მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რამდენად საყოველთაოა საქართველოს ჯანდაცვა – ჯანმოს ანგარიშებიდან

12.12.2022 • 875
რამდენად საყოველთაოა საქართველოს ჯანდაცვა – ჯანმოს ანგარიშებიდან

12 დეკემბერი საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის დღეა, რომლის თემაც წელს ფინანსური დაცვის გაძლიერებაა. საყოველთაო ჯანდაცვის მოცვა გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს წვდომა მისთვის საჭირო ჯანდაცვის სერვისებზე იქ, სადაც ეს სჭირდება, ფინანსური სირთულეების გარეშე.

„ყველა უნდა იყოს დაცული ჯანდაცვასთან დაკავშირებული გამაღატაკებელი დანახარჯებისაგან” – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ჯანმოს ანგარიშის თანახმად, საქართველოს საკმაოდ მაღალი სიღარიბის კოეფიციენტი და ჯანდაცვაზე კატასტროფულად მაღალი დანახარჯები აქვს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

„კატასტროფული დანახარჯები ძირითადად განპირობებულია როგორც ამბულატორიულ სამკურნალო საშუალებებზე, ასევე სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობაზე ჯიბიდან გადახდებით. აღნიშნული განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციითაა გამოხატული სიღარიბეში მცხოვრებ მოსახლეობაში”- წერია 2021 წლის მიმოხილვაში.

საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა. მაშინდელმა რეფორმებმა გააუმჯობესეს ჯანდაცვაზე წვდომა და შეამცირეს ჯანდაცვის სისტემის დამოკიდებულება ჯიბიდან გადახდებზე, თუმცა სახელმწიფოს გადახდები ჯანდაცვაზე მაინც დაბალია და ხარვეზები მოცვაში მაინც რჩება.

ფინანსური დაცვის გასაძლიერებლად, გაზრდილი სახელმწიფო ინვესტიციები ჯანდაცვაში, განსაკუთრებით პირველად ჯანდაცვაში, საჭიროა, მაგრამ არასაკმარისი. მთავრობამ ასევე უნდა დაარეგულიროს ხარვეზები მოცვაში ღარიბი მოსახლეობის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების უკეთ დაცვის პრიორიტეტიზაციით; დანერგოს მომსახურების დონეების და ფასების უფრო ძლიერი რეგულაციები (წამლების ფასების ჩათვლით) რესურსების ეფექტურად გამოყენების და პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ჯანმრთელობის დაცვის მოქმედი სისტემების წლევანდელ მიმოხილვაში ჯანმო საქართველოს შესახებ წერს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრიდან ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბი გა­ი­ზარ­და, ვი­ნა­ი­დან სერ­ვი­სე­ბის მოც­ვა გა­ფარ­თოვ­და თუმცა, “მოც­ვის პო­ლი­ტი­კა უკი­დუ­რე­სად რთუ­ლია და თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბა კვლა­ვაც დიდი­ა. ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი ბა­რი­ე­რია და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ოჯა­ხე­ბის­თ­ვის. მდი­და­რი ოჯახე­ბი უფ­რო მეტს ხარ­ჯა­ვენ პი­რა­დი სახ­ს­რე­ბი­დან სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე” – წერია ანგარიშში.

მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ღა­ლი რჩე­ბა და ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი ოჯახე­ბის მი­ერ ჯან­დაც­ვა­ზე გა­წე­უ­ლი კა­ტას­ტ­რო­ფულ ხარ­ჯე­ბის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი­ა – 2022, ჯანმო.

ჯანმო ასევე წერს, რომ საქართველოში ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ექი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლიან მა­ღა­ლი­ა, მაგ­რამ ექ­თ­ნე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტი­ა და პირველადი ჯან­დაც­ვის მე­კა­რიბ­ჭის ფუნ­ქ­ცია კვლავ სუსტია.

მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ, მედიკამენტებზე მოსახლეობის ხარჯების შესამცირებლად, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან 200-მდე მედიკამენტის შემოტანა დაუშვა, რითაც, მთავრობის ინფორმაციით, მარტიდან ივნისამდე, 155 000-ზე მეტმა თანამოქალაქემ მედიკამენტებში, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა; გარდა ამისა, 2023 წლიდან ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასის კონტროლის მიზნით, რეფერენტული ფასები დაწესდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: