მთავარი,სიახლეები

უსინათლო კაცი: მერიამ სიმინდის სახარში წამართვა, მათხოვრობას ვერც თავს ვაკადრებ, ვერც ბათუმს

28.04.2023 • 22798
უსინათლო კაცი: მერიამ სიმინდის სახარში წამართვა, მათხოვრობას ვერც თავს ვაკადრებ, ვერც ბათუმს

„დამიბრუნონ სიმინდის სახარში“, – რამდენჯერმე იმეორებს ზურა მსახურაძე და მოუსვენრად აკაკუნებს ტროტუარზე ჯოხს – შეხებით რომ იგრძნოს, ზუსტად რა ადგილას დგას და სად ხარშვამდე სიმინდს, ვიდრე მას ღამით მოჰპარავდნენ.

ზურაბ მსახურაძე 62 წლის უსინათლოა. იგი ამბობს, რომ 40 წელია ვერ ხედავს, ხელისუფლებამ კი, ხელშეწყობის ნაცვლად, საარსებო წყაროს გარეშე დატოვა – მოქალაქის თქმით, გუშინ წინ, ღამით, მერიის თანამშრომლებმა მისი სიმინდის სახარში მოწყობილობა ბათუმში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან გაფრთხილების გარეშე წაიღეს.

„…როცა გამოვედი და მითხრეს, შენი „ბუტკა“ არ არსებობსო, კინაღამ გავგიჟდი. ეს იყო ჩემი საარსებო წყარო. 40 წელია ვერ ვხედავ და ამაში ვაყოლებ ჩემს დარდებს. ამასაც რომ წამართმევ და შემიზღუდავ, ეს მთავრობაა? არჩევნების დროს, კი ბატონო, მობრძანდი, შენი ჭირიმე,“ – ამბობს ზურაბ მსახურაძე და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბათუმის მერიას შერჩევითი მიდგომა აქვს.

„სამუშაო არ მქონდა, დღეს ვინ მუშაობს? წარმოებები აღარ გვაქვს. მათხოვრობით არ ვიმათხოვრებ: ვერც ჩემს თავს ვკადრებ და ვერც ქალაქს – ბათუმს, ჩემს კუთხეს.

თვითდასაქმება გადავწყვიტე. აქ დავდგი სიმინდის სახარში აპარატი, ჩემს სახლთან ახლოსაა…წყალი რომ მქონდა სიმინდის ნახარში, უკან მიმქონდა, არ ვასხამდი, ქუჩა არ დაბინძურდეს და მტვერი არ დადგეს-მეთქი. ნებართვა არ მქონდა, მაგრამ როგორც გამონაკლისი, თვალს ხუჭავდნენ ჩემზე.

წელს შევხდი არჩილ ჩიქოვანს და ვუთხარი, ვინაიდან ეს ლამაზი არაა, მომეცი ნებართვა და ესკიზს გავაკეთებ ლამაზად, ჯიხურს ჩავდგამ, როგორც ეს სხვებს აქვთ, უარი მითხრეს, არ შეიძლება ქალაქშიო. თქვენ რომ დაგრთოთ ნება, ფეხით მოსიარულეებს შეექმნებათ დისკომფორტიო.

სხვებისთვის თუ შეიძლება, ჩემთვის რატომ რ შეიძლებოდა? ნებისმიერ ქუჩაზე ვერ გაივლი იმდენი კაფეებია. ეს შერჩევითია. კანონი მარტო ჩვენთვის მოქმედებს, სხვისთვის რატომ არ მოქმედებს?“ – კითხულობს უსინათლო კაცი.

ზურაბ მსახურაძე ცოლთან ერთად

ზურაბ მსახურაძე ფილოლოგია, თუმცა სხვაგან დასაქმება ვერ შეძლო. იგი გვიყვება, რომ არსებულ გარემოში, რომელიც შშმ პირებსა და უსინათლოებზე მორგებული არ არის, დასაქმება განსაკუთრებით რთულია.

„უცხოელები ვიდეოს მიღებდნენ, როცა ხედავდნენ, რომ უსინათლო კაცი ვმუშაობდი… ჩემ მეტი ბათუმში დამოუკიდებლად ვინმე არ დადის უსინათლო. მერიაშიც ეს ვუთხარი: სიამაყეა ეს თქვენთვის, რომ უსინათლო კაცი მუშაობს.

პირიქით – გამანადგურეს, პურის ფულიც არ მაქვს.

ასთმა მაწუხებს, არითმიაც, ყოველ მეორე დღეს 8 – 10 ლარის წამალი მინდა, სახლში მხოლოდ მე და ჩემი ცოლი ვართ, ისიც ავარიაში მოხვდა, ყავარჯნებით გადაადგილდება, შვილები ცალკე ცხოვრობენ, ისინი რომ არ მეხმარებოდნენ, მშიერი მოვკვდებოდი – ორი პენსიიდან მხოლოდ 400 ლარს ვიღებთ, ორივეს საპენსიო სესხი გვაქვს,“ – ამბობს ზურაბ მსახურაძე და თავის სახლსაც გვაჩვენებს – ერთოთახიანი ბინა იტალიურ ეზოში, პირველ სართულზე.

„ესაა ჩემი ბინა, სხვა არაფერი მაქვს და სოციალურსაც არ მაძლევენ,“ – ოთახის შუაში ჩერდება ზურაბ მსახურაძე და ისევ ხელის ცეცებით კარადის უჯრაში ეძებს დოკუმენტებს: სოციალური დაცვის სააგენტოდან მიღებულ წერილებს, მერის პასუხებს…

„10-ჯერ მივმართე სააგენტოს, მაგრამ გათბობა ელექტრო ბატარეა გვაქვს, ბევრს წვავს, ერთი პენსია მაგას მიაქვს, შენ მდიდარი ყოფილხარ, რადგან იხდიო,“ – ამბობს ზურაბ მსახურაძე.

უსინათლო კაცი, პირველ რიგში, თავისი მოწყობილობის დაბრუნებას ითხოვს და ნებართვას, რის საფუძველზეც მას ქუჩაში, ან მერიისთვის მისაღებ ადგილზე ისევ ექნება სიმინდების გაყიდვის საშუალება.

ზურაბ მსახურაძე აპირებს შიმშილობა დაიწყოს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, თუ მას მთავრობიდან ისევ ვერ დაინახავენ.

„საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები, რა ევროკავშირი?“ – კითხვა აქვს უსინათლო კაცს ხელისუფლებასთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: