ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის კონცხზე 40 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანია თავმოყრილი – ახალი კვლევა

08.05.2023 • 4607
ბათუმის კონცხზე 40 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანია თავმოყრილი – ახალი კვლევა

ბათუმის კონცხზე, ანბანის კოშკისა და იახტკლუბის მიმდებარე პლაჟზე, 40 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანი – ქვიშა-ხრეშია თავმოყრილი. ნატანის ეს მოცულობა დადგინდა ახალი კვლევით, რომელიც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვეთით კერძო კომპანია „ქოსთ დიზაინმა“ ჩაატარა.

პლაჟი ბათუმის კონცხთან

ბათუმის კონცხზე ჭარბი ნატანის არსებობა პლაჟის მოწყვეტისა და ზღვის კანიონში ჩაკარგვის მაღალ რისკს შეიცავს. ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა აქ ნაპირს მოწყდა და ზღვაში მყისიერად დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი.

პლაჟის მოწყვეტის რისკის შესამცირებლად, აუცილებელია ჭარბი ნატანის კონცხიდან გატანა, რისთვისაც შესაბამისი პროექტია საჭირო.

ბათუმის კონცხთან არსებული წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი აკუმულირებული მასალის ამოღების და ავარიულ სანაპირო უბანზე განთავსების პროექტს კვლავ „ქოსთ დიზაინი“ მოამზადებს.

კომპანია მოამზადებს ასევე სამუშაოების გეგმას, დაადგენს სანაპირო ზოლის ავარიულ უბნებს, სადაც კონცხთან ამოღებულ მასალას ჩაყრიან, დაადგენს სამშენებლო სამუშაოების მოცულობებს და შეადგენს ხარჯთაღრიცხვას.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის პლაჟის ავარიულ უბნებზე ცალკე პროექტის ფარგლებში 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის 3 მაისამდე პერიოდში 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს მდინარე ჭოროხის დელტიდან. ვრცლად: ახალ ბულვარში ზღვის ხელოვნური კვება დასრულდა – მოაწყობენ თუ არა პლაჟს.

ბათუმის პლაჟების შესანარჩუნებლად ხრეშის ხელოვნურად შეტანა სანაპიროზე ყოველწლიურად იქნება აუცილებელი. რა მონაკვეთისთვის იქნება საკმარისი კონცხიდან ამოღებული 40 ათასი კუბური მეტრი ხრეში და როდის დაიწყებენ მის ამოღებას, ეს მიმდინარე პროექტირების ეტაპზე გაირკვევა.

„ქოსთ დიზაინთან“ აჭარის გარემოს სამმართველომ ხელშეკრულება 2023 წლის 24 მარტს გააფორმა 41 700 ლარზე. პირველი ეტაპი იყო კვლევა ჭარბი ნატანის დასადგენად, რაც დასრულდა და რაშიც უკვე დაიხარჯა 21 ათასი ლარი, ახლა კი, სამმართველოს ინფორმაციით, დაწყებულია მეორე ეტაპი, რაც ჭარბი ნატანის ამოღებისთვის საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების დეტალების სანახავად გადადით ამ ბმულზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: