორმაციის გამოყენების აკრძალვას, გარდა ბრენდის სახელებისა და პროდუქტის სახელებისა, რომლებიც ნაჩვენები იქნება სტანდარტულ ფერსა და შრიფტში.

2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით აღიარებულ იქნა როგორც თვალსაჩინო რეგულაცია, რომელიც სამაგალითო გახდა მრავალი ქვეყნისთვის: „ამ კანონის, ასევე თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვა კომპონენტების წარმატებული დანერგვიდან უკვე 2 წლის შემდგომ, ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით, დაფიქსირდა თამბაქოს მოხმარების და თამბაქოს მეორადი კვამლით დაბინძურების მნიშვნელოვანი კლება, შემცირების ტენდენციები გაჩნდა მასთან დაკავშირებული დაავადებების მიმართულებითაც“.

თუმცა, ჯანმოს ცნობით, იმისთვის, რომ მიღწეული პროგრესი შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს, აუცილებელია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი ყოვლისმომცველი პოლიტიკის სრულფასოვნად და მდგრადად განხორციელება. თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის კანონმდებლობა ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ რეგულაციად მიიჩნევა, რომელიც მიმზიდველობას უკარგავს თამბაქოს პროდუქტებს და ამცირებს თამბაქოს მავნეობის შესახებ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.

„მივესალმებით საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ მტკიცე პოზიციას თამბაქოს კონტროლის რეგულაციების შეუფერხებელი ამოქმედების კუთხით. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერადაც საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებას და უზრუნველყოფს მის ამოქმედებას 2023 წლის დასაწყისიდან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვას“, – წერია ჯანმოს ევროპის ოფისის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: