მთავარი,სიახლეები

ბათუმის ახალი ნაძვის ხე ჯერ ისევ გზაშია

14.12.2022 • 10159
ბათუმის ახალი ნაძვის ხე ჯერ ისევ გზაშია

ახალი წელი ყოველთვის დეკემბრის ბოლოს დგება – ეს არ იცვლება. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით კი, ბათუმში ნაძვის ხეს 25 დეკემბერს ანთებენ. ქალაქის მერია ვერც ერთ წელს ვერ ახერხებს დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვა ისე დაგეგმოს, რომ ფორსმაჟორი არ შექმნას.

11 დღით ადრე, დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი არ დაუწყიათ. ამის პარალელურად მოსახლეობამ იცის, რომ ხალხის ფულიდან [ბიუჯეტიდან] ახალი ნაძვის ხის შეძენა-მონტაჟზე მილიონამდე ლარი გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით ტენდერის გარეშე იხარჯება და მიმწოდებელმა კომპანიამ სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი დიზაინის ნაძვის ხე უნდა ჩამოიტანოს.

ალბათ ამიტომაც არის განსაკუთრებული ინტერესი ამ პროცესის მიმართ: „ხომ არ იცით, ნაძვის ხეს როდის დგამენ?“ – ამ კითხვით „ბათუმელების“ ფეისბუქის ჩატში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბევრჯერ მოგვმართეს.

მერიასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ნაძვის ხე შპს „აჭარგანათებამ“ უნდა ჩამოიტანოს, იმავე კომპანიას დაუკვეთეს მისი მონტაჟის და შემდეგ დემონტაჟის სამუშაოებიც. შესყიდვის ღირებულება 968 387 ლარია.

ნაძვის ხის მიწოდების საბოლოო ვადად შემსყიდველმა ორგანიზაციამ, ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 23 დეკემბერი განსაზღვრა. ამის შემდეგ კი ნაძვის ხის მონტაჟისთვის, თუ მის ანთებას ისევ 25 დეკემბერს გეგმავენ, მხოლოდ ორი დღე რჩება.

კომპანიის ინფორმაციით, „ბათუმისთვის ნაძვის ხე უკვე დამზადებულია, დაიტვირთა და ხორციელდება მისი ტრანსპორტირება.“ ბათუმში სავარაუდოდ 2022 წლის 20-21 დეკემბერს ჩამოიტანენ.

ქალაქის გაფორმების სამუშაოები ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2022 წლის 12 ნოემბერს გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია, შპს „აჭარგანათება“ 5 დეკემბერს გამოავლინეს. კანონის შესაბამისად, ხელშეკრულება გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში უნდა გაფორმდეს, ხელშეკრულება ამ დრომდე არ არის გაფორმებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიამ ნაძვის ხე იტალიაში, მწარმოებლისგან 290 000 ევროდ შეისყიდა, ღირებულებას დაემატა განბაჟების ხარჯიც, რაც, ჯამში, 900 000-ზე მეტი ლარია. ფაქტობრივად, ნაძვის ხეში კომპანია სრულად იხდის ხელშეკრულების ღირებულების ფასს, თუმცა ამავე კომპანიას დაუკვეთეს საახალწლოდ ქალაქის გაფორმების სამუშაოებიც, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.

საახალწლოდ ბათუმის გასაფორმებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი

შპს „აჭარგანათება“ ქალაქის გარეგანათებასა თუ გაფორმებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ მერიის ტენდერებს ბოლო რამდენიმე წელია იგებს. „აჭარგანათებასთან“ , როგორც ტენდერში გამარჯვებულთან, მერიის სამმართველომ რამდენიმე თვის წინ ხელშეკრულება 28 963 287 ლარზეც გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, „აჭარგანათებამ“ 2026 წლამდე ქალაქის განათების სისტემა Led სანათებით უნდა შეცვალოს. კომპანიამ აიღო ასევე ქალაქის განათების წერტების მოვლა-განახლების ვალდებულება.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/447757/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: