მთავარი,სიახლეები

ვინ და როგორ ვაჭრობს კრიპტოვალუტით ბათუმში

08.05.2023 • 2411
ვინ და როგორ ვაჭრობს კრიპტოვალუტით ბათუმში

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა,  ბათუმში კრიპტოვალუტით მოვაჭრე ოფისები შესამჩნევი გახდა. ბათუმში უკვე არაერთ paybox-ს ნახავთ, სადაც შეგიძლიათ კრიპტოვალუტა გაანაღდოთ ან სხვა ფინანსური ოპერაცია შეასრულოთ.

არის თუ არა ამ ოფისების საქმიანობა ლეგალური საქართველოში და აქვს თუ არა რაიმე სარგებელი ამით ქართულ ეკონომიკას, ლარს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კრიპტოენთუზიასტებს, გიორგი კოშორიძესა და ნიკოლოზ მუსერიძეს ესაუბრა.

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ოფისი ბათუმში

გიორგი კოშორიძე კრიპტოპლატფორმის დამფუძნებელია. მისი თქმით, ციფრულ ვალუტაზე დღეს ნაკლები ინფორმაცია აქვს საზოგადოებას, ამიტომ კრიპტოენთუზიასტები ცდილობენ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ციფრული ფულის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

ჩვენ მას ვკითხეთ, უკავშირდება თუ არა კრიპტოვალუტის მიმოქცევის გაზრდა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას და რა საფრთხე შეიძლება ახლდეს ამ ყველაფერს.

გიორგი კოშორიძის თქმით, ომის შემდეგ რუსეთიდან ვალუტის გამოტანა შეფერხებულია ან ცუდი კურსით ხდება  მისი გადაცვლა, ამიტომ რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ, რუბლი კრიპტოვალუტით ჩაანაცვლონ.

„ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში, დაინახეს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც შეეძლოთ კრიპტოს შესყიდვა, გადაერიცხათ რუბლი და მიეღოთ კრიპტო-დოლარი. შესაბამისად, გაცვლითი კურსის სხვაობამ გამოიწვია ეს ბუმი, რადგან რუსეთის მოქალაქეებს ეს საშუალებას აძლევს, რუსეთშივე იშოვონ ფული კურსთა შორის სხვაობაზე“-განმარტავს გიორგი კოშორიძე.

გიორგი კოშორიძე

რაც შეეხება საქართველოში მომრავლებულ კრიპტოოფისებს, მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს ოფისები რუსეთის მოქალაქეების მიერ არის დაფუძნებული.

„ეს ბაზარი დღეს საქართველოში იყოფა ორ ნაწილად – ისინი, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან კრიპტოპლატფორმებზე და ისინი, რომლებიც ამის გარეშე ვაჭრობენ.

ეროვნული ბანკი ცდილობს, რეგულირებული გახადოს ეს სფერო, ამიტომ პირველ იანვარს უკვე მიიღო კანონმდებლობის პირველი ნაწილი, მეორე ნაწილი კი პირველ ივლისს უნდა შევიდეს ძალაში, რომლის მიხედვით, კრიპტოკომპანიებმა ლიცენზიის პირობები უნდა დააკმაყოფილონ.

ლიცენზიის პირობების მიხედვით, ამ კომპანიებმა საკუთარი მომხმარებლების გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყონ.

შესაბამისად, უნდა შეისწავლონ, არიან თუ არა ეს ადამიანები, ვთქვათ, სანქცირებულთა სიებში, შეისწავლონ თანხების წარმომავლობა, რითიც ისინი კრიპტოს იძენენ და მოკლედ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციები უნდა დააკმაყოფილონ“ – ამბობს გიორგი კოშორიძე.

მისი თქმით, აქ ერთვება ბანკების ფაქტორიც, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ ითანამშრომლონ კრიპტოსთან, ამიტომ ამას მოჰყვა კრიპტოს მიმოქცევა უკონტროლო ნაწილში, სადაც ტრანზაქციების მიკვლევადობა პრობლემურია და „ვინ ვისთან გაცვალა კრიპტო, ამის აღრიცხვა, როგორც წესი, იქ არ ხდება“ – ამბობს გიორგი კოშორიძე.

რა შემთხვევაშია კრიპტოს მიმოქცევა არალეგალური?

გიორგი კოშორიძის თქმით, სანამ არ არსებობს კრიპტოს ვაჭრობასა და წარმოებაზე რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია, მანამდე ეს ყველაფერი ლეგალურია.

„ის პლატფორმები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან, ლეგალურად საქმიანობენ და ვინც არ არის რეგისტრირებული, სავარაუდოდ, იქნებიან უკონტროლო მიმოცვლაში და ამ მხრივ ვერ გეტყვით რა სიტუაცია გვაქვს საქართველოში. სავარაუდოდ, ისინი თანამშრომლობენ რუსეთის მოქალაქეებთან“ – ამბობს გიორგი კოშორიძე.

მსგავსი სტიკერები შეგხვდებათ ბათუმში არაერთ ადგილზე.

საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ თუ არა კრიპტოვალუტით სანქცირებული პროდუქციის შეძება და მიწოდება რუსეთში და რა ზიანი შეიძლება ამან მიაყენოს საქართველოს? – ვკითხეთ მას.

„ამაზე ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს, ზუსტად ისეთივე რისკია, როგორც ჩვეულებრივი ფულის მიმოქცევის შემთხვევაში შეიძლება იყოს. ფულადი შემოდინებები კი, პირიქით, ლარს ამყარებს ამ შემთხვევაში და ეროვნული ბანკი თვითონაც განიხილავს, რომ ორ წელიწადში ქართული ლარის ციფრული ნაწილი უნდა გამოვიდეს მიმოქცევაში.

ნებისმიერ ქვეყანას, დაახლოებით ორი-სამი წლის პერსპექტივაში, თავისი ციფრული ვალუტა ექნება.

თუ ეს არის კონტროლირებადი და გადამცვლელმა იცის ვისთან ცვლის კრიპტოს, მაშინ ნაკლებად საფრთხის შემცველია, სხვა შემთხვევაში კი კრიპტო არის ისეთივე პროდუქტი, როგორც ნებისმიერი სხვა.

თუ ხვალ ეროვნული ბანკი დააწესებს შეზღუდვებს, რომ მაგალითად, რუსული წარმომავლობის კომპანიას არ უნდა მივყიდოთ კრიპტო და ამის აღსრულების მექანიზმსაც შექმნის, ოპერატორები სავარაუდოდ აღარ მოემსახურებიან ასეთ ტრანზაქციებს. მაგრამ დღეს რომ რუსებთან ბიზნესი არ აკეთონ, ასეთი აკრძალვა არ არის.

ეს ფული საბანკო სექტორით შემოდის საქართველოში და სანქცირებული ფული რომ იყოს, საბანკო სექტორის გავლით ვერ შემოვიდოდა. უბრალოდ, რადგან დრამატულად გაიზარდა კრიპტოს მოცულობა საქართველოში, ამიტომ არის რაღაც რეგულაციები საჭირო“ – მიიჩნევს გიორგი კოშორიძე.

მისი თქმით, თუ კრიპტოს გამყიდველები რეგულირების სფეროში მოექცევიან, ამ რეგულირების გვერდის ავლა იქნება კრიმინალი. რაც შეეხება შავ ბაზარს, ეს ისევე შეიძლება არსებობდეს ციფრული ფულის შემთხვევაში, როგორც სხვა შემთხვევაში.

„თუ კრიპტომოვაჭრე ბირჟაზე არ არის დარეგისტრირებული, ვერავინ გაარკვევს ტრანზაქცია საიდან და ვის მიერ განხორციელდა.

მაგრამ თქვენ ხომ რაღაც ეტაპზე დაგჭირდებათ ნამდვილი ფული აქციოთ კრიპტოდ და კრიპტო აქციოთ ნამდვილ ფულად? რეგულირების შემთხვევაში არსებობს ორი გზა, პირველი ის, რომ ეს გაცვალოთ იმ კომპანიასთან, რომელიც რეგულაციებით მოქმედებს და ამ შემთხვევაში თქვენ შესახებაც გაჩნდება ინფორმაცია, რომ ციფრული აქტივი გაცვალეთ ნაღდი ფულის სანაცვლოდ და მეორე – სწორება გააკეთოთ შავ ბაზარზე, რაც, ბუნებრივია, კრიმინალია და ამასთან ბრძოლა შესაძლებელია და წარმატებითაც მიმდინარეობს ბევრ ქვეყანაში“ – ამბობს გიორგი კოშორიძე.

კრიპტოვალუტის აპარატები ბათუმში

რატომ არის ციფრული ფული მოსახერხებელი? – როგორც გიორგი კოშორიძე ამბობს, კრიპტოვალუტის მიმოქცევისას სწრაფად ხდება აქტივების გაცვლა, რაც ეხმარება ეკონომიკის აჩქარებას. ასევე, ბევრად ნაკლებია მომსახურების საკომისიო, ვიდრე საბანკო სფეროში, რაც მიკროტრანზაქციებზე დადებითაც აისახება.

„დღეს დაახლოებით 10-დან 20 პროცენტამდე საკომისიოს გადახდა უწევს ადამიანს ბანკისთვის. 10-ლარიან გადასახადში როგორ შეიძლება 1 ლარი გადარიცხვის საკომისიო დააწესოს ბანკმა? ციფრული ფულის შემთხვევაში იქნება უფასო ან რამდენიმე თეთრამდე იქნება დაყვანილი.

როცა ციფრული ფულის მომსახურე ოპერატორები მხოლოდ ბანკში აღარ იქნებიან და კომპანიებიც იმუშავებენ, ეს გაზრდის კონკურენციას ამ სექტორში და ტრანზაქციებიც იქნება უფრო იაფი“ – მიიჩნევს ის.

კრიპტოვალუტით უძრავი ან მოძრავი ქონების შეძენისას, ან სხვა ოპერაციების შესრულების დროს, დაიბეგრება თუ არა პირი?

როგორც გიორგი კოშორიძე გვეუბნება, კრიპტოვალუტით ვაჭრობის შემთხვევაშიც, საბოლოოდ, თანხის აკუმულირება მაინც ლარში ხდება, შესაბამისად, ლარი დაიბეგრება.

„მაგალითად, სამშენებლო კომპანიას შეეძლო მიეღო კრიპტოაქტივი ბინის სანაცვლოდ. როცა კრიპტოაქტივს მიიღებს, ხომ უნდა ასახოს თავის ბალანსში?

შესაბამისად, მას უწევს კრიპტოგადამცვლელთან მისვლა და ლარში გადახურდავება. როცა ეს თანხა აისახება მის ანგარიშზე, შესაბამისად, საშემოსავლოს გადახდაც მოუწევს“- ამბობს ის.

მას შემდეგ, როცა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები ამოქმედდება, კომპანია ვეღარ მიიღებს კრიპტოს, ციფრული ფული აისახება ციფრული აქტივების მომსახურე პლატფორმაზე და ამის შემდეგ აისახება ეს თანხა ლარში კომპანიის ანგარიშზე.

გიორგი კოშორიძის თქმით, იმ კომპანიებს, რომლებიც პირველ იანვრამდე ვაჭრობდნენ კრიპტოვალუტით, ეროვნულმა ბანკმა მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა –  „როგორც კი დაიდება ლიცენზირების პირობები, მერე მიეცემათ ამ კომპანიებს 3-თვიანი ვადა, რომ ლიცენზია აიღონ“.

„ბათუმელები“ ამ თემაზე კიდევ ერთ კრიპტოენთუზიასტს ნიკოლოზ მუსერიძეს ესაუბრა. ის გიორგისგან განსხვავებით კრიტიკულად უყურებს სახელმწიფოს მხრიდან კრიპტოვალუტის რეგულაციაში მოქცევის მცდელობას.

ნიკოლოზ მუსერიძე

მისი აზრით, კრიპტოვალუტის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ მას აქამდე ვერ აკონტროლებდა სახელმწიფო და მოქალაქეებს შეეძლოთ გვერდი აევლოთ მაღალი გადასახადებისთვის.

„ბუნებრივია, ბანკებს არ მოსწონთ, რომ კრიპტოკომპანიები მათი გვერდის ავლით მუშაობენ და ახლა ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციით ცდილობენ რეგულაციებში ჩაებან.

მე იმიტომ მომწონს ციფრული ფული, რომ მირჩევნია პირდაპირ ვივაჭრო მეორე პირთან და მესამე პირი არ ჩავრთო ამაში, რომელიც ხვალ-ზეგ როგორ შემოგვიტრიალებს ამ ჩვენს გარიგებას, არავინ იცის“- ამბობს ნიკოლოზ მუსერიძე.

მისი თქმით, კრიპტოს იდეაა ის, რომ ფული უნდა იყოს დამოუკიდებელი.

„სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, დიდი რაოდენობით ფული დაბეჭდოს, რაც იწვევს ჩვენნაირი ადამიანების გაღარიბებას. ამიტომ გაჩნდა კრიპტოვალუტა. ეს პროცესი, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ცხადია, გამოწვეულია იმ საბანკო სისტემის ხარვეზით, რომელსაც ვაწყდებით ყველა ქვეყანაში.

მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომი რომ დაიწყო, ბევრი რუსი შემოვიდა ქვეყანაში. მათ სახელმწიფო არ აძლევდა შესაძლებლობას, საკუთარი ფული წამოეღოთ, ბანკებიც აცხადებდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდებოდნენ და ამ ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა მათი კუთვნილი ფული გამოეყენებინათ. ამიტომ ახურდავებდნენ ამ ფულს კრიპტოში და ასე წამოვიდა ფულის ნაკადიც.

რადგან ბანკებმა ძალიან დიდი პროცენტები წაიღეს განაღდებაში, ამიტომ გაჩნდა ეს სავალუტო ჯიხურებიც ბაზარზე და დაიწყეს ფულის შოვნა. ემსახურებიან ამ ხალხს საკომისიოს სახით.

ბიტკოინის უპირატესობა ის არის, რომ მე თუ მაქვს, ვთქვათ, ფეხსაცმელი გასაყიდი, გავყიდი, მაგრამ არ გადავიხდი გადასახადებს“- ამბობს ნიკოლოზ მუსერიძე.

თუკი გადასახადებს არავინ გადაიხდის, ეს ხომ დაასუსტებს სახელმწიფოს? – ამ კითხვაზე ნიკოლოზ მუსერიძემ კითხვითვე გვიპასუხა:

„საფულეს რატომ ვხმარობთ? ესეც სწორედ აქედან მოდის, რომ ჩვენი ფული უნდა იყოს ჩვენთან. დღეს ფული, რომელიც ბანკის ანგარიშზე გაქვთ, თქვენი არ არის. ეს არის ბანკის და ნებისმიერ დროს შეუძლია შეგიზღუდოს მასზე წვდომა.

ციფრულ ფულთან დაკავშირებით კი, რუსეთს, ჩინეთს, აშშ-ს ყველას ერთად რომ მოუნდეს თავდასხმა, ვერაფერს გახდებიან.

თუ იმაზეა საუბარი, რომ რუსეთის მოქალაქეები რაიმე უკანონო ქმედებას ჩაიდენენ ამ ფულით, კრიმინალისგან არავინ არ არის დაზღვეული.

დუმის წევრებსაც აქვთ კრიპტოვალუტა და ბუნებრივია, ამას გამოიყენებენ ომის პირობებშიც.

პუტინი ამბობდა, რომ ჩვენ არ მივიღებთ კრიპტოვალუტასო, მას გეგმა ჰქონდა, რომ ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი შექმნიან ახალ ფინანსურ სისტემას, სადაც ვაჭრობა არ იქნება დოლარში. მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ამიტომ სანქცირებული პუტინი, ბუნებრივია, გამოიყენებს კრიპტოვალუტას ომის დროს, რადგან კრიპტოვალუტის კონტროლი არავის შეუძლია, ეს არის ფული, რომელიც არ კონტროლდება“ – ამბობს ნიკოლოზ მუსერიძე.

მისი აზრით, კრიპტოვალუტის შექმნის იდეა იყო – ფული შეიცვალოს და უკეთესი გახდეს.

„როცა ფული ფუჭდება, ფუჭდება აბსოლუტურად ყველაფერი – პროდუქცია, ხარისხი, ჯანდაცვა, განათლების სისტემა და ა.შ. ციფრული ფული კი არ ფუჭდება.

ეროვნული ბანკი კი იგონებს რეგულაციებს და ჩვენ გვეზრდება გადასახადები, როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა ცხოვრება? ესენი კი ამ გადასახადებით იკვებებიან.

კრიმინალი სულ იყო და იქნება, ნარკოტიკს ყიდულობენ და სულ იყიდიან, დანაშაულიც სულ მოხდება. მაგრამ თუკი 8 მლრდ ადამიანი ადაპტაციას გაივლის და ბიტკოინში იქნება, რატომ იქნება ეს პრობლემა?! ჩვენი მიზანია, რომ ფული უკეთესი გახდეს“ – ამბობს ნიკოლოზ მუსერიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: