მთავარი,სიახლეები

ხულოში ქალის სექსუალური იძულების და ამ კადრების გავრცელების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს 

13.12.2022 • 4205
ხულოში ქალის სექსუალური იძულების და ამ კადრების გავრცელების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს 

ხულოში სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულების, შემდეგ ამის ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებისა და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში, 2022 წლის 24 ნოემბერს, მ.შ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენებისა ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ეს მუხლი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვასა და გავრცელებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე 2022 წლის 29 ნოემბერს [საქართველოს სსკ-157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით], სასამართლოს განჩინების გარეშე დააკავეს ორი პირი – ბ. გ. და ა. ხ.

2022 წლის 30 ნოემბერს ა. ხ.-ს და ბ.გ-ს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ორი მუხლით – 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულებას გულისხმობს.

დაკავებულებს ასევე ბრალი წარედგინათ სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან ქონებრივი დაზიანების მუქარით (ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, ანუ გამოძალვის მუხლით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის პირველი დეკემბრის განჩინებით ბრალდებულებს ბ. გ.-ს და ა. ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული [პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება/გავრცელება], ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე;

139-ე მუხლით გათვალისწინებული სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე;

181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება – გამოძალვა კი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: