მთავარი,სიახლეები

მინიმუმს აძლევენ, დავალების შესრულების შემდეგ თბილი საჭმელი რომ შეჭამონ – ქართველი მებრძოლი

13.12.2022 • 2063
მინიმუმს აძლევენ, დავალების შესრულების შემდეგ თბილი საჭმელი რომ შეჭამონ – ქართველი მებრძოლი

„ბოლოს ტელეფონს საერთოდ აღარ ვპასუხობდი, იმდენი მწერდა, რომ უკრაინაში სურდა საბრძოლველად წამოსვლა,“ – უკრაინიდან ახლახან დაბრუნებული  ვაჟა ცეცაძე აღწერს, რამდენად ძლიერია საქართველოში უკრაინის მიმართ სოლიდარობის მუხტი.

თადარიგის ოფიცერი ვაჟა ცეცაძე სადაზვერვო ოცეულის მეთაურია, სამხედრო მიმართულებით 17-წლიანი გამოცდილება აქვს და დაახლოებით 5 თვე იბრძოდა უკრაინაში. ვაჟა ცეცაძემ უკრაინიდან მიმართა საჯაროდ პრემიერ ღარიბაშვილსაც, როცა პრემიერმა თქვა, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში „ომის პარტიას“ მიჰყავს.

ვაჟა ცეცაძესთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ: რამდენად შეიცვალა ხელისუფლების რიტორიკა უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე მას შემდეგ, როცა მკაფიოდ გამოჩნდა საზოგადოების რეაქცია?

„დუმილის რეჟიმში გადავიდნენ,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ქართველი მებრძოლი, ვაჟა ცეცაძე, მცირე პაუზის შემდეგ კი დასძენს, რომ ღარიბაშვილსა და „ოცნების“ სხვა ლიდერებს ეს აქტიურობა უფრო  პუტინზე ჰქონდათ გათვლილი.

„დავინახეთ, როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამას საზოგადოებისგან… ჩემი აზრით, ეს იყო ივანიშვილის დაკვეთა, პუტინისთვის ეჩვენებინა, რომ, აი, საქართველოს ხელისუფლება არაფერ შუაშია, ქართველი მებრძოლები იბრძვიან ოპოზიციური პარტიის დაკვეთით და ფულის სანაცვლოდ, თითქოს თავიდან აიცილეს კრემლის საყვედურები.

უკრაინაში დღეს რომ საქართველოს ბედიც წყდება, არ მგონია, ამას ვერ ხვდებოდეს ვინმე. უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა. დამარცხებას კი, არც ვუშვებ, რადგან უკრაინელების ბრძოლა მართალი ბრძოლაა – ისინი  საკუთარ მიწა-წყალს იცავენ,“ – ამბობს ვაჟა ცეცაძე.

ვაჟა ცეცაძე გვიყვება, რომ მასთან არც კონტრაქტი გაუფორმებიათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და არც ხელფასი აუღია. ქართველ მებრძოლს ვთხოვეთ მოეყოლა, სინამდვილეში როგორ მიდიან მებრძოლები უკრაინაში და რა ანაზღაურებას იღებენ.

„29 თებერვალს წავედი ომში… არ შემეძლო ჩემი გამოცდილებით, როცა 2004 და 2008 წლებში ავღანეთშიც ვიყავი, ვმჯდარიყავი ტელევიზორთან და მეყურებინა, როგორ ხვრეტდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, აუპატიურებდნენ ბავშვებს…

ყველა ცდილობს საქართველოდან თავის ნაცნობს, მეგობარს დაუკავშირდეს და მასთან ერთად  იყოს ბრძოლის ველზე. მე, მაგალითად, „ქართულ ლეგიონში“ არ ვიყავი, ცალკე წავედით რამდენიმე კაცი. ვინც მე მიცნობს, ჩემს ქვედანაყოფში სურდა მოხვედრა.

აუცილებელია გამოცდილება. ვერ გეტყვით, რამდენი გულანთებული ბიჭი მწერდა საქართველოდან წამოვალთ ჩვენცო, მათ დიდ ნაწილს საერთოდ არანაირი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. ასე რთულია, როცა ელემენტარული წესები არ იცი, არ იცი იარაღთან ურთიერთობა… ყველას უარს ვეუბნებოდი, ვისაც გამოცდილება არ აქვს. წარმოიდგინეთ, რამხელა თავის ტკივილია, როცა შენ გვერდით სრულად გამოუცდელია, მთელი აქცენტი და ყურადღება მასზე უნდა გადაიტანო. ყველა წინააღმდეგია, რომ გამოუცდელი მოხვდეს რომელიმე ქვედანაყოფში.

ზოგიერთი ქართველი მებრძოლი ერთადერთი ქართველია ქვედანაყოფში და ისე იბრძვის უკრაინელ ბიჭებთან ერთად. გააჩნია, ვინ სად მოხვდება.

არ ვიცი, ზუსტად რამდენი, მაგრამ 2 ათასზე მეტი ქართველი მებრძოლია ახლა უკრაინაში. არ ვიცი, ზუსტად მათი შრომის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ ვიცი ზუსტად, რომ დაახლოებით საარსებო მინიმუმს აძლევენ, აი, დავალების შესრულების შემდეგ რომ თბილი საჭმლის ჭამა შეძლონ… ამაზე ლაპარაკიც სირცხვილია.

საერთოდ არ მაინტერესებს რას ამბობს ღარიბაშვილი დღეს… ვფიქრობ, რომ ხალხს კარგად ესმის, რა ტირანიასთან ბრძოლაც გვიწევს,“ – ასკვნის ვაჟა ცეცაძე.

ქართველი მებრძოლი ბრძოლის ველზე მოიწამლა კიდეც, საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ ბრძოლის ველზე დაბრუნება არჩია. მის გვერდით დაიღუპნენ  გია ბერიაშვილი და დათო რატიანი – ის ქართველი მებრძოლები, რომლებიც  რუსეთ-უკრაინის ომში ქართველ მებრძოლებს შორის პირველები დაიღუპნენ.

„ზარინით მოვიწამლე გოსტომელში ნადიმ ხმალაძესთან ერთად,“ – გვიყვება ქართველი მებრძოლი, ვაჟა ცეცაძე. – „შესაძლოა, დრონმა ჩამოყარა… მთავარია, მომაკვდინებელი დოზა არ შეგვისუნთქავს… ჩამოვედი აქ, ფეხზე დავდექი და მალევე უკან დავბრუნდი, აღარ გამიძლო გულმა…

ახლაც წავიდოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა: მალები დაზიანებული მაქვს, კონტუზია რამდენჯერმე მივიღე“, – გვიყვება ვაჟა ცეცაძე და იმ დღეს იხსენებს, ორი ქართველი თანამებრძოლი დაღუპული როცა იპოვა ბრძოლის ველზე.

„გია და დათო როცა დაიღუპნენ, იმ დღეს ერთად ვიბრძოდით, ერთად შევასრულეთ დავალება წარმატებით და უკან გამოსვლის დროს დაიწყო სარაკეტო თავდასხმა… დრონმა აღმოგვაჩინა და საარტილერიო დაბომბვა დაიწყო. ამ დროს სავალდებულოა, ჯგუფი დაიშალოს და ისე გამოხვიდე იმ ადგილიდან პატარ-პატარა ჯგუფებად. ჩვენ გამოვედით, იმათ კიდევ ფრანგი დაჭრილი გამოჰყავდათ, დაიკარგნენ, გადამცემით ვეღარ ვუკავშირდებოდით…

ტყე იყო, გაგვიჭირდა ძებნა. 18 საათი გრძელდებოდა ეს ოპერაცია, ბინდდებოდა, როცა ერთი მებრძოლი გამოვიდა და თქვა, რომ იპოვეს… პულსი აღარ ესინჯებოდა არც ერთს, საკაცეზე მოვათავსეთ და წამოვედით.

წამოვედით და ისევ გაგვიხსნეს ცეცხლი, რამდენიმე ქართველი მებრძოლი იქ დაშავდა, ჩემთან ძალიან ახლოს ჩამოვარდა ჭურვი და ხმით დარტყმისგან კონტუზია მივიღე… დიდი ცეცხლი იყო, ძლივს გამოვაღწიეთ,“ – ამოისუნთქა ვაჟა ცეცაძემ.

ქართველი მებრძოლის დაკვირვებით, რუსებმა უკვე ამოწურეს ბრძოლის რესურსი და უკრაინელების წარმატება გარდაუვალია:

„საწყის ეტაპზე იბრძოდნენ რუსებიდან ძირითადად ელიტური დანაყოფები, რომლებიც კარგად გაწვრთნილები იყვნენ… ახლა ძალიან ეტყობოდათ, რომ უვიცები ჰყავდათ.

ისედაც მეორე მსოფლიო ომის მეთოდით იბრძვიან, არავითარი სიახლე, არავითარი თანამედროვე წესი არ იციან, აღჭურვილობაც ხომ საბჭოთა აქვთ.

რუსეთი ვერ გაიმარჯვებს იმიტომაც, რომ მოკავშირე არავინ ჰყავს. რუსებს აღარ აქვთ ძალა. აუცილებლად უნდა განაგრძოს დასავლეთმა აღჭურვილობის მიწოდება უკრაინისთვის. ბევრი ვერ იაზრებს, მათ შორის, ხელისუფლება, რომ რუსეთი აუცილებლად წააგებს ამ ომს,“ – დაასრულა ქართველმა მებრძოლმა, ვაჟა ცეცაძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: