ბათუმის ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღსადგენად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ბაზარს იკვლევს.
ლოკალური ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც სამმართველოს აქვს მომზადებული, სანაპირო ზოლისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას, დღევანდელი მონაცემებით, სავარაუდოდ 15 მილიონ 831 ათას 978 ლარი დასჭირდება.
სამმართველო მაქსიმუმ ამ თანხის ფარგლებში გეგმავს ტენდერის გამოცხადებას, თუმცა სამუშაოების საბოლოო ღირებულებას ბაზრის კვლევის შემდეგ გამოცხადებული ტენდერი განსაზღვრავს.
თუ ტენდერი შედგა და სამუშაოები დაიწყო, სანაპირო ზოლის მთლიანად აღდგენისთვის ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია გათვლილი.
ბაზრის კვლევის ეტაპზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ სამმართველოს წერილობით, არაუგვიანეს 2023 წლის 15 მაისისა და აცნობონ, რომ აქვთ ის გამოცდილება, რომელიც სამმართველოს აქვს პრეტენდენტებისთვის განსაზღვრული.
შტორმით დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენაზე ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია შემდეგი პირობებით:
„ანგარიშსწორება – მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის გაფორმებული შუალედური/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენის საფუძველზე, წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
შესაძლებელია ავანსის გამოყენება შემსყიდველთან შეთანხმებით, სახელშეკრულებო ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა.
სამუშაოებზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სავარაუდო ღირებულებით 15 831 979 ლარზე, სადაც გამოცდილების მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგნაირად:
1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ნაპირსამაგრის მოწყობა რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლისა და კანალიზაციის,საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 50 მილიონი ლარის ოდენობით;
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უშუალოდ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ნაპირსამაგრის მოწყობა რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლისა და კანალიზაციის,საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია) სამუშაოები 10 მილიონი ლარის ოდენობით;
2. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა) სამუშაოები 10 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის არანაკლებ 1 000 000 ლარის შპუნტების მოწყობის სამუშაოები.
3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა მე-3 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები.
ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ქვეკონტრაქტორობის შემთხვევაში, პრეტედენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ძირითადი ხელშეკრულება (რის საფუძველზეც დაიდო ქვეკონტრაქტი) და ამ ხელშეკრულებაში მითითებული ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტები (შეტყობინება, ან/და თანხმობა, ან/და % შეზღუდვა და სხვა (ხელშეკრულებაში ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
5. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ ან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სხვა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უცხო ქვეყანაში შედგენილ გამოცდილების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯარო სამართლებრივი უფლება-მოსილების მქონე პირის მიერ და მას თან უნდა ერთოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6. სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული იქნება NAT/SPA/CMR… ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება ყველა ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციით, დამატებით სხვა დოკუმენტების წარმოდგენის საჭიროება არ არსებობს.“
წყარო: მერიის სამმართველო/ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია
[/toggle]
ახალი ბულვარის სანაპირო ხრეშის ხელოვნურად შეტანის შემდეგ / ბათუმი / 4.05.2023
ახალი ბულვარის მიმდებარედ ნაპირის ნგრევა [აღნიშნულ მონაკვეთში შტორმმა ორი პირსიც დაანგრია] ზღვამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალ ბულვარამდე ნაპირი ლოდებით გაამაგრეს. ლოდებით მოწყობილ ნაგებობაში სახელმწიფოს მიერ აღებული სესხი – 52,2 მილიონი ლარია დახარჯული.
ლოდების ბერმის მოწყობის პარალელურად აუცილებელი იყო მის გასწვრივ ხრეშის ხელოვნურად შეტანა, რაც დაიცავდა ახალი ბულვარის სანაპიროს წარეცხვისგან.
თუმცა, ხრეშის შეტანა სანაპიროზე მას შემდეგ დაიწყეს, რაც ახალი ბულვარის სანაპირო ზოლი, დანგრეული პირსიდან აკვაპარკამდე მონაკვეთში, ზღვამ უკვე დაანგრია. ხრეშის ხელოვნურად შეტანაში კი ბიუჯეტიდან 5,5 მილიონი ლარი დაიხარჯა:
თუ ხრეშის შეტანა ყოველწლიურად არ გაგრძელდა, ზღვა სანაპიროს ახალთან ერთად, ძველ ბულვართანაც წარეცხავს.
ქალაქისთვის ცალკე პრობლემას წარმოადგენს ბათუმის კონცხიც, სადაც სხვადასხვა მიზეზის გამო ნატანი მასალა ჭარბად გროვდება. ჭარბი ნატანის არსებობა კი, პლაჟის მოწყვეტისა და ზღვის კანიონში ჩაკარგვის მაღალ რისკს შეიცავს.
ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა აქ ნაპირს მოწყდა და ზღვაში მყისიერად დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი.
ბათუმის კონცხზე, ანბანის კოშკისა და იახტკლუბის მიმდებარე პლაჟზე, 40 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანი – ქვიშა-ხრეშია თავმოყრილი. ნატანის ეს მოცულობა დადგინდა ახალი კვლევით, რომელიც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვეთით კერძო კომპანია „ქოსთ დიზაინმა“ ჩაატარა.
პლაჟი ბათუმის კონცხთან
ბათუმის კონცხზე ჭარბი ნატანის არსებობა პლაჟის მოწყვეტისა და ზღვის კანიონში ჩაკარგვის მაღალ რისკს შეიცავს. ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა აქ ნაპირს მოწყდა და ზღვაში მყისიერად დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი.
პლაჟის მოწყვეტის რისკის შესამცირებლად, აუცილებელია ჭარბი ნატანის კონცხიდან გატანა, რისთვისაც შესაბამისი პროექტია საჭირო.
ბათუმის კონცხთან არსებული წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი აკუმულირებული მასალის ამოღების და ავარიულ სანაპირო უბანზე განთავსების პროექტს კვლავ „ქოსთ დიზაინი“ მოამზადებს.
კომპანია მოამზადებს ასევე სამუშაოების გეგმას, დაადგენს სანაპირო ზოლის ავარიულ უბნებს, სადაც კონცხთან ამოღებულ მასალას ჩაყრიან, დაადგენს სამშენებლო სამუშაოების მოცულობებს და შეადგენს ხარჯთაღრიცხვას.
ბათუმისპლაჟების შესანარჩუნებლად ხრეშის ხელოვნურად შეტანა სანაპიროზე ყოველწლიურად იქნება აუცილებელი. რა მონაკვეთისთვის იქნება საკმარისი კონცხიდან ამოღებული 40 ათასი კუბური მეტრი ხრეში და როდის დაიწყებენ მის ამოღებას, ეს მიმდინარე პროექტირების ეტაპზე გაირკვევა.
„ქოსთ დიზაინთან“ აჭარის გარემოს სამმართველომ ხელშეკრულება 2023 წლის 24 მარტს გააფორმა 41 700 ლარზე. პირველი ეტაპი იყო კვლევა ჭარბი ნატანის დასადგენად, რაც დასრულდა და რაშიც უკვე დაიხარჯა 21 ათასი ლარი, ახლა კი, სამმართველოს ინფორმაციით, დაწყებულია მეორე ეტაპი, რაც ჭარბი ნატანის ამოღებისთვის საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას ითვალისწინებს.
ხელშეკრულების დეტალების სანახავად გადადით ამ ბმულზე:
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა, ბათუმში კრიპტოვალუტით მოვაჭრე ოფისები შესამჩნევი გახდა. ბათუმში უკვე არაერთ paybox-ს ნახავთ, სადაც შეგიძლიათ კრიპტოვალუტა გაანაღდოთ ან სხვა ფინანსური ოპერაცია შეასრულოთ.
არის თუ არა ამ ოფისების საქმიანობა ლეგალური საქართველოში და აქვს თუ არა რაიმე სარგებელი ამით ქართულ ეკონომიკას, ლარს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კრიპტოენთუზიასტებს, გიორგი კოშორიძესა და ნიკოლოზ მუსერიძეს ესაუბრა.
კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ოფისი ბათუმში
გიორგი კოშორიძე კრიპტოპლატფორმის დამფუძნებელია. მისი თქმით, ციფრულ ვალუტაზე დღეს ნაკლები ინფორმაცია აქვს საზოგადოებას, ამიტომ კრიპტოენთუზიასტები ცდილობენ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ციფრული ფულის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
ჩვენ მას ვკითხეთ, უკავშირდება თუ არა კრიპტოვალუტის მიმოქცევის გაზრდა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას და რა საფრთხე შეიძლება ახლდეს ამ ყველაფერს.
გიორგი კოშორიძის თქმით, ომის შემდეგ რუსეთიდან ვალუტის გამოტანა შეფერხებულია ან ცუდი კურსით ხდება მისი გადაცვლა, ამიტომ რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ, რუბლი კრიპტოვალუტით ჩაანაცვლონ.
„ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში, დაინახეს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც შეეძლოთ კრიპტოს შესყიდვა, გადაერიცხათ რუბლი და მიეღოთ კრიპტო-დოლარი. შესაბამისად, გაცვლითი კურსის სხვაობამ გამოიწვია ეს ბუმი, რადგან რუსეთის მოქალაქეებს ეს საშუალებას აძლევს, რუსეთშივე იშოვონ ფული კურსთა შორის სხვაობაზე“-განმარტავს გიორგი კოშორიძე.
გიორგი კოშორიძე
რაც შეეხება საქართველოში მომრავლებულ კრიპტოოფისებს, მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს ოფისები რუსეთის მოქალაქეების მიერ არის დაფუძნებული.
„ეს ბაზარი დღეს საქართველოში იყოფა ორ ნაწილად – ისინი, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან კრიპტოპლატფორმებზე და ისინი, რომლებიც ამის გარეშე ვაჭრობენ.
ეროვნული ბანკი ცდილობს, რეგულირებული გახადოს ეს სფერო, ამიტომ პირველ იანვარს უკვე მიიღო კანონმდებლობის პირველი ნაწილი, მეორე ნაწილი კი პირველ ივლისს უნდა შევიდეს ძალაში, რომლის მიხედვით, კრიპტოკომპანიებმა ლიცენზიის პირობები უნდა დააკმაყოფილონ.
ლიცენზიის პირობების მიხედვით, ამ კომპანიებმა საკუთარი მომხმარებლების გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყონ.
შესაბამისად, უნდა შეისწავლონ, არიან თუ არა ეს ადამიანები, ვთქვათ, სანქცირებულთა სიებში, შეისწავლონ თანხების წარმომავლობა, რითიც ისინი კრიპტოს იძენენ და მოკლედ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციები უნდა დააკმაყოფილონ“ – ამბობს გიორგი კოშორიძე.
მისი თქმით, აქ ერთვება ბანკების ფაქტორიც, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ ითანამშრომლონ კრიპტოსთან, ამიტომ ამას მოჰყვა კრიპტოს მიმოქცევა უკონტროლო ნაწილში, სადაც ტრანზაქციების მიკვლევადობა პრობლემურია და „ვინ ვისთან გაცვალა კრიპტო, ამის აღრიცხვა, როგორც წესი, იქ არ ხდება“ – ამბობს გიორგი კოშორიძე.
რა შემთხვევაშია კრიპტოს მიმოქცევა არალეგალური?
გიორგი კოშორიძის თქმით, სანამ არ არსებობს კრიპტოს ვაჭრობასა და წარმოებაზე რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია, მანამდე ეს ყველაფერი ლეგალურია.
„ის პლატფორმები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან, ლეგალურად საქმიანობენ და ვინც არ არის რეგისტრირებული, სავარაუდოდ, იქნებიან უკონტროლო მიმოცვლაში და ამ მხრივ ვერ გეტყვით რა სიტუაცია გვაქვს საქართველოში. სავარაუდოდ, ისინი თანამშრომლობენ რუსეთის მოქალაქეებთან“ – ამბობს გიორგი კოშორიძე.
მსგავსი სტიკერები შეგხვდებათ ბათუმში არაერთ ადგილზე.
საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ თუ არა კრიპტოვალუტით სანქცირებული პროდუქციის შეძება და მიწოდება რუსეთში და რა ზიანი შეიძლება ამან მიაყენოს საქართველოს? – ვკითხეთ მას.
„ამაზე ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს, ზუსტად ისეთივე რისკია, როგორც ჩვეულებრივი ფულის მიმოქცევის შემთხვევაში შეიძლება იყოს. ფულადი შემოდინებები კი, პირიქით, ლარს ამყარებს ამ შემთხვევაში და ეროვნული ბანკი თვითონაც განიხილავს, რომ ორ წელიწადში ქართული ლარის ციფრული ნაწილი უნდა გამოვიდეს მიმოქცევაში.
ნებისმიერ ქვეყანას, დაახლოებით ორი-სამი წლის პერსპექტივაში, თავისი ციფრული ვალუტა ექნება.
თუ ეს არის კონტროლირებადი და გადამცვლელმა იცის ვისთან ცვლის კრიპტოს, მაშინ ნაკლებად საფრთხის შემცველია, სხვა შემთხვევაში კი კრიპტო არის ისეთივე პროდუქტი, როგორც ნებისმიერი სხვა.
თუ ხვალ ეროვნული ბანკი დააწესებს შეზღუდვებს, რომ მაგალითად, რუსული წარმომავლობის კომპანიას არ უნდა მივყიდოთ კრიპტო და ამის აღსრულების მექანიზმსაც შექმნის, ოპერატორები სავარაუდოდ აღარ მოემსახურებიან ასეთ ტრანზაქციებს. მაგრამ დღეს რომ რუსებთან ბიზნესი არ აკეთონ, ასეთი აკრძალვა არ არის.
ეს ფული საბანკო სექტორით შემოდის საქართველოში და სანქცირებული ფული რომ იყოს, საბანკო სექტორის გავლით ვერ შემოვიდოდა. უბრალოდ, რადგან დრამატულად გაიზარდა კრიპტოს მოცულობა საქართველოში, ამიტომ არის რაღაც რეგულაციები საჭირო“ – მიიჩნევს გიორგი კოშორიძე.
მისი თქმით, თუ კრიპტოს გამყიდველები რეგულირების სფეროში მოექცევიან, ამ რეგულირების გვერდის ავლა იქნება კრიმინალი. რაც შეეხება შავ ბაზარს, ეს ისევე შეიძლება არსებობდეს ციფრული ფულის შემთხვევაში, როგორც სხვა შემთხვევაში.
„თუ კრიპტომოვაჭრე ბირჟაზე არ არის დარეგისტრირებული, ვერავინ გაარკვევს ტრანზაქცია საიდან და ვის მიერ განხორციელდა.
მაგრამ თქვენ ხომ რაღაც ეტაპზე დაგჭირდებათ ნამდვილი ფული აქციოთ კრიპტოდ და კრიპტო აქციოთ ნამდვილ ფულად? რეგულირების შემთხვევაში არსებობს ორი გზა, პირველი ის, რომ ეს გაცვალოთ იმ კომპანიასთან, რომელიც რეგულაციებით მოქმედებს და ამ შემთხვევაში თქვენ შესახებაც გაჩნდება ინფორმაცია, რომ ციფრული აქტივი გაცვალეთ ნაღდი ფულის სანაცვლოდ და მეორე – სწორება გააკეთოთ შავ ბაზარზე, რაც, ბუნებრივია, კრიმინალია და ამასთან ბრძოლა შესაძლებელია და წარმატებითაც მიმდინარეობს ბევრ ქვეყანაში“ – ამბობს გიორგი კოშორიძე.
კრიპტოვალუტის აპარატები ბათუმში
რატომ არის ციფრული ფული მოსახერხებელი? – როგორც გიორგი კოშორიძე ამბობს, კრიპტოვალუტის მიმოქცევისას სწრაფად ხდება აქტივების გაცვლა, რაც ეხმარება ეკონომიკის აჩქარებას. ასევე, ბევრად ნაკლებია მომსახურების საკომისიო, ვიდრე საბანკო სფეროში, რაც მიკროტრანზაქციებზე დადებითაც აისახება.
„დღეს დაახლოებით 10-დან 20 პროცენტამდე საკომისიოს გადახდა უწევს ადამიანს ბანკისთვის. 10-ლარიან გადასახადში როგორ შეიძლება 1 ლარი გადარიცხვის საკომისიო დააწესოს ბანკმა? ციფრული ფულის შემთხვევაში იქნება უფასო ან რამდენიმე თეთრამდე იქნება დაყვანილი.
როცა ციფრული ფულის მომსახურე ოპერატორები მხოლოდ ბანკში აღარ იქნებიან და კომპანიებიც იმუშავებენ, ეს გაზრდის კონკურენციას ამ სექტორში და ტრანზაქციებიც იქნება უფრო იაფი“ – მიიჩნევს ის.
კრიპტოვალუტით უძრავი ან მოძრავი ქონების შეძენისას, ან სხვა ოპერაციების შესრულების დროს, დაიბეგრება თუ არა პირი?
როგორც გიორგი კოშორიძე გვეუბნება, კრიპტოვალუტით ვაჭრობის შემთხვევაშიც, საბოლოოდ, თანხის აკუმულირება მაინც ლარში ხდება, შესაბამისად, ლარი დაიბეგრება.
„მაგალითად, სამშენებლო კომპანიას შეეძლო მიეღო კრიპტოაქტივი ბინის სანაცვლოდ. როცა კრიპტოაქტივს მიიღებს, ხომ უნდა ასახოს თავის ბალანსში?
შესაბამისად, მას უწევს კრიპტოგადამცვლელთან მისვლა და ლარში გადახურდავება. როცა ეს თანხა აისახება მის ანგარიშზე, შესაბამისად, საშემოსავლოს გადახდაც მოუწევს“- ამბობს ის.
მას შემდეგ, როცა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები ამოქმედდება, კომპანია ვეღარ მიიღებს კრიპტოს, ციფრული ფული აისახება ციფრული აქტივების მომსახურე პლატფორმაზე და ამის შემდეგაისახება ეს თანხა ლარში კომპანიის ანგარიშზე.
გიორგი კოშორიძის თქმით, იმ კომპანიებს, რომლებიც პირველ იანვრამდე ვაჭრობდნენ კრიპტოვალუტით, ეროვნულმა ბანკმა მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა – „როგორც კი დაიდება ლიცენზირების პირობები, მერე მიეცემათ ამ კომპანიებს 3-თვიანი ვადა, რომ ლიცენზია აიღონ“.
„ბათუმელები“ ამ თემაზე კიდევ ერთ კრიპტოენთუზიასტს ნიკოლოზ მუსერიძეს ესაუბრა. ის გიორგისგან განსხვავებით კრიტიკულადუყურებს სახელმწიფოს მხრიდან კრიპტოვალუტის რეგულაციაში მოქცევის მცდელობას.
ნიკოლოზ მუსერიძე
მისი აზრით, კრიპტოვალუტის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ მას აქამდე ვერ აკონტროლებდა სახელმწიფო და მოქალაქეებს შეეძლოთ გვერდი აევლოთ მაღალი გადასახადებისთვის.
„ბუნებრივია, ბანკებს არ მოსწონთ, რომ კრიპტოკომპანიები მათი გვერდის ავლით მუშაობენ და ახლა ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციით ცდილობენ რეგულაციებში ჩაებან.
მე იმიტომ მომწონს ციფრული ფული, რომ მირჩევნია პირდაპირ ვივაჭრო მეორე პირთან და მესამე პირი არ ჩავრთო ამაში, რომელიც ხვალ-ზეგ როგორ შემოგვიტრიალებს ამ ჩვენს გარიგებას, არავინ იცის“- ამბობს ნიკოლოზ მუსერიძე.
მისი თქმით, კრიპტოს იდეაა ის, რომ ფული უნდა იყოს დამოუკიდებელი.
„სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, დიდი რაოდენობით ფული დაბეჭდოს, რაც იწვევს ჩვენნაირი ადამიანების გაღარიბებას. ამიტომ გაჩნდა კრიპტოვალუტა. ეს პროცესი, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ცხადია, გამოწვეულია იმ საბანკო სისტემის ხარვეზით, რომელსაც ვაწყდებით ყველა ქვეყანაში.
მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომი რომ დაიწყო, ბევრი რუსი შემოვიდა ქვეყანაში. მათ სახელმწიფო არ აძლევდა შესაძლებლობას, საკუთარი ფული წამოეღოთ, ბანკებიც აცხადებდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდებოდნენ და ამ ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა მათი კუთვნილი ფული გამოეყენებინათ. ამიტომ ახურდავებდნენ ამ ფულს კრიპტოში და ასე წამოვიდა ფულის ნაკადიც.
რადგან ბანკებმა ძალიან დიდი პროცენტები წაიღეს განაღდებაში, ამიტომ გაჩნდა ეს სავალუტო ჯიხურებიც ბაზარზე და დაიწყეს ფულის შოვნა. ემსახურებიან ამ ხალხს საკომისიოს სახით.
ბიტკოინის უპირატესობა ის არის, რომ მე თუ მაქვს, ვთქვათ, ფეხსაცმელი გასაყიდი, გავყიდი, მაგრამ არ გადავიხდი გადასახადებს“- ამბობს ნიკოლოზ მუსერიძე.
თუკი გადასახადებს არავინ გადაიხდის, ეს ხომ დაასუსტებს სახელმწიფოს? – ამ კითხვაზე ნიკოლოზ მუსერიძემ კითხვითვე გვიპასუხა:
„საფულეს რატომ ვხმარობთ? ესეც სწორედ აქედან მოდის, რომ ჩვენი ფული უნდა იყოს ჩვენთან. დღეს ფული, რომელიც ბანკის ანგარიშზე გაქვთ, თქვენი არ არის. ეს არის ბანკის და ნებისმიერ დროს შეუძლია შეგიზღუდოს მასზე წვდომა.
ციფრულ ფულთან დაკავშირებით კი, რუსეთს, ჩინეთს, აშშ-ს ყველას ერთად რომ მოუნდეს თავდასხმა, ვერაფერს გახდებიან.
თუ იმაზეა საუბარი, რომ რუსეთის მოქალაქეები რაიმე უკანონო ქმედებას ჩაიდენენ ამ ფულით, კრიმინალისგან არავინ არ არის დაზღვეული.
დუმის წევრებსაც აქვთ კრიპტოვალუტა და ბუნებრივია, ამას გამოიყენებენ ომის პირობებშიც.
პუტინი ამბობდა, რომ ჩვენ არ მივიღებთ კრიპტოვალუტასო, მას გეგმა ჰქონდა, რომ ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი შექმნიან ახალ ფინანსურ სისტემას, სადაც ვაჭრობა არ იქნება დოლარში. მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ამიტომ სანქცირებული პუტინი, ბუნებრივია, გამოიყენებს კრიპტოვალუტას ომის დროს, რადგან კრიპტოვალუტის კონტროლი არავის შეუძლია, ეს არის ფული, რომელიც არ კონტროლდება“ – ამბობს ნიკოლოზ მუსერიძე.
მისი აზრით, კრიპტოვალუტის შექმნის იდეა იყო – ფული შეიცვალოს და უკეთესი გახდეს.
„როცა ფული ფუჭდება, ფუჭდება აბსოლუტურად ყველაფერი – პროდუქცია, ხარისხი, ჯანდაცვა, განათლების სისტემა და ა.შ. ციფრული ფული კი არ ფუჭდება.
ეროვნული ბანკი კი იგონებს რეგულაციებს და ჩვენ გვეზრდება გადასახადები, როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა ცხოვრება? ესენი კი ამ გადასახადებით იკვებებიან.
კრიმინალი სულ იყო და იქნება, ნარკოტიკს ყიდულობენ და სულ იყიდიან, დანაშაულიც სულ მოხდება. მაგრამ თუკი 8 მლრდ ადამიანი ადაპტაციას გაივლის და ბიტკოინში იქნება, რატომ იქნება ეს პრობლემა?! ჩვენი მიზანია, რომ ფული უკეთესი გახდეს“ – ამბობს ნიკოლოზ მუსერიძე.
„სიმწრის მეტი არაფერი მინახავს. შიმშილობა, შიში – რა ვიცი, რა არ გამოვცადეთ.
კოშმარივით მახსენდება ის 15 დღე, ეშელონით რომ მივყავდით შუა აზიაში. არავის არ ვუსურვებ ასე ცხოვრებას.
მგზავრობა იმდენად მძიმე იყო, რომ ხალხი იხოცებოდა. ყველა გაჩერებაზე, ძირითადად, პატარა ბავშვები, გადმოჰყავდათ ვაგონებიდან და სადღაც მინდორში, სასწრაფო მანქანებით მიჰყავდათ. სად მარხავდნენ, რას შვრებოდნენ, არ ვიცი. ამ ყველაფერს ვუყურებდით.
ვერ უძლებდა ხალხი. მოხუცები და პატარა ბავშვები ძირითადად. ეს გააკეთა სტალინმა. და მე სულელი ვტიროდი, სტალინი რომ მოკვდა,“ – 86 წლის ჯულიეტა (მერი) ლომთათიძე ასე იხსენებს გასული საუკუნის ყველაზე სასტიკ რეპრესიებს, რომელიც სტალინის სახელს უკავშირდება.
ჯულიეტა ლომთათიძე 1937 წელს დაიბადა ბათუმში. დედა ბერძენი ჰყავდა, მამა – ქართველი. 1949 წლამდე, სანამ შუა აზიაში გადაასახლებდნენ, ბათუმში ცხოვრობდნენ. პროფესიით პედაგოგია, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
გადასახლებიდან დაბრუნებულმა უმაღლესი განათლება მიიღო და 1962 წელს მუშაობა ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში დაიწყო მასწავლებლად.
თუმცა სანამ მისი კარიერული აღმასვლა დაიწყებოდა, ჯულიეტამ და მისმა ოჯახმა შიმშილის, გაჭირვებისა და რეპრესიების რთული წლები გაიარა.
„ბათუმელები“ გთავაზობთ ჯულიეტა (მერი) ლომთათიძის მოგონებას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არსებული სტალინური რეპრესიების შესახებ, როცა ათიათასობით უდანაშაულო ოჯახი საკუთარი სახლებიდან აყარეს და მათთვის უცხო, კლიმატურად რთულ რეგიონებში გადაასახლეს.
ჯულიეტა (მერი) ლომთათიძე:
„დავიბადე 1937 წლის 13 ივლისს ბათუმში. დედაჩემი ბერძენი იყო, ვალენტინა მეტაქსა, მამა ქართველი – ვლადიმერ ლომთათიძე.
ერთმანეთი ჩაქვში გაიცნეს. დედაჩემს პედაგოგიური ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული და ჩაქვში მუშაობდა მასწავლებლად. მამაჩემი მძღოლად მუშაობდა ჩაქვში. შეუყვარდათ ერთმანეთი და მშობლების ნებართვის გარეშე გაჰყვა მამაჩემს დედაჩემი. ცხოვრობდნენ ბათუმში.
1937 წელს მე დავიბადე. მერე გაჩნდა ჩემი ძმა ლაზარე, მაგრამ ის ცოტა ხანში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
ომის დაწყებამდე, 1941 წელს, დაიბადა ჩემი ძმა, გედევანი.
ამ დროს, 1941 წელს, მშობლები უკვე ცხოვრობდნენ ბათუმში, მამა მძღოლად მუშაობდა, დედა ჩვენ გვზრდიდა. ომი რომ დაიწყო, მამაჩემი, ვალიკო გაიწვიეს ჯარში.
დავრჩით დედა და ორი ბავშვი. დედა უმუშევარი, ჩვენ – პატარები. სამსახური არ ჰქონდა, ან რას იშოვიდა? ძალიან გაგვიჭირდა.
კარგი მეზობლები გვყავდა – შეიკრიბებოდნენ ერთად, ვისაც რა ჰქონდა, ერთად მიჰქონდათ მატარებლით სამტრედიაში ან ოზურგეთში, იქ ცვლიდნენ პროდუქტზე და ჩამოჰქონდათ ჩვენთან.
ჩვენ, ბავშვებს, გვტოვებდნენ მეზობლად ერთ ოჯახში. დედაჩემს ჰქონდა ძალიან ბევრი კარგი ნივთი, რომლებსაც პროდუქტში ცვლიდა. როცა ბებიაჩემი, დედაჩემის დედა, საბერძნეთში წავიდა, ძალიან ბევრი კარგი ნივთი დაუტოვა.
ისინი (დედაჩემის ოჯახი) 1939 წელს წავიდნენ. მაშინ ბერძნები ან საბერძნეთში უნდა წასულიყვნენ, ან გადასახლებაში. ბებია წავიდა მოსკოვში, გააკეთა საბუთები დედაჩემის და ჩემი – ნებართვა საბერძნეთში წასვლის.
ჩამოუტანა საბუთი და უთხრა – აი, შვილო, საბუთი, გინდა, წამოდი შენ და შენი შვილი ჩემთან ერთად, გინდა, დარჩი შენს ქმართანო.
დედამ არჩია ქმართან დარჩენა და დარჩა მამაჩემთან. ისინი კი წავიდნენ საბერძნეთში.
მათი წასვლის შემდეგ, სანამ ომი არ დამთავრდა, აბსოლუტურად არაფერი არ იცოდა დედაჩემმა მათ შესახებ – რა ქნეს, როგორ მოეწყვნენ.
ისინი ძალიან კარგად წავიდნენ აქედან – ბევრი ოქრო ჰქონდათ. ჩემი ბიძები ისეთი მოხერხებულები იყვნენ, სკამებში დამალეს ოქრო და ასე გაიტანეს, იმით ააშენეს საბერძნეთში გალანტერიის ფაბრიკა და ცხოვრობდნენ გადასარევად.
1941 წელს დაიწყო ომი. ოზურგეთსა და სამტრედიაში ცვლიდნენ დედაჩემი და ჩვენი მეზობლები ნივთებს საკვებზე. სანახევროდ მშივრები ვიყავით. თუ რამე კარგი ჰქონდა დედაჩემს, ნივთები, ოქროულობა, ყველაფერი ასე გადაცვალა საჭმელში, რომ ჩვენ გადავერჩინეთ.
მახსოვს, მამაჩემი მძღოლად მუშაობდა ომში. იცინოდა – ისე დავამთავრე ომი, ერთი გერმანელი არ მომიკლავს და ალბათ მეც ამიტომ გადამარჩინა ღმერთმაო.
ერთ დღეს, მგონი, ეს იყო 1942 წელი, ზუსტად არ მახსოვს, შემოთვალა – საქართველოში მოდის ჩვენი ნაწილიო, სამტრედიაში ვიქნებით ამა და ამ დღესო, კარტოფილი მომაქვს თქვენთვისო. წავედით მე, დედა და ჩემი ძმა სამტრედიაში. რკინიგზაზე გავედით და ვუცდიდით, როდის გაივლიდა და ჩამოდგებოდა ეშელონი სამხედროებით. ორად ორი წუთი გაჩერდა მატარებელი. გამოჩნდა მამაჩემი – ხელს გვიქნევდა.
ერთი ტომარა კარტოფილი გადმოგვიგდო ვაგონიდან. ეს ერთი ტომარა წამოვიღეთ, მაგრამ ისეთი შიმშილობა იყო და ისე ეხათრებოდა დედაჩემს – მეზობელი მშიერიაო, ფარდას ჩამოვაფარებდით ხოლმე ფანჯარაზე და ისე ვჭამდით იმ კარტოფილს.
ასე გავატარეთ ომის პერიოდი.
შემდეგ დამთავრდა ომი და ჩამოვიდა მამაჩემი ვალიკო ომიდან უვნებელი. დაიწყო მუშაობა ისევ მძღოლად და მოვითქვით სული.
ამასობაში დაიწყეს ბერძნების გადასახლება.
არ ვიცი, რა იყო მიზეზი – ალბათ მოღალატეებად მიაჩნდათ.
დედაჩემს კი ჰქონდა საბჭოთა პასპორტი, მაგრამ მაინც ელოდა, რომ გადაასახლებდნენ.
ჯულიეტა (მერი) ლომთათიძე მშობლებთან და ძმებთან ერთად
გადასახლება რომ დაიწყო, ზაფხულში, ერთ ღამეს მოგვადგნენ სამხედროები, 4-5 კაცი თავიანთი მეთაურით. ის მეთაური აღმოჩნდა ისეთი კარგი კაცი, ისეთი გულჩვილი, დიდი ბოდიშით შემოვიდნენ სახლში, ჩვენ არც ერთს არ გვეძინა. მეზობლები ჩვენთან იყვნენ.
უნდა გადაგასახლოთო, ვალიას, დედაჩემს უთხრა. თან გააფრთხილა – თუ რამე ჭურჭელი გაქვს, მოიმარაგე ამ ჭურჭელში წყალიო. მეზობლები გაიქცნენ, მაშინ ხის ბალონები იყო და ეს ჭურჭელი მოიტანეს სავსე წყლით.
მამაჩემი, ვალიკო, მძღოლი ხომ იყო. ისიც იყო ჩართული ამ მობილიზებაში, მანქანით გადაჰყავდა მასაც გადასახლებული ბერძნები. იმ კაცმა გაიგო ვალიკოზე, მოიძია მამაჩემი, მოიყვანა სახლში და თავისი მანქანით წაგვიყვანა ვალიკომ ჩვენ ეშელონზე.
წაყვანამდე ვალიკომ დედაჩემს უთხრა – შენ მარტო რომ წახვიდე, ბავშვების გარეშე გაგიჟდებიო, ვერ გადაიტანო. წაიყვანე ბავშვები და მე გეპატრონებით თქვენო. მართლაც ჩაგვწერეს მე და ჩემი ძმა სიაში.
ასე მოგვიყვანეს ბათუმში, სატვირთო სადგური იყო დიდი ეშელონების. საქონელი რომ გადაჰყავდათ დახურული ვაგონებით და მარტო პატარა ფანჯრები რომ ჰქონდათ, აი, მანდ შეგვყარეს. ამ კაცმა იმდენი ქნა, რომ მონახა დედაჩემის, ვალიას მამიდები, მამიდაშვილები, ბერძნები და ერთ ვაგონში შეგვყარეს ყველა. მახსოვს კადრი – ბარგი დაწყობილი, ხალხი ზემოთ დამსხდარი და სამხედროები კარებთან დარაჯად.
ორი დღე ვიდექით ასე ბათუმში.
ჩამოვიდნენ ჩემი მამიდები ჩაქვიდან – რას კიოდნენ, რას წიოდნენ, როგორ გვეძებდნენ ამ ვაგონებში. 7 თუ რვა ვაგონი იყო, მატარებელი ჩამომდგარი. ვარდო მამიდა ცუდად გახდა.
ასე წაგვიყვანეს.
ვაგონის კარებს მხოლოდ უკაცრიელ ადგილებზე აღებდნენ. გააღებდნენ კარებს და დაიძახებდნენ: „სლიზაიწე“ (ჩამოძვერით)… ტუალეტში ვინ სად დარბოდა, ვინ რას შვრებოდა… მერე დაიძახებდნენ – „პა ვაგონამ“ (ვაგონებში) და მწკრივში ჩამდგარი სამხედროების თანხლებით ისევ ავდიოდით ვაგონებში და მივდიოდით.
მთელ ვაგონს ჰყოფნიდა ჩვენი წყალი. ბოლოს გაგვიფუჭდა, იმდენი ჭურჭელი გვქონდა წაღებული და გზიდან ვყრიდით ბალონებს.
სად მივყავდით, არაფერი ვიცოდით. ზოგს ეგონა, რომ წაგვიყვანდნენ და დაგვხვრეტდნენ. ზოგს ეგონა, სადღაც გადასახლებაში მივყავართო.
მეთორმეტე დღეს, შუაღამისას, გაჩერდა მატარებელი. ბრძანება გასცეს – ჩამოდით ვაგონებიდან თქვენი ბარგითო.
უდაბნოში ვიყავით. ვიფიქრეთ, რომ ახლა დახვრეტა დაიწყება ამ ხალხის. ჩამოვედი და ვალიას არ ვშორდებოდი. ვიდექით ასე დიდხანს.
ცოტა ხანში გამოჩნდა მანქანები, სატვირთო.
სინათლეები დავინახე. მოვიდნენ. ბერძნები გაანაწილეს ამ უდაბნოს მეურნეობებში. ეს იყო სირდარია და ამუდარია სადაც ერთდება იქ, ბამბის მეურნეობა.
ისე მოაწყვეს, რომ ნათესავები ერთად წაგვიყვანეს მეურნეობაში, რომელსაც პახტა არალი ერქვა.
უდაბნოში, ამ პახტა არალში, იყვნენ გადასახლებულნი ფინელები, გერმანელები და ძალიან ცოტა იყო ადგილობრივი ხალხი.
ირგვლივ სულ ბამბის პლანტაციები იყო. უამრავი შხამიანი გველი, ობობები. წყალი მხოლოდ ერთ საგანგებოდ გათხრილ ხელოვნურ არხში მოდიოდა, რომელსაც მოჰყვებოდა მიწა. დღისით ვერ ისარგებლებდი იმ წყლით.
ღამე გადიოდნენ, რადგან ღამე ნაკლებად ბინძური იყო წყალი. აიღებდნენ, გააჩერებდნენ ჭურჭელში და რომ დაწდებოდა ნახევარი მიწა, ზემოთ რაც დარჩებოდა, იმას გადაადუღებდნენ და ვსვამდით.
ბერძნები შეგვყარეს ყველა ერთ დიდ ბარაკში.
ბარაკი იყო ალბათ ერთი კილომეტრი სიგრძის. ბრეზენტით გადახურული კარვები და იქ ვცხოვრობდით. არ გასულა ცოტა ხანი და დაიწყო მიწისძვრა.
ისე კარგად მახსოვს, ეს იყო 13 ივლისი, ის დღე, როცა 13 წელი შემისრულდა. მიწისძვრა იყო ისეთი, რომ გამოვცვივდით ამ ბარაკიდან. მიწა იხსნებოდა, ისეთი ძლიერი მიწისძვრა იყო.
მერე დაიწყეს მშენებლობა ამ გადასახლებული ხალხისთვის. პატარ-პატარა სახლები, ოროთახიანი ბინები აგვიშენეს.
ისე მოვიდა ზამთარი, კედლებმა ვერ მოასწრო გაშრობა. იქ მკაცრი ზამთარი იცის. ოთახში რომ შეხვიდოდი, კედელი ელავდა ყინვისგან, როგორც ზღაპარში. სულელი ბავშვები ვიყავით – გვეგონა, ოი, ზღაპარში ვართო. სულ ელავდა ეს კედლები და იქ ხის ნარებზე, რაც გვქონდა ქვეშაგებელი, ვწვებოდით იმაზე. ღამე ყინვისგან საბანი კედელს ეკვროდა. ვწეწავდით იმ საბანს და ასე გავატარეთ ერთი წელი.
მეურნეობაში იყო სკოლა და შევედი მეექვსე კლასში იმ სკოლაში. ძირითადად გადასახლებული ხალხი იყო იქ. მამაჩემი, ვალიკო, ორჯერ ჩავიდა ამასობაში მოსკოვში, რომ აეღო ნებართვა და ჩვენ წავეყვანეთ იმ მეურნეობიდან.
მამაჩემმა, ამ უსწავლელმა კაცმა, სამი კლასი ჰქონდა სულ დამთავრებული, მიაღწია იმას, რომ აიღო ნებართვა, ჩვენ, ბავშვები და დედაჩემი გადავეყვანეთ ქალაქში. ვალიკომ წაგვიყვანა ქალაქ ჯამბულში. ჯამბული იყო არაჩვეულებრივი ქალაქი.
ქალაქი რა, ადგილობრივები ცოტა იყვნენ და გადასახლებული ხალხით იყო სავსე.
ბერიას სანათესავო, ამდენი ქართველი, ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ პეტერბურგი) უნივერსიტეტის ლექტორები…
ვსწავლობდი ისეთ სკოლაში, სადაც უბრალო მასწავლებელი არ მყავდა – ან დოცენტი, ან პროფესორი მასწავლიდა. ისეთი განათლება მივიღე, ჩემს ცხოვრებაში მერე მე არსად ისეთი განათლება არ მიმიღია. ქიმიის გაკვეთილი არ ტარდებოდა საკლასო ოთახში – სულ ქარხნებში, ფაბრიკებში გვიტარდებოდა. ბიოლოგიის მასწავლებელს გარეთ დავყავდით, ცხოველებს და გველებს გვაცნობდა. რაღაც საოცარი სწავლა იყო.
ჯულიეტა მერი ლომთათიძე
ისტორიას გვასწავლიდა უნივერსიტეტის პროფესორი კაცი, რომელიც გერმანელი იყო და რუსულად ვერ ლაპარაკობდა. ძლივს აბამდა ორ სიტყვას რუსულად. ისე კარგად შემასწავლა გერმანული, რომ მერე, როცა დავბრუნდი საქართველოში და ოზურგეთში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, გერმანულის გაკვეთილებიც კი მომცეს. მასწავლებელი ავად გახდა და იმიტომ.
ვალიკო ავტობუსზე მუშაობდა. ვიქირავეთ ბინა. ყველაფერი იაფი იყო, მაგრამ იყო ძალიან მკაცრი კლიმატი. ზაფხულში 40-50 გრადუსი სიცხე და ზამთარში 40-50 გრადუსი ყინვა.
სკოლაში დიდი ქეჩის „ვალინკებით“ დავდიოდი, ზემოდან მობმული კანტებით და თოვლში მივსრიალებდი ისე.
გაზაფხულზე, როცა ყინვა დნებოდა, ვალინკებზე კალოშებს ვიცვამდით, რომ წყალი არ შესულიყო.
ასე გავატარეთ გადასახლებაში შვიდი წელი.
გადასახლებაში დაიბადა ჩემი ძმა ნოდარი.
გადასახლებაში დავამთავრე სკოლა. ლენინგრადში მინდოდა სწავლა. საბუთები მქონდა გაგზავნილი, ფარმაცევტულ ინსტიტუტში მინდოდა ჩაბარება, დასტურიც მივიღე, მაგრამ უარი მითხრეს მშობლებმა. ვალიკომ და ვალიამ თქვეს – სად წახვალ შენ, მარტო იქო. არა, არა, არაო. ბათუმში წავიდეთო.
ამასობაში ბათუმში დაბრუნების უფლება მივიღეთ. ჩამოვედით იმ დროს, როცა ქართული საერთოდ არ მახსოვდა.
ხუთებზე დავამთავრე სკოლა, მაგრამ მედალი არ მომცეს, რაკი გადანასახლები ვიყავი. ჩემი ბიძაშვილი, რეზო, მიმყვა ინსტიტუტში საბუთების მისატანად. მაგრამ არ მიიღეს სამდივნოში. ჯერ ერთი, ხუთებზე აქვს სკოლა დამთავრებული და სადაა მედალიო. მერე, მეორე მხარეს ყაზახურ ენაზე არ იყო შევსებული ეს ატესტატი.
რეზო ეხვეწა მდივანს, მისი კურსელი იყო, ნაცნობი, მიიღეო. თუ ჩააბარებს, მერე გამოვითხოვთ იქიდან საბუთებსო. მიიღეს ასე ჩემი საბუთები. ისეთი სიმკაცრე იყო მიღებაზე. მაშინ მექრთამეობა იყო და ძალიან ბევრი გადიოდა ქრთამით.
ისე ჩავაბარე ყველა საგანი, ბოლო გამოცდაზე კომისიაზე გამიყვანეს, გეოგრაფიას ვაბარებდი. საიდან ხარ შენო და რატომ მოდი აქო. ვუთხარი ჩემი ისტორია და ვუთხარი, მინდა დავბრუნდე ჩემს ოჯახში-მეთქი.
ბერძნებს გადასახლების შემდეგ სახლები ჩამოართვეს. ჩვენთვის არ ჩამოურთმევიათ, რადგან მამაჩემი დარჩა აქ და დავბრუნდით ჩვენს სახლში.
ინსტიტუტი დავამთავრე წითელ დიპლომზე.
მოწინავე სტუდენტებს შორის ჩემი სურათიც იყო გამოკრული.
მეორე კურსზე ვიყავი, როცა ჩემი მომავალი მეუღლე, ნუგზარი გავიცანი. ექვსი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. მერე ნუგზარს სამწლიანი ჯარი მოუწია. რომ ჩამოვიდა ჯარიდან, ვალია ძალიან წინააღმდეგი იყო ჩემი გათხოვების, მაგრამ მაინც გავყევი და ასე შევქმენით ოჯახი.
თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. ნუგზარი ბათუმში მუშაობდა, მე ციხისძირში ვმუშაობდი და ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში. მერე წავედით, გადავედით ოზურგეთში, სადაც მიმიღეს პირველ საშუალო სკოლაში და ასე დაიწყო ჩემი კარიერა.
დიდებულად ვიცოდი რუსული ენა, მეთოდიკა. დავიმსახურე ბავშვების სიყვარული. ვინმე თუ მოდიოდა რაიონში, ჩვენს სკოლაში მოჰყავდათ, მერის გაკვეთილს დაესწროსო.
ძალიან ხანმოკლე მქონდა ბედნიერი ცხოვრება ნუგზართან ერთად, როცა შვილები მყავდა, მაგრამ ისიც არ დამცალდა. ჯერ ნუგზარი გარდაიცვალა, მერე – ჩემი შვილი, მერე შვილიშვილი.
ჯულიეტა ლომთათიძე მეუღლესთან და შვილთან ერთად. ფოტო პირადი არქივიდან
რატომ მისტირის ხალხი საბჭოთა კავშირს? რა ვიცი, მე იმის გარდა [საბჭოთა კავშირის] კიდევ სხვა თუ რამე არსებობდა, არ მეგონა. სტალინი რომ მოკვდა, ისე ვტიროდი, ფიზიკის მასწავლებელი რომ შემოვიდა გაკვეთილზე, მკითხა – გოგო, რა გატირებსო? ამ სტალინის გამოა აქ რომ ზიხარ ახლაო. რა გატირებსო?“.
ჯულიეტა ლომთათიძე იხსენებს, რომ ბერძნების გადასახლება მის ოჯახს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე შეეხო.
1939 წელს მისი ბებია და ბიძები საბერძნეთში წავიდნენ. მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, ჯულიეტას ოჯახი – ბიძები ცდილობდნენ თავიანთი დის შესახებ ინფორმაცია გაეგოთ.
„ომის შემდეგ პირველად ჩამოდგა საქართველოში, ბათუმში ბერძნული გემი. უმცროსი ბიძა ისეთი უნარიანი იყო, დაიქირავა ერთი მეზღვაური, მისცა ძალიან დიდი ფული და უთხრა – აი, ამა და ამ ქუჩაზე ცხოვრობს ჩემი და. გამიგე, არის თუ არა ცოცხალი. ბავშვები როგორ არიან, ჩემი სიძე სადაა – ყველაფერი გამიგეო. ეს გემი რომ ჩამოდგა, ვალიას, ეტყობა, რაღაცა წინათგრძნობა ჰქონდა.
დაინახა, ქუჩაში მოდის ბერძენი კაცი და მღერის ბერძნულად. ოღონდ სიმღერა კი არ იყო, არამედ იყო ამბავი – მე ვარ ესა და ეს, გამომგზავნა ამან და ამან და მაინტერესებს ამა და ამ ოჯახის ისტორია. გაიგონა ეს სიტყვები დედაჩემმა.
ეს მეზღვაური ნელ-ნელა მიდიოდა და სტვენდა. არც კი გამოუხედავს სახლისკენ. ნელ-ნელა აიარა. საბჭოთა კაგებე აკონტროლებდა ყველაფერს. უკან რომ ბრუნდებოდა, ვალიამ გამოგვიყვანა მე და ჩემი ძმა აივანზე, დაგვსვა და დაგვიწყო ხმამაღლა საუბარი – ვითომ გვიწყრებოდა. არადა, ამ დროს ამბობდა – ჩვენ ყველანი ცოცხლები ვართ, ვალიკო ომიდან დაბრუნდა ცოცხალი. მისი ამბავი ყველაფერი ხმამაღლა მოუყვა ამ ბერძენს.
ასე პირველად გავიგეთ მაშინ მათი ამბავი ჩვენ და ჩვენი ამბავი მათ.
მეორე კურსზე რომ ვიყავი, 50-იანი წლების ბოლოს, მისცეს ბერძნებს ჩამოსვლის ნებართვა. ბებიაჩემმა ისეთი საბუთები გააკეთა, რომ მისცეს ნებართვა, თავის შვილთან ჩამოსულიყო. ჩამოვიდა ოდესაში გემით და ვალიას შემოუთვალა – ამა და ამ დღეს ვიქნები ოდესაშიო. 1939 წლის შემდეგ არ ჰყავდა ნანახი მშობლები. სულ მეშინოდა, გული არ გაუსკდეს ემოციისგან ვალიას-მეთქი.
იმდენი რამე ჩამოიტანა ბებიამ, იმდენი რამე, ტაქსიში არ ჩაეტია. მახსოვს, 16 დიდი ფუთა გემით ჩამოიტანეს ბათუმში. იმდენი რამე იყო, ვიქირავეთ ავტობუსი და ავტობუსში ჩავაწყვეთ ეს ყველაფერი.
როგორ მეცვა, იცი? ინსტიტუტში კაციშვილს არ ეცვა ისე, იმდენი რამე ჩამომიტანა ბებიამ. ოქროც ჩამოიტანა, იმ ოქროთი სახლი ააშენა მამაჩემმა“.
განვლილ ცხოვრებაზე საუბრისას ჯულიეტა ლომთათიძე ამბობს „ვნანობ, რომ გავჩნდი“.
„ვნანობ, რომ საერთოდ გავჩნდი ამ ქვეყანაზე. ეს ყველაფერი თავიდან რომ გამოსავლელი მქონდეს, ნამდვილად არ მინდა ცხოვრება.
გეუბნებით, რაღაც მოკლე-მოკლე მონაკვეთები მაქვს ბედნიერი ცხოვრების მთელი ამ ხნის განმავლობაში.
ახლა მრცხვენია, რომ ამ წლამდე მოვაღწიე. იმიტომ, რომ ამდენი გაჭირვების გამომვლელს რა მაცოცხლებს? როგორ მიდგას სული? აზრზე არ ვარ“.
9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად, ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება ფილმის „მე და ევროპა“ კინოჩვენება.
დოკუმენტური ფილმი 2022 წელს გადაიღო კინორეჟისორმა გიორგი ქველიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
„ფილმი ოთხ სამიზნე რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს. ეს ფილმი მოგვითხრობს ჩვენს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე,“ – ნათქვამია ოფიციალურ წარდგენაში.
დოკუმენტური ფილმის ჩვენება 9 მაისს „აპოლოში“ 13.45 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ბათუმში დაგეგმილი კინოჩვენების ორგანიზატორები არიან ბათუმის კინოფესტივალი BIAFF-ი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ასოციაცია „TIP“-ი.
9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს აღნიშნავენ.
„ახალ საირმეში“ შეფმზარეულების ინტენსიური გადამზადების კურსები დასრულდა. მასტერკლასებისთვის, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოში მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფი მატეო სივერო და გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტი ჯოვანი ტუჩი ჩამოვიდნენ. თანამედროვე იტალიური სამზარეულოს ტექნიკებს 20-ამდე მოქმედი მზარეული და შეფი გაეცნო. კურსი მთლიანად იტალიურ სამზარეულოზე იყო აგებული და მოიცავდა როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე რეცეპტებს.
„ახალ საირმეში“ 27-29 აპრილს მასტერკლასები მატეო სივერომ გამართა. მიშლენის ვარსკვლავის მქონე ყველაზე ახალგაზრდა შეფმა მონაწილეებს მოლეკულური სამზარეულოს ტექნიკები გააცნო.
მატეო სივერო, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფი: „მიხარია, რომ იტალიური სამზარეულოს მიმართ საქართველოში დიდი ინტერესია და ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომეცა. შეხვედრებისას მოლეკულური სამზარეულოს საფუძვლების, ასევე იტალიურ სამზარეულოში ახალი ტექნოლოგიების შესახებ ვისაუბრეთ და ეს ტექნიკები პრაქტიკაშიც გამოვცადეთ. მოხიბლული ვარ აუდიტორიით, მსმენელები დიდ ინტერესს იჩენდნენ მოლეკულური სამზარეულოს მიმართ და შეხვედრები ძალიან ინტერაქციული იყო“.
18-22 აპრილს კი „ახალ საირმეში“ გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტის, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნების შეფისა და მენეჯერის — ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი გაიმართა. გამოცდილი შეფის ინტენსიური კურსი ანტიპასტას, პასტას, სოუსების, ხორცისა და დესერტის მომზადების ტექნიკების შესწავლას მოიცავდა.
ჯოვანი ტუჩი, გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტი: „საირმეში უკვე მეორედ ჩამოვედი და მოხიბლული ვარ კურორტით, რომელსაც არაჩვეულებრივი ბუნება აქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიას ამ ინიციატივისა და შესაძლებლობისთვის, რომ იტალიური კერძების მომზადების ტექნიკები გავუზიარო ახალგაზრდა შეფებს. მასტერკლასების ფარგლებში გავიარეთ სხვადასხვა ტრადიციული და თანამედროვე იტალიური კერძის მომზადების ტექნიკები. ვფიქრობ, ეს ცოდნა და გამოცდილება მათ ძალიან გამოადგებათ მომავალში“.
იტალიური სამზარეულოს მასტერკლასებში მონაწილე 20 მოქმედ შეფს სერტიფიკატები გადაეცა. პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით 15 შეფი გადამზადდა იმერეთის რეგიონიდან.
გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „მიშლენის შეფების მასტერკლასები ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონში ინდუსტრიის განვითარებისათვის. საქართველოსთვის უპრეცედენტოა ის ფაქტი, რომ თავად მიშლენის შეფებმა გამართეს ტრენინგები და ეს მონაწილეებისთვისაც დიდი მოტივაცია იყო. იმ შეფებს, რომლებმაც ეს კურსი გაიარეს და უნიკალური გამოცდილება მიიღეს, შანსი მიეცათ, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში დაიმკვიდრონ თავი“.
მარიამ დევიძე, DMO იმერეთის ხელმძღვანელი: „მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, იტალიური სამზარეულოს ტექნიკები პროფესიონალი იტალიელი შეფებისგან შეესწავლათ. ეს ნიშნავს, რომ უკვე დღეს შეგვიძლია მივიღოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი ჩვენს რესტორაციებში, რაც, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ვფიქრობ, ეს წარმატებული თანამშრომლობა „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიასთან“ მომავალშიც გაგრძელდება“.
იტალიელი შეფების მასტერკლასებთან ერთად, მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა „ახალი საირმის“ შეფმა კახა ციკოლიამ, რომელსაც იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის 15-წლიანი სტაჟი აქვს.
ეს მასშტაბური პროექტი – იტალიური სამზარეულოს მასტერკლასები, რომლებიც „ახალ საირმეში“ ჩატარდა, რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. მსგავსი აქტივობები „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ ორგანიზებით მომავალშიც გაიმართება.
„საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია“2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან: ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.
სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, „სუ-შეფი“. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება და მას უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორები.
2020 წელს „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ“ შვეიცარიულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც აკადემიის სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მისცა. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა პროფესიული გადამზადების პროგრამა „სასტუმროს ოთახების მართვა“.
მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ ორგანიზებით ხორციელდება.
განათლების მინისტრის ბრძანებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სკოლებს დამატებითი ფინანსები გამოეყოფათ სკოლის მასწავლებლების ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისთვის.
აგრეთვე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების წარმოშობის შემთხვევაში.
საჯარო სკოლა ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამინისტროს, რომელიც სკოლას ბრძანების საფუძველზე გამოუყოფს დამატებით ფინანსებს.
აღნიშნული ინფორმაცია უნდა განთავსდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
ამავე ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლებს ასევე გამოეყოფათ დამატებითი ფინანსები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საპენსიო შენატანზე. დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.
რუსეთში, ციმბირსა და ურალში, ტყის ხანძარი გაჩნდა. „ბიბისის“ ცნობით, ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 60 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა.
ხანძარი მოედო დასახლებულ ადგილებსაც. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ წერს, რომ კურგანის რაიონში 300-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 3900 შენობა განადგურდა ხანძრის შედეგად.
ხანძარი შენობიდან შენობაზე გავრცელდა და დიდი ტერიტორია მოიცვა.
მედიის ცნობით, რამდენიმე დღეა რუსეთის ამ რაიონში 60 ბუნებრივი ხანძარი დაფიქსირდა, მათ შორის, 13 – მასშტაბური.
ლიტერატურულმა პრემია „საბა“ მესამე ათწლეულში გადასაბიჯებლად ემზადება. 21-ე „საბას“ აღსანიშნავად პრემიის საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა მკითხველები ლიტერატურული დღესასწაულის უშუალო თანამონაწილეებად ექცია და მათ განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა.
„საბა“ 2023-ს ახალი ნომინაცია – „მკითხველის საბა“ დაემატა. მის მფლობელს მკითხველთა ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. ჟიური იმ ადამიანებისგან დაკომპლექტდება, რომლებმაც აპლიკაცია SABA Reader-ში ყველაზე მეტი დრო დაუთმეს კითხვას, ისინი გამარჯვებულს „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში გამოავლენენ.
შერჩევის პროცესი დღეიდან აიღებს სტარტს. ყველაზე აქტიური მკითხველების სტატისტიკა აპლიკაცია SABA Reader-ში „მკითხველის საბას“ გვერდზე მოიყრის თავს. „მკითხველის საბას“ ჟიურის 5 წევრის ვინაობას 9 აგვისტოს გავიგებთ. ჟიური გამარჯვებულს დებიუტის მოკლე სიიდან ხმათა უმრავლესობით გამოავლენს. ტრადიციულად „საბას“ ჟიურის მსგავსად გაიმართება მკითხველთა ჟიურის სხდომები, მათი მუშაობის პრინციპებიც იგივეა. მკითხველების ჟიური თავის რჩეულს პრემიას შემოდგომით, საბა 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცემს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე „მკითხველის ჟიურის“ წევრი, გადმოწერე აპლიკაცია SABA Reader-ი, იკითხე ბევრი და გახდი საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრი.
შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ხალხმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნაციზმზე გამარჯვებაში 1945 წელს და დაამარცხებს რაშიზმსაც.
ტერმინი „რაშიზმი“ უკრაინის რადამ 2 მაისს დააკანონა – ამ ტერმინით უკრაინა უკვე სამართლებრივადაც აღნიშნავს რუსულ ფაშიზმს.
„რუსული ურდო დაიხრჩობა თავისი ჯარისკაცების სისხლში უკრაინის მიწაზე! რადგან მსოფლიოში ვერც ერთი არმია ვერ დაამარცხებს ერს, რომელსაც აქვს სიცოცხლის უკვდავი ნება, ურღვევი სიმტკიცე და ჰყავს ძლიერი, მამაცი არმია!“ – ციტირებს ბუდანოვის მიმართვას „უკრაინსკაია პრავდა“.
ბუდანოვის თქმით, რუსეთმა თავისი იმპერიული პროექტი „უკრაინის ისტორიის“ დასასრულად მიიჩნია, მაგრამ ბრძოლის ველზე უკრაინელების უპრეცედენტო გამბედაობას, თავდადებას, პროფესიონალიზმსა და უკრაინელი ხალხის ტოტალურ, ყოვლისმომცველ წინააღმდეგობას შეხვდა.
ბუდანოვმა აღნიშნა, რომ 8 მაისს უკრაინა აღნიშნავს ხსოვნისა და შერიგების დღეს:
„ამ დღეს პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის ღვაწლს, მათ გამორჩეულ წვლილს ანტიჰიტლერული კოალიციის გამარჯვებაში, გამოვხატავთ პატივისცემას და მადლიერებას ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლების მიმართ“.
დღეს, 8 მაისს, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უკრაინა ნაციზმზე გამარჯვებას 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღნიშნავს. 9 მაისს კი უკრაინაში ამიერიდან აღნიშნავენ „ევროპის დღეს“ – ყველა იმ ევროპელის ერთობის დღესასწაულს, ვინც ნაციზმი დაამარცხა.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია 180,8 ჰექტრით შემცირდა. შესაბამისი ცვლილება კანონში საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის მარტში დაამტკიცა.
ამ ცვლილებამდე „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული იყო:
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ეკოტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სახელმწიფო ტყეს, რომლის საერთო ფართობია 15 698,8 ჰექტარი, მიენიჭოს დაცული ტერიტორიის კატეგორიის – ეროვნული პარკის – სტატუსი და ეწოდოს მტირალას ეროვნული პარკი“.
2023 წლის ცვლილებით კი, მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია, ნაცვლად ზემოთ აღნიშნული 15 698,8 ჰექტრისა, განისაზღვრა 15 580 ჰექტრით.
„ჩატარდა დემარკაცია და პარკის საზღვრებიდან ამოირიცხა ის ფართობები, რომლებსაც მიმდებარე სოფლები ტრადიციულად სარგებლობდნენ. აქედან გამომდინარე შემცირდა პარკის ფართობი.
ეროვნული პარკი რომ შეიქმნა 2006 წელს, იმ დროს მოხდა გადაფარვა ტერიტორიების [პარკის და იმ ფართობების, რომლებსაც სოფლები სარგებლობდნენ].
გარდა ამისა, პარკის საზღვარი დაზუსტდა გეოგრაფიულ რელიეფზე, ანუ სწორად გავავლეთ – ზოგი სერზე, ზოგი მდინარეზე. ასეთი დეტალები არ იყო დაკონკრეტებული, ხარვეზიანი საზღვრები იყო და ყველაფერი დაზუსტდა სოფლებთან შეთანხმებით“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ქურიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორმა.
პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საზღვრები ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმთან და ქობულეთის სოფელ ჩაქვისთავთან დაზუსტდა.
სოფელი ჩაქვისთავი მთლიანად მტირალას ეროვნული პარკითაა შემოსაზღვრული / რუკა პარკის საზღვრების დაზუსტებამდე / წყარო: საჯარო რეესტრი
„ბათუმელების“ ინფორმაციით, არის მიწის ნაკვეთები, რომლებითაც ადგილობრივი მოსახლეობა [მაგალითად, ჩაქვისთავში] ბოლო ათწლეულებია სარგებლობს, თუმცა ეს ნაკვეთები ამ დრომდე პარკის საზღვრებში იყო მოქცეული.
მტირალას ეროვნული პარკის საზღვრები საჯარო რეესტრის ელექტრონულ რუკაზე ჯერ განახლებული არ არის.
სოფელი ორთაბათუმი და მტირალას ეროვნული პარკი / რუკა პარკის საზღვრების დაზუსტებამდე / წყარო: საჯარო რეესტრი
ბელარუსში, ვიტებსკის კოლონიაში, გარდაიცვალა პოლიტპატიმარი, ბლოგერი ნიკოლაი კლიმოვიჩი, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კარიკატურაზე სიცილის ემოციის გამოყენებისთვის ჰქონდა მისჯილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.
ინფორმაციას მედია ავრცელებს უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვესნაზე“ დაყრდნობით.
61 წლის ნიკოლაი კლიმოვიჩს 28 თებერვალ, ქალაქ პინსკის სასამართლოში მიუსაჯეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა „ოდნოკლასნიკში“ ლუკაშენკოს კარიკატურაზე რეაქციის დასმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კლიმოვიჩს ჰქონდა გულის უკმარისობა, გადატანილი ჰქონდა ინსულტი და გულის მძიმე დაავადება.
სასამართლომ ის ლუკაშენკოს შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
61 წლის ბლოგერი სასამართლო დარბაზში დააკავეს. განაჩენის გამოტანამდე მან თქვა, რომ შეიძლება გისოსებს მიღმა მოკვდეს.
21 აპრილს ბრესტის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, მალე კლიმოვიჩი გადაიყვანეს ვიტებსკის მე-3 კოლონიაში, სადაც მან 2 კვირა იცოცხლა და 7 მაისს გარდაიცვალა.
კურორტ გოდერძიზე თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი ტენდერი იმავე ოდენობის თანხით – 4 597 900 ლარით და იმავე პირობებით გამოაცხადა.
სამინისტროს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ იმის დასადგენად, თუ რა მიზეზით არ შედგა ელექტრონული ტენდერი, პოტენციური მიმწოდებლები ტელეფონით გამოკითხეს.
„ტელეფონის საშუალებით განხორციელებული გამოკითხვისას, პრეტენდენტების არც ერთ მონაწილეს არ ჰქონია პრეტენზია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობასთან, რაც ადასტურებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების რეალურობას პრეტენდენტების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ ტელეფონის საშუალებით განხორციელებული გამოკითხვაც ბაზრის კვლევის ერთ-ერთი საშუალებაა. შესაბამისად, შესაძლებელია ელექტრონული ტენდერი გამოცხადდეს იმავე პირობებით“ – აღნიშნულია კომისიის ოქმში.
ხელახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2923 წლის 31 მაისს დაიწყება და 5 ივნისს დასრულდება.
პირობის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 194 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
ტანკი – 3 730 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 7 253 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 3 018 ერთეული [+8]
MLRS – 554 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 306 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 614 ერთეული [+42]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 947 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 958 ერთეული [+6]
სპეცტექნიკა – 384 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
418 თვითმფრინავი
230 ვერტმფრენი
4 042 უპილოტო საფრენი აპარატი
421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 033 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 096 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 764 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 059 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მებრძოლებისთვის შეიარაღებასა და საბრძოლო მასალის მიწოდებას დაჰპირდნენ. სავარაუდოდ, ეს დაპირება მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია “უკრაინსკაია პრავდამ” პრიგოჟინის პრესსამსახურზე დაყრდნობით, 7 მაისს გაავრცელა:
„მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირების თავშესაფარში მოთავსება ხდება 4 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით [შინაგანაწესით] დადგენილი წესით,“ -ეს ახალი ჩანაწერია კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, რომელიც ძალაში შედის 2023 წლის პირველი ივლისიდან.
ამ დრომდე თავშესაფარში მოთავსების მაქსიმალური ვადა 3 თვე იყო.
კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ სხვა ცვლილებებიც შედის, რაც ძირითადად უკავშირდება იმას, რომ, შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლი სამართალდამცავ ორგანოებთან არ თანამშრომლობდეს, მაგრამ მან სახელმწიფოსგან მხარდამჭერი სერვისები უნდა მიიღოს, მათ შორის, ისარგებლოს თავშესაფრით ან კრიზისული ცენტრით.
„მსხვერპლისთვის მხარდაჭერის მომსახურებების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ,“ – აღნიშნულია კანონის ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მე-19 მუხლის პრიმა მეორე მუხლში.
ეს მუხლი ასევე განმარტავს, რა შეიძლება იყოს მსხვერპლისთვის „მხარდაჭერა“:
„მსხვერპლთა მხარდაჭერა გულისხმობს ისეთ მომსახურებას/პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვას, სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას და მათი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვას, მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით [თავშესაფრით] უზრუნველყოფას, მათი ჯანმრთელობის დაცვას, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობას და რომლის მიზანია მსხვერპლთა [განსაკუთრებით − მსხვერპლ ქალთა] შესაძლებლობების გაფართოება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა.
მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ მიღებული ზომები უნდა იყოს გენდერულად მგრძნობიარე, ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მსხვერპლის, როგორც ადამიანის, უფლებებსა და უსაფრთხოებაზე, უნდა ითვალისწინებდეს მოწყვლადი პირების [მათ შორის, მსხვერპლ ბავშვთა] კონკრეტულ საჭიროებებს და მათთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მხარდაჭერის მომსახურების/პროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზედაც იგი მსხვერპლის მიერ აღნიშნული მომსახურების მოთხოვნის ან/და პროგრამაში ჩართვის სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის აღნიშნული მომსახურების მიწოდების/მისი აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის ან მისთვის ამ მომსახურების მიწოდებაზე/პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ. ეს კრიტერიუმები უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნული უარის თქმის საფუძვლებს და მისი დასაბუთების ვალდებულებას,“ – აღნიშნულია კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, თავშესაფრის განმარტებას ემატება ერთი სიტყვაც: „სადღეღამისო“.
„თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი [სადღეღამისო] განთავსების ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას, იურიდიულ დახმარებას, სამედიცინო დახმარებასა და დაცვას,“ – ვკითხულობთ კანონში.
საკანონმდებლო ცვლილება ეხება „კრიზისულ ცენტრებსაც“ – პირველი ივლისიდან კრიზისულ ცენტრში მსხვერპლი ფსიქოლოგიურ-სოციალური, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების და სამართლებრივი მომსახურების გარდა, უნდა უზრუნველყონ დროებითი სადღეღამისო საცხოვრებლით მომსახურებასაც.
პირველი ივლისიდან გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორის კომისიას დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. ამ დებულებით განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციის კუთხით მუნიციპალიტეტის ორგანოებმაც უნდა იმუშაონ:
„მუნიციპალიტეტის ორგანოები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებს ახორციელებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში,“ – ეს ჩანაწერი ემატება კანონის მე-7 მუხლს.
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა 2023 წლის პირველი ივლისიდან მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს აღარ შეეძლება. ეს ვალდებულება მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს დარჩება, სასამართლო ორგანოებთან ერთად.
ოჯახში ძალადობის ფაქტზე, პირველადი იდენტიფიკაციის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება ისევ ეკისრება სამედიცინო და სააღმზრდელო დაწესებულებებს.
ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმში ორდღიანი ფესტივალის ჩატარებაა დაგეგმილი, რისთვისაც 330 ათას 364 ლარია გამოყოფილი.
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ორი ტენდერი გამოაცხადა.
[checklist]
ზაფხულის სეზონის გახსნის საზაფხულო ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ ორგანიზებისთვის გასართობი-მუსიკალური პროგრამისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე – 162 ათასი ლარით
ღონისძიებისთვის სცენის მოწყობის ორგანიზებაზე კი – 168 ათას 364 ლარით
[/checklist]
„ზაფხულის ფერადი ფესტივალი გათვლილია ყველა ასაკის თუ ინტერესის მქონე ადამიანისთვის, სწორედ ამიტომ ფესტივალი ორიენტირებულია როგორც მუსიკალურ, ისე დეკორაციულ ნაწილზე და სხვადასხვა თემატურ აქტივობაზე.
ფესტივალის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება, წელს ზაფხულის ფესტივალი იქნება ორდღიანი და საინტერესო პროგრამებით და ფერადი დეკორაციული ელემენტებით დატვირთული, რომელიც საზაფხულო განწყობას შემოიტანს და ზაფხულის სეზონს გახსნილად გამოაცხადებს.“ – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.
ფესტივალი ანბანის კოშკის მიმდებარედ ჩატარდება [დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე].
პირობის მიხედვით „მუსიკალური პროგრამა მოიცავს ადგილობრივ შემსრულებლებს, მოწვეულ ცნობად ბენდებსა და დიჯეებს.“ ამასთან, ჩასატარებელი ღონისძიების პროგრამა, სცენარი და შემსრულებლების სია შემუშავებული უნდა იქნეს წინასწარ და უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
„მოწვეული ქართული ბენდი ე.წ. ჰედლაინერი, ან შემსრულებელი ან დჯ კი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
უნდა იყოს ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბენდი ან შემსრულებელი საქართველოში
უნდა მონაწილეობდეს ისეთ ცნობილ ფესტივალებში , როგორიცაა: „Tbilisi Open Air-ი“ ან სხვა საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალები
უნდა ჰქონდეთ თავიანთი ინდივიდუალური საავტორო სიმღერები
დჯ უნდა იყოს საქართველოში ერთ-ერთი მოქმედი ცნობილი კლუბის რეზიდენტი.“
რაც შეეხება სცენას – „ღონისძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სცენა, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, ლედ მონიტორებით, ლაზერული განათებებით, გახმოვანებით, ლაივ ჩართვის სპეციალური ტექნიკური აპარატურით.“
სცენის მოწყობასთან დაკავშირებით „ბაზრის კვლევის შედეგად ფასი დააფიქსირა სამმა კომპანიამ. ერთი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფასი შეადგენს 159 808 ლარს, მეორე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფასი – 160 320 ლარს, ხოლო მესამე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფასი 184 965 ლარია. კომპანიების მიერ მოწოდებული ფასების განხილვის შემდგომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება დადგინდეს საშუალო არითმეტიკულის პრინციპით 168 364 ლარი დღგ-ის ჩათვლით.“ – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში.
ღონისძიების ჩატარების თარიღია 2023 წლის 3 და 4 ივნისი.
ტენდერებში აღნიშნულია ასევე, რომ „ფესტივალი შეიძლება გადატანილ იქნას ერთი დღით, ამინდის გათვალისწინებით.“
ღონისძიების ორგანიზებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 14 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება; სცენის მოწყობაზე კი წინადადებების მიღება 13 მაისს დაიწყება და 16 მაისს დასრულდება.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 2023 წლის პირველ 3 თვეში 46 არასრულწლოვანი გახდა.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში გაუპატიურების 6 შემთხვევაზე ცნეს 6 არასრულწლოვანი დაზარალებულად, დანარჩენი 40 მოზარდი კი, სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
2023 წლის პირველ კვარტალში სულ 366 არასრულწლოვანს მიანიჭა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეში. ყველაზე ხშირად – 168 შემთხვევა – მოზარდი ძალადობის მსხვერლი ოჯახში გახდა.
ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში 98 არასრულწლონის წინააღმდეგ დაიწყო სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის. მოზარდებს ყველაზე ხშირად – 75 შემთხვევა – ქურდობის მუხლით დანაშაულის ჩადენას ედავება პროკურატურა.
2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის საერთო მაჩვენებელი 234 შემთხვევით შემცირდა. სტატისტიკურ მონაცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვეყნებს. თუკი 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მასშტაბით 13 385 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 13 151-მდე შემცირდა.
რამდენიმე მიმართულებით დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი კი, გაუარესდა, მაგალითად, „სასამართლოს უპატივცემულობა“. ამ მუხლით წელს გამოძიება 9 შემთხვევაზე დაწყებულა, გასული წლის პირველ კვარტალში კი, 5 შემთხვევაზე.
სასამართლოს უპატივცემულობა გულისხმობს სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფას, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე, ანდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე ქმედება, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით დაწყებული 9 საქმიდან 8 გახსნილია.
2023 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით გამოძიება დაუწყიათ „სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის
განხორციელებისთვის ხელის შეშლის“ ერთ საქმეზეც. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ამ მუხლით გამოძიება არცერთ საქმეზე არ დაწყებულა.
„მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან, გამოძიებასთან ან დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით“ – ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი 100 %-ით შემცირებულა: 2022 წლის პირველ კვარტალში სისხლის სამართლის 3 საქმეზე ყოფილა ამ მუხლით დაწყებული გამოძიება.
წინა წლის მსგავსად წელს ხელი არავის შეუშლია საკონსტიტუციო სასამართლოს, ან ნაფიცი მსაჯულების სამართალწარმოებისთვის. არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქიანობაში უკანონო ჩარევის შემთხვევა დაფიქსირებულა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რაც შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22 მ/წმ-მდე;
ჰაერის ტემპერატურა:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 9-10 მაისს აჭარის სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა.
„წარმომადგენლის – მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები,“ – აღნიშნულა შსს-ს პრესცენტრის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში ვანის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე.
საუბარია რამდენიმე მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე, რაზეც შსს-ს გამოძიება პირველ მაისს დაუწყია. დაკავებული ამ დრომდე არავინ არ არის.
მოზარდების მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ, 6 მაისს გავრცელდა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, რაც 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
„პირველ მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდა გამოძიება ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა ვისაც აქვს ნებისმიერი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ამავდროულად, აუცილებელია, ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტები. აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს.
მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, რათა, მათ შორის, არ მოხდეს არასრულწლოვანთა რეტრავმატიზაცია,“ – აცხადებს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.
სახალხო დამცველი მოზარდებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმის შესწავლას აპირებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 193 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +660]
ტანკი – 3 723 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 7 248 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 3 010 ერთეული [+18]
MLRS – 554 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 306 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 554 ერთეული [+14]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 947 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 952 ერთეული [+16]
სპეცტექნიკა – 380 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
418 თვითმფრინავი
230 ვერტმფრენი
4 027 უპილოტო საფრენი აპარატი
421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 014 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 096 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 754 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 037 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ბათუმის სანაპიროზე, აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ, ხრეშის შეტანის პროცესი დასრულდა.
მოაწესრიგებენ თუ არა სანაპირო ზოლს წელს საბანაო სეზონისთვის და მოაწყობენ თუ არა საპლაჟე ინფრასტრუქტურას? – ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას არ გეგმავენ და ქალაქის მერიას მივმართოთ.
მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზღვის მიერ დანგრეული/დაზიანებული ინფრასტრუქტურის [პრომინადი, განათება და სხვა] აღსადგენად პროექტს ამუშავებენ და უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ ტენდერს.
„სხვა დეტალები პროექტირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, – გვითხრეს სამმართველოში.
პლაჟი ახალ ბულვართან, სადაც ხრეში ხელოვნურად შეიტანეს / ბათუმი / 4.05.2023სანაპირო ახალ ბულვართან, სადაც ხრეში ხელოვნურად შეიტანეს / ბათუმი / 4.05.2023
ახალი ბულვარის ბოლოდან [ამფითეატრიდან] ბათუმის აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე, დაახლოებით 1 კილომეტრი სიგრძის სასეირნო ბილიკია, სადაც ნაგვის ურნები არ არის განთავსებული.
ახალი ბულვარის გაგრძელება / ბათუმი / 4.05.2023 / მერიის შპს „სანდასუფთავებაში“ აცხადებენ, რომ ამ სასეირნო ბილიკზე ნაგვის ურნებს უახლოეს დღეებში განათავსებენ
დღეს, 5 მაისს, ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებაში“ გვითხრეს, რომ ნაგვის ურნების შეცვლა-ახლის განთავსების პროცესი ქალაქში დაწყებულია და ურნებს აღნიშნულ სასეირნო ბილიკზეც დადგამენ.
პლაჟი ახალ ბულვართან, სადაც ხრეში ხელოვნურად შეიტანეს / ბათუმი / 4.05.2023
ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და 2023 წლის 3 მაისს დასრულდა.
კომპანია „ბონდი-2009“-ში, რომელმაც სამუშაოები შეასრულა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული რაოდენობის [413 ათასი კუბური მეტრი] ხრეში სანაპიროზე შეტანილია.
ამ კომპანიასთან აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელშეკრულება 5 568 487 ლარზე აქვს გაფორმებული. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ ეტაპზე კომპანიას აჭარის ბიუჯეტიდან 2 512 302 ლარია გადაუხადეს.
„შესრულებული სამუშაოების სრულად ანაზღაურებისთვის დამკვეთს უნდა წარვუდგინოთ შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის, სამხარაულის ექსპერტიზის [რომელიც აკვირდებოდა სამუშაო პროცესს] დასკვნა, რის შემდეგაც ღირებულებას სრულად აგვინაზღაურებენ“, – გვითხრეს „ბონდი-2009“-ში.
პლაჟი ახალ ბულვართან, სადაც ხრეში ხელოვნურად შეიტანეს / ბათუმი / 4.05.2023პლაჟი ახალ ბულვართან, სადაც ხრეში ხელოვნურად შეიტანეს / ბათუმი / 4.05.2023
ბათუმის სანაპირო ზოლი ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში. ჭოროხის შესართავიდან ახალი ბულვარის მიმართულებით აქ ნაპირი ირეცხება, რის გამოც ხელოვნური კვება ყოველწლიურად არის აუცილებელი.
ახალი ბულვარი. სასეირნო ბილიკი აქ შტორმის დროს დაინგრა. ბილიკის ქვემოთ ღია სანიაღვრე არხი გადის / ბათუმი, 4.05.2023
ნაპირის რეცხვის პარალელურად, ბათუმის კონცხზე გროვდება დიდი რაოდენობით ნატანი, რომელიც დროთა განმავლობაში ზღვის სიღრმეში [ბათუმის კანიონში] იკარგება.
ხრეშს, რომელიც ამჯერად შეიტანეს სანაპიროზე, რითაც რეცხვადი ბერმა მოაწყვეს, ზღვა შტორმის დროს გადაანაწილებს ბათუმის პლაჟზე ძველი ბულვარის მიმართულებით, საბოლოოდ კი, გარკვეულ ნაწილს თავს ბათუმის კონცხთან მოუყრის. რა რაოდენობით და რა პერიოდში – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შტორმული პროცესები განვითარდება სანაპიროზე მომავალში.
ხელოვნური პლაჟი ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე / ხრეშის შეტანამდე, 2022 წელს აქ ზღვა იყო [დამცავ ნაგებობამდე] / 4.05.2023„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადდა. თუმცა რას აპირებს მთავრობა, ამ დრომდე უცნობია.
მთავრობამ ამ ეტაპზე პლაჟის ზღვაში ჩაზვავების რისკის შესამცირებლად ბათუმის კონცხთან კვლევის ჩატარება გადაწყვიტა.
კვლევის შედეგად თუ აღმოჩნდა, რომ კონცხის წყალქვეშა ფერდზე ჭარბი რაოდენობით ნატანია დაგროვილი, შემუშავდება პროექტი, რომლის მიხედვითაც ამ ჭარბ ნატანს ამოიღებენ და ავარიულ სანაპირო უბნებზე გადაიტანენ.
რა ეტაპზეა აღნიშნული სამუშაოები, ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ამ დრომდე ვერ მიიღო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 მაისის 21 საათიდან 7 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ზოგან, დღისით უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 9-10 მაისს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში წვიმიანი ამინდი 15 მაისამდე შენარჩუნდება.
დღეს, 6 მაისს, რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ვაგნერი“ მზადაა ბახმუტში პოზიციები გადასცეს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძალებს.
პრიგოჟინმა მადლობა გადაუხადა კადიროვს ბახმუტში ძალების გაგზავნაზე თანხმობისთვის. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრიოგიჟინი წერს, რომ სავარაუდოდ კადიროვს აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს საჭირო საბრძოლო რესურსი ბახმუტში საბრძოლველად.
„მე უკვე ვუკავშირდები მის წარმომადგენლებს, რათა სასწრაფოდ დავიწყო პოზიციების გადაცემა, იმისათვის, რომ 10 მაისს, 00.00 საათზე, ზუსტად იმ მომენტში, როცა ჩვენი გათვლებით, სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს, ჩვენი ადგილი დაიკავონ ჩვენმა თანამებრძოლებმა და გააგრძელონ შტურმი ბახმუტზე. ბახმუტში ორ კვადრატულ კილომეტრზე ცოტა მეტი დარჩა ასაღები. ბახმუტი იქნება აღებული, ეჭვგარეშე – „ახმატის“ ძალებით“ – იმედოვნებს პრიგოჟინი.
რა ხდება?
5 მაისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ 10 მაისს „ვაგნერს“ გაიყვანს ბახმუტიდან.
ამ განცხადებას წინ უძღოდა პრიგოჟინის ვიდეო მიმართვა, რომელშიც მან, ფაქტობრივად, აგინა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს, გერასიმოვს. პრიგოჟინი ამბობს, რომ მის დაჯგუფებას საბრძოლო მასალების ხელოვნური დეფიციტი შეუქმნეს რუსეთის სამხედრო ბიუროკრატებმა.
ბახმუტისთვის ბრძოლა ცხრა თვეა, გასული წლის აგვისტოდან გრძელდება. მიუხედავად ეტაპობრივი წინსვლისა, რუსული ძალები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას. ამ დრომდე ბახმუტი რჩება უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილად, ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლით.
დღეს, 6 მაისს, რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში ააფეთქეს მანქანა, რომლითაც რუსი პროპაგანდისტი, უკრაინაფობი, მწერალი ზახარ პრილეპინი გადაადგილდებოდა.
აფეთქების შედეგად მძღოლი გარდაიცვალა, სხვადასხვა მედიაგამოცემის ცნობით, პრილეპინი მძიმედ არის დაშავებული. იგი მოსკოვში დონბასის ოკუპირებული ტერიტორიიდან ბრუნდებოდა.
რუსული მედიის ცნობით, მანქანა მას შემდეგ აფეთქდა, როცა მგზავრები საჭმელად შეჩერდნენ, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ მიამაგრეს მანქანას ასაფეთქებელი მოწყობილობა, 2 კილოგრამზე მეტი ტროტილი.
რუსეთის ხელისუფლებამ აფეთქება ტერაქტად შეაფასა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
აფეთქებიდან მოკლე ხანში მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო მოძრაობა „ატეშმა“, რომელიც შეიქმნა 2022 წლის შემოდგომაზე ყირიმში. მოძრაობაში შედიან უკრაინელები, რუსები და ყირიმელი თათრები. მოძრაობის ტელეგრამის არხის ადმინისტრატორმა BBC-სთან საუბარში პრილეპინს უწოდა „რუსული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ომზე“.
პრილეპინი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და თავად იყო ჩართული დონბასის ოკუპაციის ბრძოლებში. იგი საკუთარ თავს უწოდებდა ბატალიონის საველე მეთაურს, რომელმაც უკრაინაში ხალხი „დიდი რაოდენობით” დახოცა.
____________
ფოტოზე: აფეთქების ადგილი. წყარო: რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“
დღეს, 6 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების“ აქცია გაიმართა – „თავისუფლება მიშას“.
ევროპის მოედანზე გამოფენილი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს განხორციელებული პროექტები.
პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერები დღეს ჩოლოქის ხიდზეც იმყოფებოდნენ, რომელიც ასლან აბაშიძემ, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო ააფეთქა 2004 წელს.
„19 წლის წინ სააკაშვილმა თქვა – „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია“ და ზუსტად ამის აღსანიშნავად ვართ დღეს აქ.
თუმცა დღესაც იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ და დღესაც საჭიროებს ეს ქვეყანა შველას და დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ჩვენ, ხალხი, საქართველოსაც გავათავისუფლებთ ამ მავნებელი ხელისუფლებისგან“ – გვითხრა აქციის მონაწილე ირაკლი ჩხაიძემ.
„თავისუფლება მიშას“ – აქცია ევროპის მოედანზე ბათუმში
„ამ დღეს აჭარაში გაიმარჯვა ხალხმა და მოტივი ის არის, რომ გვინდა ევროპა, განვითარება, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ უკეთესი მომავალი“ – ამბობს ნარგიზ ბერიძე.
ნარგიზ ბერიძე შვილთან ერთად აქციაზე
აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ლერი ქავჟარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი გაათავისუფლონ და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
„რუსულ კანონის წინააღმდეგ როცა ვიბრძოლეთ, ამან გამოიღო შედეგი და საჭიროა კიდევ მეტი აქტიურობა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, რომ ჩვენ გვქონდეს უკეთესი ცხოვრება“.
ლერი ქავჟარაძე აქციაზე
აქციაზე იმყოფებოდა ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-იდან, რეზო ხარაზი. მისი თქმით, 6 მაისის შემდეგ აჭარაში დაიწყო განახლების და განვითარების ეტაპი, რაც მნიშვნელოვანი იყო ამ პერიოდის განმავლობაში.
რეზო ხარაზი აქციაზე
„აქ არის წარმოდგენილი კონკრეტული პროექტები, თუ როგორ ვითარდებოდა ჩვენი რეგიონი და დღეს, როცა საუბრობენ ტურიზმზე და განვითარებაზე, ისევ სააკაშვილის მიერ აშენებული პროექტებით იწონებენ თავს.
რომ არა სააკაშვილი, რომელსაც დღეს პუტინი სჯის და ციხეში კლავს, ბათუმი ასეთი არ იქნებოდა. ამიტომ აქედან მოვუწოდებ ყველას, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ევროპა, მეტი თავისუფლება და პრეზიდენტის თავისუფლება“ – ამბობს რეზო ხარაზი.
აქციაზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილიც.
ლევან ხაბეიშვილი
მისი თქმით, 6 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 19 წლის წინ, აჭარაში მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და ფაქტობრივად, „მაშინდელი რუსი ოლიგარქი რომელიც ჩაბუდებული იყო აჭარაში, გაიქცა მოსკოვში“.
„შესაბამისად, ამ ქალაქში ყველაზე კარგად იციან მოქალაქეებმა მიხეილ სააკაშვილის იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც გაწეული აქვს ამ რეგიონში და სამწუხაროა, რომ ბათუმის მთავარ არქიტექტორს დღეს „რუსული ოცნება“ და რუსული ხელისუფლება არაადამიანურად ეპყრობა და წამების მსხვერპლია“ – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის, უსაფრთხოების და ერთიანობის გასაღები ევროპაშია, ამიტომ დღევანდელი აქციის გზავნილი სააკაშვილის გათავისუფლების გარდა, ისიცაა, რომ საქართველომ წლის ბოლოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
აქცია – „თავისუფლება მიშას“.
„ყველა კვლევით ვხედავთ, რომ 90-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს იმას, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ და ეს უნდა შესრულდეს.
საქართველოში პროდასავლური ოპოზიცია და ხალხი ყველაფერს აკეთებს ამისთვის, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც საბოტაჟირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ამიტომ არის კითხვის ნიშნის ქვეშ, მივიღებთ თუ არა სტატუსს.
ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, ისევე როგორც რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომ ქართველმა ხალხმა უზრუნველვყოთ კანდიდატის სტატუსის მოპოვება“ – ამბობს ის.
„ჩვენ გავუძლებთ! შურისძიება შორს არ არის! ბახმუტის ღამის დაბომბვის კადრები ფოსფორის საბრძოლო მასალით“ – ამ წარწერით ავრცელებს კადრებს ბახმუტიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები ტელეგრამზე.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, რუსეთმა ბახმუტში გამოიყენა ფოსფორის საბრძოლო მასალა და ცდილობდა ქალაქის სრულ განადგურებას, უკრაინის სპეციალური და თავდაცვის ძალების ჯარისკაცები აგრძელებენ ქალაქის დაცვას.
ფოსფორის ჭურვის წვის ტემპერატურა აღემატება 800 ° C-ს, რომელიც ვრცელდება რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე, შეიძლება გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეული დაზიანებები ან ნელი და მტკივნეული სიკვდილი. ფოსფორის ჭურვით მიყენებული ჭრილობების მკურნალობას ესაჭიროება სპეციალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალი, რომელიც ასევე შეიძლება დაშავდეს ჭრილობის დამუშავებისას.
რუსეთის მიერ უკრაინაში ფოსფორის გამოყენებაზე ადრეც იყო საუბარი, თუმცა უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ხაზს უსვამს, რომ სამხედრო ექსპერტები და გამომძიებლები აღნიშნავენ, რომ უკრაინასა და რუსეთში არ არსებობს ფოსფორის საბრძოლო მასალები, თუმცა გამოცემა ასევე წერს, რომ ეს შეიძლება იყოს ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა, რაც ასევე აკრძალულია – მისი გამოყენება არ შეიძლება ქალაქებში ან მათ მახლობლად.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები 9 მაისამდე ცდილობენ ბახმუტის აღებას.
როგორც ბახმუტის მერის მოადგილემ, ალექსანდრე მარჩენკომ უკრაინულ მედიას განუცხადა, ქალაქში რჩება დაახლოებით 1200 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 17 ბავშვი.
ბახმუტისთვის ბრძოლა ცხრა თვეა, გასული წლის აგვისტოდან გრძელდება. მიუხედავად ეტაპობრივი წინსვლისა, რუსული ძალები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას. ამ დრომდე ბახმუტი რჩება უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილად, ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლით.
____________
ფოტოზე: კადრი უკრაინის სპეცსამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულ პირს, ფსიქიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა.
„ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას“ – აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურამ „სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
„31 მარტს, სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.
აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 193 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560]
ტანკი – 3 717 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 7 238 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 2 992 ერთეული [+14]
MLRS – 552 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 306 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 554 ერთეული [+14]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 947 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 936 ერთეული [+20]
სპეცტექნიკა – 375 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
418 თვითმფრინავი
230 ვერტმფრენი
3 995 უპილოტო საფრენი აპარატი
421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 002 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 096 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 748 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 002 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ბათუმში, ტროტუარებზე, კაფეების მესაკუთრეებისთვის მსუბუქი კონსტრუქციები უკვე საკმარისი აღარაა – არაერთმა კაფემ ტროტუარზე, ათვისებულ ნაწილში, რკინის ბოძებით ჩაბეტონებულ ჩარჩოებში დაბურული მინები ჩასვა და ზოგიერთმა უკვე ტროტუარის „საკუთარი ნაწილის“ მეტლახით მოპირკეთებაც კი დაიწყო.
ტროტუარებზე კვებასთან და გარევაჭრობასთან დაკავშირებულ ნებართვებს ბათუმის მერია გასცემს, თუმცა მერიის ნებართვა ყველასთვის ერთნაირად არ არის ხელმისაწვდომი, მაგალითად, 62 წლის უსინათლო მოქალაქისთვის, ზურაბ მსახურაძისთვის, რომელსაც სიმინდის სახარში ჩამოართვესქუჩაში ვაჭრობისთვის. ამის ფონზე კი ზოგ კაფესა თუ რესტორანს ნებართვაც არ სჭირდება, ისე შეუძლია ჩაკეტოს ტროტუარი.
ზურაბ მსახურაძე
ზურაბ მსახურაძე ამბობს, რომ როგორც მას უთხრეს, მისი სიმინდის სახარში აპარატი ბათუმის მერიის საწყობშია და დაჰპირდნენ, რომ დაუბრუნებენ, თუმცა მას აპარატი ჯერ საწყობიდან არ გამოუტანია. ეს აპარატი მუნიციპალურმა ინსპექციამ გაფრთხილების გარეშე წაიღო.
27 აპრილს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა მასალაიმის შესახებ, რომ ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, რესტორანმა „თამადამ“ ტროტუარი მიიტაცა და ფეხით მოსიარულეთა გზა ჩაკეტა. ტროტუარის ჩაკეტვისთვის რესტორანი მხოლოდ დაჯარიმდა, მის ქონებას მერია არ შეხებია.
სამაგიეროდ მაგიდების ტროტუარზე განთავსების ნებართვა ვერ მიიღო გორგილაძის ქუჩის 5 ნომერში მდებარე საშაურმის მფლობელმა, ვაჟა თავართქილაძემ. მან საშაურმის ფანჯრის მინაზე თაბახის ფურცელზე დაწერილი განცხადება გამოაკრა – „ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“, რისთვისაც ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ის 1000 ლარით დააჯარიმა ქალაქის „იერ-სახის დამახინჯების“ მიზეზით და ძალის გამოყენებით აიღო მცენარეები გორგილაძის 5-ში მდებარე საშაურმესთან.
ვაჟა თავართქილაძემ საქმე სასამართლოში შეიტანა. მისი ადვოკატი, ანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შეუსაბამოდ დააჯარიმა მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერ-სახის დამახინჯებას, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში.
ანა ბერძენიშვილმა გვითხრა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდებიან საქმის გასაჩივრებისთვის.
ვაჟა თავართქილაძე
ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ მერიის მიდგომა შერჩევითია.
„ბათუმელები“ მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა განმარტების მისაღებად, თუ რა გახდა ამ შერჩევითი მიდგომის საფუძველი. ინსპექციას ასევე ვიკითხეთ, აქამდე თუ დაუჯარიმებია ამ სამსახურს შენობის მინაზე გამოკრული, ფურცელზე ამობეჭდილი განცხადების გამოკვრისთვის ვინმე და თუ ჰქონიათ ასეთი შემთხვევები, ამ ობიექტებზე ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურმა კითხვების მათთვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნა გვთხოვა, შემდეგ კი გვითხრა, რომ პასუხს 10 დღის ვადაში გაგვცემენ.
ასევე, მივმართეთ ბათუმის მერიას იმის გასარკვევად, თუ რა პრინციპით გაიცემა ნებართვა ტროტუარის გამოყენებაზე და ხომ არ ხდება ესეც შერჩევით, ზემოთ ნახსენები კონკრეტული მაგალითების გათვალისწინებით. ამ კითხვაზე პასუხი მასალის მომზადებისას არ მიგვიღია ბათუმის მერიისგანაც.
„ბათუმელები“ სხვადასხვა ქუჩაზე მდებარე რამდენიმე კაფესა და რესტორანში მივიდა, რომლებიც ტროტუარებით სარგებლობენ. შევეცადეთ ადგილზე გაგვერკვია, აქვთ თუ არა მათ შესაბამისი ნებართვა და რამდენად რთული იყო მათთვის ამ ნებართვების მიღება.
ბათუმში, მემედ აბაშიძის N55-ში მდებარეობს რესტორანი „შატო კვირიკე“, სადაც ტროტუარის მითვისებულ ნაწილზე რესტორნის მფლობელებს ქვაფენილი თეთრი “მეტლახით” ჩაუნაცვლებიათ.
„ხელშეკრულება იდება მერიასთან. 20 დღე ველოდებით პასუხს, როგორც კი მოდის პასუხი, გვყავს ჩვენი იურისტი, მივდივართ ბანკში და ვიხდით გადასახადს. ახლა მოვიდა 1 წლის – 7200 ლარი“ – გვითხრა ლია ჭყონიამ, რომელიც „შატო კვირიკეს“ მფლობელად და მენეჯერად გაგვეცნო.
„განაცხადზე [პასუხი] რომ დაგვიანდა, ჩვენს იურისტს გადავარეკინეთ, რომ რა ხდება, რატომ გვიგვიანდება, რომ მერე ჯარიმაზე არ წავიდეთ, რადგან მერიიდან მოდიან, გვამოწმებენ გვაქვს თუ არა გადახდილი“ – დასძინა მან.
რესტორანი “შატო კვირიკე”
აქ გვაჩვენეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტიც, საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების შესახებ, სადაც ვკითხულობთ, რომ2022 წლის 20 დეკემბრიდან 2023 წლის 20 დეკემბრამდე, საზოგადოებრივი 60 კვ სივრცის გამოყენების საბოლოო ნებართვისთვის გადაწყვეტილების მისაღებად რესტორანს 7 200 ლარის გადახდა განესაზღვრა.
რესტორანი “შატო კვირიკე”
კონსტანტინე გამსახურდიას 29 ნომერშია რესტორანი „საფერავი“, მის მოპირდაპირედ კი, რესტორანი „ჩვენებურები“ და „ალავერდი“. სამივე მათგანი სარგებლობს ტროტუარით.
როგორც ადგილზე გვითხრეს, „საფერავი“ და „ჩვენებურები“ შოთა ცინცაძეს ეკუთვნის.
რესტორანი “საფერავი”
შოთა ცინცაძემ გვითხრა, რომ რესტორანმა „ჩვენებურებმა“ დაახლოებით 1 თვის წინ მიიღო ნებართვა ტროტუარის გამოყენებაზე, ხოლო „საფერავთან“ დაკავშირებით განაცხადი აქვთ გაკეთებული და „განხილვაშია“. სანამ საკითხი განიხილება, „საფერავი“ ტროტუარზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა შოთა ცინცაძე გვიზუსტებს, რომ რესტორან „საფერავს“ აქამდე ჰქონდა ტროტუარით სარგებლობის ნებართვა, რომელსაც მოქმედების ვადა ამ წლის მაისში გაუვიდა.
„ეს უკანონო რომ იყოს, ამას ვინ დაგიტოვებს?
კანონის ფარგლებში რაც არის, იმას ჩვენ არ გავცილებულვართ და არც სახელმწიფო. კანონში რაც წერია, იმის მიხედვით მივიღეთ ნებართვა, მეტი არაფერი, არც ნაცნობი მყავს და არც მეგობარი“, – გვითხრა შოთა ცინცაძემ.
რესტორანი “ჩვენებურები”
რესტორანი „ჩვენებურების“ მეზობლად მდებარეობს რესტორანი „ალავერდი“. იგივე თემაზე ამ რესტორნის მენეჯერთან ვცადეთ საუბარი, რომელმაც გვითხრა, რომ ობიექტი სამი წელია აქვთ გახსნილი, თუმცა მან გვითხრა, რომ „ჟურნალისტს, გამომცემლობას და ტელევიზიას ინფორმაციას არ აწვდის“ და მან მხოლდო სიტყვირად დაგვიდასტურა, რომ აქვთ ნებართვა ტროტუარზე მაგიდების განთავსების.
უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის [CPAC] კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, „ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება“ და „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობის დაუშვებლობა” იყო მისი გამოსვლის მთავარი აქცენტები.
რას ემსახურება სინამდვილეში ღარიბაშვილის რიტორიკა და რატომ არ აქვს საერთო ამ ყველაფერს არც კონსერვატიზმთან და მით უფრო ეროვნულ ფასეულობებთან? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე საუბრობს.
ბატონო ლევან, როცა პრემიერი ღარიბაშვილი ოჯახზე, რწმენაზე, ტრადიციებზე ლაპარაკობს, თქვენი აზრით, ეს სიყალბეა? რატომ?
ზოგადად, კონსერვატიზმი არ არის მხოლოდ, რაღაც მნიშვნელოვანი თემების ხსენება, კონსერვატიზმი არის ამ საკითხებზე ზრუნვა პოლიტიკის საშუალებით. მხოლოდ იმის თქმა, რომ მე მიყვარს ჩემი ოჯახი, რელიგია, ტრადიცია, თემი, სოფელი და ქალაქი, არ გხდის კონსერვატორად.
კონსერვატორად გხდის შენი ქცევა, რომელიც აისახება პოლიტიკაში, მმართველობაში, ეკონომიკაში, ფისკალურ პოლიტიკაში და ყველაფერში.
პოლიტიკური იდეოლოგია არ არის მხოლოდ რიტორიკა, არამედ მოქმედებების პროგრამა. „ქართული ოცნების“ პროგრამა კი არასდროს ყოფილა კონსერვატიული და საგარეო ურთიერთობებს რომ შევხედოთ, ის დღემდე სოციალისტური ოჯახის წევრია. როგორ შეიძლება სოციალისტური ოჯახის წევრი იყოს კონსერვატორი, გამოდის, რომ ცრუობს ხომ? ან ქართველებს გვატყუებს, ან ევროპელებს ატყუებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ტყუილების ლაპარაკი და ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრა შეუთავსებელია პოლიტიკურ მომავალთან.
კონსერვატიზმისთვის მნიშვნელოვანი თემები რაც არის, არცერთ ამ თემაში საქართველოს არ აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა.
მაგალითად, რომელია ეს თემები?
დავიწყოთ თუნდაც ოჯახის თემით.
შევხედოთ, რამდენი ადამიანი წავიდა მძიმე შრომისთვის ემიგრაციაში საქართველოდან „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს. რამდენი ოჯახი დაიქსაქსა სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყანაში იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უნარი და სურვილი გაატაროს დასაქმების წესიერი პოლიტიკა, რომელიც ღირსეული ცხოვრების საშუალებას მისცემს ადამიანებს საქართველოში.
ვნახოთ, რა პირობებში ცხოვრობენ ქართული ოჯახები და მერე დავასკვნათ, ზრუნავს თუ არა „ქართული ოცნება“ ქართულ ოჯახებზე? – რა თქმა უნდა, არა.
ჰკითხეთ ყოველ იმ ოჯახის წარმომადგენელს, რომელსაც ემიგრაციაში ჰყავს ოჯახის წევრი, არის თუ არა მისი ცხოვრება უკეთესი.
ავიღოთ სხვა საკითხებიც, მაგალითად თავისუფლების, ავტორიტარიზმსა და დიქტატურასთან დაპირისპირების თემა. ეს კონსერვატიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კონსერვატიზმი, ისევე როგორც სხვა ძირითადი დემოკრატიული იდეოლოგიები, თავისუფლებისკენ სწრაფვის და ემანსიპაციის პროგრამაა.
ამერიკელმა რესპუბლიკელებმა, შესაბამისად კონსერვატორებმა, გააუქმეს მონობა ამერიკაში და ჩაგრული უმცირესობა გაათავისუფლეს, მისცეს მათ როგორც მონობისგან თავისუფლება, ასევე არჩევნებში მონაწილეობის და კანდიდატად მონაწილეობის უფლებაც.
ლევან ცუცქირიძე
დღევანდელ შემთხვევაში კი რას აკეთებს ის მედროვეთა გაერთიანება, რომელშიც ახლა ღარიბაშვილიც შევიდა? გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ რუსეთის ჩრდილის ქვეშ. სად არის აქ კონსერვატიზმის თავისუფლების ხაზი, მე ამას ვერ ვხედავ.
ამას ვერ ვხედავ იგივე საქართველოს პოზიციაში უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად იბრძვის არა მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის, არამედ მთელი კონტინენტის და მთელი ევროპული სივრცის თავისუფლებისთვის.
თვითმმართველობის საკითხს შევეხოთ, კონსერვატიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ტრადიციული ინსტიტუტების შენარჩუნება და მათი ხელოვნურად არ გარდაქმნა.
საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ძლიერი თვითმმართველობა, თუ არ ჩავთვლით წითელი ტერორის პერიოდს, რომელიც სრულიად არანორმალური იყო საქართველოსთვის და არანაირი კავშირი ამას ჩვენს პოლიტიკასთან არ აქვს.
„ქართული ოცნება“ არის ის პარტია, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამაში წერდა, რომ გააძლიერებდა თვითმმართველობას, სინამდვილეში კი მან თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შეამცირა.
თვითმმართველობა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ კონსერვატორები ნაკლებად ენდობიან მთავრობებს. ამიტომ ამბობენ, რომ ხალხმა თვითონ უნდა მართოს საკუთარი თავი, მათ უნდა ჰქონდეთ ამის ბევრი შესაძლებლობა, რადგან ისინი ეჭვით და უნდობლად უყურებენ მთავრობებს.
კონსერვატიზმი ასევე უაღრესად დიდ პატივს სცემს საზოგადოებრივ კონტრაქტს, საზოგადოებრივ ხელშეკრულებას და ამბობს, რომ მე არ გამოვიყენებ ხელოვნურ და უხეშ მეთოდებს იმისთვის, რომ შევცვალო ის კონსენსუსი, ცხოვრების წესი, ის იდეები, რომელიც საზოგადოებაში არის გავრცელებული, ფესვგადგმული და რასთანაც საზოგადოება კომფორტულად ცხოვრობს.
მაგრამ რას აკეთებს „ქართული ოცნება“?
90-პროცენტიან ქართულ კონსენსუსს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, „ოცნება“ რეალურად საბოტაჟს უწყობს. სად არის აქ კონსერვატიული პრინციპი? – არსად არ არის. აი, ასეთი, კიდევ ბევრი რამ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ.
ჩვენ წლებია ვხედავთ, როგორ იტანჯებიან ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები იმის გამო, რომ არ აქვთ მათი შვილების მკურნალობის შესაძლებლობა, ახლა კი ვნახეთ არაერთი დედა ქუჩაში, წვიმასა და ქარში როგორ დგას და ითხოვს შილებისთვის წამალს. ღარიბაშვილს რატომ არ ესმის მათი ხმა, თუკი ოჯახი ასეთი წმინდაა მისთვის?
ამიტომ ვამბობ, რომ კონსერვატიზმი, რაზეც ღარიბაშვილი საუბრობს, არ არის მარტო ჩოხის ჩაცმა, გულზე ხელის დარტყმა და თქმა, რომ „მე მიყვარს ჩემი ქვეყანა“.
თავისი ქვეყანა ყველას უყვარს. საქართველოს მოქალაქეები კონსერვატორებიც არიან, ლიბერალებიც, სოციალისტებიც, სხვადასხვა ფერი აქვს ქართულ საზოგადოებას, აქ ყველას შეუძლია ქვეყნის სიყვარულში შეეჯიბროს.
მაგრამ შენ თუ ამბობ, რომ ხარ კონსერვატორი, მაშინ უნდა გაატარო ის პოლიტიკა, რასაც კონსერვატიზმი ქადაგებს. ამას კი „ოცნება“ არ აკეთებს.
ეს არის ჩვეულებრივი ოპორტუნიზმი, მედროვეობა, იმიტომ, რომ გამოიყენონ რაღაც შესაძლებლობები, რადგან სხვა უკეთესი შესაძლებლობები აღარ აქვთ. „ქართულ ოცნებას“ არცერთ სოლიდურ პოლიტიკურ ოჯახში აღარ მიესვლება ევროპაში. ახლა ისეთ ავანტიურისტებთან, როგორიცაა ორბანი, პოულობს რაღაც დროებით საერთო ენას. ეს არის და ეს.
აქ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ეს პოზიცია ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მომავალს.
ცოტა ხნის წინ, საზოგადოებამ შეძლო და რუსული კანონი უკან წააღებინა „ოცნებას“, პრორუსი „ალტ-ინფო“ კი ახალი კანონპროექტის მიღებით იმუქრება, „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“. როგორ ფიქრობთ, რადგან უმცირესობების საკითხზე ჩვენს საზოგადოებაში არ არის ერთგვაროვანი აზრი, ამის იმედი აქვს „ოცნებას“?
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მსგავსი კანონი, რა სახელითაც არ უნდა შეიტანონ, სინამდვილეში მიმართული იქნება საქართველოს ევროპული და თავისუფალი მომავლის წინააღმდეგ.
ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები სექსუალური უმცირესობების, აბორტის, სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენების გარშემო. ეს არის დემოკრატიული საზოგადოების ნიშანი, რომ ხალხს აქვს განსხვავებული აზრი და არც საქართველო განსხვავდება ამით, შესაძლოა ჩვენთან გამოხატვის ფორმები არ შეესაბამებოდეს, მაგრამ დებატები ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს სხვადასხვა თემაზე.
საქართველოში რაზეც არის საზოგადოების, მოსახლეობის აზრი ერთიანი, ეს არის ამ ქვეყნის თავისუფლება, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილს ეწინააღმდეგება რუსეთის ჩრდილში ცხოვრების პერსპექტივას.
ამიტომ, რაც არ უნდა სახელი დაარქვან კანონებს, მჯერა, რომ საზოგადოება ამას სწორად დაინახავს.
„ქართული ოცნება“ იმასაც ფიქრობდა, რომ რუსულ კანონს გაიტანდა, რომ ხალხს ფეხზე ეკიდებოდა რა შედეგებს მოიტანდა ეს, მაგრამ ხალხმა დაინახა, რომ მათ თავისუფლებას და ევროპულ მომავალს ემუქრებოდა საფრთხე. იგივე იქნება სხვა დროსაც.
„ქართულმა ოცნებამ“ გაწყვიტა ხალხთან საზოგადოებრივი კონტრაქტი, რადგან ქვეყანა ამბობს, რომ მას უნდა ევროპასთან ყოფნა.
ამიტომ, ეს ხალხი არ უნდა შეცდეს და არ უნდა ეგონოს, რომ „ქართული ოცნება“, „ალტ-ინფო“ ან „კონსერვატიული მოძრაობა“ მართლა კონსერვატორები არიან. ესენი არიან ჩვეულებრივი პრორუსული, ანტიდემოკრატიული ძალები საქართველოში და არაფერი აქვთ საერთო ამ თავისუფლების იდეის შემცველ იდეოლოგიასთან. არც ორბანს და არც ღარიბაშვილს.
ძალიან ხშირად ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც ცდილობენ რუსული იდეოლოგია მართლმადიდებლობის სახელით გადაფუთონ. თქვენც წერდით, რომ სინამდვილეში ევროკავშირია ქრისტიანული ქვეყნების ყველაზე დიდი და წარმატებული გაერთიანებაა, სადაც მართლმადიდებელი ქვეყნებიც არიან და არასდროს შეჰქმნია მათ იდენტობას საფრთხე.
მართლმადიდებელი ქვეყნები არა მარტო ცხოვრობენ ევროკავშირის სივრცეში, არამედ კარგად ცხოვრობენ.
შევხედოთ, რომელი ქვეყანაა ლიდერი მსოფლიოში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მაჩვენებლით, რუსეთი ხომ? სად არის ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი? სად ცხოვრობენ ოჯახები უფრო უკეთ, ქალები უფრო უკეთ, სად არის ნაკლები ოჯახის ნგრევა? – ევროპაში.
სად არის ყველაზე უკეთ დაცული იგივე ინსტიტუტები, რომელსაც კონსერვატორებიც პატივს სცემენ, სად არის დაცული ტრადიციული რწმენა, კერძო საკუთრების უფლება, სოფელი, თვითმმართველობა? – აი, ეს კითხვები უნდა დავსვათ და იმის მიხედვით უნდა გააკეთონ ადამიანებმა არჩევანი.
რუსული ეკლესიის ხელმძღვანელი ფაქტობრივად ომის კრიმინალი და კგბ-შნიკია. ევროპაში სასულიერო პირები თავის საქმეს აკეთებენ წესიერად და პატიოსნად – ხელისუფლების ჩარევისა და ინტრიგების გარეშე.
თუ ტრიბუნიდან ამბობ, რომ ეკლესიას პატივს ცემ, მაშინ საეკლესიო მოხელეებს რატომ დასდევს უშიშროება და რატომ იწერს მათ მალულად, თუკი ეკლესიაა ამათთვის მნიშვნელოვანი? ეს არის ეკლესიის პატივისცემა და კონსერვატიზმი?
პრემიერის შვილი ამერიკაში ისწავლის და იცხოვრებს. დეპუტატების დეპუტატების შვილები და ოჯახის წევრებიც აშშ-ს და ევროკავშირის მოქალაქეები არიან. ამას ხომ ხედავს საზოგადოება?
რა თქმა უნდა, ხედავს. ვინმეს სჯერა, რომ დასავლეთში დასდევენ ბავშვებს და სქესს უცვლიან?
„ქართულ ოცნებას“ სჯერა, რომ პროპაგანდის ამ ძალიან მარტივი მეთოდებით, რომ რაც არ უნდა სიბრიყვე და სისულელე თქვან, თუ ბევრჯერ გაიმეორებენ, ხალხი ამას დაიჯერებს. დამწკრივდებიან, დგანან გაშტერებული სახეებით და იმეორებენ ერთსა და იმავეს, რომ „ევროპას ომი უნდა“, „გლობალური ომის პარტია“, „ჩვენ გვიყვარს ღმერთი“, „ჩვენ გვიყვარს ოჯახი“. ამ სახეებით ტრაგიკომიკური სერიალის პერსონაჟებს მაგონებენ ხოლმე ხშირად.
ქართველი ხალხი ჰგონიათ სულელი, მაგრამ არ იჯერებს ამას ხალხი.
თუმცა „ეს უვიცი თავი“, როგორც თქვენ უწოდებთ მათ, საქართველოს საქმეს აფუჭებს ევროინტეგრაციის გზაზე. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ, რომ წლის ბოლოს ისევ დააკარგვინონ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი?
ევროპარლამენტარები ვერ ჩამოვლენ და ვერ იტყვიან ჩვენ სათქმელს, ამის ანგარიშვალდებულება ჩვენ უნდა დავაყენოთ მთავრობის წინაშე, რომ თუ ჩვენ მოგვისპობენ მომავალს, ჩვენ პოლიტიკურად პასუხს ვაგებინებთ მათ.
მგონი ევროკავშირი ახალი წევრების მიღებაზე არასდროს ყოფილა ასეთი ღია, ცივი ომის დასრულების შემდეგ.
ამ დროს ღარიბაშვილი მიდის და ანტიევროპულ, ანტიდემოკრატიულ კონფერენციაზე ლაპარაკობს. არ გვაქვს ასარჩევად საქმე და ერთადერთი, ყველაზე მშვიდობიანი, ყველაზე წარმატებული, კეთილდღეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ეს არის ევროკავშირი, მსოფლიოს უნიკალური პროექტი, რომელმაც დაასრულა ევროპული ომების საშინელი ეპოქა და თაობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, პენსიაში გავიდა უმდიდრეს ქვეყნებში. ამხელა წარმოუდგენელი გარღვევა მოახდინა ევროკავშირმა, ხომ?!
„მშვიდობა და ომს“ რომ იძახიან, შეუძლია რომელიმემ თქვას, როდის იყო ევროკავშირის წევრებს შორის ომი? – არასდროს.
ევროპა არის მშვიდობის, განვითარების გაერთიანება და ეს ხალხი თავისი საქციელით ამ შესაძლებლობას გვართმევს.
„ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს აშშ-ის ელჩმაც განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება პროპაგანდა, რათა საქართველო ევროპული გზიდან გადაიყვანოს. რაზე უნდა გაამახვილოს ხალხმა ყურადღება ასეთ დროს?
ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ აზროვნება, რადგან „ოცნებას“ უნდა ჩვენ აღარ ვიაზროვნოთ, აღარ ვიფიქროთ და დავიჯეროთ ის სისულელეები, რასაც ისინი ტელეეკრანებიდან გვეუბნებიან.
მოქალაქეებმა უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა და კრიტიკული აზრის სივრცე არ უნდა ჩავახშობინოთ ამ პროპაგანდას. ვიმოქმედოთ, ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე არ საუბრობს ხელისუფლება.
ვისაუბროთ უნივერსიტეტებში, სკოლებში, მედიაში, თვითმმართველობებში, ვისაუბროთ ბავშვებთანაც, თუ რატომ გვინდა ევროპა და თავისუფლება. ველაპარაკოთ ყველას და თუ მთავრობა არ შეასრულებს ჩვენ მოთხოვნას, პასუხი უნდა აგონ არჩევნებზე.
„ქართული ოცნება“ ოჯახებზე, ეკლესიაზე და ტრადიციებზე არ ზრუნავს. სად ინგრევა ოჯახი? – სიღარიბეში. სად ფუჭდება საეკლესიო საქმეები? – ტირანიაში და ავტოკრატიაში. სად მახინჯდება ტრადიცია? – დიქტატურაში, სადაც მას არ აქვს თავისუფალი განვითარების საშუალება.
მართალია, მათ ბევრი ფული და ბევრი შესაძლებლობა აქვთ, ბევრი მათგანის შვილები ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები არიან, ბინები, სახლები აქვთ, ყველაფერი აქვთ იქ და ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი საზრუნავი გვაქვს – როგორ სკოლაში ივლიან ჩვენი შვილები, რა ხარისხის საკვებს შეჭამენ, რა განათლებას მიიღებენ, რა ხარისხის ჰაერს ჩაისუნთქავენ, ამათ ეს არ აწუხებთ და ჩვენ რომ ამაზე მშვიდად ვიფიქროთ და ვიცხოვროთ, ამის საშუალებასაც გვართმევენ.
გულის არითმია კლინიკური მდგომარეობაა, როდესაც საქმე გვაქვს პათოლოგიურ გულისცემასთან ან გულისცემის სიხშირესთან. ამ დროს გული მუშაობს ძალიან სწრაფად, ან ძალიან შენელებულად, ან არარეგულარული რითმით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი გიორგი ცხომელიძე ამბობს, რომ ზოგიერთი სახის არითმია განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის, არც თუ ისე იშვიათად – სიცოცხლისთვისაც კი.
NCDC-ის ცნობით, ევროპასა და ამერიკაში გულის ეს პათოლოგია მიახლოებით 9 მილიონ ადამიანს აღენიშნება, მიუხედავად ამისა, გარკვეულ შემთხვევებში არითმია არადიაგნოსტირებული და მკურნალობის გარეშე რჩება.
არითმიის დროს გულის ელექტრული სისტემის ფუნქცია გაუმართავად მუშაობს, რაც ხშირად იწვევს გულის, როგორც სისხლის ტუმბოს ფუნქციის დარღვევას. სწორედ გულის ტუმბოს ფუნქციის დარღვევის ხარისხით განისაზღვრება, რამდენად საშიშია სიცოცხლისთვის ესა თუ ის არითმია.
რას ნიშნავს ტაქიკარდია და ბრადიკარდია, რა სხვაობაა მათ შორის?
ექიმები ამ ტერმინებს ვიყენებთ მაშინ, როცა ტაქიკარდია ან ბრადიკარდია არ შეესაბამება გულის მუშაობის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ციკლს და მისი გამომწვევი მიზეზი რითმის რომელიმე სახის დარღვევაა. ბრადიკარდიადმიჩნეულია 60 დაუფროდაბალიპულსი, ტაქიკარდიად კი – 100 დაუფრო მაღალი პულსი.
ჩვეულებრივჯანმრთელადამიანსშეიძლებაღამისგანმავლობაში, ძილისპერიოდში, ბრადიკარდია [გულისშეკუმშვათასიხშირის კლება] ჰქონდეს, დღისგანმავლობაში კი, როცააქტიურადარისდატვირთული – ტაქიკარდია [გულისშეკუმშვათასიხშირის მატება]. აქედან გამომდინარე, დიაგნოსტირება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი სპეციალობის ექიმის მიერ უნდა მოხდეს.
რა სახის არითმიებია ყველაზე გავრცელებული და რომელია მათგან ყველაზე საყურადღებო?
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საყურადღებო არითმია წინაგულთაფიბრილაციაა, იგივემოციმციმეარითმია. საქართველოში დაახლოებით 40000-მდე ადამიანია ამ არითმიით დაავადებული. აქედან 90%-ზე მეტი კი 50 წელს ზევითაა. არანამკურნალები მოციმციმე არითმია ხშირად არის გულის უკმარისობისა და იშემიური ინსულტის მიზეზი. შესაბამისად, ძალზედ მნიშვნელოვანია ამ არითმიის დროული დიაგნოსტირება და მართვა.
NCDC: მოციმციმე არითმია ოთხ-ხუთჯერ ზრდის ინსულტის რისკს, აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციის მაღალ მაჩვენებლებთან.
შესაძლებელია რისკჯგუფის განსაზღვრა?
ზოგადად არითმია, როგორც ასეთი, შეიძლება შეგვხვდეს, როგორც პათოლოგიურად შეცვლილ გულში, ისე აბსოლუტურად ნორმალურ გულში. თუმცა, რა თქმა უნდა პათოლოგიურად შეცვლილ გულში (იშემია, გადატანილი ინფარქტი, სარქვლოვანი პათოლოგია, ოპერაციული ჩარევა გულზე) არითმიების სიხშირე გაცილებით მაღალია.
როგორია არითმიის ნიშნები და სიმპტომები?
ყველაზე მარტივი გზა იმისთვის, რომ ადამიანებმა არითმია ამოიცნონ, არის ელემენტარული – მაჯაზე პულსის გასინჯვა. თუ პულსი წუთში 60-ზე დაბალია, ან წუთში 100-ზე მაღალია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვაქვს ან ბრადიკარდია ან ტაქიკარდია. ამასთანავე, თუ პულსაცია ხდება არარეგულარულად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენ გვაქვს რაიმე სახის არითმია, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ პულსი არის რეგულარული (თანაბარი ინტერვალებით).
არითმიის ნიშნები და სიმპტომებია:
გულის ფრიალი
გულისცემისაჩქარება
ტკივილი გულ-მკერდში
ჰაერის უკმარისობა
ადვილად დაღლა
მეხსიერების დაქვეითება
წონასწორობის დარღვევა
თავბრუსხვევა
გონებისკარგვა და ასე შემდეგ
პაციენტებმა, რომელთაც აქვთ თავბრუსხვევისა და გონების კარგვის ეპიზოდები ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა გაიარონ არითმოლოგთან კონსულტაცია, შემდგომი გამოკვლევებით.
როგორ ვუმკურნალოთ არითმიას?
არსებობს არითმიების მკურნალობის ორი გზა – მედიკამენტური მკურნალობა და პროცედურული მკურნალობა.
თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას იძლევა, რომ სიტუაცია მედიკამენტურად ვმართოთ, ვირჩევთ მედიკამენტურ მკურნალობას. თუ მედიკამენტი არ არის ეფექტური ან თუ ისეთი მდგომარეობაა, როცა ვიცით, შედეგი არ მოჰყვება არ მედიკამენტურ მკურნალობას, საქმე დგება პროცედურებზე – პეისმეიკერის, დეფიბრილატორის ან რესინქრონიზატორის იმპლანტაცია, კათეტერული აბლაცია და ა.შ.
ეს დარგი საკმაოდ მოწინავეა და კარგადაა განვითარებული საქართველოში, არაფრით ჩამორჩება სხვა ქვეყნებს. შესაბამისად. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში ჩვენ დღეს საქართველოში თავისუფლად შეგვიძლია ვმართოთ ნებისმიერი სახის არითმია.
როგორ ტარდება პეისმეიკერის, დეფიბრილატორის და რესინქრონიზატორის იმპლანტაცია?
პროცედურა კეთდება სრულიად უმტკივნეულოდ, ადგილობრივი ანესთეზიით. ამ აპარატების იმპლანტაცია ძირითადად ხდება მარცხნივ, გულმკერდის წინა ზედაპირზე, ლავიწის ძვლის ქვემოთ, უშუალოდ კანქვეშ. კეთდება მცირე, სულ რაღაც 4-7სმ-ანი განაკვეთი. პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათიდან 3 საათამდეა, გააჩნია რომელი აპარატის იმპლანტაციას ვახორციელებთ. საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდი კი დაახლოებით 24-48 საათია. რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან მოკლეა, პაციენტს იმპლანტაციის მერე დღიდან შეუძლია თავისუფლად, დამოუკიდებლად გადაადგილება.
რას უზრუნველყოფენ ეს აპარატები?
ზოგადად, დღევანდელი იმპლანტები ძალიან მაღალტექნოლოგიური აპარატებია. მათი მეშვეობით ხდება როგორც გულის მუშაობის მართვა, ისე ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციის ჩაწერა. ძირითადი ფუნქციაპეისმეიკერების შემთხვევაში არის დაბალი პულსის მკურნალობა; დეფიბრილატორის შემთხვევაში – უეცარი კარდიული სიკვდილისგან დაცვა; რესინქრონიზატორის შემთხვევაში კი – გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა.
როგორია პრევენცია, რა შეიძლება გავაკეთოთ ჯანსაღი გულისთვის?
პირველ რიგში პაციენტებს ვურჩევდი მაქსიმალურად ეცადონ თავი აარიდონ სტრესულ გარემოს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და იკვებონ ბალანსირებულად.
ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე არსებული არითმიის დროული მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის პროფილაქტიკური შემოწმება.
MayoClinic – გულის ჯანსაღი ცხოვრების წესი: მიიღეთ გულისთვის ჯანსაღი საკვები; დარჩით ფიზიკურად აქტიური; შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა; არ მოწიოთ; შეზღუდეთ ან მოერიდეთ კოფეინსა და ალკოჰოლს; შეამცირეთ სტრესი, რადგან ძლიერმა სტრესმა და ბრაზმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის პრობლემები; გამოიყენეთ მედიკამენტები დანიშნულებისამებრ და აცნობეთ ექიმს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილი მედიკამენტების შესახებ.
„შესაძლებელია, ყურადღების გადატანითი მოქმედებები განახორციელონ უკრაინელებმა – ბახმუტს დაარტყან და ამ დროს მარიუპოლს შეუტიონ, ძირითადი დარტყმა განახორციელონ,“ – უკრაინელებისგან კონტრშეტევის დაწყებას დღე-დღეზე ელის გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, უკრაინას შესაბამისი საჰაერო მხარდაჭერის და აღჭურვილობის გარეშე „შეზღუდული სახის წარმატება შეიძლება ჰქონდეს“.
„თუკი უკრაინელები აზოვის ზღვამდე მიაღწევენ და იქ გამაგრდებიან, გაჭრიან სახმელეთო დერეფანს შუაში, ეს ძალიან დიდი წარმატება იქნება,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი.
გადამდგარი გენერალი იმ ვერსიას უყურებს შიშით, თუკი უკრაინელების კონტრშეტევა წარმატებული არ იქნება. „ეს გამოიწვევს ოპერატიულ ჩიხს და ომი გადავა დაუმთავრებელ დაპირისპირებაში,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე და იმ დრონზეც გვიყვება, რამდენიმე დღის წინ კრემლის თავზე რომ გამოჩნდა.
„ეს არ იყო უკრაინიდან გამოშვებული დრონი, რადგან საჰაერო მანძილია 850 კილომეტრი, ამას დაუმატეთ ოკუპირებული ტერიტორიები, ეს დრონი კი, რაც ჩანს, არ არის იმ ზომის, რომ ამ დონის ტაქტიკური რადიუსი – 1500 კილომეტრი ჰქონდეს. დანარჩენ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. მე უფრო ვემხრობი იმას, რომ ეს რუსეთის მთავრობის გაკეთებულია…“ – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაურმა პრიგოჟონმა წუხელ აგინა შოიგუს და გერასიმოვს. პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალები ნორმის ფარგლებში რომ მიეწოდებინა, მაშინ „ვაგნერის“ დანაკარგები 5-ჯერ ნაკლები იქნებოდა. დღეს პრიგოჟინი რუსეთის მთავარსარდლობას დაემუქრა, რომ ვაგნერს 10 მაისს გაიყვანს ბახმუტიდან. ეს ხელოვნური დაპირისპირებაა უკრაინის შეცდომაში შესაყვანად, თუ მართლა გავა „ვაგნერი“ ბახმუტიდან?
ვერ გეტყვით, პრიგოჟინის დაჯერება ცოტა ძნელია – ერთ დღეს აგინებს, მეორე დღეს მადლობას იხდის, ან შეიძლება მიზეზს ეძებს, რომ თქვას, რატომ ვერ აიღო ბახმუტი, როცა ამდენი ხანია ომობს.
რას ჰქვია გაიყვანს? იქ ხელმძღვანელობა არ არის შეიარაღებული ძალების, თუ კერძო კომპანიაა და შევიდა, ომში რა უნდოდა? თუ შევიდა ომში, ფულს იღებს ამაში. ამის გარჩევა ცოტა ძნელია. ფაქტია, რომ დაპირისპირება არსებობს. როგორც მაქვს ინფორმაცია, ბახმუტში გამოჩნდა მეორე კერძო კომპანიაც – თუ „გაზპრომის“ არის პრიგოჟინის „ვაგნერი“, მეორეა „როსნეფტის“ დაჯგუფება „მეტეორი“. არ ვიცი, ვინ არის ხელმძღვანელი, მაგრამ არ არის გამორიცხული, მეორე დაჯგუფების გამოჩენა უკავშირდებოდეს იმას, რომ „ვაგნერი“ თუ გავა, მეორე იბრძოლებს. ეს შიდა დაპირისპირებაა, რაც ხელის გულზე დევს.
ეს აჩვენებს თუ არა იმას, რომ ქაოსია რუსეთის გენშტაბში და ეს სისუსტე შესაძლოა უკრაინამ გამოიყენოს?
ქაოსი რომ არის და ვერ მართავენ, ეს ომის მიმდინარეობითაც სჩანს. უბრალოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გეტყვით, რა ხდება, ვნახოთ, რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, ის მედესანტეები, რომლებიც ფლანგებიდან იფარავენ ბახმუტში მოქმედ „ვაგნერს“, პრიგოჟინს აძლევს საშუალებას, იქ შეტევები განახორციელოს. რამდენად ეფექტურად მოქმედებენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ისინი აქტიურად ეხმარებიან პრიგოჟინს.
რა ხდება ამჯერად ბახმუტში? რა დატვირთვა შეიძინა ამ ქალაქმა, რომლის აღებასაც მე-9 თვეა უშედეგოდ ცდილობს რუსეთი?
იყო ვერსია, რომ 9 მაისის აღლუმისთვის საჩუქრად მიერთმიათ პუტინისთვის ბახმუტი, მაგრამ არა მგონია, რომ ეს მოხერხდეს. უკრაინელები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ამ ქალაქის 5-დან 7 %-მდე. უკრაინელებმა ორი კვარტალი დაიბრუნეს უკან, მაგრამ შემდეგ რუსებმა ისევ აიღეს. ქალაქში უკრაინელების ორი თავდაცვითი რაიონია დარჩენილი. ერთი ცენტრშია, მეორე – დასავლეთით. მას შემდეგ, რაც „ვაგნერმა“ სამედიცინო ტექნიკუმი აიღო, მოხერხდა ამ რაიონების განცალკევება. სამხედრო ნაწილიც აიღეს ვაგნერელებმა. დღეში 100 – 150 მეტრი აქეთ-იქეთ იცვლება.
ბახმუტმა უკრაინელებისთვის უფრო მეტი დატვირთვის გახდა – იგი გახდა უკრაინელების წინააღმდეგობის სიმბოლო. ჩემი აზრით, ყველაფერს გააკეთებენ უკრაინელები, რომ ერთი სახლი მაინც შეინარჩუნონ ბახმუტში, რომ როცა დაიწყება კონტრშეტევა, ჩაითვალოს, რომ ბახმუტი არ იქნა აღებული. ფსიქოლოგიური და სიმბოლური დატვირთვის მქონე გახდა ბახმუტი ორივე მხარისთვის.
რამდენად გაიზარდა შესაძლებლობა უკრაინის ხელში, რომ მან რომელიმე მიმართულებით, ან ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა დაიწყოს?
უკრაინა რომ კონტრშეტევას დაიწყებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს გაცხადებულიცაა და ამ გაცხადების გამო დაკარგეს სტრატეგიული და ოპერატიული მოულოდნელობის ეფექტი. არის რამდენიმე მიმართულება. რუსეთის მონაცემებით, უკრაინელების თავმოყრა ხდება ბახმუტი-სოლედარი-სევერსკის მიმართულებაზე, მეორეა სამხრეთით – ზაპოროჟიეს მიმართულება. რომელი იქნება გამოყენებული მთავარი დარტყმის, რომელი სხვა დარტყმის მიმართულებად, ეს უკვე შემდეგ გამოჩნდება – სადაც იქნება წარმატება, ის იქნება, ბუნებრივია, მთავარი დარტყითიის მიმართულება.
მე არ გამოვრიცხავ, უკრაინელებმა დაარტყან ტირასპოლს და დნესტრისპირეთს. იქ დასახლებულ პუნქტ კოვბასნაიაში არის ერთ-ერთი სამხედრო საბრძოლო მასალის ბაზასაცავი, სადაც არის დიდი რაოდენობით საბჭოთა პერიოდის სამხედრო აღჭურვილობა.
ამით მომარაგების პრობლემას შეუქმნიან რუსებს?
ამით არამხოლოდ ტირასპოლის მომარაგებას, არამედ მთლიანად დნესტრისპირეთს შეექმნება პრობლემა. ჯერ ერთი, რუსული სამხედრო დაჯგუფების ზურგში დატოვება არ არის გამართლებული და უკრაინელებს აქვთ სრული უფლება, რომ შევიდნენ და გაანეიტრალონ ეს დაჯგუფება. ეს ასევე გადაიტანს რუსების ყურადღებას ამ მიმართულებაზე.
რუსებსაც ექნებათ ეს გათვლილი, მაგრამ იქ რუმინეთი არ გაატარებს რუსების თვითმფრინავს და უკრაინას უნდა გადაუფრინონ რუსებმა. რამდენად მოახერხებენ ამას, არ ვიცი.
კონტრშტევისთვის უკრაინელებმა უკვე შექმნეს დარტყმითი დაჯგუფება, ეს არის 8 ბრიგადა. აქედან 3 არის შინაგან საქმეთა სამინისტროს, დანარჩენი ნარევია – მოხალისეებისგან დაკომპლექტებული და აღჭურვილი დასავლეთიდან მიღებული აღჭურვილობით.
მაგალითად, მათ შემადგენლობაში ასევე ჩამოყალიბდა 82-ე საჰაერო-მოიერიშე ბრიგადაც. პრინციპში ის არა არის ტიპიური აერომობილური დანაყოფი, დარტყმითი ბრიგადაა ისიც და სრულად „ჩელენჯერებით“ და დასავლეთში მომზადებაგავლილი მოხალისეებით არის დაკომპლექტებული . ასე რომ, დარტყმითი დაჯგუფება შეიქმნა.
მინუსი არის ის, რომ უკრაინელებს არ აქვთ საჭირო მოცულობის საჰარო მხარდაჭერის შესაძლებლობა, ასევე ჭურვების რაოდენობა. იმედი მაქვს, რომ ამერიკელების ბოლო ტრანშიდან შეისყიდდნენ ამ საარტილერიო საშუალებებს. უკრაინელები ასევე აქტიურად იძენენ საიერიშო ხიდგამდებებს, რაც სჭირდებათ ტანკსაწინააღმდეგო თხრილების და პატარა მდინარეების გადასალახავად.
თქვენ გაზაფხულისთვის ელოდით გარდამტეხი ნიშნების გამოჩენას ამ ომში. რა ჩანს ამ გადასახედიდან?
ვფიქრობ, რომ მაისის ბოლომდე დაიწყება კონტრშეტევა და სავარაუდოდ ივლისში გამოჩნდება, რამდენად წარმატებული იქნება ეს.
ეს გაიწელა ძირითადად ამინდის გამო – უკრაინელების პრობლემა იყო დასავლეთიდან მიღებული ბორბლიანი ჯავშანტექნიკა. ეს ტექნიკა კარგია მთიანი რაიონებისთვის, მაგალითად, საქართველოსთვის, მაგრამ ტალახში ჯობია მუხლუხებიანი ტექნიკა. გაუთავებელი წვიმა და ტალახი იყო გაჭიანურების მიზეზი. იმედია, რომ ახლა გაშრა მიწა და არ იქნება წვიმა. უკრაინელებს ასე გაუადვილდებათ ამ შემთხვევაში მანევრირება.
ამ მოცემულობაში, რა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: სტრატეგიული მიდგომა, აღჭურვილობა, ადამიანური რესურსი…
ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია – მართვა მნიშვნელოვანია და რესურსიც. ჩემი აზრით, ეს 40-ათასიანი დაჯგუფება, რომელიც ჰყავთ, გარკვეულ, შეზღუდულ ამოცანას შეასრულებს, მაგრამ არა იმ დიდ იმედს, რომელიც ყველას აქვს, რომ ყირიმსაც აიღებენ, საზღვრებზეც გავლენ და ასე შემდეგ.
თუკი უკრაინელები აზოვის ზღვამდე მიაღწევენ და იქ გამაგრდებიან, გაჭრიან რუსების სახმელეთო დერეფანს შუაში, ეს ძალიან დიდი წარმატება იქნება ამ ეტაპზე.
გვითხარით დრონზე, რომელიც კრემლის თავზე გამოჩნდა. თქვენი ვერსიით, რა იყო ეს? შესაძლოა, ეს მიზანმიმართულად თავდასხმა გაითამაშეს რუსეთში შიდა აუდიტორიისთვის, რომ რუსეთს თავს ესხმიან და თავდაცვა სჭირდება?
მე გეტყვით რა არ იყო ეს – ეს არ იყო უკრაინიდან გამოშვებული დრონი, რადგან საჰაერო მანძილია 850 კილომეტრი, ამას დაუმატეთ ოკუპირებული ტერიტორიები, ეს დრონი კი, რაც ჩანს, არ არის იმ ზომის, რომ ამ დონის ტაქტიკური რადიუსი – 1500 კილომეტრი ჰქონდეს.
დანარჩენ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. მე უფრო ვემხრობი იმას, რომ ეს რუსეთის მთავრობის გაკეთებულია. ამის შემდეგ რუსებმა განაცხადეს, რომ დრონი ჰაერში იყო განადგურებული, რომ კარგად იმუშავა საჰაერო თავდაცვამ, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომ იტოვებს უფლებას რუსეთი განახორციელოს საპასუხო დარტყმა და ასე შემდეგ.
გამოჩნდა, რომ რაღაცაში ხელი გაიხსნა რუსეთმა. ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებასაც წინ უძღოდა მფრინავების საერთო საცხოვრებლის აფეთქება და იქ მფრინავების ოჯახების დახოცვა. ეს ჩეჩნებს დაჰბრალდა და დაიწყო მეორე ომი. ასე რომ, რუსეთს უკრაინის ტერორისტად გამოყვანა ალბათ შიდა და გარე აუდიტორიისთვისაც აწყობთ.
რუსეთში მობილიზაციაზე რა ინფორმაცია გაქვთ, რა სახით მიმდინარეობს ეს პროცესი?
მობილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ალბათ პრობლემა არ იქნება ხალხის შეგროვება. გარბის ხალხი, მაგრამ მასა მაინც არის.
ახლოვდება 9 მაისი – რა ჩანს რუსეთის სამზადისში, თქვენი დაკვირვებით? ომის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ რუსეთმა 21 ქალაქსა და ყირიმში 9 მაისის ღონისძიება გააუქმა.
დიახ, სადაც წვდება უკრაინა, რუსეთმა იმ რაიონებში გააუქმა ეს ღონისძიება. იყო მოსაზრება, რომ დრონების საქმე იმიტომ გააკეთეს, რომ აღლუმის ჩატარების რესურსი არ აქვთ, თუმცა ბოლო განცხადება იყო ის, რომ აღლუმი ნამდვილად ჩატარდება. ჩაატარებენ ახლა პომპეზურ აღლუმს, უცხოეთის ქვეყნებიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ყირგიზეთმა გამოხატა დასწრების თანხმობა. შევხედოთ, რა იქნება.
რამდენად ხედავთ იმის შანსს, რომ უკრაინამ შექმნას მოულოდნელობის ეფექტი?
მათ უნდა სცადონ, ყურადღების გადამტანი მოქმედებები განახორციელონ – მათი წარმატება გასული წლის შემოდგომაზე ხარკოვის მიმართულებაზე, ძირითადად განპირობებული იყო მოულოდნელობის ეფექტით. ახლა ეს მოულოდნელობის ეფექტი არაა.
უკრაინელები სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე უკვე ვეღარ შეძლებს მოულოდნელობის ეფექტის შექმნას. რუსებმა უკვე იციან უკრაინელების დაჯგუფება, შემადგენლობა, მიახლოებით შეტევის სავარაუდო მიმართულებები. ტაქტიკურ დონეზე კი, შესაძლებელია, ყურადღების გადატანითი მოქმედებები განახორციელოს, ან შეცდომაში შეიყვანოს, ან ორივე ერთად. შესაძლოა, ბახმუტს დაარტყან და ამ დროს მარიუპოლს შეუტიონ, ძირითადი დარტყმა განახორციელონ. ყოველ შემთხვევაში, უკრაინელებს ამის არეალი შემცირებული
აქვთ.
პოდოლიაკის თქმით, ამჯერად რუსმა სამხედროებმა შეცვალეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა და ისინი პირდაპირ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ სამოქალაქო ობიექტებზე, მრავალბინიან სახლებზე ან იმ ადგილებზე, სადაც ბევრი ხალხია.
მთავარი მიზანია ისევ, რომ დაღალოს მოსახლეობა, შეასუსტოს წინააღმდეგობის სურვილი. რუსებმა ტაქტიკა ძირითადად შეცვალეს იმ გაგებით, რომ დრონებს იყენებენ რაკეტებთან ერთად, ცდილობენ, რომ გადატვირთონ საჰაერო თავდაცვის რადარები, ზედმეტ მზადყოფნაში მოიყვანონ, დაახარჯინონ რესურსი, ხოლო როცა დრონებით ყურადღება გადატანილია, განახორციელონ სარაკეტო დარტყმები.
მაღალი სიზუსტის რა შეიარაღება დარჩა ამ ეტაპზე რუსეთს?
რუსეთმა თავისი საავიაციო ბომბების ადაპტირება მოახერხა: FAB-500, FAB-1500, FAB3000-ს დაუყენეს ფრთები და GPS, რაც საშუალებას იძლევა, პლანირებადი ბომბი გახდეს – საჭიროა თვითმფრინავით ჰაერში, მაღლა ასვლა და ბომბის ჩამოგდება, მერე უკვე ჰაერში პლანირებით თავისით მირინავს. ეს ბომბები საკმაოდ დიდი რაოდენობით აქვთ რუსებს. ამიტომაც, უკრაინელების სუსტი მხარე ამ კონტრშეტევის დროს იქნება საჰაერო მხარდაჭერა.
უკრაინას ძალიან უჭირს საჰაერო მხარდაჭერის კუთხით. საკმარისი საჰაერო მხარდაჭერის გარეშე, უკრაინას საკმაოდ შეზღუდული სახის წარმატება შეიძლება ჰქონდეს, თუმცა რუსების ბრძოლისუნარიანობის შემხედვარე, შეიძლება ვიქონიოთ უკეთესის იმედი.
დასავლეთი აპირებს, რომ მისცეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებები?
უკრაინას აძლევენ ძირითადად საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და არა საჰაერო მხარდაჭერის საშუალებებს, უკრაინას სჭირდება თვითმფრინავები. ამაზე იყო საუბარი, მაგრამ შეჩერდა ეს პროცესი, ახლა ისევ არის ლაპარაკი, რომ წლის ბოლომდე მისცემენ.
მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა – თუ არ იქნება დასავლეთის შესაბამისი მხარდაჭერა, არ იქნება წარმატება. უკრაინამ უნდა აჩვენოს გარკვეული წარმატება ამ კონტრშეტევის დროს დასავლეთს. ამიტომაც, თუკი ეს კონტრშეტევა არ იქნება წარმატებული, ეს გამოიწვევს ოპერატიულ ჩიხს და ომი გადავა დაუმთავრებელ, გაყინულ და დაუსრულებელ დაპირისპირებაში.
საქართველოს პრემიერი 1000-ზე მეტ პოლიციელს თბილისში ახალ ბინებს 2 წელიწადში ჰპირდება მაშინ, როცა მთავრობამ ბათუმში 88 ბინის მშენებლობა მეხუთე წელია ვერ დაასრულა. ბათუმში პოლიციისთვის ბინების მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ათასბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა ერთი წლის წინ დააანონსა. დღეს, 2023 წლის 5 მაისს კი, „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, განაცხადა, რომ „ამ პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მილიონ ლარს… ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი. „პოლიციის ქალაქების“ მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენი, ჩემი სურვილიც არის, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული.“
ღარიბაშვილის განცხადებით, „პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, მე ასე ვიტყოდი, კვ.მ.-ში 300 ლარს დაახლოებით, ასე გამოვა, დანარჩენს მთლიანად დაფარავს ხარჯებს სახელმწიფო, სამინისტრო.“
თბილისში 1 100-ბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობაზე ხელშეკრულება შსს-ს კომპანია „ანაგთან“ აქვს გაფორმებული. ხელშეკრულება 2022 წლის 21 დეკემბერს დაიდო 124 963 260 ლარზე.
„ანაგს“ მშენებლობის დასასრულებლად 2,5 წელზე მეტი დრო აქვს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას „სხვადასხვა დოკუმენტებზე/კონცეფციაზე თანხმობის მიღებიდან 915 დღე აქვს სამშენებლო სამუშაოებისთვის, ამ ვადაში შედის შენობების ექსპლუატაციაში მიღებაც“.
„პოლიციის ქალაქი“ თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N69-ში შენდება.
რაც შეეხება ბათუმს, პოლიციელებისთვის ბინები ადლიის დასახლებაში შენდება. მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და ის 2020 წელში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მშენებლობის დასასრულებლად შსს-ს მესამე ტენდერის გამოცხადება მოუწია.
გამარჯვებულად აქაც „ანაგი“ გამოვლინდა და მასთან ხელშეკრულება 3 980 000 ლარზე დაიდო – 2022 წლის 29 დეკემბერს.
„ანაგმა“ ბინების მშენებლობა ბათუმში „ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 კალენდარული დღის განმავლობაში“ [ანუ, 2023 წლის ივლისში] უნდა დაასრულოს.
რა მდგომარეობა იყო აღნიშნული მესამე ტენდერის გამოცხადებამდე – დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:
18 დღე და 18 ღამეა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის წინ – იქ, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობს, საპროტესტო აქციას მართავენ დედები.
ქალები, რომელთა შვილებსაც იშვიათი გენეტიკური დაავადების, აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვთ, ითხოვენ წამალს ბავშვებისთვის.
აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ის 25 ათასი ბავშვიდან ერთს უვლინდება.
36 წლის ხატია ხურციძეს ბათუმის ბულვარში, სხვა მშობლებთან ერთად შევხვდით. პირველი ინტერვიუ ხატიასთან ჩავწერეთ, რადგან თბილისში წასვლას ჩქარობდა. ხატია ერთ-ერთია, ვინც შვილისთვის წამალს ითხოვს. ის ბათუმიდან თბილისში ჩადის კანცელარიის წინ სამორიგეოდ და ქუჩაში ღამის გასათევად.
ხატიას შვილი, ნიტა ჭაღალიძე, 4 წლისაა. მას აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს. ხატია ფეხმძიმედ იყო, როდესაც მისი დიაგნოზი გაიგო.
„ექიმებმა მითხრეს, რომ ძნელად მოსავლელი იქნებოდა და შემეძლო სამშობიაროში დამეტოვებინა. ძალიან განვიცადე.
როცა ნიტა დაიბადა, ოზურგეთში ვცხოვრობდი. იქ არანაირი დაფინანსება არ გვქონდა – არც რეაბილიტაცია ეკუთვნოდა უფასოდ, არც პედიატრი. ამიტომ ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად, აქ ჩავწერე ნიტა,“ – გვიყვება ხატია.
ხატია ხურციძე და ნიტა
ნიტას, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრებ სხვა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს, ჯერ კიდევ გუშინდელ დღემდე, 4 მაისამდე, არ შეეძლოთ შშმ სტატუსის მიღება მათი დიაგნოზის მიხედვით. რადგან ჯანდაცვის ქართულ სისტემას ეს დაავადება შესაბამისი კოდით აღნიშნული არ ჰქონდა. ამიტომ შშმ პირის სტატუსს ბავშვები სხვა თანმდევი დაავადების გამო იღებდნენ.
2023 წლის 4 მაისს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის“ დადგენის წესში შევიდა ცვლილება. კერძოდ, დაემატა ახალი პუნქტი, რომლის მიხედვითაც აქონდროპლაზია, ჰიპოქონდროპლაზია, გახდება შშმ სტატუსის მინიჭების საფუძველი.
ხატია ხურციძის მსგავსად ბათუმში საცხოვრებლად გადმოვიდა სალომე ბერიძეც. ის 2 წლის გაბრიელის დედაა.
„ხულოში, სოფელ სხალთაში ვცხოვრობდი. 8 თვის ფეხმძიმე ვიყავი გაბრიელზე, როცა მითხრეს, რომ ჰიდროცეფალია სჭირდა. მაგრამ დაიბადა და აღმოჩნდა, რომ აქონდროპლაზია ჰქონდა. მყავს ორი შვილი, უფროსები. მესამეა გაბრიელი. როცა გაბრიელის დიაგნოზი გავიგეთ, ხშირად გვიწევდა ექიმებთან სიარული, გამოკვლევებზე, რეაბილიტაციაზე. ამიტომ ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად,“ – ამბობს სალომე ბერიძე.
სალომე ბერიძე და გაბრიელი
იმის გამო, რომ აქონდროპლაზია ჯანდაცვის სამინისტროს ცალკე კოდზე არ აქვს გაწერილი, მთელი რიგი სერვისების მისაღებად ბავშვებს და მათ მშობლებს ათასგვარ ბიუროკრატიასთან შეჭიდება და გამკლავება უწევთ. ესმა ხალვაში 6 წლის კატოს დედაა. კატოს აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს.
„რამდენიმე თვის იყო კატო, როდესაც დავიწყეთ რეაბილიტაციებზე სიარული. ეს იყო ფიზიკური თერაპიები, ლოგოპედი, შემდეგ ჩაერთო ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი.
მაგრამ კონკრეტულად აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს ცალკე კოდით ამ სერვისებით სარგებლობის უფლება არ აქვთ. კატოს ჰქონდა თანმხლები დაავადება, გვიან დაიწყო სიარული. თითქმის სამი წლის იყო, როდესაც დამოუკიდებლად გაიარა. ამ გართულებებიდან გამომდინარე მივიღეთ სახელმწიფოსგან ეს დაფინანსება და ჩავერთეთ უფასო პროგრამაში.
თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ იმ პროგრამების გამო, რაც აჭარის ჯანდაცვას აქვს დღეს, დიდად მადლობელი ვარ.
აჭარის ჯანდაცვას რეალურად იმაზე მეტი პროგრამა აქვს, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებს. როგორც გავიგე, ფსიქოლოგის მომსახურებაც კი არ აქვთ სხვა ბავშვებს სხვა რეგიონებში, თუნდაც იგივე თბილისში,“ – ამბობს ესმა ხალვაში.
ესმა ხალვაში და კატო
ლერი მალაყმაძემ პირველად 12 წლის წინ გაიგო აქონდროპლაზიის არსებობის შესახებ.
ლერი 12 წლის ანასტასიასა და 2 წლის ბარბარეს მამაა. მის ორ შვილს აქონდროპლაზია აქვს. ლერი მალაყმაძე 12 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს, როცა პირველად გაიგო სიტყვა აქონდროპლაზია და დიაგნოზი, რომელიც მის შვილს დაუსვეს.
„2010 წელს, ანასტასია რომ დაიბადა, სრულიად წარმოუდგენელი იყო ყველასთვის. ჩვენთვისაც გაუგებარი იყო, რა დაავადებასთან გვქონდა საქმე,“ – იხსენებს ლერი მალაყმაძე.
მისი თქმით, 12 წლის წინ გაცილებით რთული იყო ინფორმაციის მოძიება, ვიდრე დღეს. თუმცა არც დღეს არაა ქართულ ენაზე სრულყოფილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი.
„როცა ანასტასია დაიბადა, ანგისაზე გადაგვიყვანეს, იქ 15 დღე იწვა საავადმყოფოში. გვეუბნებოდნენ, ეს ბავშვი ალბათ ერთ წელიწადს თუ იცხოვრებსო. შემდეგ წავედი თბილისში, გავუკეთეთ გამოკვლევები. იაშვილში იყო ექიმი ლევან ვადაჭკორია, რომელმაც მითხრა: შენს ბავშვს სიცოცხლისთვის შეუფერებელი არაფერი აქვს, იცხოვრებს, იცოცხლებს. მოვა დრო და იქნება წამალი, რომელიც მას დაეხმარებაო“, – იხსენებს ლერი მალაყმაძე.
ლერი მალაყმაძე
დრო მართლაც მოვიდა.
2021 წელს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ავტორიზაცია მისცა პრეპარატ Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვოსორიდიტი). ეს პრეპარატი პირველია, რომელიც გამოიყენება სინდრომისა და მისგან გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს წამალი ბავშვებისთვის. მარტო ზრდისთვის არაა. ნიტას აქვს ძილის აპნოე. ანუ ღამით ითიშება რამდენჯერმე, გეგონება, რომ ბავშვი არ სუნთქავს. ასევე აქვს გულის პრობლემა. მალე იღლება, ამიტომ ხელით დამყავს. ეს წამალი ამ ყველა პრობლემას აწესრიგებს. თუ ამ წამალს ბავშვი მიიღებს მანამ, სანამ ზრდის ზონები დაიხურება, ყველაფერი კარგად ექნებათ ამ ბავშვებს.
ჩვენ წელიწადში გვჭირდება 200 ათასი დოლარი ამ წამლისთვის. სახელმწიფოსთვის ეს არ არის პრობლემა – ისეთ რაღაცებში იხარჯება თანხა, რომ მგონი წამლისთვის არ უნდა იყოს ასეთი ამბავი,“ – ამბობს ხატია ხურციძე.
„ზოგადად, ანასტასიას სიმაღლე პრობლემად არასდროს მიგვიჩნევია არც მე და არც ჩემს მეუღლეს. ბავშვს რომ არ აქვს ხრტილები, კუნთები აქვს დაჭიმულ მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე აქვს ტკივილი. ზუსტად ათ მეტრს გაივლის და სტკივა.
მეექვსეკლასელია, ხელში აყვანილს ვეღარ ვატარებ სულ.
ღამე ტკივილის გამო იღვიძებს და მეუბნება – მამა, მტკივა.
12 წელია ამ დიაგნოზს ვსწავლობ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ბათუმში რომ იციან ექიმებმა ამ დიაგნოზზე, იმაზე მეტი მე ვიცი.
ამ წამლის შედეგები ვიცით და 5 წელია ველოდებით, რომ ბოლო კვლევა ჩატარებულიყო და წამალი გამოსულიყო. ეს წამალი გაზრდის ხრტილს.
როცა ხრტილი გაიზრდება, მენჯის ძვალი ძვალზე იმოძრავებს, აღარ ექნება ტკივილი, აღარ ეტკინება მენჯები. რაღაც პერიოდის შემდეგ თუ ეს წამალი ამ ბავშვებმა არ მიიღეს (ასე ამიხსნეს თურქეთსა და თბილისში ექიმებმა) და ეს ხრტილი არ გაიზარდა, დასჭირდებათ იმპლანტი,“ – ასე ხსნის წამლის ეფექტურობას ლერი მალაყმაძე.
ანასტასია მალაყმაძე და კატო ჯიბუტი
რა შეცვალა აქციებმა – ხილვადობა, რომელსაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ადამიანები წლები ელოდნენ
ჯერ კიდევ 20 დღის წინ საქართველოში აქონდროპლაზიის დიაგნოზის შესახებ საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცოდა. არათუ ფართო საზოგადოებას, ხშირად სამედიცინო სექტორში დასაქმებულებსაც კი არ ჰქონდათ ინფორმაცია.
„იმის გამო, რომ ამ დიაგნოზით ცოტა ბავშვი ცხოვრობს საქართველოში, ექიმებიც კი არ იყვნენ ინფორმირებულნი.
მქონია მომენტი, როცა ბავშვი მიგყავს ექიმთან და ექიმიც კი ვერ ხვდება, ვერ არქმევს ამ დიაგნოზს სახელს,“ – იხსენებს ესმა ხალვაში.
ესმა ასევე იხსენებს, რომ როცა კატომ ზრდა დაიწყო, თავი ტანთან შედარებით გამოხატულად დიდი ჰქონდა. ამის გამო მას და კატოს არაერთი „რჩევა“ მიუღიათ, მათ შორის უცნობი ადამიანებისგანაც.
„მოდიოდა კომენტარები, რჩევები, რომ რაქიტის ნიშნები აქვს თქვენს შვილს, რაღაც წამალს მასწავლიდნენ ხალხური მედიცინიდან ქუჩაში გამვლელები და ასე შემდეგ.
აქციებმა რა შეცვალა? მანამდე თუ არ აკვირდებოდნენ ან აკვირდებოდნენ და ვერ ხვდებოდნენ, ქვეყნის 90%-მა არ იცოდა ამ სინდრომის შესახებ. აქციების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, 70%-მა მაინც გაიგო, რომ მსგავსი დიაგნოზით ბავშვები არსებობენ და ამას ჰქვია აქონდროპლაზია. დღეს, თუნდაც ქუჩაში როცა აყოლებენ თვალს, უკვე ღიმილით და სიყვარულით სავსე მზერაა. ხვდებიან, რომ ეს ის ბავშვია, ვისი მშობელიც დგას და ითხოვს წამალს.
ცნობიერების ამაღლების კუთხით ამ აქციებმა ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. ყველამ გაიგო საქართველოში, დიდმა თუ პატარამ.
რა პატარაა.. რამხელა თავი აქვს… რატომაა ასეთი პატარა? – დღეს ასეთი კითხვები თითქმის აღარ უჩნდებათ,“ – ამბობს ესმა ხალვაში.
საზოგადოების შეცვლილ დამოკიდებულებას აქციების დამსახურებად მიიჩნევს ლერი მალაყმაძეც.
„არ არსებობს ინფორმაცია ქართულ ენაზე. უცხოურ საიტებზე ვეძებთ ინფორმაციას. საზოგადოებაც არ იყო ინფორმირებული და შეცოდების მომენტი ჰქონდათ. რამდენი წლისაა რომ შემეკითხებოდნენ, ვეტყოდი – 7 წლის, 10 წლის – უი, ასე პატარა? არ ჰგავს ამდენს. მაგრამ აი, ამ ოცი დღის შუალედში შეიცვალა და ძალიან ყურადღებიანი გახდა ხალხი. ვფიქრობ, ეს იმის გამო ხდება, რომ არ ჰქონდათ აქამდე ინფორმაცია.
ვფიქრობ, ამ აქციების დამსახურებით, როცა შემდეგში ამ დიაგნოზით დაიბადება ბავშვი, კიდევ ერთი ახალი სიცოცხლე, იმას უკვე გაკვალული ექნება გზა, პრობლემა აღარ ექნება. ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნა ბაღშიც, სკოლაშიც…,“ – ამბობს ლერი მალაყმაძე.
უკრაინაში ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის 18 დასახლებიდან დროებითი ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა – ამის შესახებ რუსული მედია წერს ზაპოროჟიის ოლქის ე.წ. ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
ოკუპირებული რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ გააძლიერა შეტევა, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება მშვიდობიანი მოსახლეობა ფრონტის ხაზს დააშორონ და სამედიცინო დაწესებულებებიც რეგიონის სიღრმეში გადაიტანონ.
ამავე დროს, უკრაინული მედია ავრცელებს ზაპოროჟიის რეგიონში მდებარე ქალაქის, მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებას, რომ ოკუპანტები პანიკაში არიან.
„[ადგილობრივი მცხოვრებლები] ამბობენ, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე ოკუპანტების რიგებია… როგორ გვენატრებოდი მელიტოპოლო!“ – წერს ოკუპირებული მელიტოპოლის მერი.
მიმდინარე სიტუაციას გამოეხმაურა უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი, მიხაილ ფედოროვიც, მოკლე გზავნილით: „ჩემი მშობლიური ქალაქი, ვასილიევკა, მალე გნახავ“.
ასევე, უკრაინული მედია დღეს ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებაზე გაანადგურეს დაჯგუფება „ვაგნერის“ იარაღის საწყობი. ამის შესახებ დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა:
„ჩვენმა მებრძოლებმა გაანადგურეს ვაგნერის საბრძოლო მასალის შესანახი ადგილები. ამიტომ ჩვენც მოვიკრეფთ ყველა ძალას მტრის გასანეიტრალებლად”.
დღეს, 5 მაისს, საღამოს თითქმის მთელი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო. ბოლო ცნობებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დონეცკის ოლქის სლავიანსკსა და კრამატორსკში სამრეწველო საწარმოებს ცეცხლი გაუხსნეს. წინასწარი მონაცემებით, სლავიანსკში რაკეტა მოხვდა ქარხნის შენობას, კრამატორსკში კი დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა. პირველადი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა.
ასევე დღეს, რუსული დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. პრიგოჟინი იმუქრება, რომ 10 მაისს „ვაგნერს“ გაიყვანს ბახმუტიდან.