მთავარი,სიახლეები

„პირველ სართულზე ვცხოვრობ და ვსუნთქავ ნაგავს“ – დასუფთავების პრობლემები ქუთაისში

13.12.2022 • 1124
„პირველ სართულზე ვცხოვრობ და ვსუნთქავ ნაგავს“ – დასუფთავების პრობლემები ქუთაისში

ავტორი: მონიკა ქაშიბაძე, ქუთაისის საინიციატივო ჯგუფ „როდემდეს“ წევრი

__________________________________________________________

საინიციატივო ჯგუფი „როდემდე“ 2022 წლის სექტემბერში შეიქმნა და აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ ერთი მიზანი – ხელი შეუწყონ სასიკეთო ცვლილებებს ქუთაისის მუნიციპალიტეტში. შექმნის დღიდან საინიციატივო ჯგუფი მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით: ქუთაისში დასუფთავებისა და სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ქუთაისში დასუფთავების მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც საკითხზე მუშაობის პერიოდში სხვადასხვა გზით დავადგინეთ – მცხოვრებლებთან საუბრით, ქუთაისის მერიისა და ა(ა)იპ სპეციალური სერვისების ოფიციალური ინფორმაციებით, ქუთაისის სხვადასხვა უბანში ვითარებაზე დაკვირვებით.

კვლევის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე აქტუალური საკითხი: დანაგვიანებული ქუჩები, ნაგვის გატანის არასაკმარისი სიხშირე, გადავსებული ურნები და ანტისანიტარია გარშემო, დაზიანებული ნაგვის კონტეინერები და შესაბამისად, ხალხის მიერ გადახდილი თანხის შეუსაბამო სერვისი. ამ პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა კი ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქუთაისის მერიის ა(ა)იპს – სპეციალურ სერვისებს ეკისრება.

ჭავჭავაძის ქუჩა, თაბუკაშვილის ქუჩა, ჩხობაძის ქუჩა, გამსახურდიას ქუჩა…. – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ქუჩებისა, რომლებიც ჩვენს Facebook გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში და მოსახლეობასთან უშუალო დიალოგისას გამოიკვეთა, როგორც განსაკუთრებით პრობლემური ქუჩები ქუთაისის მასშტაბით.

პრობლემების გამომწვევი მიზეზის გასაგებად ქუთაისის მერიისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რა სიხშირით ხდება ნარჩენების გატანა ქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან და აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ქუჩების ნაწილებიდან ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებს ნაგავი კვირაში მხოლოდ ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ გააქვს.

მაგალითისთვის:

  1. თაბუკაშვილის 2,4,6,8,10 შესახვევი – გატანა კვირაში ერთხელ
  2. გამსახურდიას ქუჩის მე-3 ჩიხი – გატანა კვირაში ერთხელ
  3. ჩხობაძის ქუჩის მე-3 შესახვევი – გატანა კვირაში ერთხელ
  4. ზურაბ ჭავჭავაძის 2 და 5-სართულიანები – გატანა კვირაში ორჯერ
  5. თაბუკაშვილის ქუჩა – გატანა კვირაში ორჯერ
  6. ზურაბ ჭავჭავაძის მრავალსართულიანები – გატანა კვირაში სამჯერ

ასევე, აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული გრაფიკის მიხედვით ის ლოკაციებიც კი, რომლებსაც კვირაში 6-ჯერ და 7-ჯერ ასუფთავებენ, მაინც პრობლემურად რჩება.

  • პასილოკის დასახლება

22 ოქტომბერს საინიციატივო ჯგუფის წევრები პასილოკის დასახლებაში ვიმყოფებოდით, სადაც მოსახლეობასთან საუბრისას დასუფთავების მიმართულებით რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, როგორებიცაა: ნარჩენების გატანის სიხშირე, გადავსებული ურნები, არასაკმარისი ნაგვის კონტეინერები, დაბინძურებული ქუჩები.

„ხდება ხოლმე, რომ ნაგავი რამდენიმე დღე არ გააქვთ, შესაბამისად ნარჩენები გარეთაა მიმოფანტული, სრული ანტისანიტარიაა, განსაკუთრებით ზაფხულში, ზოგჯერ ფანჯრებსაც კი ვერ ვაღებთ“…

„კვირაში ერთხელ მოდის ნაგვის მანქანა, ისიც ვერ გაიგებ, დილით თუ საღამოს, ზოგჯერ მიწევს მთელი კვირის დაგროვილი ნარჩენები სხვა ქუჩაზე გავიტანო გადასაყრელად“, – ამბობენ პასილოკის დასახლებაში მცხოვრებლები.

ძირითად პრობლემებს შორის გამოიკვეთა ისიც, რომ არ სუფთავდება შიდა ქუჩები.

„პირველ სართულზე ვცხოვრობ და ვსუნთქავ ნაგავს, გადასახადს ვიხდით, თუმცა სერვისი არ არის შესაბამისი“ – აცხადებს მოქალაქე.

მიუხედავად იმისა, რომ მცხოვრებლების თქმით, პასილოკის დასახლების ცენტრალურ ქუჩებზე არსებული კონტეინერები ყოველდღიურად იცლება, მაინც მუდამ გადავსებულია და ისინი ვერ ახერხებენ ნაგვის გადაყრას, ნაგავი ურნების ირგვლივ იფანტება და მიმდებარე ტერიტორიაზე სრული ანტისანიტარიაა, რაც ასევე იწვევს ურნების გარშემო ძაღლების თავმოყრას.

თაბუკაშვილის ქუჩა, ქუთაისი. ფოტო გადაღებულია 2022 წლის შემოდგომაზე

თაბუკაშვილის ქუჩა, ქუთაისი. ფოტო გადაღებულია 2022 წლის დეკემბერში

  • ავტოქარხნის დასახლება

კიდევ ერთ პრობლემურ უბანს წარმოადგენს ავტოქარხნის დასახლება, სადაც მოსახლეობის ჩასაწერად 23 ოქტომბერს ვიყავით. მსგავსად პასილოკის დასახლებისა, ძირითადი პრობლემა კვლავ ნარჩენების გატანის ინტენსივობა, არასაკმარისი ნაგვის ურნები და დაზიანებული კონტეინერებია, რომელთა ნაწილი ზოგიერთ ადგილას დალუქულია.

პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ურნებისთვის თავის დახურვა ჭირს, რის გამოც ნაგავი მიუსაფარ ცხოველებს გარეთ გადმოაქვთ და ირგვლივ იფანტება.

„ურნებს თავი არ ეხურება, ხშირად ამოხტება ხოლმე ურნიდან ხან კატა, ხან ძაღლი და ამოაქვთ ნაგავი, ზოგისთვის ისე ჭირს კონტეინერებზე თავის ახდა, რომ ბევრი ვერც ერევა,“- ამბობს მოქალაქე.

მოსახლეობის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ დასახლება დიდია, ნარჩენების გატანის სიხშირე არასაკმარისია და უწევთ შესაბამის სამსახურებთან დაკავშირება, რათა ტერიტორია დაასუფთაონ. ასევე აღნიშნავენ, რომ არც კონტეინერების რეცხვა-დეზინფექცია ხორციელდება.

აღნიშნული პრობლემების გამო ავტოქარხნის დასახლების ზოგიერთ ქუჩაზე მოსახლეობამ თავად მოითხოვა ნაგვის ურნების აღება, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს გაუსაძლისი პირობები ექმნებოდათ – მუდამ გადავსებული და თავღია, დეზინფექციაჩაუტარებელი ურნების გამო მოსახლეობას ფანჯრების გაღებაც კი არ შეეძლო. გაუსაძლისი პირობები, მათი თქმით, განსაკუთრებით ზაფხულში იქმნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებს არ აქვს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი ურნების რეცხვისა დეზინფექციისთვის, მათივე განმარტებით, დეზინფექცია ძირითადად ზაფხულში ტარდება.

ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება

არსებული ხარვეზების პარალელურად დაგვაინტერესა, რა რაოდენობის პრემია/დანამატი/ჯილდო გაიცემა ამ პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის – ა(ა)იპ სპეციალური სერვისების თანამშრომლებზე. შესაბამისად, ქუთაისის მერიიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ, რომლის მიხედვით, 2021 წელს ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებში 374 381 ლარის ოდენობით პრემია/დანამატი/ჯილდო გაიცა, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 236 369 ლარით მეტია.

2021 წელს ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო 6 თვის განმავლობაში კომენდანტის საათი იყო დაწესებული, ხოლო ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორი ტური ჩატარდა. უცნობია, რა დამატებითმა დამსახურებებმა გამოიწვია ა(ა)იპი სპეციალური თანამშრომლებისთვის გასულ წელთან შედარებით 236 000 ლარით მეტი პრემიების, ჯილდოებისა და დანამატების გადაცემა.

ამასთან, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ 9 თვეში (პირველი იანვრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით) ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებში უკვე გაცემულია 118 105 ლარის ოდენობის პრემია/დანამატი/ჯილდო.

ა(ა)იპ სპეციალური სერვისების თანამშრომლები პრემიების მიღებას განაგრძობენ, ისევე, როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები უკეთესი სერვისის მისაღებად დასუფთავების მოსაკრებლის გადახდას, რისმა ჯამურმა რაოდენობამაც 2020, 2021 და 2022 (სექტემბრამდე) პერიოდში უკვე 5,185,100 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი მაინც ვერ იღებენ შესაბამის სერვისს.

საინიციატივო ჯგუფმა „როდემდემ“ 31 ოქტომბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ გამართა პერფორმანსი, რომლის მთავარი მიზანი იმის ჩვენება იყო, რამდენად არაეფექტური და ხარვეზიანია მერიის მუშაობა ქალაქში დასუფთავების მიმართულებით. პერფორმანსის საშუალებით შევეცადეთ მერიამდე მიგვეტანა ქუთაისის სხვადასხვა უბნის მცხოვრებთა სათქმელი.

პერფორმანსის მიმდინარეობისას ქუთაისის მერიაში შევიტანეთ განცხადება ზურაბ ჭავჭავაძისა და თაბუკაშვილის ქუჩების შესახებ და მოვუწოდეთ ორგანოს, რომ მოახდინოს რეაგირება და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ამ უბნებზე დასუფთავების პრობლემის მოსაგვარებლად. განცხადებას თან დავურთეთ ფოტომასალაც, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ მტკიცებულებას უბნებზე არსებული მძიმე მდგომარეობისა.

ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა. ფოტო გადაღებულია 2022 წლის შემოდგომაზე

პერფორმანსის ჩატარების შემდეგ ჟურნალისტებმა ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს დაუსვეს კითხვა პერფორმანსის თემატიკის შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, მერისთვის ეს პრობლემა სერიოზულად არ აღიქმება და მან კითხვა უპასუხოდ დატოვა.

დასუფთავების მიმართულებით არსებულ პრობლემაზე მუშაობა გაგრძელდა ჩვენ მიერ ჩატარებული დისკუსიით, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართა. დისკუსიას ესწრებოდნენ ა(ა)იპ სპეციალური სერვისების წარმომადგენელი, ჟურნალისტები, მოქალაქეები და აქტივისტები. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წარადგინეს პრეზენტაცია, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც დაინტერესებული მხარეების პოზიციებსა და კითხვებს ა(ა)იპ სპეციალური სერვისების წარმომადგენელმა საკუთარი არგუმენტებით უპასუხა და თქვა, რომ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ უშუალოდ დასუფთავების სამსახურს, არამედ სხვა უწყებებსა და მოქალაქეებსაც ეკისრება.

„ჩვენი სათქმელი ეს არის, ყველა ჩვენი თანამოქალაქის მისამართით, რომ პასუხისმგებლობა ამ კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად თანაბრად უნდა გადანაწილდეს სამოქალაქო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებში,“ – თქვა ა(ა)იპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი მჟავანაძემ.

შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც ა(ა)იპ სპეციალური სერვისების წარმომადგენელი თანაბარ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, მათი 2022 წლის ბიუჯეტი 6 879 100 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ადამიანების გადახდილი გადასახადებით არის შევსებული, ამიტომ ჩვენთვის უცნაურია პასუხისმგებლობის თანაბრად განაწილების მოთხოვნა.

ამასთან ერთად, დისკუსიაზე გიორგი მჟავანაძემ თქვა, რომ ა(ა)იპ სპეციალური სერვისების ბიუჯეტი საკმარისი არ არის, რათა მოსახლეობას უკეთესი სერვისი შესთავაზონ და საჭიროა დაფინანსების გაზრდა.

საინიციატივო ჯგუფი „როდემდე“ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს – ქუთაისის მერიასა და ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებს გადადგან ნაბიჯები ჩვენ მიერ დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად. მოქალაქეების უფლება და საჭიროებაა, იცხოვრონ სუფთა, მოწესრიგებულ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ქალაქში, ხოლო მუნიციპალიტეტი შესაბამისი სამსახურებით უნდა უზრუნველყოფდეს ამ უფლების რეალიზებას.

_______________

რედაქციაში შემოსულ წერილებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს „ბათუმელების“ პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: