მთავარი,სიახლეები

ვის შეუძლია ბიზნესი ტროტუარზე და ვის არა? – მერიის შერჩევითი დამოკიდებულება

05.05.2023 • 2324
ვის შეუძლია ბიზნესი ტროტუარზე და ვის არა? – მერიის შერჩევითი დამოკიდებულება

ბათუმში, ტროტუარებზე, კაფეების მესაკუთრეებისთვის მსუბუქი კონსტრუქციები უკვე საკმარისი აღარაა – არაერთმა კაფემ ტროტუარზე, ათვისებულ ნაწილში, რკინის ბოძებით ჩაბეტონებულ ჩარჩოებში დაბურული მინები ჩასვა და ზოგიერთმა უკვე ტროტუარის „საკუთარი ნაწილის“ მეტლახით მოპირკეთებაც კი დაიწყო.

ტროტუარებზე კვებასთან და გარევაჭრობასთან დაკავშირებულ ნებართვებს ბათუმის მერია გასცემს, თუმცა მერიის ნებართვა ყველასთვის ერთნაირად არ არის ხელმისაწვდომი, მაგალითად, 62 წლის უსინათლო მოქალაქისთვის, ზურაბ მსახურაძისთვის, რომელსაც სიმინდის სახარში ჩამოართვეს ქუჩაში ვაჭრობისთვის. ამის ფონზე კი ზოგ კაფესა თუ რესტორანს ნებართვაც არ სჭირდება, ისე შეუძლია ჩაკეტოს ტროტუარი.

ზურაბ მსახურაძე

ზურაბ მსახურაძე ამბობს, რომ როგორც მას უთხრეს, მისი სიმინდის სახარში აპარატი ბათუმის მერიის საწყობშია და დაჰპირდნენ, რომ დაუბრუნებენ, თუმცა მას აპარატი ჯერ საწყობიდან არ გამოუტანია. ეს აპარატი მუნიციპალურმა ინსპექციამ გაფრთხილების გარეშე წაიღო.

27 აპრილს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, რომ ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, რესტორანმა „თამადამ“ ტროტუარი მიიტაცა და ფეხით მოსიარულეთა გზა ჩაკეტა. ტროტუარის ჩაკეტვისთვის რესტორანი მხოლოდ დაჯარიმდა, მის ქონებას მერია არ შეხებია.

სამაგიეროდ მაგიდების ტროტუარზე განთავსების ნებართვა ვერ მიიღო გორგილაძის ქუჩის 5 ნომერში მდებარე საშაურმის მფლობელმა, ვაჟა თავართქილაძემ. მან საშაურმის ფანჯრის მინაზე თაბახის ფურცელზე დაწერილი განცხადება გამოაკრა – „ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“, რისთვისაც ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ის 1000 ლარით დააჯარიმა ქალაქის „იერ-სახის დამახინჯების“ მიზეზით და ძალის გამოყენებით აიღო მცენარეები გორგილაძის 5-ში მდებარე საშაურმესთან.

ვაჟა თავართქილაძემ საქმე სასამართლოში შეიტანა. მისი ადვოკატი, ანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შეუსაბამოდ დააჯარიმა მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერ-სახის დამახინჯებას, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში. 

ანა ბერძენიშვილმა გვითხრა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდებიან საქმის გასაჩივრებისთვის. 

ვაჟა თავართქილაძე

ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ მერიის მიდგომა შერჩევითია.

„ბათუმელები“ მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა განმარტების მისაღებად, თუ რა გახდა ამ შერჩევითი მიდგომის საფუძველი. ინსპექციას ასევე ვიკითხეთ, აქამდე თუ დაუჯარიმებია ამ სამსახურს შენობის მინაზე გამოკრული, ფურცელზე ამობეჭდილი განცხადების გამოკვრისთვის ვინმე და თუ ჰქონიათ ასეთი შემთხვევები, ამ ობიექტებზე ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურმა კითხვების მათთვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნა გვთხოვა, შემდეგ კი გვითხრა, რომ პასუხს 10 დღის ვადაში გაგვცემენ.

ასევე, მივმართეთ ბათუმის მერიას იმის გასარკვევად, თუ რა პრინციპით გაიცემა ნებართვა ტროტუარის გამოყენებაზე და ხომ არ ხდება ესეც შერჩევით, ზემოთ ნახსენები კონკრეტული მაგალითების გათვალისწინებით. ამ კითხვაზე პასუხი მასალის მომზადებისას არ მიგვიღია ბათუმის მერიისგანაც.

„ბათუმელები“ სხვადასხვა ქუჩაზე მდებარე რამდენიმე კაფესა და რესტორანში მივიდა, რომლებიც ტროტუარებით სარგებლობენ. შევეცადეთ ადგილზე გაგვერკვია, აქვთ თუ არა მათ შესაბამისი ნებართვა და რამდენად რთული იყო მათთვის ამ ნებართვების მიღება.

ბათუმში, მემედ აბაშიძის N55-ში მდებარეობს რესტორანი „შატო კვირიკე“, სადაც ტროტუარის მითვისებულ ნაწილზე რესტორნის მფლობელებს ქვაფენილი თეთრი “მეტლახით” ჩაუნაცვლებიათ.

„ხელშეკრულება იდება მერიასთან. 20 დღე ველოდებით პასუხს, როგორც კი მოდის პასუხი, გვყავს ჩვენი იურისტი, მივდივართ ბანკში და ვიხდით გადასახადს. ახლა მოვიდა 1 წლის – 7200 ლარი“ – გვითხრა ლია ჭყონიამ, რომელიც „შატო კვირიკეს“ მფლობელად და მენეჯერად გაგვეცნო. 

„განაცხადზე [პასუხი] რომ დაგვიანდა, ჩვენს იურისტს გადავარეკინეთ, რომ რა ხდება, რატომ გვიგვიანდება, რომ მერე ჯარიმაზე არ წავიდეთ, რადგან მერიიდან მოდიან, გვამოწმებენ გვაქვს თუ არა გადახდილი“ – დასძინა მან.

რესტორანი “შატო კვირიკე”

აქ გვაჩვენეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტიც, საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების შესახებ, სადაც ვკითხულობთ, რომ 2022 წლის 20 დეკემბრიდან 2023 წლის 20 დეკემბრამდე, საზოგადოებრივი 60 კვ სივრცის გამოყენების საბოლოო ნებართვისთვის გადაწყვეტილების მისაღებად რესტორანს 7 200 ლარის გადახდა განესაზღვრა.

რესტორანი “შატო კვირიკე”

კონსტანტინე გამსახურდიას 29 ნომერშია რესტორანი „საფერავი“, მის მოპირდაპირედ კი, რესტორანი „ჩვენებურები“ და „ალავერდი“. სამივე მათგანი სარგებლობს ტროტუარით.

როგორც ადგილზე გვითხრეს, „საფერავი“ და „ჩვენებურები“ შოთა ცინცაძეს ეკუთვნის.

რესტორანი “საფერავი”

შოთა ცინცაძემ გვითხრა, რომ რესტორანმა „ჩვენებურებმა“ დაახლოებით 1 თვის წინ მიიღო ნებართვა ტროტუარის გამოყენებაზე, ხოლო „საფერავთან“ დაკავშირებით განაცხადი აქვთ გაკეთებული და „განხილვაშია“. სანამ საკითხი განიხილება, „საფერავი“ ტროტუარზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა შოთა ცინცაძე გვიზუსტებს, რომ რესტორან „საფერავს“ აქამდე ჰქონდა ტროტუარით სარგებლობის ნებართვა, რომელსაც მოქმედების ვადა ამ წლის მაისში გაუვიდა.

„ეს უკანონო რომ იყოს, ამას ვინ დაგიტოვებს?

კანონის ფარგლებში რაც არის, იმას ჩვენ არ გავცილებულვართ და არც სახელმწიფო. კანონში რაც წერია, იმის მიხედვით მივიღეთ ნებართვა, მეტი არაფერი, არც ნაცნობი მყავს და არც მეგობარი“, – გვითხრა შოთა ცინცაძემ.

რესტორანი “ჩვენებურები”

რესტორანი „ჩვენებურების“ მეზობლად მდებარეობს რესტორანი „ალავერდი“. იგივე თემაზე ამ რესტორნის მენეჯერთან ვცადეთ საუბარი, რომელმაც გვითხრა, რომ ობიექტი სამი წელია აქვთ გახსნილი, თუმცა მან გვითხრა, რომ „ჟურნალისტს, გამომცემლობას და ტელევიზიას ინფორმაციას არ აწვდის“ და მან მხოლდო სიტყვირად დაგვიდასტურა, რომ აქვთ ნებართვა ტროტუარზე მაგიდების განთავსების.

„ალავერდი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: