მთავარი,სიახლეები

„არ დავმალულვარ მე“ – კიდევ რა თქვა რძლის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში

13.12.2022
„არ დავმალულვარ მე“ – კიდევ რა თქვა რძლის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში

„გასაგებია“ – მხოლოდ ეს სიტყვა უთხრა რძლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა მოსამართლეს, როცა მან წაუკითხა საქმის მასალები, თუ რას ედავება პროკურატურა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა რძლის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ბალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 13 დეკემბერს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

მკვლელობა 11 დეკემბერს მოხდა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან რძალს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მასალებით დგინდება, რომ ბრალდებული სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა. პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. ბრალდებულს პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 -ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის [განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ] მიხედვით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მკვლელობის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვას აპირებდა.

„…შევიდა თავის საძინებელში, ტანსაცმელი გამოიცვალა და აპირებდა ტერიტორიის დატოვებას“, – აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

„არ დავმალულვარ მე, ველოდებოდი მილიციას“, – გააპროტესტა უცებ ბრალდებულმა, რომელიც გისოსებიდან უსმენდა მხარეთა პოზიციებს.

„ძალიან ვნანობ ამას“, – პაუზის შემდეგ დაამატა ბრალდებულმა და მოსამართლეს გახედა.

„მას ეს განზრახვა არ ჰქონია, არც იცოდა, რა შედეგი დადგა“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ირაკლი პირველმა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ვერსიაზე, რაც პროკურატურამ უკვე გააჟღერა:  ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

„მან რძალთან კონფლიქტის დასრულების, დაშინების, თუ შეშინების მიზნით გაისროლა“, – თქვა ადვოკატმა და შემდეგ დაამატა, წინასწარ პატიმრობას ბრალდებულიც რომ ეთანხმება.

გარდაცვლილი ქალი 40 წლის იყო და ორი შვილი ჰყავდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: