მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში დაწესებულებების სანიტარული შემოწმების ტენდერის გამო მერიას უჩივიან

13.12.2022 • 1346
ბათუმში დაწესებულებების სანიტარული შემოწმების ტენდერის გამო მერიას უჩივიან

ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური მონიტორინგის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერის გამო ქალაქის მერიას დავების საბჭოში უჩივლეს.

ტენდერი 104 ათას 996 ლარითაა გამოცხადებული და პირობის მიხედვით, დაწესებულებების მონიტორინგი 2023 წელში უნდა ჩატარდეს.

ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. შპს „მეგატესტი“ კი ითხოვს „გაუქმდეს სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობის შეუსაბამო ჩანაწერი“, რომელიც პრეტენდენტის გამოცდილებას შეეხება.

მიმდინარე ტენდერში მონაწილეობს „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი“, რომელიც მერიას მომსახურებას ზუსტად 104 ათას 996 ლარად სთავაზობს. აღნიშნული ცენტრი სახელმწიფო სსიპ-ია და ის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება.

მომჩივანი „მეგატესტის“ 30% წილის მფლობელი და დირექტორი რამაზ სურმანიძეა, დარჩენილ 70%-ს კი შპს „სოლემარტი“ ფლობს. რამაზ სურმანიძე 2012-2021 წლის ივლისამდე პერიოდში ამ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი იყო [როგორც გვითხრა, სამსახურიდან თავისი სურვილით წამოვიდა]. 

მერიის ტენდერებს, ლაბორატორიულ მომსახურებებზე, ბოლო 10 წელია „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი“ უპრეტედენტოდ იგებს. პირობებში მერიას ყოველთვის ედო პრეტენდენტის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

შპს „მეგატესტი“ კი, 2022 წლის აგვისტოშია დაფუძნებული.

სატენდერო პირობის ჩანაწერი, რომელიც, „მეგატესტის“ აზრით, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას:

  • „ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
    პრეტენდენტს 2 წლის განმავლობაში (2021, 2022) გაწეული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [ლაბორატორიული გამოკვლევა] მომსახურება…
    პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტების ასლები) ან/და მითითება SPA/NAT/CMR ნომრებზე…“

მეგატესტის საჩივარში აღნიშნულია, რომ ბათუმის მერიის [შემსყიდველის] მიერ დადგენილი მოთხოვნა პრეტენდენტის 2-წლიან გამოცდილებაზე „არის გაუმართლებელი და გადაჭარბებული, ვინაიდან უსაფუძვლოდ აფერხებს პოტენციურ მიმწოდებლებს, ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას და არაჯანსაღ კონკურენციას, იწვევს დისკრიმინაციულ მიდგომასა და უთანასწორო მოპყრობას ტენდერში მონაწილეობის სურვილის მქონე საერთაშორისო სტანდარტით ახლად აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიებისთვის, იმ ლაბორატორიებთან შედარებით, რომელთაც აქვთ არსებობის უფრო მეტი ხნის პრაქტიკა.“

„ბათუმელები“ დაუკავშირდა რამაზ სურმანიძეს. მისი თქმით, „მეგატესტის“ საჩივრის მიზანია, დავების საბჭომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ტენდერის პირობები არ ზღუდავდეს კონკურენტულ გარემოს.

„ჯერ შესაბამისი აკრედიტაცია „მეგატესტს“ არ აქვს, თუმცა არიან შესაბამისი ლაბორატორიები, რომლებსაც აკრედიტაცია აქვთ, მაგრამ არ ექნებათ ორი წლის [მით უმეტეს 2021 -2022 წლებში] ანალოგიური შინაარსის გამოცდილება, რასაც ამ შემთხვევაში მერია ითხოვს.

ზოგადად, აკრედიტაციის წესს საქართველოში არეგულირებს კანონი და ნებისმიერი კომპანია, აკრედიტაციის მიღებისთანავე უფლებამოსილია შეასრულოს ნებისმიერი სამუშაო იმ სფეროში, რაშიც აქვს აკრედიტაცია. ამიტომ მათთვის გამოცდილების მოთხოვნა ტენდერში ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას. „მეგატესტმაც“ აკრედიტაცია რომ მიიღოს, ასეთი პირობებით, რაც მერიას აქვს, ტენდერში ვერ მიიღებს მონაწილეობას“, – ამბობს რამაზ სურმანიძე.

 

 

რაც შეეხება ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს, გამარჯვებულმა, 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს:

  • საანალიზო ნიმუშების ჩამონაბან-ჩამონარეცხების აღება ნაწლავის ჩხირის პოვნიერებაზე, წლის განმავლობაში სულ 6400 საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაში: საბავშვო ბაღებში, კერძო საბავშვო ბაღებში, სტუდიებში, სკოლებში [კვების ბლოკიდან], კერძო სკოლებში, საცურაო აუზებში, სასტუმროებში, მუნიციპალურ სასადილოებში;
  • მზა კერძების კვლევა კალორიულობაზე – სულ 210 ერთეული: საბავშვო ბაღებში, კერძო საბავშვო ბაღებში, მუნიციპალურ სასადილოებში;
  • განათების კოეფიციენტის განსაზღვრა – წლის განმავლობაში სულ-120 ერთეული, როგორც კერძო ისე საჯარო სკოლებში;
  • სასტუმროებში და სხვა ობიექტებში არსებული საცურაო აუზებიდან აუზის წყლის ხარისხის კვლევა ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ მაჩვენებლებზე – წლის განმავლობაში სულ-26 ერთეული;
  • სადეზინფექციო საშუალებების ქიმიური კვლევა – წლის განმავლობაში სულ-35 ერთეული – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სკოლებში, კერძო სკოლებში, სასტუმროებში, საცურაო აუზებში, მუნიციპალურ სასადილოებში;
  • სტომატოლოგიურ კლინიკებში [სტომატოლოგიური ინსტრუმენტების] კვლევა სტერილობაზე – წლის განმავლობაში სულ-180 ერთეული;
  • კვების პროდუქტების მონიტორინგი მუნიციპალურ სასადილოებში – სულ-96 ნიმუში.

სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში „მეგატესტის“ საჩივრის განხილვის დროდ 2022 წლის 13 დეკემბერია მითითებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: