მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

გონორეის გამომწვევი ბაქტერიების 60%-ზე მეტი მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ – ჯანმო

12.12.2022 •
გონორეის გამომწვევი ბაქტერიების 60%-ზე მეტი მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში ავლენს ბაქტერიებში რეზისტენტობის მაღალ დონეს ანტიბიოტიკების მიმართ.

ჯანმოს უახლესი ცნობით, კორონავირუსული პანდემიის პირველ წელს [2020] დაფიქსირდა საავადმყოფოებში სისხლის ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების რეზისტენტობის უნარის ზრდა, მათ შორის, ბოლო თაობის ანტიბიოტიკების მიმართ.

ანტიმიკრობული მედიკამენტები გამოიყენება ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, კონტროლისა და მკურნალობისთვის, თუმცა უკონტროლო გამოყენების გამო მათი მოქმედება უფრო და უფრო არაეფექტური ხდება.

ჯანმოს ანგარიშის თანახმად,  ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის, გონორეის გამომწვევი ბაქტერიების 60%-ზე მეტი რეზისტენტულია მის სამკურნალოდ ყველაზე ფართოდ გამოყენებული ერთ-ერთი მთავარი ანტიბიოტიკის, ციპროფლოქსაცინის მიმართ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველოში აღინიშნება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შემთხვევათა რაოდენობის ზრდა. შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, სიფილისი, გენიტალური ჰერპესი და გონორეა.

ჯანმო იუწყება, რომ საშარდე გზების ინფექციების უმეტესობის გამომწვევი ბაქტერიის – ეშერიხია კოლის (E. coli) 20%-ზე მეტი უკვე მდგრადია ძირითადი ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მტკივნეული ინფექციების მკურნალობა უფრო და უფრო რთული ხდება.

მოხსენებაში ნაჩვენებია რეზისტენტობის მაღალი დონე (50%-ზე მეტი) ბაქტერიებში, რომლებიც ხშირად იწვევენ სისხლის ინფექციებს საავადმყოფოებში, ესენია: Klebsiella pneumoniae და Acinetobacter spp-ი.

„ეს სიცოცხლისთვის საშიში ინფექციები საჭიროებენ მკურნალობას ბოლო თაობის ანტიბიოტიკებით, როგორიცაა „კარბაპენემები“. თუმცა Klebsiella pneumoniae-ით გამოწვეული სისხლის ინფექციების 8% მოხსენებული იყო, როგორც „კარბაპენემების“ მიმართ მდგრადი, რაც ზრდის უმართავი ინფექციების გამო სიკვდილის რისკს,“ – წერს ჯანმო.

„ანტიმიკრობული რეზისტენტობა ძირს უთხრის თანამედროვე მედიცინას და საფრთხეში აყენებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს“, – აცხადებს ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს გებრეიესუსი.

მიუხედავად იმისა, რომ რეზისტენტობის ტენდენციების უმეტესობა სტაბილური რჩება ბოლო 4 წლის განმავლობაში, რეზისტენტული Escherichia coli-ს და Salmonella spp-ს, ასევე რეზისტენტული გონორეის ინფექციების გამო, სისხლის ინფექციები გაიზარდა მინიმუმ 15%-ით 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ჯანმოს ახალი ანგარიშის მონაცემები შეგროვებულია 2020 წელს, ჯანმოს წევრი 87 ქვეყნიდან, მათ შორის არის საქართველოც. თუმცა მონაცემები მწირია, რადგან საქართველო არ არის ჩართული ჯანმოს გლობალური ანტიმიკრობული წინააღმდეგობისა და გამოყენების მეთვალყურეობის სისტემაში (‎GLASS). სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან სისტემაში არც აზერბაიჯანია ჩართული და არც სომხეთი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: